არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია — წიგნი, რომელიც უყვარდათ და იკრძალებოდა

ბიბლია — წიგნი, რომელიც უყვარდათ და იკრძალებოდა

ბიბლია — წიგნი, რომელიც უყვარდათ და იკრძალებოდა

„ჩემი სურვილია, რომ წმინდა წიგნები ყველა ენაზე ითარგმნოს“, — წერდა ერაზმუს დეზიდერიუსი, XVI საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი სწავლული.

ერაზმუსის სანუკვარი ოცნება იყო, რომ ყველას ჰქონოდა საღვთო წერილის წაკითხვისა და გაგების შესაძლებლობა. მაგრამ ბიბლიის მოწინააღმდეგენი სასტიკად ილაშქრებდნენ ასეთი იდეების წინააღმდეგ. ფაქტობრივად, იმ დროს ევროპა ძალიან საშიში ადგილი იყო ყველასთვის, ვინც ოდნავადაც კი ავლენდა ბიბლიისადმი ინტერესს. ინგლისის პარლამენტმა გამოსცა დადგენილება, რომელშიც ნათქვამი იყო: „ყველას, ვინც ინგლისურ ენაზე ბიბლიას წაიკითხავს, ჩამოერთვას მამული, უძრავ-მოძრავი ქონება და სიკვდილით დაისაჯოს. . . ხოლო თუ შეწყალებულ იქნება და კვლავ განაგრძობს ამის კეთებას, ჯერ მეფის ღალატისთვის ჩამოხრჩობა მიესაჯოს, ხოლო შემდეგ კი ცეცხლით დაიწვას, როგორც ღვთის მოწინააღმდეგე მწვალებელი“.

ევროპის კონტინენტზე კათოლიკური ინკვიზიცია გააფთრებით ნადირობდა „მწვალებლურ“ სექტებზე, მაგალითად ვალდენსებზე, და მათ განსაკუთრებით დევნიდა იმის გამო, რომ „ქადაგებდნენ სახარებებიდან, ეპისტოლეებიდან და წმინდა წერილების სხვა ადგილებიდან. . . ქადაგება და წმინდა წერილების ახსნა [კი] არასასულიერო პირისთვის სასტიკად აკრძალული იყო“. ბიბლიის სიყვარულისთვის უამრავი კაცი თუ ქალი წამებულ და მოკლულ იქნა. ისინი საკუთარ თავს უდიდეს საფრთხეში იგდებდნენ მხოლოდ იმითაც კი, თუ წარმოთქვამდნენ „მამაო ჩვენოს“ ან ათ აღთქმას და თუ მათ თავიანთ შვილებს ასწავლიდნენ.

ღვთის სიტყვისადმი ასეთი განსაკუთრებული ერთგულება კვლავ ცოცხლობდა იმ მრავალი პირველი კოლონისტის გულში, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახლდნენ. თავიდან ამერიკაში „კითხვა და რელიგია განუყოფელი იყო, რამაც ისეთი კულტურის ჩამოყალიბება განაპირობა, რომელიც მთლიანად ბიბლიის ცოდნაზე იყო დაფუძნებული“, — ამბობს ერთ-ერთი წიგნი („A History of Private Life​—Passion of the Renaissance“). ფაქტობრივად, 1767 წელს ბოსტონში გამოქვეყნებულ ქადაგებაში მოცემული იყო რჩევა: „გულმოდგინედ იკითხეთ საღვთო წერილი. ყოველ დილით და ყოველ საღამოს უნდა წაიკითხოთ ბიბლიის ერთი თავი“.

ვენტურაში (კალიფორნია) ბარნას კვლევითი ჯგუფის გამოკვლევის თანახმად, ამერიკელთა 90 პროცენტზე მეტს საშუალოდ სამი ბიბლია აქვს. მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ, თუმცა ბიბლიას ჯერაც ძალიან აფასებენ, „მის წასაკითხად, შესასწავლად და ცხოვრებაში გამოსაყენებლად დროის გამოყოფა. . . წარსულს ჩაჰბარდა“. უმეტესობას მის შინაარსზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს. ერთმა გაზეთის მიმომხილველმა შენიშნა: „აზრს იმის შესახებ, რომ [ბიბლია] დღესაც შეიძლებოდა უშუალოდ დაგვხმარებოდა თანამედროვე პრობლემებთან გამკლავებაში, იშვიათად თუ გამოთქვამენ“.

წუთისოფლისეული აზროვნების ტალღა

დღეს საყოველთაოდ აღიარებულია აზრი იმის შესახებ, რომ მხოლოდ საკუთარი ჭკუითა და ურთიერთთანამშრომლობით შეუძლიათ ადამიანებს წარმატებით მართონ საკუთარი ცხოვრება. ბიბლიას კი ერთ იმ მრავალ წიგნთაგანად მიიჩნევენ, რომელშიც გადმოცემულია რელიგიური შეხედულებები და გარკვეულ პირთა ცხოვრებისეული ეპიზოდები. მას არ უყურებენ როგორც წიგნს, რომელიც ფაქტებსა და ჭეშმარიტებას შეიცავს.

მაშ, როგორ უმკლავდება ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების სულ უფრო და უფრო რთულ და საშინელ პრობლემებს? ისინი სულიერ ვაკუუმში არიან ყოველგვარი მყარი ზნეობრივი ნორმების, რელიგიური ხელმძღვანელობისა და მითითებების გარეშე. ადამიანები მესაჭის გარეშე დარჩენილი გემების მსგავსნი გახდნენ, „რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით“ (ეფესელთა 4:14).

ამიტომ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: არის ბიბლია მხოლოდ რიგითი რელიგიური წიგნი? თუ ნამდვილად ღვთის სიტყვაა, რომელშიც პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გადმოცემული? (2 ტიმოთე 3:16, 17). იმსახურებს ბიბლია ჩვენს ყურადღებას? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

[სურათი 3 გვერდზე]

ერაზმუს დეზიდერიუსი

[საავტორო უფლება]

From the book Deutsche Kulturgeschichte

[სურათი 4 გვერდზე]

ვალდენსებს საღვთო წერილით ქადაგების გამო განსაკუთრებით დევნიდნენ.

[საავტორო უფლება]

Stichting Atlas van Stolk, Rotterdam