არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა აძლიერებს დაღლილ-დაქანცულს

იეჰოვა აძლიერებს დაღლილ-დაქანცულს

იეჰოვა აძლიერებს დაღლილ-დაქანცულს

„[იეჰოვა] აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს“ (ესაია 40:29).

1. მოიყვანეთ იმის მაგალითები, თუ რამხელა ენერგიაა ღვთის ქმნილებებში.

იეჰოვა უსაზღვრო ძალის პატრონია. მერე და რამხელა დინამიკური ენერგიაა მის ყოველ ქმნილებაში! პაწაწინა ატომი, რომელიც ყველა ნივთიერების სტრუქტურული ელემენტია, იმდენად პატარაა, რომ ერთ წვეთ წყალში ასი კვინტილიონი ატომია *. დედამიწაზე ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის არსებობა დამოკიდებულია იმ ენერგიაზე, რომელიც მზეში ატომური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება. მაგრამ მზის ენერგიის რა რაოდენობაა საკმარისი დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად? დედამიწა მზის ენერგიის მხოლოდ რამდენიმე მემილიარდედ ნაწილს იღებს. და მაინც, „მზის ენერგიის ეს ძალიან მცირე ნაწილიც კი, რომელიც დედამიწამდე აღწევს. . , დაახლოებით 100 000-ჯერ აღემატება მსოფლიო ინდუსტრიის მიერ მოხმარებულ ენერგიას“, — ამბობს მათემატიკოსი სერ ფრედ ჰოილი თავის წიგნში „ასტრონომია“.

2. რას ამბობს ესაიას 40:26 იეჰოვას ძალის შესახებ?

2 ატომზე ვფიქრობთ თუ ყურადღებას უზარმაზარ სამყაროს ვაპყრობთ, იეჰოვას საოცარი ძალა ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. რა თქმა უნდა, მას შეეძლო ეთქვა: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“! (ესაია 40:26). დიახ, იეჰოვა „ყოვლადძლიერი“ და ‘ძალამოსილია’. მან ეს თავისი ძალა მთელი სამყაროს შესაქმნელად გამოიყენა.

აღმატებული ძალის საჭიროება

3, 4. ა) რა ფაქტორებმა შეიძლება ძალა გამოგვაცალოს? ბ) რომელი კითხვა იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?

3 ღმერთი უსაზღვრო ძალას ფლობს, ადამიანებს კი ხშირად ეცლებათ ძალა. სადაც უნდა წავიდეთ, ყველგან ვხედავთ დაღლილ ადამიანებს. ისინი დაღლილები იღვიძებენ, დაღლილები მიდიან სამსახურში ან სკოლაში, დაღლილები ბრუნდებიან სახლში და წვებიან არა უბრალოდ დაღლილები, არამედ ქანცგაწყვეტილები. ზოგი სადმე წასვლასა და ცოტაოდენ დასვენებაზე ოცნებობს, რაც მათთვის ასე აუცილებელია. ჩვენც, როგორც იეჰოვას მსახურები, ვიღლებით, რადგან ღვთისადმი მიძღვნის თანახმად საცხოვრებლად მთელი ძალ-ღონის მოკრებაა საჭირო (მარკოზი 6:30, 31; ლუკა 13:24; 1 ტიმოთე 4:8). გარდა ამისა, ძალ-ღონის გამომცლელი ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობს.

4 ქრისტიანობა არ გვათავისუფლებს ყოველდღიური პრობლემებისგან (იობი 14:1). ავადმყოფობამ, ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრმა ცვლილებამ ან სხვა ცხოვრებისეულმა სირთულეებმა შეიძლება გული გაგვიტეხოს და ძალა გამოგვაცალოს. ყოველივე ამას ემატება ის განსაკუთრებული სირთულეები, რომელთაც სიმართლისთვის დევნილნი აწყდებიან (2 ტიმოთე 3:12; 1 პეტრე 3:14). წუთისოფლის მხრიდან ყოველდღიური ზემოქმედებისა და სამეფოს შესახებ ქადაგების საქმიანობაში წინააღმდეგობების გამო ზოგ ჩვენგანს შეიძლება ისე გამოეცალოს არაქათი, რომ იეჰოვასთვის მსახურებაში ტემპის შენელების სურვილი გაუჩნდეს. გარდა ამისა, სატანა ყველა საშუალებას იყენებს იმისათვის, რომ ღვთის წინაშე პატიოსნება დაგვაკარგინოს. მაშ, როგორღა შეგვიძლია ძალის გამოცლისა და მსახურების მიტოვებისგან დამცავი სულიერი ძალების მიღება?

5. რატომ არის საჭირო ქრისტიანული მსახურების შესასრულებლად იმაზე მეტი ძალა, ვიდრე ადამიანებს აქვთ?

5 იმედი უნდა გვქონდეს, რომ სულიერ ძალებს იეჰოვა, ყოვლისშემძლე შემოქმედი, მოგვანიჭებს. მოციქული პავლე აღნიშნავდა, რომ ქრისტიანული მსახურების შესასრულებლად არასრულყოფილი ადამიანების ძალაზე აღმატებული ძალა იქნებოდა საჭირო. ის წერდა: „ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორინთელთა 4:7). ცხებული ქრისტიანები თავიანთ თანამსახურებთან ერთად, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, „შერიგების მსახურებას“ ასრულებენ (2 კორინთელთა 5:18; იოანე 10:16; გამოცხადება 7:9). რადგან ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, ღვთის საქმის შესრულებისას გვდევნიან, შეუძლებელია ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალებით გავართვათ თავი. იეჰოვა თავისი სულიწმიდის მეშვეობით გვეხმარება და, ამგვარად, ჩვენი უძლურება მის სიძლიერეს განადიდებს. რამდენად გვანუგეშებს იმაში დაჯერებულობა, რომ იეჰოვა ‘მართალთა შემწეა’! (ფსალმუნი 36:17).

იეჰოვაა ჩვენი ძალა

6. როგორ გვარწმუნებს საღვთო წერილი, რომ იეჰოვა ჩვენი ძალის წყარო?

6 ჩვენი ზეციერი მამა ‘ძალმოსილია’ და მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ჩვენთვის ძალის მონიჭება. ბიბლიაში ნათქვამია: „[იეჰოვა] აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს. იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან. უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან“ (ესაია 40:29—31). წინააღმდეგობის გაძლიერების დროს შეიძლება ზოგჯერ ძალაგამოცლილი მორბენალივით ვგრძნობდეთ თავს — მორბენალივით, რომელსაც თითქოს უკვე ნაბიჯის გადადგმის თავიც კი აღარა აქვს. მაგრამ სიცოცხლისთვის რბოლის ფინიშის ხაზი ძალიან ახლოსაა; ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ (მეორე ნეშტთა 29:11, აქ). ჩვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, ‘მბრდღვინავი ლომივით’ დაძრწის და ჩვენს შეჩერებას ცდილობს (1 პეტრე 5:8). გვახსოვდეს, რომ იეჰოვაა ‘ჩვენი ბურჯი და ფარი’ და ის ყველაფერს აკეთებს ‘დაღლილ-დაქანცულთა მოსაღონიერებლად’ (ფსალმუნი 27:7).

7, 8. საიდან ვიცით, რომ იეჰოვამ დავითი, აბაკუმი და პავლე განამტკიცა?

7 იეჰოვამ დავითს დიდი დაბრკოლების გადასალახავად საჭირო ძალა მიანიჭა. ამიტომ დავითი ბოლომდე დარწმუნებული და დაჯერებული წერდა: „ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს მტრებს“ (ფსალმუნი 59:14). იეჰოვამ აბაკუმსაც მიანიჭა ძალა, რათა მას თავისი, როგორც წინასწარმეტყველის, მოვალეობა შეესრულებინა. აბაკუმის 3:19 ამბობს: „უფალი ღმერთია ჩემი ძალა; ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს“. აღსანიშნავია მოციქულ პავლეს მაგალითიც. ის წერდა: „ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის [ღვთის] მიერ“ (ფილიპელთა 4:13, აფ).

8 დავითის, აბაკუმისა და პავლეს მსგავსად, ჩვენც უნდა გვწამდეს, რომ ღმერთს ძალუძს ჩვენი განმტკიცება და დაცვა. რადგან ვიცით, რომ უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩვენი ძალის წყარო, განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია სულიერი ძალის მიღება იმ ღონისძიებებიდან, რომლებითაც ღმერთი უხვად უზრუნველგვყოფს.

ძალის მომნიჭებელი სულიერი ღონისძიებები

9. რა როლს ასრულებს ქრისტიანული პუბლიკაციები ჩვენი სულიერი კვების საკითხში?

9 ქრისტიანული პუბლიკაციების გამოყენებით საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლა ძალას შეგვმატებს და სირთულეებს აგვატანინებს. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ნეტარია კაცი“, რომლის მისწრაფებაც „უფლის რჯულშია. . . და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:1—3). როგორც ფიზიკური ძალის შესანარჩუნებლადაა კვება აუცილებელი, ისე სულიერი ძალის შესანარჩუნებლად საჭიროა, ვიკვებოთ სულიერი საზრდოთი, რომელსაც ღმერთი თავისი სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების საშუალებით გვაძლევს. მაშასადამე, საფუძვლიანი შესწავლა და ნასწავლზე ფიქრი ძალზე მნიშვნელოვანია.

10. როდის შეგვიძლია შესასწავლად და ნასწავლზე დასაფიქრებლად დროის გამონახვა?

10 ‘ღვთის სიღრმეებზე’ დაფიქრება, მართლაც რომ, ჯილდოს მომტანია (1 კორინთელთა 2:10). მაგრამ როდის შეგვიძლია დასაფიქრებლად დროის გამონახვა? აბრაამის ვაჟი, ისაკი, «გავიდა. . . მინდორში სასეირნოდ საღამოხანს [„რათა ეფიქრა“, აქ]» (დაბადება 24:63—67). ფსალმუნმომღერალი დავითი ‘ღმერთზე ფიქრში მთელ ღამეებს ატარებდა’ (ფსალმუნი 62:7). ღვთის სიტყვის შესწავლა და ნასწავლზე დაფიქრება შეგვიძლია დილით, საღამოს, ღამით — დიახ, ნებისმიერ დროს. ასეთ შესწავლასა და დაფიქრებას იეჰოვას კიდევ ერთ სულიერად განმამტკიცებელ ღონისძიებამდე, ლოცვამდე, მივყავართ.

11. რატომ უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა რეგულარულად ლოცვას?

11 ღვთისადმი რეგულარულად ლოცვით მიმართვა ძალას შეგვმატებს. ამიტომ ვიყოთ „ლოცვაში. . . მდგრადნი“ (რომაელთა 12:12). ზოგჯერ განსაცდელისთვის თავის გასართმევად აუცილებელია, განსაკუთრებით ვითხოვოთ სიბრძნე და ძალა (იაკობი 1:5—8). მოდი მადლობა გადავუხადოთ ღმერთს და განვადიდოთ ის, როდესაც ვხედავთ, როგორ სრულდება მისი განზრახვები და როგორ გვაძლიერებს ღმერთი, რათა განვაგრძოთ მისთვის მსახურება (ფილიპელთა 4:6, 7). თუ ლოცვით იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ, ის არასოდეს მიგვატოვებს. „აგერ, — მღეროდა დავითი, — ღმერთია ჩემი შემწე“ (ფსალმუნი 53:6).

12. რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს სულიწმიდა?

12 ჩვენი ზეციერი მამა სულიწმიდით ანუ მოქმედი ძალით გვაძლიერებს და გვამტკიცებს. პავლე წერდა: „ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე. . . რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად“ (ეფესელთა 3:14—16). უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ სულიწმიდა მოგვცეს და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა მოგვანიჭებს მას. იესო მსჯელობდა: თუ შვილი მამას თევზს სთხოვს, მოსიყვარულე მამა მას გველს მისცემს? რა თქმა უნდა, არა. აქედან გამომდინარე, მისი დასკვნა ასეთია: „თუ თქვენ [ცოდვილებმა, ამიტომ მეტ-ნაკლებად] ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:11—13). მოდი ასეთი დაჯერებულობით ვილოცოთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღვთის ერთგულ მსახურებს შეუძლიათ სულიწმიდის დახმარებით ‘განმტკიცდნენ’.

კრება — გამაძლიერებელი ღონისძიება

13. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ქრისტიანულ შეხვედრებთან დაკავშირებით?

13 იეჰოვა ძალებს ქრისტიანული კრების შეხვედრების საშუალებითაც გვანიჭებს. იესომ თქვა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“ (მათე 18:20). როდესაც იესო მოწაფეებს ამას დაჰპირდა, ლაპარაკობდა საკითხებზე, რომელთათვისაც ყურადღება უნდა მიექციათ მათ, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა ეკისრა (მათე 18:15—19). მაგრამ იესოს ზემოხსენებული სიტყვები ეხება კრების ყველა შეხვედრასა და ყველა კონგრესს, რომლებიც მისი სახელით წარმოთქმული ლოცვით იწყება და მთავრდება (იოანე 14:14). ასე რომ, დიდი უპირატესობაა ასეთ ქრისტიანულ თავყრილობებზე დასწრება და მნიშვნელობა არა აქვს, რამდენიმე ადამიანია იქ თუ — ათასობით. ამიტომ მადლიერება გამოვავლინოთ ასეთი ღონისძიებებისათვის, რომლებიც ჩვენს სულიერ გაძლიერებას ემსახურება და რომლებიც სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის გვახალისებს (ებრაელთა 10:24, 25).

14. როგორ გვეხმარებიან ქრისტიანი უხუცესები?

14 ქრისტიანი უხუცესები სულიერად გვეხმარებიან და გვამხნევებენ (1 პეტრე 5:2, 3). პავლე ეხმარებოდა და ამხნევებდა კრებებს, რომლებსაც ემსახურებოდა; ამასვე აკეთებენ დღეს მიმომსვლელი ზედამხედველები. მოციქულს თანამორწმუნეებთან შეხვედრა სწყუროდა, რათა გაემხნევებინა ისინი და თვითონაც გამხნევებულიყო (საქმეები 14:19—22; რომაელთა 1:11, 12). მოდი ყოველთვის გამოვავლინოთ მადლიერება ჩვენი უხუცესებისა და სხვა ქრისტიანი ზედამხედველების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სულიერად ჩვენს გაძლიერებაში.

15. როგორ შეუძლიათ კრების წევრებს ჩვენი განმტკიცება?

15 ჩვენი კრების წევრები შეიძლება ჩვენი „განმამტკიცებელნი“ გახდნენ (კოლასელთა 4:10, 11, აქ). როგორც ‘მეგობრებს’, მათ შეუძლიათ გაჭირვების დროს დაგვეხმარონ (იგავნი 17:17). მაგალითად, როდესაც 1945 წელს ნაცისტებმა ღვთის 220 მსახური ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოიყვანეს და 200-კილომეტრიან გზას გაუყენეს, მოწმეები ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ; შედარებით ძლიერებს შედარებით სუსტები რამდენიმე პატარა ურიკით მიჰყავდათ. შედეგი? ამ სიკვდილის მარშის დროს, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იეჰოვას არც ერთი მოწმე არ დაღუპულა. ასეთი ცნობები, რომლებიც მოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში და მათ შორის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულსა“ და წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ *, ადასტურებენ, რომ ღმერთი აძლიერებს თავის ხალხს ისე, რომ არ დუნდებიან (გალატელთა 6:9).

სამქადაგებლო მსახურებით განმტკიცებულნი

16. როგორ გვანმტკიცებს სულიერად მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობა?

16 სამეფოს შესახებ ქადაგებაში მონაწილეობა სულიერად გვაძლიერებს. ასეთი საქმიანობა გვეხმარება, რომ ყურადღება ღვთის სამეფოზე, მარადიულობასა და მომავლის კურთხევებზე გავამახვილოთ (იუდა 20, 21). საღვთო წერილის აღთქმები, რომლებზეც მსახურებაში სხვებს ველაპარაკებით, იმედით გვავსებს და აღგვძრავს, ისეთივე მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, როგორც წინასწარმეტყველმა მიქამ, რომელმაც თქვა: „ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“ (მიქა 4:5).

17. რა რჩევები გვეძლევა ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩატარებასთან დაკავშირებით?

17 იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მტკიცდება, როდესაც სწავლებისას ხშირად ვიყენებთ საღვთო წერილს. მაგალითად, როდესაც „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ გამოყენებით ბიბლიის საშინაო შესწავლას ვატარებთ, გონივრული იქნებოდა წაგვეკითხა და გაგვერჩია რამდენიმე ისეთი მუხლი, რომლებიც მითითებულია, მაგრამ ციტირებული არ არის. ეს შემსწავლელისთვისაც სასარგებლო იქნება და ჩვენც დაგვეხმარება სულიერი საკითხების უკეთ გაგებაში. თუ შემსწავლელისთვის ბიბლიური ცნება ან მაგალითი რთული გასაგებია, „შემეცნებიდან“ ერთი თავის გავლას შეიძლება რამდენიმე შესწავლა დაეთმოს. ძალზე დიდ სიამოვნებას ვიღებთ, როდესაც თავად კარგად ვემზადებით და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ სხვების იეჰოვასთან დასაახლოებლად!

18. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ ხდება „შემეცნების“ ეფექტურად გამოყენება.

18 ყოველწლიურად წიგნი „შემეცნება“ ეფექტურად გამოიყენება ათასების დასახმარებლად, რათა ისინი იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები გახდნენ. ამ ათასებიდან მრავალს წარსულში არავითარი ბიბლიური ცოდნა არ ჰქონდა მიღებული. მაგალითად, შრი-ლანკელმა ინდუსმა ჭაბუკმა ბავშვობისას ყური მოჰკრა სამოთხის შესახებ იეჰოვას მოწმე ქალის საუბარს და რამდენიმე წლის შემდეგ მასთან მივიდა; მალე ამ ქალის ქმარმა ინდუს ჭაბუკთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ახალგაზრდა ყოველდღიურად სწავლობდა და „შემეცნება“ შედარებით მოკლე დროში გაიარა; დაიწყო კრების ყველა შეხვედრაზე დასწრება, ძველ რელიგიასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და სამეფოს მაუწყებელი გახდა. როცა მოინათლა, ის უკვე ბიბლიის შესწავლას ატარებდა თავის ნაცნობთან.

19. რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ მაშინ, როდესაც სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებთ?

19 პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესების დაყენებას სიხარული მოაქვს, რაც სიმტკიცეს გვმატებს (მათე 6:33). მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა განსაცდელს ვაწყდებით, სიხარულითა და ენთუზიაზმით აღსავსენი განვაგრძობთ კეთილი ცნობის ქადაგებას (ტიტე 2:14). მრავალი ჩვენგანი შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებიც სრული დროით პიონერად მსახურებისთვის არის საჭირო; ზოგი მსახურობს იქ, სადაც უფრო მეტი მოთხოვნაა მქადაგებლებზე. ამგვარად, რა სახითაც უნდა ვემსახურებოდეთ სამეფოს ინტერესების წინსვლას, დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა არც ჩვენს შრომას დაივიწყებს და არც იმ სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისადმი ვავლენთ (ებრაელთა 6:10—12).

განვაგრძოთ იეჰოვაში განმტკიცება

20. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ იეჰოვაა ჩვენი გამაძლიერებელი?

20 მოდი ყოველმხრივ ცხადვყოთ, რომ იეჰოვას იმედი გვაქვს და ის არის ჩვენი გამაძლიერებელი. ამის გაკეთება კი იმ სულიერ ღონისძიებებში სრული მონაწილეობით შეგვიძლია, რომლებითაც იეჰოვა „ერთგული მონის“ მეშვეობით უზრუნველგვყოფს (მათე 24:45). ქრისტიანული პუბლიკაციების გამოყენებით ღვთის სიტყვის როგორც პირადად, ისე კრებაზე შესწავლა, მთელი გულით ლოცვა, უხუცესების მიერ გაწეული სულიერი დახმარება, ერთგული თანაქრისტიანების შესანიშნავი მაგალითები და მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობა იმ ღონისძიებათა ნაწილია, რომლებიც იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებას ემსახურება და მისთვის წმინდა მსახურებაში მონაწილეობის გაგრძელების ძალას გვანიჭებს.

21. როგორ დაგვანახვეს პეტრე და პავლე მოციქულებმა, რომ ღვთისგან ძალის მიღება აუცილებელია?

21 ჩვენი უძლურების მიუხედავად, თუ დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავთ, ის მოგვანიჭებს ძალას თავისი ნების შესასრულებლად. პეტრე მოციქულს ესმოდა ასეთი დახმარების აუცილებლობა და წერდა: „თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს“ (1 პეტრე 4:11). პავლემაც ცხადყო, რომ ღვთისგან ბოძებული ძალის იმედი ჰქონდა. მან თქვა: „კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:10). მოდი ჩვენც გამოვავლინოთ მსგავსი რწმენა და განვადიდოთ უზენაესი უფალი იეჰოვა, რომელიც დაღლილ-დაქანცულს აძლიერებს (ესაია 12:2).

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 რიცხვი, რომელსაც 20 ნული აქვს.

^ აბზ. 15 გამოცემულია საზოგადოება „საგუშაკო კოშკის“ მიერ.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ სჭირდებათ იეჰოვას მსახურებს აღმატებული ძლიერება?

• რომელი ბიბლიური მტკიცებები არსებობს იმისა, რომ ღმერთი ძალას აძლევს თავის მსახურებს?

• რომელია ის სულიერი ღონისძიებები, რომლებითაც იეჰოვამ განსამტკიცებლად უზრუნველგვყო?

• როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ღმერთია ჩვენი გამაძლიერებელი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 12 გვერდზე]

იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მტკიცდება, როდესაც სხვებს ბიბლიის გამოყენებით ვასწავლით.