იეჰოვა თავის ხალხს დასასვენებელი ადგილით უზრუნველყოფს
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
იეჰოვა თავის ხალხს დასასვენებელი ადგილით უზრუნველყოფს
მთის ბილიკებზე ასვლით მოქანცული მგზავრისთვის დაჩრდილული დასასვენებელი ადგილის დანახვა ყველაზე სასურველი რამ არის. ნეპალში ასეთ ადგილებს „ჩაუტარა“ ჰქვია. ტიპობრივ „ჩაუტარას“ მოზრდილი ბანიანის ხის ქვეშ აკეთებენ, სადაც დაჩრდილული, დასაჯდომად და დასასვენებლად კარგი, ადგილია. „ჩაუტარას“ გაკეთება კეთილი საქმეა და უმეტესწილად კეთილისმყოფელები ანონიმურები რჩებიან.
ნეპალში მომხდარმა შემთხვევებმა ცხადყო, რომ იეჰოვა გახდა ამ სისტემაში მრავალი მოქანცული „მგზავრისთვის“ სიხარულისა და სულიერი გამოცოცხლების წყარო (ფსალმუნი 22:2).
• ლილ კუმარი მშვენიერ ქალაქ პოქარაში ცხოვრობს — ქალაქში, რომლიდანაც დათოვლილი ჰიმალაის დიდებული ხედი იშლება. ოჯახის ფინანსური მდგომარეობით შეწუხებულ ლილ კუმარს მომავლის იმედი გადაწურული ჰქონდა. როდესაც მასთან იეჰოვას ერთი მოწმე მივიდა, მასზე ბიბლიურმა ნათელმა იმედმა ძალიან იმოქმედა და მაშინვე ბიბლიის საშინაო შესწავლა მოითხოვა.
ლილ კუმარი სიამოვნებით სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის გამო შესწავლის გაგრძელება მისთვის ადვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, იგი შეუპოვრად განაგრძობდა შესწავლას. რეგულარულად ესწრებოდა ქრისტიანული კრების შეხვედრებს და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდა — განსაკუთრებით კი იმას, რასაც ცოლის მიერ მორჩილების გამოვლენასთან დაკავშირებით სწავლობდა. შეგეგად, ქმარი და დედა მიხვდნენ, რომ მთელი ოჯახისთვის სარგებლობა მოჰქონდა იმას, რომ ლილ კუმარი ბიბლიას სწავლობდა.
ახლა მისი მეუღლე და რამდენიმე ნათესავი ღვთის სიტყვას სწავლობენ. პოქარაში ახლახან ჩატარებულ კონგრესზე ლილ კუმარი პროგრამას 15 ნათესავთან ერთად ესწრებოდა. მან თქვა: „ჩემს სახლში ახლა სიმშვიდემ დაისადგურა, რადგან მთელი ოჯახი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ვართ გაერთიანებული; ამიტომაც სულის ნამდვილი სიმშვიდე ვპოვე“.
• მიუხედავად იმისა, რომ ნეპალში კასტური დისკრიმინაცია კანონით აკრძალულია, იქაურთა ცხოვრებაზე მას ჯერაც დიდი გავლენა აქვს. ამიტომ ბევრს აინტერესებს, თუ რას ამბობს ბიბლია თანასწორუფლებიანობასა და მიუკერძოებლობაზე. იმის გაგებამ, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის“, დიდად შეცვალა სურია მაიასა და მისი ოჯახის ცხოვრება (საქმეები 10:34).
სურია მაიას ძალიან აწუხებდა კასტური დისკრიმინაციით გამოწვეული უსამართლობა და ღრმად ფესვგადგმული ტრადიციებისა და ჩვეულებების ტვირთი. ღვთისმოსავი ქალი, სურია მაია, წლების განმავლობაში კერპებს ევედრებოდა დახმარებას, მაგრამ მის ლოცვებს პასუხი არ გასცემია. ერთხელაც, როდესაც ლოცულობდა, ექვსი წლის შვილიშვილი, ბაბიტა, მიუახლოვდა და ჰკითხა: რატომ ითხოვ დახმარებას კერპებისგან, რომლებსაც შველა არ შეუძლიათ?
აღმოჩნდა, რომ ბაბიტას დედა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. გოგონამ ბებია მთელი გულით მიიწვია ქრისტიანულ შეხვედრაზე. როდესაც სურია მაია კრებას დაესწრო, დიდად გააოცა სხვადასხვა კასტის წარმომადგენლების ერთად ყოფნამ და ერთმანეთისადმი მიუკერძოებელმა დამოკიდებულებამ. მან მაშინვე ბიბლიის საშინაო შესწავლა მოითხოვა. თუმცა ამის გამო მეზობლებმა აითვალწუნეს, მას გული არ გაუტეხია; მისთვის სულიერ წინსვლაში არც წერა-კითხვის შეზღუდულ ცოდნას შეუშლია ხელი.
რვა წელიწადში მისი ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის მისი ქმარი და სამი შვილი, იეჰოვას მოწმე გახდა. სურია მაია ახლა სრული დროით მსახური პიონერია და სხვებს სიხარულით ეხმარება მძიმე ტვირთის იმ ნამდვილ დასასვენებელ ადგილზე ჩამოხსნაში, რომლითაც მხოლოდ იეჰოვას შეუძლია უზრუნველყოფა.