არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლია შეიძინო მეგობრები

როგორ შეგიძლია შეიძინო მეგობრები

როგორ შეგიძლია შეიძინო მეგობრები

„ცხოვრებაში ერთი მეგობრის ყოლა საკმაოდ დიდი მიღწევაა; ორი უკვე ბევრია; სამი კი ძალზე იშვიათია“

(ჰენრი ბრუკს ადამსი).

ასეთი აზრი ნამდვილი მეგობრების იშვიათობაზე მიუთითებს. ძალიან ხშირად ისეთი სიტყვები, როგორიცაა „გული ვერავისთვის გადამიშლია“, „ვერავის ვენდობი“ ან „ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი ძაღლია“, გვესმის მარტოობით დატანჯული ადამიანებისგან, რომლებიც მეგობრებს ეძებენ.

ვინმესთან დამეგობრება და მეგობრის შენარჩუნება ადვილი არ არის. ერთ-ერთმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ «შეერთებულ შტატებში ზრდადასრულებულთა 25% იტანჯება „ქრონიკული მარტოობით“. . .  საფრანგეთში კი მოსახლეობის ნახევარს განუცდია საშინელი მარტოობა». „გაცნობის კლუბებისა“ და კომპიუტერული „სალაყბო ოთახების“ მომრავლება და გაზეთებში მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადებების სიუხვე, რომლებიც ცხოვრების თანამგზავრებს ეძებენ, ცხადყოფს, რომ ადამიანები ურთიერთობისკენ ილტვიან.

მარტოობა ადამიანის არა მხოლოდ ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს, არამედ მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც, ამბობს ფსიქონევროლოგი დოქტორი დეივიდ უიკსი. „ჩემი პაციენტების უმრავლესობა, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ მარტოხელები არიან, ფობიებითა და დეპრესიით იტანჯებიან. მძიმე დეპრესია და საშინელი სიმარტოვე ერთმანეთთან არის დაკავშირებული“.

განქორწინება და ოჯახის დანგრევა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სწირავს მარტოობისთვის. დიდ ბრიტანეთში გამოკვლევამ ნათელყო, რომ XXI საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყანაში მცხოვრებთა 30% მარტო იცხოვრებდა.

ღვთივსულიერ საღვთო წერილში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ეგოისტური სული გავრცელდებოდა (2 ტიმოთე 3:1—5). ჩანს, რომ ბევრს ადამიანებთან ურთიერთობაზე მეტად ქონება — სახლი და მანქანა — ან კიდევ სამუშაო აინტერესებს. „მეუღლისა და შვილების ნაცვლად, ოფისია მათი ცხოვრების ცენტრში“, — აღნიშნავს მწერალი ენტონი სტორი.

ნამდვილი მეგობრები ფასდაუდებლები არიან

შენს მეგობრობაზე დიდად არის დამოკიდებული შენი ცხოვრება. ხშირად ისინი, რომლებიც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან, ბედნიერები არ არიან, რადგან არ ჰყავთ მეგობრები, რომლებსაც თავიანთ ფიქრებსა თუ აზრებს გაუზიარებდნენ. ჭეშმარიტია იესო ქრისტეს სიტყვები: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ამ ჭეშმარიტებას ინგლისელი პოეტი ჯორჯ ბაირონი შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „ვინც სიხარულს ჰპოვებს, სხვას უნდა გაუნაწილოს“.

ვინ არის მეგობარი? ერთ-ერთი ლექსიკონი მეგობარს აღწერს როგორც „სხვის მიმართ სიყვარულითა და პატივისცემით გამსჭვალულ ადამიანს“. ნამდვილი მეგობარი დაგეხმარება, ყოველთვის იმაზე იფიქრო, რაც სარგებლობას მოგიტანს. ის გაჭირვების დროს გაგამხნევებს და შეგეხიდება. შენს მწუხარებასაც კი გაიზიარებს. მეფე სოლომონმა თქვა: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17). დროთა განმავლობაში ნივთებს თავიანთი ღირებულება ეკარგება, ნამდვილი მეგობრობა კი, რაც დრო გადის, უფრო მტკიცდება.

საღვთო წერილი ქრისტიანებს მოუწოდებს, „იყვნენ გაფართოებულნი“ სიყვარულში (2 კორინთელთა 6:13, აფ). გონივრულია სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება. ეკლესიასტეს 11:1, 2-ში ვკითხულობთ: „წყალს გაატანე შენი პური, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ კვლავ მოიძიებ. მიეც ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყანას“. როგორ გამოიყენება ეს პრინციპი მეგობრობაში? თუ ბევრთან მეგობრობ, ზოგი მათგანი შეიძლება სიძნელეების დროს დაგეხმაროს.

ნამდვილი მეგობრები სხვაგვარადაც დაგიცავენ. „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“, — ამბობს იგავნის 27:6. თუმცა შეიძლება ბევრმა შეგაქოს, მხოლოდ ნამდვილ მეგობრებს შეუძლიათ იზრუნონ შენზე — დაგანახვონ შენი სერიოზული ნაკლოვანება და სასარგებლო რჩევა მოგცენ (იგავნი 28:23).

კარგი, ახლო მეგობრები ის იშვიათი საჩუქრებია, რომლებსაც ჩვენზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. „მოციქულთა საქმეების“ მე-10 თავში ვკითხულობთ რომაელთა ჯარის ასისთავის, კორნელიოსის, შემთხვევის შესახებ. მას ანგელოზმა შეატყობინა, რომ მისი ლოცვები შესმენილ იყო. მოციქულ პეტრეს მოლოდინში კორნელიოსს „შემოეკრიბა თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები“. მისი ეს ახლო მეგობრები იმ პირველი წინადაუცვეთელი წარმართებიდან იყვნენ, რომლებმაც მიიღეს კეთილი ცნობა, სულიწმიდით იქნენ ცხებული, და რომლებსაც ღვთის სამეფოში ქრისტესთან ერთად მმართველობის იმედი ჰქონდათ. რაოდენ დიდი კურთხევა იყო ეს კორნელიოსის ახლო მეგობრებისთვის! (საქმეები 10:24, 44).

მაგრამ, როგორ შეგიძლია ვინმესთან დამეგობრება? ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია, რომელსაც მეგობრობის შესახებ ბევრის თქმა შეუძლია, პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს (იხილე ჩარჩო).

სად შეგიძლია ნამდვილი მეგობრების შეძენა

საუკეთესო ადგილი, სადაც მეგობრების შეძენას შეძლებ, არის ქრისტიანული კრება. უპირველეს ყოვლისა, შეგიძლია ისარგებლო იმ საშუალებით, რომ იეჰოვას — შენი შემოქმედის, ზეციერი მამის — და იესო ქრისტეს, შენი მხსნელის, მეგობარი გახდე. „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“, — თქვა იესომ, რომელიც მეგობრობას გთავაზობს (იოანე 15:13, 15). იეჰოვასა და იესო ქრისტესთან მეგობრობით შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ისინი ‘მიგიღებენ მარადიულ სავანეში’. დიახ, იეჰოვასა და იესო ქრისტესთან მეგობრობა მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს (ლუკა 16:9; იოანე 17:3).

როგორ შეგიძლია მათთან გულითადი მეგობრობის დამყარება? ვისაც სურს იეჰოვას კარავში დასადგურება, როგორც მის მეგობარს, მე-14 ფსალმუნში მოცემული, მისთვის განკუთვნილი მოთხოვნები უნდა შეასრულოს. გადაშალე, გეთაყვა, ბიბლია და ამ ფსალმუნის ხუთივე მუხლი წაიკითხე. გარდა ამისა, იესო ქრისტემ თქვა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:14).

დიახ, ღვთის სიტყვის, ბიბლიის, კეთილსინდისიერად შესწავლითა და მითითებების გამოყენებით ცხადყოფ, რომ იეჰოვასა და იესოსთან მეგობრობა გსურს. ამას რომ მიაღწიო, აგრეთვე რეგულარულად უნდა ესწრებოდე ქრისტიანული კრების შეხვედრებს, სადაც იეჰოვა ღმერთის შესახებ შემეცნებას ვიღებთ. ყურადღებით მოეკიდე იეჰოვასგან დასწავლებას და უფრო დაუახლოვდები მას და მის ძეს.

კრების შეხვედრებზე აგრეთვე გაიცნობ პიროვნებებს, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და ავლენენ სულის ნაყოფებს: სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სახიერებას, სიკეთეს, ერთგულებას, სიმშვიდეს, თავშეკავებას (გალატელთა 5:22, 23). თუ გულწრფელად გსურს მეგობრების შეძენა და მარტოობისგან თავის დაღწევა, ყოველკვირეულად დაესწარი ქრისტიანული კრების შეხვედრებს. თუ ასე მოიქცევი, სწორედ იმ ადგილზე, სწორედ იმ დროს აღმოჩნდები, რათა ღვთის კურთხეულ ხალხთან ხანგრძლივი მეგობრობის განვითარების საშუალება გქონდეს.

განუყრელი მეგობრები

ნამდვილი მეგობრობა იეჰოვასგან შესანიშნავი საჩუქარია. ეს თვისება თვითონ მის პიროვნებას ახასიათებს. თავისი სიყვარულითა და გულუხვობის სულისკვეთებით აღავსო დედამიწა გონიერი ქმნილებებით, რომლებთანაც მეგობრობის დამყარება შეგიძლია. ურთიერთობა გქონდეს თანაქრისტიანებთან; გაამხნევე ისინი; ითანამშრომლე მათთან მსახურებაში; ილოცე მათთან და მათთვის რეგულარულად. ამით მიჰბაძავ იეჰოვას და მის ძე იესო ქრისტეს.

მეგობრობა ისეთი საჩუქარია, რომელიც ყველამ შეიძლება მიიღოს და გასცეს. ახლო მომავალში მეგობრების წრის გაფართოების შესაძლებლობა გექნება. დაუმეგობრდები დღეს მცხოვრებ მილიონობით ადამიანს და აგრეთვე წინა თაობების წარმომადგენლებს, რომლებსაც ახლა სიკვდილის ძილით სძინავთ და ელიან აღდგომას, როდესაც „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4; იოანე 5:28, 29). ყველაფერი გააკეთე ახლა იმისათვის, რომ მეგობრული იყო და დაუმეგობრდი მათ, ვისაც იეჰოვა უყვარს. განაგრძე მეგობრობა იეჰოვა ღმერთთან და იესო ქრისტესთან ღვთის ინსპირირებული სიტყვის მოსმენით. ამის შემდეგ, მთელი მარადიულობის განმავლობაში აღარასდროს იქნები მარტო.

[ჩარჩო⁄სურათები 22, 23 გვერდებზე]

ხანგრძლივი მეგობრობისკენ გადადგმული ექვსი ნაბიჯი

1. იყავი მეგობარი. აბრაამს ურყევი რწმენის გამო „ღვთის მეგობარი“ ეწოდა (იაკობი 2:23). მაგრამ ეს სხვა მიზეზითაც მოხდა. ბიბლია ამბობს, რომ აბრაამი ღვთის მიმართ სიყვარულს ავლენდა (მეორე ნეშტთა 20:7, აქ). მან ინიციატივა გამოავლინა და გული გადაუშალა იეჰოვას (დაბადება 18:20—33). დიახ, ინიციატივა უნდა გამოავლინო, რომ ვინმეს მეგობარი გახდე. იესომ თქვა: „მიეცით და თქვენც მოგეცემათ“ (ლუკა 6:38). გამამხნევებელი სიტყვა ან დახმარების ხელის გაწოდება შეიძლება უდიდესი მეგობრობის საწინდრად იქცეს. ამერიკელმა ესეისტმა რალფ უოლდოუ ემერსონმა ერთხელ თქვა: „მეგობარს მხოლოდ მაშინ შეიძენ, თუ შენ თვითონ იქნები მეგობარი“.

2. გამოუყავი დრო მეგობრობის დამყარებას. ბევრს სურს, რომ მეგობრები ჰყავდეს. მაგრამ ისინი იმდენად დაკავებული არიან, რომ ამისთვის დროს ვერ ნახულობენ. რომაელთა 12:15, 16 მოგვიწოდებს, გავიზიაროთ სხვების სიხარული და წარმატება, მწუხარება და გულგატეხილობა: „მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში“. თუმცა იესო ქრისტეს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, მეგობრებისთვის დროს ყოველთვის ნახულობდა (მარკოზი 6:31—34). გახსოვდეს, მეგობრობას, როგორც ყვავილოვან მცენარეს, გასაფურჩქნად მორწყვა და კვება სჭირდება. ეს კი დროს მოითხოვს.

3. ყურადღებით უსმინე სხვებს, როცა ლაპარაკობენ. კარგი, ყურადღებიანი მსმენელებისთვის ხშირად უფრო ადვილია მეგობრების შეძენა. ‘ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი’, — ამბობს მოწაფე იაკობი (იაკობი 1:19). როდესაც ვინმესთან საუბრობ, დაინტერესდი მისი გრძნობებით; მოაყოლე თავის თავზე; ‘პატივისცემაში დაასწარი’ (რომაელთა 12:10). ამის შემდეგ მათ შენთან ყოფნის სურვილი გაუჩნდებათ. მაგრამ, თუ სულ შენ ლაპარაკობ ან ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობ, ძალიან ძნელად იპოვი ვინმეს, ვინც მოგისმენს ან დაინტერესდება შენი გრძნობებითა და გაჭირვებით.

4. იყავი მიმტევებელი. ერთხელ იესომ პეტრეს უთხრა, რომ მზად ყოფილიყო მიეტევებინა „სამოცდაათგზის შვიდჯერ“ (მათე 18:21, 22). ნამდვილი მეგობარი სწრაფად ივიწყებს უმნიშვნელო შეცდომებს. მაგალითად, ზოგს არ უყვარს ჟოლოს ჭამა პაწაწინა თესლების გამო. მაგრამ ვისაც უყვარს ეს ხილი, ის სულაც არ ამჩნევს ამ თესლებს. ნამდვილი მეგობრები კარგი თვისებების გამო უყვართ, მათ უმნიშვნელო შეცდომებს მალე ივიწყებენ. პავლე მოგვიწოდებდა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს“ (კოლასელთა 3:13). ვინც მიტევებას სწავლობს, მეგობრებს ინარჩუნებს.

5. სხვებს თავს ნუ მოაბეზრებ. ყველას სჭირდება ზოგჯერ განმარტოება და მათ შორის შენს მეგობრებსაც. იგავნის 25:17 ბრძნულად შენიშნავს: „მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს“. მაშასადამე, გონიერება გამოიჩინე მეგობრებთან ყოფნის სიხშირესა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. არ იფიქრო, რომ ისინი შენ გეკუთვნიან, ეს ეჭვიანობას დაგაწყებინებს. წინდახედულად ილაპარაკე შენს გემოვნებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამგვარი მოქმედება მეგობრობას განამტკიცებს.

6. იყავი გულუხვი. მეგობრობას გულუხვობა უწყობს ხელს. მოციქული პავლე გვირჩევს, რომ ვიყოთ „გულუხვნი და გამზიარებელნი“ (1 ტიმოთე 6:18). მაგალითად, გაამხნევე სხვები (იგავნი 11:25). თავისუფლად, გულწრფელად შეაქე და გაამხნევე მეგობარი. როდესაც სხვების კეთილდღეობისათვის ავლენ გულწრფელ ინტერესს, მათთვის მიმზიდველი ხდები. იფიქრე იმაზე, რის გაკეთება შეგიძლია მათთვის და არა იმაზე, რას გაგიკეთებენ ისინი.