არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იდექით სრულყოფილნი მტკიცე დარწმუნებით

იდექით სრულყოფილნი მტკიცე დარწმუნებით

იდექით სრულყოფილნი მტკიცე დარწმუნებით

«მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი ღვთის ყოველი ნებით [„რათა საბოლოოდ იდგეთ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი ღვთის ყოველ ნება-სურვილში“, აქ]» (კოლასელთა 4:12).

1, 2. ა) რას ამბობდნენ პირველი ქრისტიანების შესახებ გარეშენი? ბ) როგორ არის ნაჩვენები „კოლასელთა“ წიგნში თანაქრისტიანების მიმართ გულწრფელი ინტერესი?

იესოს მოწაფეები დიდად იყვნენ დაინტერესებული მათით, ვინც ღმერთს მათთან ერთად სცემდა თაყვანს. ტერტულიანე (ახ. წ. II—III საუკუნეების მწერალი) მოგვითხრობს იმ სიკეთის შესახებ, რომელსაც ისინი ავლენდნენ ობლების, ღარიბებისა და ხანდაზმულების მიმართ. სიყვარული, რომელიც მათ მოქმედებებში ჩანდა, ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა ურწმუნოებზე, რომ ზოგიერთი ამბობდა კიდეც: „შეხედეთ, როგორ უყვართ ერთმანეთი“.

2 „კოლასელთა“ წიგნში კოლასელი ძმებისა და დების მიმართ მოციქულ პავლესა და მის თანამსახურ ეპაფრას გულწრფელი ინტერესი ჩანს. პავლემ მათ მისწერა: ეპაფრა «მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი ღვთის ყოველი ნებით [„რათა საბოლოოდ იდგეთ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი ღვთის ყოველ ნება-სურვილში“, აქ]». იეჰოვას მოწმეებს 2001 წელს კოლასელთა 4:12-იდან შემდეგი სიტყვები ექნებათ წლიურ მუხლად: ‘იდექით სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი ღვთის ყოველ ნება-სურვილში’.

3. რომელ ორ საკითხზე ლოცულობდა ეპაფრა?

3 საყვარელი ხალხისთვის ეპაფრას მიერ აღვლენილი ლოცვები ორ მიზანს ემსახურებოდა: პირველი, რომ ისინი ‘საბოლოოდ მდგარიყვნენ სრულყოფილნი’ და მეორე, მდგარიყვნენ „დარწმუნებულნი ღვთის ყოველ ნება-სურვილში“. ეს ინფორმაცია საღვთო წერილში ჩვენს სასარგებლოდ ჩაიწერა. ასე რომ, შეეკითხე საკუთარ თავს: „რა მჭირდება პირადად მე იმისათვის, რომ საბოლოოდ ვიდგე სრულყოფილი და მტკიცედ დარწმუნებული ღვთის ყოველ ნება-სურვილში? და როდესაც ყველაფერს ასე გავაკეთებ, რა მოჰყვება ამას?“ მოდი ვნახოთ.

ეცადე „იდგე სრულყოფილი“

4. რა გაგებით საჭიროებდნენ კოლასელები „სრულყოფილებას“?

4 ეპაფრას ძლიერ სურდა, რომ მისი კოლასელი სულიერი ძმები და დები ‘საბოლოოდ სრულყოფილნი მდგარიყვნენ’. პავლეს მიერ გამოყენებული სიტყვა, რომელიც „სრულყოფილად“ არის ნათარგმნი, შეიძლება ნიშნავდეს ზრდადასრულებულს, მოწიფულს (მათე 19:21; ებრაელთა 5:14; იაკობი 1:4, 25). ალბათ, იცი, რომ მონათლულ იეჰოვას მოწმედ ყოფნა, თავისთავად არ ნიშნავს მოწიფულ ქრისტიანად ყოფნას. პავლემ მისწერა ეფესელებს, რომლებიც კოლასის დასავლეთით ცხოვრობდნენ, რომ მწყემსებსა და მასწავლებლებს ეცადათ დახმარების გაწევა, რათა ‘ყველას მიეღწია რწმენის ერთიანობისა და ღვთის ძის შემეცნებისთვის სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომისთვის’. პავლე სხვა შემთხვევაშიც მოუწოდებდა ქრისტიანებს, გამხდარიყვნენ ‘სრულწლოვანნი გონებით’ (ეფესელთა 4:8—13; 1 კორინთელთა 14:20, სსგ).

5. როგორ შეგვიძლია სრულყოფილება ჩვენს მიზნად ვაქციოთ?

5 თუ ზოგიერთი კოლასელი სულიერად ჯერ კიდევ არ იყო გაზრდილი, ანუ მოწიფული, ეს მათ მიზნად უნდა დაესახათ. განა ჩვენც ასე არ უნდა მოვიქცეთ დღეს? ათწლეულების წინათ მოვინათლეთ თუ ახლახან, შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი აზროვნების უნარისა თუ თვალსაზრისის აშკარა გაუმჯობესება? ვითვალისწინებთ ბიბლიურ პრინციპებს გადაწყვეტილებების მიღებამდე? ღმერთთან და კრების ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანია თუ მეორეხარისხოვანია? ამ სტატიაში ვერ მოვიხსენიებთ ყველა იმ მხარეს, რომელშიც სრულყოფილებისკენ სწრაფვა შეგვეძლებოდა, მაგრამ განვიხილავთ ორ მაგალითს.

6. როგორ შეუძლია ადამიანს წარმატებით წაიწიოს წინ და იეჰოვას მიჰბაძოს სრულყოფილებაში?

6 პირველი: დავუშვათ, რომ გავიზარდეთ ისეთ გარემოში, სადაც სხვა რასის, ეროვნებისა და კულტურის ადამიანებს ზიზღით უყურებდნენ ან მათ მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. ახლა კი ვიცით, რომ ღმერთი არ არის მიკერძოებული და არც ჩვენ უნდა ვიყოთ (საქმეები 10:14, 15, 34, 35). ჩვენს კრებებში ან რაიონებში არიან სხვა წარმოშობის ადამიანები. მაგრამ რამდენად არის ჩვენს გულებში შემორჩენილი ზოგიერთი უარყოფითი გრძნობა ან წარმოდგენა ამ წარმოშობის ხალხების მიმართ? მაშინვე ვბრაზდებით და უარყოფითად ვფიქრობთ სხვა წარმოშობის ადამიანზე, როცა ის ცდება ან უმნიშვნელოდ გვაწყენინებს? შეეკითხე საკუთარ თავს, „ვსაჭიროებ უფრო მეტ წინსვლას, რომ მქონდეს ისეთივე მიუკერძოებელი თვალსაზრისი, როგორც ღმერთს აქვს?“.

7. როგორი თვალსაზრისის განვითარება იგულისხმება სხვების მიმართ „სრულყოფილ“ ქრისტიანად გახდომაში?

7 მაგალითი მეორე: ფილიპელთა 2:3-ის თანახმად, ჩვენ ‘არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შევრაცხოთ ერთმანეთი’. რამდენად წარმატებული ვართ, ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე? თითოეულ ადამიანს აქვს სისუსტეები და ძლიერი მხარეები. თუ ადრე მაშინვე თვალში გვხვდებოდა სხვების სისუსტეები, გავუმჯობესდით იმ მხრივ, რომ აღარ მოველით მათგან „სრულყოფილებას“? (იაკობი 3:2). ახლა, ადრინდელთან შედარებით, შეგვიძლია დავინახოთ — მოვძებნოთ კიდეც — ის მხარეები, რომლებშიც სხვები ჩვენზე უკეთესები არიან? „უნდა ვაღიარო, რომ ეს და მოთმინებით მჯობია“; „ის ჩემზე მტკიცე რწმენას ავლენს“; „სიმართლე რომ ვთქვათ, ის ჩემზე კარგი მასწავლებელია“; „მას უფრო ადვილად აჰყავს თავი ხელში“. ალბათ, ზოგ კოლასელს ამ მხრივ გაუმჯობესება ესაჭიროებოდა. ჩვენ?

8, 9. ა) რა „დგომაზე“ ლოცულობდა ეპაფრა კოლასელთათვის? ბ) რა იგულისხმებოდა ‘სრულყოფილად დგომაში’ მომავალთან დაკავშირებით?

8 ეპაფრა ლოცულობდა, რომ კოლასელები ‘სრულყოფილნი მდგარიყვნენ’. ნათელია, ის სთხოვდა ღმერთს, რომ კოლასელები ‘მდგარიყვნენ’ ანუ დარჩენილიყვნენ, როგორც გასრულყოფილებული და მოწიფული ქრისტიანები.

9 ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თითოეული, ვინც კი ქრისტიანი ხდება, მოწიფულიც კი, მტკიცე იქნება. იესომ თქვა, რომ ღვთის ძე, ერთ-ერთი ანგელოზი, „ჭეშმარიტებაში ვერ დადგა“ (იოანე 8:44). პავლემ კორინთელებს გაახსენა ისინი, ვინც ერთ დროს ემსახურებოდა იეჰოვას, მაგრამ შემდეგ მიატოვა ის. მან სულითცხებული ძმები შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“ (1 კორინთელთა 10:12). ეს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ლოცვას, რომ კოლასელები ‘საბოლოოდ მდგარიყვნენ სრულყოფილნი’. უკვე სრულყოფილთათვის და ზრდასრულებულთათვის საჭირო იყო, სიმტკიცე შეენარჩუნებინათ და უკან არ მიქცეულიყვნენ, რათა არ დაღლილიყვნენ ან გზიდან არ გადაეხვიათ (ებრაელთა 2:1; 3:12; 6:6; 10:39; 12:25). ამიტომ ისინი უნდა დარჩენილიყვნენ „სრულყოფილნი“ გამოცდებისას და, საბოლოოდ, ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვებისას (2 კორინთელთა 5:10; 1 პეტრე 2:12).

10, 11. ა) ლოცვის რა ნიმუში დაგვიტოვა ეპაფრამ? ბ) ეპაფრას მაგალითის გათვალისწინებით რა გადაწყვეტილებას მიიღებდი?

10 უკვე განვიხილეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სხვებისთვის ლოცვისას მათი სახელის მოხსენიება — კონკრეტული ლოცვა, რომ იეჰოვა დაეხმაროს მათ, ანუგეშოს ისინი, აკურთხოს და მისცეს სულიწმიდა. კოლასელთათვის ეპაფრას მიერ წარმოთქმული ლოცვა სწორედ ასეთი იყო. ჩვენ შეგვიძლია — და ფაქტობრივად, ასეც უნდა მოვიქცეთ — ვიპოვოთ ამ სიტყვებში ძვირფასი რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვთხოვოთ იეჰოვას ლოცვაში. რა თქმა უნდა, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ, ბოლომდე დაგვეხმაროს, რომ თითოეული ჩვენგანი ‘საბოლოოდ იდგეს სრულყოფილი’. აკეთებ ამას?

11 რატომ არ მოგეხსენიებინა შენი მდგომარეობა ლოცვაში? ესაუბრე ღმერთს იმ მდგომარეობის შესახებ, რომელსაც მიაღწიე ‘სრულყოფილებისა’ და მოწიფულობისკენ სწრაფვისას. სთხოვე, დაგეხმაროს იმ მხარეების დანახვაში, რომლებშიც ჯერ კიდევ საჭიროებ სულიერ ზრდას (ფსალმუნი 16:3; 138:23, 24). უდავოა, ასეთი მხარეები გაქვს. გულს კი ნუ გაიტეხ, არამედ ნათლად და ხაზგასმით სთხოვე ღმერთს, გაუმჯობესებაში დაგეხმაროს. გააკეთე ეს ბევრჯერ. რატომ არ გადაწყვეტდი, მომდევნო კვირის განმავლობაში გელოცა კონკრეტულად იმაზე, რომ ‘საბოლოოდ იდგე სრულყოფილი’. წლიური მუხლის გათვალისწინებით დაგეგმე ამის ხშირად გაკეთება. ლოცვებში ყურადღება გაამახვილე შენს იმ მიდრეკილებებზე, რომლებმაც შეიძლება უკან მიგაქციოს, დაგღალოს ან ღვთის მსახურებას ჩამოგაშოროს და იმაზე, თუ როგორ შეგიძლია მოერიდო ამის გაკეთებას (ეფესელთა 6:11, 13, 14, 18).

ილოცე მტკიცე დარწმუნებისთვის

12. რატომ ესაჭიროებოდათ კოლასელებს განსაკუთრებით ‘მტკიცედ დგომა’?

12 ეპაფრა ლოცულობდა სხვა რამეზეც, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ კოლასელები საბოლოოდ ღვთისმოსაწონად მდგარიყვნენ. ეს ასევე აუცილებელია ჩვენთვის. რაზე ლოცულობდა ეპაფრა? ის ლოცულობდა იმაზე, რომ ისინი მდგარიყვნენ „მტკიცედ დარწმუნებულნი ღვთის ყოველ ნება-სურვილში“. ისინი გარემოცულნი იყვნენ მწვალებლური და მაცდური ფილოსოფიური მოძღვრებებით, რომელთაგანაც ზოგი, ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგალითად, ქრისტიანებზე ზემოქმედებას ახდენდნენ, რათა მათაც დაეცვათ მარხვისა და ნადიმის დღეები, როგორც ერთ დროს იუდაური თაყვანისცმისას იყო საჭირო. ცრუ მასწავლებლები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ანგელოზებს, იმ ძლიერ სულიერ ქმნილებებს, რომელთა მეშვეობითაც მიიღო მოსემ რჯული. წარმოიდგინეთ რამდენად ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ზემოქმედება! არსებობდა უამრავი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი (გალატელთა 3:19; კოლასელთა 2:8, 16—18).

13. რა ფაქტორის აღიარება დაეხმარებოდა კოლასელ ქრისტიანებს, და როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ასეთი რამ ჩვენ?

13 ამისგან განსხვავებით, პავლემ ხაზი გაუსვა იესო ქრისტეს როლს — „როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ“. დიახ, საჭირო იყო (კოლასელებისთვის და ჩვენთვის) ღვთის განზრახვებსა და ჩვენს ცხოვრებაში ქრისტეს როლში მტკიცედ დარწმუნება. პავლემ ახსნა: „მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე. და თქვენ სავსენი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია“ (კოლასელთა 2:6—10).

14. რატომ იყო კოლასელთათვის იმედი რეალური?

14 კოლასელები სულითცხებული ქრისტიანები იყვნენ. ისინი გარკვეულნი იყვნენ თავიანთ იმედში — მათ ზეციური ცხოვრების იმედი ჰქონდათ — და ეს იმედი ყოველთვის უნდა შეენარჩუნებინათ (კოლასელთა 1:5). „ღვთის ნება-სურვილი“ იყო, რომ ისინი მტკიცედ ყოფილიყვნენ დარწმუნებული თავიანთი იმედის უტყუარობაში. განა ვინმეს უნდა შეპარვოდა ამ იმედში ეჭვი? სრულიადაც არა! სხვაგვარად უნდა იყოს საქმის ვითარება დღეს მათთვის, ვისაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების ღვთისგან ბოძებული იმედი აქვს? არა! ეს დამაჯერებელი იმედი აშკარად „ღვთის ნება-სურვილის“ ნაწილია. მოდი ახლა დაუფიქრდი შემდეგ კითხვებს: თუ ცდილობ, რომ „უამრავი ხალხის“ წევრი იყო, რომლებიც „დიდ გასაჭირში“ გადარჩებიან, რამდენად რეალურია შენი იმედი? (გამოცხადება 7:9, 14). არის ის ნაწილი შენი ‘მტკიცე დარწმუნებისა ღვთის ყოველ ნება-სურვილში’?

15. როგორ მსჯელობს პავლე, როდესაც იმედს მოიხსენიებს?

15 „იმედში“ არ ვგულისხმობთ გაურკვეველ მიზანს ან ოცნებას. ამის დანახვა შეგვიძლია რომაელთათვის უფრო ადრე გაგზავნილ პავლეს წერილში მოცემული მსჯელობიდან. მასში ყოველი მომდევნო საკითხი ამა თუ იმ სახით არის ურთიერთდაკავშირებული. ყურადღება მიაქციე, თავის მსჯელობაში რომელ ადგილზე აყენებს პავლე „იმედს“ — «ჭირითაც ვიქადით [„ვიხაროთ“, აქ], რადგან ვიცით, რომ ჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება — სიმტკიცეს [„კეთილგანწყობილებას“, აქ], სიმტკიცე [„კეთილგანწყობილება“, აქ] — იმედს, ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში, სულიწმიდის მეშვეობით» (რომაელთა 5:3—5).

16. როდესაც ბიბლიური ჭეშმარიტება შეიცანი, რა იმედი შეიძინე?

16 როდესაც იეჰოვას მოწმეებმა პირველად გაგაცნეს ბიბლიური ცნობა, შეიძლება ჭეშმარიტებიდან ზოგმა რამემ — მაგალითად მიცვალებულთა მდგომარეობამ ან მათმა აღდგომამ — მიიპყრო შენი ყურადღება. ბევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბიბლიიდან იმის გაგება, რომ შესაძლებელია დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება. გაიხსენეთ, როცა პირველად მოისმინეთ ეს სწავლება. რა დიდებული იმედია — ავადმყოფობა და სიბერე წარსულს ჩაჰბარდება, შეგიძლია იცხოვრო ბედნიერად და დატკბე შენი შრომის ნაყოფით; ცხოველებს შორის მტრობა აღარ იქნება! (ეკლესიასტე 9:5, 10; ესაია 65:17—25; იოანე 5:28, 29; გამოცხადება 21:3, 4). შენ შესანიშნავი იმედი შეიძინე!

17, 18. ა) როგორ მივყავართ იმედამდე რომაელთა მიმართ წერილში მოცემულ პავლეს მსჯელობას? ბ) რომელი „იმედი“ იგულისხმება რომაელთა 5:4, 5-ში და გაქვს თუ არა ასეთი იმედი?

17 დროთა განმავლობაში შეიძლება რაიმე წინააღმდეგობას ან დევნას წააწყდი (მათე 10:34—39; 24:9). ახლახანაც კი ბევრ ქვეყანაში მოწმეებს გაუძარცვეს სახლები ან აიძულეს, ლტოლვილები გამხდარიყვნენ; ზოგს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს, წაართვეს ბიბლიური ლიტერატურა ან საინფორმაციო წყაროების საშუალებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს მათ შესახებ. როგორ დევნასაც უნდა წაწყდომოდი, როგორც რომაელთა 5:3 ამბობს, შეჭირვებისას შეგეძლო გეხარა და ამას შესანიშნავი შედეგები მოეტანა. სწორედ ისე, როგორც პავლემ დაწერა, ჭირმა მოთმინება გასწავლა. მოთმინებამ კი ღვთის კეთილგანწყობილებამდე მიგიყვანა. შენ იცოდი, რომ იმას აკეთებდი, რაც სწორია, ასრულებდი ღვთის ნებას, ამიტომ გრძნობდი, რომ ღმერთი კეთილგანწყობილი იყო შენ მიმართ. პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ გრძნობდი „ღვთის კეთილგანწყობილებას“. პავლე კი სათქმელს ასე აგრძელებს, — ‘კეთილგანწყობილება წარმოშობს იმედს’. ეს შეიძლება ცოტა უცნაურად ჩანდეს. რატომ დააყენა პავლემ „იმედი“ ბოლო ადგილზე? განა არ გქონდა იმედი დიდი ხნის წინათ, როცა პირველად კეთილი ცნობა მოისმინე?

18 ნათელია, პავლე აქ არ ეხება კარგ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჩვენს თავდაპირველი იმედს. რასაც ის მოიხსენიებს, უფრო მეტს ნიშნავს; ეს უფრო მრავლის მომცველი და აღმძვრელია. როდესაც ერთგულად ვითმენთ და ვგრძნობთ, რომ ღმერთს მოვწონვართ, თავდაპირველი იმედიც გვიმტკიცდება. ჩვენი იმედი ბევრად უფრო რეალური ხდება, უფრო მტკიცე და უფრო პირადი. ეს ძლიერი იმედი უფრო ნათელი ხდება და ავსებს მთელ ჩვენს არსებას. „ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში, სულიწმიდის მეშვეობით“.

19. როგორ უნდა იყოს იმედი შენი რეგულარული ლოცვების ნაწილი?

19 ეპაფრა გულწრფელად ლოცულობდა, რომ თავისი კოლასელი ძმებისა და დებისთის მნიშვნელოვანი და რეალური ყოფილიყო ის, რისი იმედიც ჰქონდათ, ‘მტკიცედ დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ ღვთის ყოველ ნება-სურვილში’. დაე მის მსგავსად მივმართოთ თითოეულმა ჩვენგანმა რეგულარულად ღმერთს ჩვენი იმედის თაობაზე. პირადი ლოცვისას არ დაგავიწყდეს ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებული იმედის მოხსენიება. დაანახვე იეჰოვას, რამდენად მტკიცედ ხარ დარწმუნებული, რომ ახალი ქვეყნიერება დადგება. სთხოვე მას დახმარება, რათა რწმენა გაგიღრმავოს. მოიქეცი ისევე როგორც ეპაფრა, რომელიც ლოცულობდა, რომ კოლასელები ყოფილიყვნენ „მტკიცედ დარწმუნებულნი ღვთის ყოველ ნება-სურვილში“. ეს ხშირად გააკეთე.

20. თუ მცირედნი უხვევენ ქრისტიანული გზიდან, რატომ არ უნდა მიგვიყვანოს ამან გულგატეხილობამდე?

20 გული არ უნდა გაიტეხო იმის გამო, რომ ყველა არ ‘დგას სრულყოფილი და მტკიცედ დარწმუნებული’. ზოგი შეიძლება სუსტდება, განდგომილი ხდება ან ყველაფერზე ხელს იღებს. ეს იესოს ახლობლებს, მოციქულებს, შორისაც კი მოხდა. მაგრამ, როდესაც იუდა გამცემი გახდა, დაკარგეს მოციქულებმა ენთუზიაზმი ან მიატოვეს ყველაფერი? არა! პეტრემ გამოიყენა ფსალმუნის 108:8 იმის საჩვენებლად, რომ იუდას ადგილს სხვა დაიკავებდა. იუდას შემცვლელი არჩეულ იქნა და ღვთის ერთგულმა ადამიანებმა აქტიურად განაგრძეს თავიანთი სამქადაგებლო მსახურება (საქმეები 1:15—26). მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, მდგარიყვნენ სრულყოფილნი მტკიცე დარწმუნებით.

21, 22. რა გაგებით იქნება შემჩნეული შენი სრულყოფილი დგომა მტკიცე დარწმუნებით?

21 შეგიძლია სავსებით დარწმუნებული იყო, რომ შენი სრულყოფილად დგომა და ღვთის ყოველ ნება-სურვილში მტკიცე დარწმუნება შეუმჩნეველი არ დარჩება. მას დაინახავენ და დააფასებენ. მაგრამ ვინ დაინახავს და დააფასებს?

22 შენი ძმები და დები, რომლებიც გიცნობენ და რომლებსაც უყვარხარ, ისინი დაინახავენ ამას. მაშინაც კი, თუ უმეტესობა სიტყვიერად არ გამოხატავს ამას, შედეგი სწორედ ისეთი მოჰყვება, როგორსაც ვკითხულობთ 1-ლი თესალონიკელთა 1:1—6-ში: „ვმადლობთ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე, თქვენს იმედიან მოთმინებას. . . ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით. . .  თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მომბაძავნი“. ერთგული ქრისტიანებიც იმავეს იგრძნობენ შენ მიმართ, როდესაც დაინახავენ, რომ ‘დგახარ სრულყოფილი და მტკიცედ დარწმუნებული ღვთის ყოველ ნება-სურვილში’ (კოლასელთა 1:23).

23. რა უნდა გქონდეს გადაწყვეტილი მომავალი წლის განმავლობაში?

23 უდავოა, შენი ზეციერი მამა დაინახავს ამას და ესიამოვნება. ამაში დარწმუნებული იყავი. რატომ? იმიტომ რომ შენ დგახარ სრულყოფილი და მტკიცედ დარწმუნებული „ღვთის ყოველ ნება-სურვილში“. პავლემ წაახალისა კოლასელი ქრისტიანები, რომ ‘იეჰოვას ღირსად მოქცეულიყვნენ და ეამებინათ მისთვის’ (კოლასელთა 1:10). დიახ, შესაძლებელია, რომ არასრულყოფილმა ადამიანმა ასიამოვნოს მას ყველაფერში. შენმა კოლასელმა ძმებმა და დებმა გააკეთეს ეს. დღეს შენს გარშემო მყოფი ქრისტიანები აკეთებენ ამას. შენც შეგიძლია იგივეს გაკეთება! მაშასადამე, დაე მომავალი წლის განმავლობაში შენი ყოველდღიური ლოცვები და მოქმედებები ამტკიცებდეს, რომ გადაწყვეტილი გაქვს, ‘საბოლოოდ იდგე სრულყოფილი და მტკიცედ დარწმუნებული ღვთის ყოველ ნება-სურვილში’.

შეგიძლია გაიხსენო?

• რა შედის შენს ‘სრულყოფილ დგომაში’?

• რა უნდა ჩართო ლოცვაში საკუთარი თავის შესახებ?

• როგორც რომაელთა 5:4, 5-ში ვკითხულობთ, როგორი იმედი გსურს?

• მომავალი წლისთვის ჩვენმა შესწავლამ რა მიზნის დასასახავად მოგცა სტიმული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 20 გვერდზე]

ეპაფრა ლოცულობდა, რომ თავისი ძმები მდგარიყვნენ სრულყოფილნი, მტკიცედ დარწმუნებულნი ქრისტესა და თავიანთ იმედში.

[სურათები 23 გვერდზე]

შენს უტყუარ იმედსა და მტკიცედ დარწმუნებას მილიონები იზიარებენ.