არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მსახურების შესასრულებლად აღძრულები

მსახურების შესასრულებლად აღძრულები

მსახურების შესასრულებლად აღძრულები

რას უნდა აღეძრა 24 დაქორწინებული წყვილი ოჯახური ცხოვრების საუკეთესო ხანაში დაეტოვებინათ ოჯახები, მეგობრები, მშობლიური გარემო და უცხო ქვეყნებში მისიონერულ მსახურებას შედგომოდნენ? რატომ უხაროდათ მათ ისეთ ქვეყნებში წასვლა, როგორიცაა პაპუა-ახალი გვინეა და ტაივანი, აგრეთვე აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები? ნუთუ ამას თავგადასავლების სიყვარული შეიძლება ვუწოდოთ? არა. სინამდვილეში ისინი ღვთისა და მოყვასის მიმართ ნამდვილმა სიყვარულმა აღძრა (მათე 22:37—39).

ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი არიან „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 109-ე კლასის კურსდამთავრებულები. შაბათს, 2000 წლის 9 სექტემბერს, 5 198 ადამიანმა მოიყარა თავი პატერსონში (ნიუ-იორკი) არსებულ „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში და იმ ადგილებში, სადაც სატელიტური კავშირით ხდებოდა პროგრამის ტრანსლაცია. ისინი იმ სიყვარულით აღსავსე რჩევების მოსასმენად შეიკრიბნენ, რომლებიც კურსდამთავრებულებს დახმარებას გაუწევს მისიონერული მსახურების წარმატებით შესრულებაში.

პროგრამას თავმჯდომარეობდა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტის წევრი სტივენ ლეტი. თავისი შესავალი სიტყვები მან დააფუძნა მათეს 5:13-ზე: „თქვენ ხართ მარილი მიწისა“. ძმა ლეტმა განმარტა, რომ იესოს სიტყვები, უდავოდ, სკოლადამთავრებულებსაც ეხებოდათ. მაგალითად, მარილს საჭმლის გაგემრიელება შეუძლია; აგრეთვე თავიანთი ეფექტური ქადაგებით მისიონერები მარილს ჰგვანან.

გამოსათხოვარი გამხნევება

ძმა ლეტმა მსმენელებს წარუდგინა იეჰოვას რამდენიმე დიდი ხნის მსახური, რომლებმაც წარმოთქვეს მოკლე, მაგრამ ეფექტური ბიბლიური მოხსენებები. პირველი მათგანი იყო ჯონ ვისჩეკი, რომელიც სამწერლო კომიტეტში მსახურობს. მისი მოხსენება, სათაურით „ყველაზე მოკლე ფსალმუნი ხელს უწყობს მისიონერული სულისკვეთების განვითარებას“, დაფუძნებული იყო 116-ე ფსალმუნზე. დღესდღეობით საჭიროა მსოფლიოს მასშტაბით ‘ხალხებისთვის’ და ‘ერებისთვის’ იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებ ქადაგება. სტუდენტები გაამხნევეს, რათა შეასრულონ 116-ე ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვები და წაეხალისებინათ სხვები იმისათვის, რომ ‘ადიდონ იაჰ’ (აქ).

შემდეგ თავმჯდომარემ მსმენელებს წარუდგინა გაი პიერსი ხელმძღვანელი საბჭოდან. მისი მოხსენების თემა იყო „იყავით მოქნილნი, ამავე დროს მტკიცენი“. ღვთის სიტყვა მტკიცეა; მეორე რჯულის 32:4-ში იეჰოვა ღმერთი კლდედ არის მოხსენიებული, მაგრამ მისი სიტყვა მოქნილიც არის, რადგან ის დაიწერა ყველა ეროვნებისა და კულტურის ადამიანებისთვის; დიახ, მთელი კაცობრიობისთვის. სტუდენტებს ურჩიეს, რომ ისე ექადაგათ ღვთის სიტყვა, რომ ადამიანთა გულებსა და სინდისს შეხებოდა (2 კორინთელთა 4:2). „მტკიცედ დაიცავით სწორი პრინციპები, მაგრამ იყავით მოქნილნი. იქ, სადაც დანიშნულებისამებრ იმსახურებთ, ნუ დაუწყებთ ზემოდან ყურებას ადამიანებს მათი განსხვავებული კულტურის გამო“, — მოუწოდა ძმა პიერსმა.

„გალაადის“ სკოლის ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა კარლ ადამსმა, რომელიც მთავარ სამმართველოში თითქმის 53 წელია მსახურობს, წარმოთქვა დამაფიქრებელი მოხსენება „სად გაემგზავრებით აქედან?“. მართალია, 24 წყვილი მისიონერად მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში დაინიშნა, მაგრამ წამოიჭრა კითხვა — რას გააკეთებენ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ? ჩვენ ვცხოვრობთ მღელვარე მსოფლიოში. თავიანთი თავისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ადამიანებს ახალი ადგილების მონახულება და ახალი საქმიანობის წამოწყება სურთ. სტუდენტებმა კი იეჰოვასგან მიიღეს დანიშნულება იქ, სადაც თავად იეჰოვას სურს, რომ უანგაროდ იზრუნონ მის „ცხვარზე“. და არ უნდა დაემსგავსონ ზოგიერთ ისრაელ ადამიანს, რომლებმაც ეგოიზმის გამო ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, რომ იეჰოვას გამოეყენებინა ისინი მთელი კაცობრიობის საკურთხებლად. ნაცვლად ამისა, მათ უნდა მიჰბაძონ იესო ქრისტეს, რომელიც ყოველთვის უანგაროდ ასრულებდა მამის ნებას და მორჩილი იყო ნებისმიერ ვითარებაში (იოანე 8:29; 10:16).

„დააფასეთ ღვთის სიღრმეები“ — ეს იყო უოლეს ლივერანსის, „გალაადის“ სკოლის რეგისტრატორის მოხსენების სათაური. ბიბლიაში ღვთის სიტყვა არაერთხელ არის შედარებული სიმდიდრესთან, ძვირფას ქვებთან, ძვირფას ლითონებთან და სხვა ნივთებთან, რომლებიც დიდად ფასობს და რის მოპოვებისკენაც ისწრაფვიან. იგავნის 2:1—5-ში ნათქვამია, რომ ‘ღვთის შემეცნების’ მისაღებად მისი „განძივით“ ძებნაა საჭირო. მომხსენებელმა გაამხნევა სტუდენტები, განეგრძოთ ღვთის სიღრმეების კვლევა, ახალი დანიშნულების ადგილზე მსახურებისას. ძმა ლივერანსმა განმარტა: „ეს პრაქტიკულია, რადგან აღაშენებს იეჰოვასადმი რწმენასა და ნდობას და განამტკიცებს თქვენს გადაწყვეტილებას, რომ დარჩეთ თქვენი დანიშნულების ადგილზე. ეს დაგეხმარებათ, რომ დამაჯერებლად ილაპარაკოთ და უფრო ეფექტურად ასწავლოთ სხვებს ღვთის განზრახვები“.

კურსდამთავრებულების მონაწილეობით „გალაადის“ სკოლის სხვა ინსტრუქტორმა იმსჯელა, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ გასული ხუთი თვის მანძილზე სტუდენტების სამქადაგებლო საქმიანობა. ლორენს ბოუენმა პავლეს სიტყვები მოიყვანა საქმეების 20:20-დან ეფესოში საჯარო მსახურების თაობაზე, და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პავლე დამოწმების ყველა შესაძლებლობას იყენებდა. სტუდენტების შემთხვევებმა ცხადყო, რომ, პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენს დროში ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით აღძრული ადამიანები არასდროს იკავებენ თავს ჭეშმარიტებაზე საუბრისგან და, ამგვარად, ღვთის სიტყვას სხვებზე სასიკეთოდ მოქმედების საშუალებას აძლევენ. ასეთ მოქმედებას იეჰოვას უხვი კურთხევები მოაქვს.

საუბრობენ გამოცდილი ძმები

სწავლის პერიოდში „გალაადის“ სკოლის სტუდენტებმა განსაკუთრებული სარგებლობა მიიღეს 23 ქვეყნის ფილიალის კომიტეტების წევრებთან ურთიერთობით, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ პატერსონის საგანმანათლებლო ცენტრში. ლიონ ვივერი და მერტონ კემპბელი, რომლებიც სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობენ, უძღვებოდნენ ინტერვიუებს სხვადასხვა ფილიალის კომიტეტების წევრებთან, რომელთაგან ზოგიერთი „გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებული იყო. ასეთი გამობრძმედილი მისიონერების მოსმენამ გაამხნევა სტუდენტები, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები.

კურსდამთავრებულებისთვის მიცემულ რჩევაში, თუ როგორ შეჰგუებოდნენ უცხო ქვეყნებში თავიანთ დანიშნულებას, აღნიშნული იყო: „გქონდეთ დადებითი განწყობა. თუ შეგემთხვევათ ისეთი რამ, რაც უცხო ან გაუგებარია თქვენთვის, გულს ნუ გაიტეხთ, მიენდეთ იეჰოვას“; „ისწავლეთ, ბედნიერნი იყოთ იმით, რაც გაქვთ და გჯეროდეთ, რომ იეჰოვა მოგცემთ ყოველივე აუცილებელს“. სხვა რჩევები ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ თავიანთი დანიშნულებისამებრ მსახურებისას რა დაეხმარებოდა სტუდენტებს სიხარულის შენარჩუნებაში. აი ზოგიერთი გამონათქვამი: „ნუ შეადარებთ ერთმანეთს თქვენი დანიშნულების ადგილს და თქვენს სამშობლოს“; „ისწავლეთ ადგილობრივი ენა და ისაუბრეთ ამ ენაზე, რათა ურთიერთობა შეგეძლოთ ხალხთან“; „შეისწავლეთ ამ ქვეყნის წეს-ჩვეულებები და კულტურა, რაც თქვენი დანიშნულების ადგილზე დარჩენაში დაგეხმარებათ“. ეს რჩევები ძალიან გამამხნევებელი იყო ახალი მისიონერებისთვის.

ინტერვიუების შემდეგ დეივიდ სპლეინმა, ყოფილმა მისიონერმა და „გალაადის“ სკოლის 42-ე კლასის კურსდამთავრებულმა, რომელიც ამჟამად იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად მსახურობს, წაიკითხა მთავარი მოხსენება, საინტერესო სათაურით, „ვინ ხართ — სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები?“. სკოლადამთავრებულებს მან ჰკითხა: „როგორ უნდა შეხედოთ თქვენს თავს, როცა თქვენი მისიონერული დანიშნულების ადგილზე წახვალთ? როგორც კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ყველაფერი იციან მისიონერული საქმიანობის შესახებ, თუ როგორც სტუდენტებს, რომლებსაც კვლავ ბევრი რამ აქვთ სასწავლი?“. ძმა სპლეინმა მოიხსენია, რომ გონიერი კურსდამთავრებული თავის თავს სტუდენტად ჩათვლის. მისიონერებს უნდა გააჩნდეთ ისეთი თვალსაზრისი, რომ ყველასგან, ვისაც თავიანთი მისიონერული დანიშნულების ადგილზე შეხვდებიან, შეუძლიათ რაღაც ისწავლონ (ფილიპელთა 2:3). სტუდენტებს მოუწოდეს, მჭიდროდ ეთანამშრომლათ სხვა მისიონერებთან, ფილიალთან და ადგილობრივ კრებასთან. „თქვენ უკვე ჩააბარეთ ბოლო გამოცდები, მაგრამ კვლავ სტუდენტები ხართ. ყველასათვის ნათელი გახადეთ, რომ სასწავლად ხართ იქ“, — მოუწოდა ძმა სპლეინმა.

ამ მოხსენების შემდეგ, სტუდენტებს გადასცეს დიპლომები და გამოაცხადეს მათი დანიშნულების ადგილები. კურსდამთავრებულებისთვის გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო, როცა კლასის წარმომადგენელმა წაიკითხა ერთობლივი წერილი კურსდამთავრებულთა გადაწყვეტილების შესახებ, რომ ღვთის სიტყვიდან ნასწავლის საფუძველზე მუდამ აღძრულები იქნებოდნენ უფრო დიდი საქმეების გასაკეთებლად წმინდა მსახურებაში.

ყველა დამსწრე დაეთანხმებოდა იმას, რომ კურსდამთავრებულთათვის მიცემულმა რჩევა-დარიგებამ განამტკიცა მათი გადაწყვეტილება, სიყვარული გამოევლინათ ღვთისა და მოყვასისადმი. ამან აგრეთვე გააძლიერა მათი მზადყოფნა საიმისოდ, რომ თავიანთი მისიონერული დანიშნულების ადგილზე სულიერად დაეხმარონ ხალხს.

[ჩარჩო 25 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 10

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 20

სტუდენტების რაოდენობა: 48

საშუალო ასაკი: 33,7

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16,2

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12,5

[სურათი 26 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 109-ე გამოსაშვები კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) ე. კოლინზი, ლ. მაილზი, ა. ალვარადო, ჯ. ლეიქი; 2) ლ. ვან დუსენი, ა. ბიჰარი, ჰ. ჰეიკინენი, ს. კოუსი, ჰ. სმითი; 3) ჯ. ეშფორდი, კ. ეშფორდი, კ. ბოური, ლ. რიჩარდი, დ. უილბერნი, ჯ. ლეიქი; 4) კ. ჩიჩიი, ჰ. ჩიჩიი, მ. რამირესი, დ. ბაუმანი, გ. ბეკერი, შ. ბიჰარი, ა. რამირესი; 5) უ. ვან დუსენი, ჰ. ლემოთრე, ჯ. ფისქოუ, ლ. ქათსი, ჰ. რასელი, რ. ჯონსონი; 6) ფ. ბეკერი, დ. ბაუმანი, ქ. ჯონსონი, ა. პაიფერი, შ. მესენი, ჟ. ლემოთრე, პ. ჰეიკინენი; 7) რ. სმითი, ჯ. რასელი, ე. კოლინზი, დ. ფისქოუ, რ. უილბერნი, დ. კოუსი; 8) ბ. ქათსი, ი. ბოური, ნ. მესენი, ს. პაიფერი, ე. რიჩარდი, ბ. მაილზი, რ. ალვარადო;