მშვიდობის შესახებ კეთილი ცნობა ჩიაპასის მთიანეთსაც აღწევს
მშვიდობის შესახებ კეთილი ცნობა ჩიაპასის მთიანეთსაც აღწევს
„ჩიაპასის შტატში არავის ახსოვს მსგავსი ხოცვა-ჟლეტა; 45 შეუიარაღებელი გლეხი, მათ შორის 13 ბავშვი, შეიარაღებულ მამაკაცთა ჯგუფმა დახოცა“ — იუწყებოდა გაზეთი „იუნივერსალი“ 1997 წლის 22 დეკემბერს აკტეალში (ჩიაპასის შტატი) მომხდართან დაკავშირებით.
ჩიაპასი მექსიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე შტატია, რომელიც გვატემალას ესაზღვრება. ხანგრძლივი სიღარიბისა და შევიწროების გამო ადგილობრივი მაიას ტომის ინდიელებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელმაც საკუთარ თავს „ეხერსიტო საპატისტა დე ლიბერასიონ ნაციონალ“-ი (ზეგა, ზაპატისტას ეროვნულ-განმანთავისუფლებელი არმია) უწოდა, 1994 წელს შეიარაღებული აჯანყება მოაწყო. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გაიწელა. თავდასხმები ხდებოდა, როგორც აჯანყებულთა, ისე სამთავრობო ჯარების მხრიდან, რასაც შედეგად სისხლის ღვრა და ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. შექმნილმა მდგომარეობამ იმ არემარეში მცხოვრები მრავალი გლეხი აიძულა, გაქცეულიყო.
ამ მშფოთვარე გარემოში ცხოვრობს ნამდვილად მშვიდობისმოყვარე ხალხთა ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ ომში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ისინი სხვების ყურადღებას მთელი ენთუზიაზმით მიმართავენ ღვთის სამეფოსკენ, როგორც ერთადერთი იმედის წყაროსკენ, რომელიც გადაჭრის ადამიანთა ყველა პრობლემას, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად (დანიელი 2:44). ვინ არიან ეს ადამიანები? იეჰოვას მოწმეები. ისინი ემორჩილებიან იესოს მითითებას და ძალ-ღონეს არ იშურებენ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ჩიაპასის ყველაზე მიყრუებულ მთიანეთში მისატანადაც კი (მათე 24:14). როგორ ქადაგებდნენ ასეთ მდგომარეობაში და რა შედეგებით?
„მე იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე ვარ“
ადოლფო, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ სამეფოს მაუწყებელი გახდა, ერთ დღეს, როდესაც ოკოსინგო რადიო სადგურში მუშაობდა მოულოდნელად ვიღაცამ დააბრახუნა და კარი ნიღბიან მამაკაცთა ჯგუფმა შეამტვრია; ისინი ოთახში შეიჭრნენ და ადოლფო მიზანში ამოიღეს. შეიჭრნენ ჯიხურში, საიდანაც რადიოტრანსლაცია ხდებოდა, დაეპატრონნენ აპარატურას და ეთერში გადასცეს, რომ მთავრობას ომს უცხადებდნენ.
შეიარაღებულმა მამაკაცებმა ადოლფოს უბრძანეს, რომ მათ მოძრაობას შეერთებოდა. „მე იეჰოვას მოწმე ვარ“, — უპასუხა ადოლფომ, თუმცა ჯერ მონათლული არ იყო. მან ამ მამაკაცებს განუმარტა, რომ მშვიდობას მხოლოდ ღვთის სამეფო დაამყარებდა და მტკიცე უარი უთხრა შეთავაზებული სამხედრო ფორმისა და იარაღის აღებაზე. როდესაც მისი ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება დაინახეს, ადოლფო გაუშვეს. ამ შემთხვევის გახსენებისას ის აღნიშნავს: „მაშინ მომხდარმა ამბავმა რწმენა მართლაც განმიმტკიცა“.
ბოლოს მდგომარეობა სტაბილური გახდა, მაგრამ ტერიტორიას ჯერ კიდევ სამხედროები აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, ადოლფო სიხარულით დაეთანხმა ადგილობრივი კრების
უხუცესებს, ეთანამშრომლა მიყრუებულ ტერიტორიაზე მყოფ ქრისტიანთა ჯგუფთან. საკონტროლო პუნქტების გავლისას, ჯარისკაცები პატივისცემით ექცეოდნენ მას, როდესაც ადოლფო ეუბნებოდა, რომ იეჰოვას მოწმე იყო. მოგვიანებით ადოლფო მოინათლა, და დიდი სიამოვნებით ეხმარებოდა იმ ტერიტორიაზე მყოფ ჯგუფს იეჰოვას მოწმეთა კრებად ჩამოყალიბებაში. „ახლა, როდესაც უკვე მოვინათლე, — განაცხადა ადოლფომ, — მთელი დაჯერებულობით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას მოწმე ვარ!“„იეჰოვამ გაგვაძლიერა“
მას შემდეგ, რაც ზეგა-მ რადიოთი გადასცა, რომ მთავრობას ომს უცხადებდა, ქალაქიდან მოსახლეობა გაიქცა. ფრანცისკო, სრული დროით მსახური ანუ პიონერი, ყვება, თუ როგორ გააძლიერა იეჰოვამ ის და მისი მეუღლე განსაცდელისას.
„გადავწყვიტეთ თავშესაფარი გვეპოვა ერთ ადგილზე, სადამდეც ქალაქიდან ფეხით 3 საათი უნდა გვევლო. იქ იყო ერთი კრება, ასე რომ ჩვენ ძმებთან ერთად ვიქნებოდით. მალე პალენგკეში სარაიონო კონგრესი უნდა ჩატარებულიყო. მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა პიონერებისთვის გამართულ სპეციალურ შეხვედრას დავსწრებოდით, მაგრამ გავიგეთ, რომ კონგრესისკენ მიმავალი გზა ზეგა-ს წევრებს ჰქონდათ გადაკეტილი. გადავწყვიტეთ კონგრესზე ჯუნგლების გავლით წავსულიყავით, რასაც 9 საათი დასჭირდა. პიონერებისთვის გამართულ შეხვედრაზე თავის დროზე მივედით; როგორც ამ
შეხვედრაზე დასწრებამ, ისე კონგრესის მთელი პროგრამის მოსმენამ ძალიან დიდი სიხარული მოგვანიჭა.უკან დაბრუნებულებმა დავინახეთ, რომ ჩვენი სახლი თურმე დაეწვათ და ცხოველები მოეპარათ. ყველაფერი დავკარგეთ; მხოლოდ ტანსაცმლის პატარა ჩანთაღა შეგვრჩა, მაგრამ ოკოსინგოელმა ძმებმა შეგვიფარეს. მათ გვასწავლეს ზოგი ისეთი საქმის კეთება, რომლებიც ჩვენ ადრე არასოდეს გვიკეთებია. ერთმა ძმამ ფოტოგრაფობა მასწავლა, მეორემ — ფეხსაცმელების შეკეთება. ასე გავიტანეთ მე და ჩემმა ცოლმა თავი და დღემდე პიონერული მსახურება არ მიგვიტოვებია. როდესაც მომხდარზე ვფიქრობთ, ვხედავთ, რომ იეჰოვამ გაგვაძლიერა, თუმცა ყოველივეს ატანა ჩვენთვის ადვილი არ იყო“.
სამქადაგებლო საქმიანობის ნაყოფი
ჩიაპასის შტატში მცხოვრები მოწმეები არ შეუშინდნენ სირთულეებსა და ხიფათს და ამ ტერიტორიაზე ხალხისთვის კეთილი ცნობის გადაცემას განსაკუთრებული ძალ-ღონე მოახმარეს. მაგალითად, 1995 წლის აპრილსა და მაისში სხვა თანაქრისტიანებთან ერთად მათაც მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო მასშტაბით გამართულ კამპანიაში, რომელიც „ცნობა სამეფო შესახებ“ სერიიდან №34 ტრაქტატის გავრცელებას ითვალისწინებდა; ამ ტრაქტატს ძალზე შესაფერისი სათაური ჰქონდა „რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე?“
ამ კამპანიის დროს პუებლო-ნუებოში სირო, სრული დროით მსახური პიონერი შეხვდა ოჯახს, რომელიც ამ ცნობით დაინტერესდა. სირო სამი დღის შემდეგ მივიდა მათთან და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მაგრამ ერთხელ, როდესაც სირო და ერთი ძმა ბიბლიის შესწავლის გასაგრძელებლად მივიდნენ, ოჯახის უფროსი სახლში არ დახვდათ. მის ნაცვლად იქ ნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ოჯახის უფროსს ელოდნენ, რათა რაიმე ევნოთ მისთვის. მათ სიროსა და მასთან ერთად მყოფ ძმას მოსვლის მიზეზი ჰკითხეს და თან მოკვლით დაემუქრნენ. მისულებმა გულში ლოცვით მიმართეს იეჰოვას და გაბედულად აუხსნეს, რომ ისინი ამ ოჯახის წევრებისთვის ბიბლიის სასწავლებლად მივიდნენ. ეს რომ მოისმინეს, ნიღბიანმა მამაკაცებმა ეს ორი ქრისტიანი გაუშვა. გარკვეული მიზეზის გამო, ოჯახის უფროსი იმ დღეს სახლში საერთოდ არ მისულა.
ერთხელ, თითქმის სამი წლის შემდეგ, სირო გააოცა ამ მამაკაცის თავისი სახლის კარებთან დანახვამ. რამდენად გაახარა სირო იმის გაგებამ, რომ ამ მამაკაცის ოჯახის ყველა წევრი უკვე მონათლული იყო და ახლა გვატემალას კრების წევრები იყვნენ. ქალიშვილებიდან ერთ-ერთი სრული დროით პიონერადაც კი მსახურობდა.
სულიერი საზრდოს დაფასება
საოლქო ზედამხედველის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩიაპასში სირთულეები ჯერ არ მოგვარებულა, იქაურ მოწმეებს ნამდვილად ესმით ერთად შეკრების მნიშვნელოვნება (ებრაელთა 10:24, 25). ის ყვება, რა მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინათ სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე. გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ პროგრამა დილით ადრე დაეწყოთ, რათა დაღამებამდე დელეგატებს დღის შუქზე შესძლებოდათ შინ დაბრუნება, რაც შედარებით უსაფრთხო იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესზე მისასვლელად უმეტესობას ჯუნგლებში სამ საათზე მეტი უნდა ევლო, დილის 7 საათზე უკლებლივ ყველა ადგილზე იყო. კონგრესს ექვსი ზეგა-ს წევრი ესწრებოდა, რომლებიც პროგრამასაც ისმენდნენ და ტაშსაც უკრავდნენ; როგორც ჩანს მათ სიამოვნებდათ იქ ყოფნა. ამ მამაკაცებსაც სამი საათი ფეხით სიარული დასჭირდათ კონგრესის ჩატარების ადგილამდე მისასვლელად. ზეგა-ს ოცი წევრი კი ადგილობრივი კრების სამეფო დარბაზში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზეც მივიდა.
ერთი ახალგაზრდა პარტიზანი მამაკაცი თავის უფროსებს ჯუნგლების გარკვეული ტერიტორიის გასაკონტროლებლად ჰყავდათ დანიშნული. როდესაც პარტიზანი იქ მივიდა, დაინახა, რომ მთელი მოსახლეობა, რომელთა უმეტესობას იეჰოვას მოწმეები შეადგენდნენ, გაქცეული იყო. ის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დასახლდა. ახალგაზრდამ, რომელსაც ბევრი არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი, აკრიფა წიგნები, რომლებიც ამ სახლთან იპოვა და მათი კითხვა დაიწყო. ეს წიგნები საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციები აღმოჩნდა, რომლებიც მოწმეებს დარჩენოდათ. მარტოდ დარჩენილ ახალგაზრდა მამაკაცს ჰქონდა დრო წაკითხულზე დასაფიქრებლად. მან გადაწყვიტა, ცხოვრების წესი შეეცვალა და იარაღი გადაეგდო. მაქსიმალურად მოკლე დროში იპოვა მოწმეები და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ექვს თვეში უკვე სხვებს უყვებოდა კეთილი ცნობის შესახებ. ის და მისი ოჯახის სხვა სამი წევრი, რომლებიც ადრე პარტიზანულ მოძრაობის მომხრეები იყვნენ, ახლა მონათლული ქრისტიანები არიან.
დადებითი მხარეების დანახვა
ჩიაპასში მომხდარმა კონფლიქტმა მართალია ხალხს დიდი სირთულეები შეუქმნა, მაგრამ სამქადაგებლო საქმიანობისადმი მათ დამოკიდეუბლებაზე დადებითად იმოქმედა. იმ ქალაქში მცხოვრები ერთი უხუცესი, სადაც ბრძოლა დაიწყო, ყვება: „ბრძოლის დაწყებიდან დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ საქადაგოდ გავედით. ხალხი მოწყურებული გვისმენდა. ბევრი ბიბლიური ლიტერატურა გავავრცელეთ და რამდენიმე შესწავლა დავიწყეთ. ერთგან ადრე ბევრი ეწინააღმდეგებოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ კონფლიქტის გამო, ახლა ისინი უკვე ისმენენ კეთილ ცნობას, სწავლობენ ბიბლიას და ესწრებიან კრებებსა და კონგრესებს“.
ძმები მოხარული არიან, რომ არასტაბილური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შეძლეს თეოკრატიული საქმიანობის გაგრძელება. როგორც მთავრობის, ისე ზეგა-ს წარმომადგენლებმა იციან, რომ ისინი განაგრძობენ კონგრესების ჩატარებას. ეს კონგრესები კი მათ სულიერ განმტკიცებას ემსახურება. მიმომსვლელი ზედამხედველის მონახულებამაც დიდი სტიმული მისცა ძმებს სამქადაგებლო საქმიანობის გასაგრძელებლად. საინტერესოა, რომ გამხნევება ზოგჯერ კონფლიქტში მონაწილე მხარეებისგანაც მოდის, რომლებიც ხშირად მოუწოდებენ მოწმეებს, განაგრძონ ქადაგება.
თუმცა განსაცდელები და სირთულეები, რომლებიც ჩიაპასის მცხოვრებლებს დაატყდათ თავს დროთა განმავლობაში შემცირდა, ისინი ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია, — იეჰოვას მოწმეებს გადაწყვეტილი აქვთ, არ მოდუნდნენ და ძალ-ღონე არ დაიშურონ ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, მშვიდობის შესახებ კეთილი ცნობის სხვებისთვის გადასაცემად (საქმეები 10:34—36; ეფესელთა 6:15). მათ, ისევე როგორ წინასწარმეტყველ იერემიას, ესმით, რომ „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). მხოლოდ ღვთის სამეფო, რომელსაც იეჰოვას ძე, იესო ქრისტე, უდგას სათავეში, შეძლებს მსოფლიოში უსამართლობისა და სიღარიბის მოსპობას (მათე 6:10).
[რუკა 9 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მექსიკის ყურე
ჩიაპასი
გვატემალა
წყნარი ოკეანე
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათი 9 გვერდზე]
ჩიაპასის მთიანეთში საქადაგოდ მიმავალი მოწმეები.