საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?
საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?
მოახლოვდა შობის დღესასწაული. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და თქვენი მეგობრებისთვის? ეს შემთხვევა რაიმე სულიერს უკავშირდება, თუ მხოლოდ დღესასწაული და დროის მხიარულად გატარების საბაბია? არის ეს იესო ქრისტეს დაბადებაზე ფიქრის დრო, თუ ეს არ არის ქრისტიანულ ნორმებზე ფიქრით თავის შეწუხების ჟამი?
ამ კითხვების განხილვისას გახსოვდეთ, რომ საშობაო ტრადიციები შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, მექსიკასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში ამ დღესასწაულს სახელიც კი სხვა აქვს. „ლა ნავიდად“-ი, როგორც ამას ლათინური ამერიკის ქვეყნებში უწოდებენ, ანუ შობა, ქრისტეს დაბადებაზე მიუთითებს. გთხოვთ, დრო გამოუყოთ მექსიკური ჩვეულებების რამდენიმე დეტალის გამოკვლევას. ეს შეიძლება ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ.
„პოსადასი“, „მოგვები“და „ნასიმიენტო“
დღესასწაული იწყება 16 დეკემბერს „პოსადას“-ით. ერთ წიგნში, რომელიც მექსიკურ დღესასწაულებს ეხება, ნათქვამია: «დგება „პოსადას“-ის მომაჯადოებელი ცხრა დღე, რომელიც წინ უძღვის შობის წინადღეს. ამ ღონისძიებით აღნიშნავენ იოსებისა და მარიამის ბეთლემში ეულად ხეტიალსა და ბოლოს თავშესაფრის პოვნას. ოჯახები და მეგობრები ყოველ საღამოს ერთად იკრიბებიან, რათა გაიხსენონ იესოს დაბადების წინა დღეები» (Mexico’s Feasts of Life).
ტრადიციულად, ადამიანთა ჯგუფი მარიამისა და იოსების სტატუებით მიდის რომელიმე სახლთან და სიმღერით თავშესაფარს ანუ „პოსადას“ თხოულობს. სახლში მყოფები სიმღერითვე პასუხობენ და ბოლოს სტუმრებს შინ შესვლის ნებას რთავენ. შემდეგ იწყება ქეიფი, სადაც ერთ-ერთი თვალებახვეული და ხელჯოხმომარჯვებული მონაწილე „პინატას“, დიდი დეკორატიული თიხის ქოთნის, დასამსხვრევად მიიკვლევს გზას; ეს ქოთანი კი თოკზეა ჩამოკიდებული. ქოთნის დამსხვრევის შემდეგ, ყველაფერს, რაც იქიდან ცვივა, (კამფეტები, ხილი და სხვა მისთანანი) მოზეიმეები კრეფენ. ამას კი ჭამა-სმა, მღერა და ცეკვა მოჰყვება. 16 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე „პოსადას“ რვა ქეიფი იმართება. 24 დეკემბერს „ნოჩებუენას“ (შობის წინაღამეს) აღნიშნავენ და მთელი ოჯახი ცდილობს ყოველ მიზეზგარეშე დაესწროს განსაკუთრებულ სადილს.
მალე ახალი წელი დადგება, დღესასწაული, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით ხვდებიან. 5 იანვრის საღამოს „ტრეს რეიეს მაგოს“-ებმა („მოგვები“) სათამაშოები უნდა მიუტანონ ბავშვებს. ქეიფი კულმინაციას 6 იანვარს აღწევს, როდესაც სუფრაზე „როსკა დე რეიეს“-ი (პასქა) მოაქვთ. ამ პასქის ჭამისას, ვიღაცას თავის ნაჭერში შეხვდება პაწაწინა თოჯინა, რომლითაც ჩვილი იესოა წარმოდგენილი. ის, ვისაც თოჯინა შეხვდება, ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს და უმასპინძლოს ხალხს საბოლოო ქეიფზე, რომელიც 2 თებერვალს იმართება (ზოგ ადგილას პასქაში სამ პაწაწინა თოჯინას დებენ, რომლებითაც „მოგვები“ ანუ „სამი ბრძენი მამაკაცია“ წარმოდგენილი). როგორც ხედავთ, შობასთან დაკავშირებული ქეიფი დაუსრულებლად გრძელდება.
ამ დროის განმავლობაში დიდ ყურადღებას უთმობენ „ნასიმიენტოს“ (საშობაო სცენა). რა არის ეს? ხალხის თავშეყრის ადგილებში, ეკლესიებსა თუ სახლებში ამ სცენებს ფაიფურის, ხის ან თიხის (დიდი ან პატარა) ფიგურებით დგამენ და ბაგაში მწოლიარე ახალშობილთან მუხლმოყრილ
იოსებსა და მარიამს წარმოადგენენ. ხშირად სცენაში ჩართული არიან მწყემსები და „ლოს რეიეს მაგოს“ (მოგვები). დეკორაციას ცხოველების სადგომი წარმოადგენს, ირგვლივ შეიძლება რამდენიმე ცხოველიც ჩანდეს. მაგრამ ცენტრალური ფიგურა ახალშობილია, რომელსაც ესპანურად „ელ ნინიო დიოს“-ი (ბავშვი ღმერთი) ეწოდება. ეს მთავარი ფიგურა შეიძლება ამ სცენაში შობისწინა დღეს იქნეს ჩართული.საშობაო ტრადიციების უფრო გულდასმით გამოკვლევა
მთელ მსოფლიოში გავრცელებული საშობაო დღესასწაულის შესახებ ენციკლოპედია „ამერიკანა“ ამბობს: „ჩვეულებათა უმეტესობას, რომლებიც დღეს შობასთანაა დაკავშირებული, თავიდან არავითარი საერთო არ ჰქონდა შობის დღესასწაულთან, არამედ ქრისტიანულმა ეკლესიებმა ისინი წინაქრისტიანული პერიოდიდან და არაქრისტიანული ჩვეულებებიდან გადმოიღეს. საშობაო წეს-ჩვეულებებში ძალიან ბევრი რამ არის ჩართული სატურნალიიდან, ანუ დღესასწაულიდან, რომელსაც რომაელები დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულიდან იქნა გადმოღებული, მაგალითად, ნადიმები, საჩუქრების ჩუქებისა და სანთლების დანთების ტრადიცია“.
ლათინურ ამერიკაში ძირითად საშობაო ჩვეულებებს შეიძლება სხვებიც დაერთოს. რის საფუძველზე? — შეიძლება იკითხოთ თქვენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, მრავალს, ვისაც ბიბლიის თანახმად მოქმედება სურს, ესმის, რომ ზოგს ამ ჩვეულებათაგან არაფერი საერთო აქვს ბიბლიასთან, არამედ მთლიანად აცტეკურია. მეხიკოში გამომავალი გაზეთი „იუნივერსალი“ აღნიშნავდა: „სხვადასხვა ორდენის წარმომადგენელმა ბერებმა ისარგებლეს იმით, რომ ინდიელთა რიტუალებისა და კათოლიკური ლიტურგიების კალენდრები ერთმანეთს ემთხვეოდა და ეს თავიანთი სამქადაგებლო და მისიონერული საქმიანობისთვის გამოიყენეს. მათ ინდიელთა ღვთაებებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ქრისტიანული ღვთაებების დღესასწაულებად შეცვალეს; დაამკვიდრეს ევროპული დღესასწაულები და საყოველთაო ზეიმები, მათში ჩართეს ინდიელთა დღესასწაულებიც, რასაც შედეგად კულტურათა სინკრეტიზმი მოჰყვა. სწორედ აქედან იღებს სათავეს თავდაპირველი მექსიკური სახელწოდებები“.
ენციკლოპედია „ამერიკანა“ განმარტავს: „საშობაო სცენები მალე შობის დღესასწაულის ნაწილი გახდა. . . ეკლესიებში საშობაო გამოქვაბულის [საშობაო სცენების] დადგმა, როგორც ამბობენ წმინდა ფრანცისკოს დროიდან დაიწყეს“. ეს სცენები, რომლებითაც ქრისტეს დაბადებაა წარმოდგენილი, მექსიკის კოლონიზაციის დასაწყისში ეკლესიებში იდგმებოდა. მათ ფრანცისკელი ბერები დგამდნენ, რათა ამით ინდიელებისთვის შობის შესახებ ესწავლებინათ. მოგვიანებით „პოსადას“-ი უფრო პოპულარული გახდა. როგორი წარმოშობაც უნდა ჰქონდეს ამ სცენებს, „პოსადას“ დღევანდელი სახე თავისთავად ცხადყოფს მის ნამდვილ ბუნებას. თუ ამ დროს მექსიკაში მოხვდებით, შეგიძლიათ ნახოთ ან იგრძნოთ ის, რასაც ხაზი გაუსვა „იუნივერსალის“ მიმომხილველმა: «„პოსადას“-ი, რომელიც იმ მიზნით იდგმებოდა, რომ ადამიანებისთვის შეეხსენებინათ, თუ როგორ ეძებდნენ იესოს მშობლები თავშესაფარს, სადაც ბავშვი ღმერთის შობა იქნებოდა შესაძლებელი, დღეს მხოლოდ ლოთობის, ექსცესების, ღორმუცელობის, უსაქმურობისა და სულ უფრო და უფრო მეტი დამნაშავეობის დღეებია».
„ნასიმიენტო“-ს შესახებ იდეა კოლონიალიზმის დროს დაიბადა და საწყისი ეკლესიებში დადგმული სცენებიდან აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ყოველივე ეს მიმზიდველია, წარმოდგენილია თუ არა ამ სცენებით ზუსტად ის, რასაც ბიბლია ამბობს? ეს საყურადღებო კითხვაა. როდესაც ეგრეთ წოდებული სამი ბრძენი მამაკაცი, რომლებიც სინამდვილეში ასტროლოგები იყვნენ, ცხოველების სადგომში შევიდნენ იესო და მისი მშობლები იქ აღარ იყვნენ. გავიდა დრო და ისინი საცხოვრებლად სახლში გადავიდნენ. თქვენთვის ძალზე საინტერესო იქნება ამ დეტალის ღვთის შთაგონებით დაწერილ მათეს 2:1, 11-ში წაკითხვა. იმასაც შენიშნავთ, რომ ბიბლია არაფერს ამბობს ასტროლოგების რაოდენობაზე *.
ლათინურ ამერიკაში სანტა კლაუსი მოგვებმა შეცვალეს. დღეს იქაც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მრავალი მშობელი სახლში სადმე გადამალავს ხოლმე სათამაშოებს, შემდეგ კი 6 იანვარს, დილით, ბავშვები, თითქოს მოგვების მოტანილ, სათამაშოებს ეძებენ. გამყიდველებისთვის ეს ფულის გაკეთების დროა და, როგორც მრავალი გულწრფელი ადამიანი ხვდება, ისინი მხოლოდ და მხოლოდ შეთხზული ამბების წყალობით იღებენ დიდძალ შემოსავალს. მოგვების შესახებ მითმა საკმაოდ ბევრის თვალში, მათ შორის პატარა ბავშვების თვალშიც კი, დაკარგა დამაჯერებლობა. თუმცა მრავალს არ მოსწონს, რომ ეს მითი კარგავს მორწმუნეებს, რას შეიძლება ადამიანი მოელოდეს შეთხზული ისტორიიდან, რომელიც მხოლოდ ტრადიციების დასაცავად და ფულის მოსაგებად განაგრძობს არსებობას?
ადრინდელი ქრისტიანები შობას არ ზეიმობდნენ. ერთი ენციკლოპედია ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ამ დღესასწაულს არ აღნიშნავდა პირველი საუკუნის ქრისტიანული ეკლესია, რადგან ქრისტიანები აღნიშნავდნენ მნიშვნელოვანი პიროვნებების სიკვდილს და არა მათ დაბადებას“. ბიბლია დაბადების დღის აღნიშვნას წარმართებთან დაკავშირებით მოიხსენიებს და არა ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებთან (მათე 14:6—10).
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უსარგებლოა, ვიცოდეთ და გვახსოვდეს ღვთის ძის დაბადებასთან დაკავშირებული რეალური მოვლენები. ბიბლიის ჭეშმარიტი ცნობა გვაწვდის მნიშვნელოვან
ინფორმაციას და ასწავლის გაკვეთილს ყველას, ვისაც ღვთის ნების შესრულება სურს.იესოს დაბადება ბიბლიის ცნობის თანახმად
იესოს დაბადების შესახებ სანდო ინფორმაციის პოვნა მათესა და ლუკას სახარებებში შეგიძლიათ. მათში მოთხრობილია, რომ გალილეის ქალაქ ნაზარეთში ანგელოზი გაბრიელი ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს, მარიამს, ესტუმრა. რა აცნობა მან ქალიშვილს? „აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:31—33).
ამ ცნობამ მარიამი ძალიან გააოცა. ის ხომ გათხოვილი არ იყო, ამიტომაც თქვა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა უპასუხა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“. მარიამმა, რომელსაც ესმოდა, რომ ეს ღვთის ნება იყო, თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“ (ლუკა 1:34—38).
ანგელოზმა იოსებსაც ამცნო სასწაულებრივი შობის შესახებ, რათა არ გაყროდა მარიამს, რადგან სწორედ ასე მოქცევას აპირებდა მას შემდეგ, რაც მისი ორსულობის ამბავი შეიტყო. ამის შემდეგ, იოსებმა საკუთარ თავზე აიღო ღვთის ძეზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა (მათე 1:18—25).
მოგვიანებით კეისარ ავგუსტუსის მიერ გამოცემულმა ბრძანებამ იოსები და მარიამი აიძულა გალილეის ნაზარეთიდან იუდას ბეთლემში წასულიყვნენ ჩასაწერად — ქალაქში, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. „მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის“ (ლუკა 2:1—7).
ლუკას 2:8—14 შემდგომ მოვლენებს აღწერს: «იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგაზე მწოლარეს.“ და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი ციდან, აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება!“».
ასტროლოგები
მათე გვამცნობს, რომ მოგვები ანუ ასტროლოგები აღმოსავლეთიდან მივიდნენ იერუსალიმში, რათა ენახათ იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა. მეფე ჰეროდე ძალიან დაინტერესდა ამ საკითხით, მაგრამ მას კარგი არაფერი განუზრახავს. «წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვოთ, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“». მოგვებმა იპოვეს ჩვილი, „გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“. მაგრამ ისინი უკან, ჰეროდესთან არ დაბრუნებულან. მოგვები „სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან“. გარდა ამისა, ღმერთმა იოსები ანგელოზის მეშვეობით გააფრთხილა და ჰეროდეს განზრახვა გაუმხილა. იოსები და მარიამი თავიანთ ბავშვთან ერთად ეგვიპტეში გაიქცნენ. ულმობელმა მეფე ჰეროდემ კი, ახალი მეფის მოკვლის მიზნით ბეთლემსა და მის შემოგარენში ორი წლისა და ამაზე უმცროსი ბიჭების დახოცვა ბრძანა (მათე 2:1—16).
რას გვასწავლის ეს ცნობა?
სტუმრად მოსული მოგვები — რამდენიც უნდა ყოფილიყვნენ ისინი — ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები არ ყოფილან. ერთ-ერთი ბიბლიის თარგმანის სქოლიოში აღნიშნულია: „გრძნეულები მეფეები არ ყოფილან. ისინი მკითხავები და წარმართული რელიგიის მღვდელმსახურები იყვნენ“ (La Nueva Biblia Latinoamérica, 1989). ისინი მხოლოდ ვარსკვლავთმხრიცხველობასთან დაკავშირებული თავიანთი ცოდნის გამო მივიდნენ, ხოლო ვარსკვლავთმრიცხველობა მათთვის ყველაფერი იყო. ღმერთს რომ ყრმასთან მათი მიყვანა ნდომოდა, ის მათ პირდაპირ ჩვილთან მიიყვანდა და თავიდან იერუსალიმში, ჰეროდეს სასახლეში არ წაიყვანდა. შემდეგ ჩაერია ღმერთი და, ბავშვის დასაცავად, მათ გეზი აცვლევინა.
შობის დღესასწაულის აღნიშვნისას ეს ცნობა ხშირად მითურ და რომანტიკულ საბურველშია გახვეული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანს აბუნდოვნებს — ეს ბავშვი იმისათვის დაიბადა, რომ ძლევამოსილი მეფე გამხდარიყო, როგორც ამის შესახებ მარიამსა და მწყემსებს ეუწყათ. არა, იესო ქრისტე ჩვილი აღარ არის; ის არც ბავშვია. ის ახლა ღვთის სამეფოს მეფეა, რომელიც მალე ღვთის მოწინააღმდეგე ყველა მმართველობას მოსპობს და კაცობრიობის ყველა პრობლემას გადაჭრის. ეს არის სამეფო, რომლის მოსვლის შესახებაც ვლოცულობთ „მამაო ჩვენოში“ (ანგელოზების მიერ მწყემსებისთვის გადაცემული ცნობიდან ვიგებთ, რომ ხსნის შესაძლებლობა ეძლევა ყველას, ვინც მზად არის კეთილი ცნობის მოსასმენად. ისინი, ვინც ღვთის კეთილგანწყობას დაიმსახურებენ, ‘კაცთა შორის სათნოები’ (აქ) გახდებიან. არსებობს შესანიშნავი პერსპექტივა იმისა, რომ იესო ქრისტეს სამეფოს ხელმძღვანელობით მთელ დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს, მაგრამ ხალხს უნდა სურდეს ღვთის ნების შესრულება. უწყობს თუ არა ხელს შობის დღესასწაული ადამიანებს ღვთის ნების შესრულებაში და ირეკლავს თუ არა ეს დღესასწაული ამ სურვილს? მრავალი გულწრფელი ადამიანისთვის, ვისაც ბიბლიის თანახმად ცხოვრება სურს, პასუხი დღესავით ნათელია (ლუკა 2:10, 11, 14).
[სქოლიო]
^ აბზ. 13 არ უნდა უგულებელვყოთ ერთი დეტალიც: მექსიკურ „ნასიმიენტოში“-ში ჩვილ იესოს „ბავშვი ღმერთი“ ეწოდება, რაშიც ის აზრია ჩადებული, რომ ის ღმერთი იყო და ბავშვის სახით მოევლინა დედამიწას. მაგრამ ბიბლია იესოს წარმოგვიდგენს ღვთის ძედ, რომელიც დედამიწაზე იშვა; ის არ ყოფილა ღმერთი ანუ იეჰოვას, ყოვლისშემძლე ღმერთის, თანასწორი. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ შემდეგი ბიბლიური მუხლების ხილვა: ლუკა 1:35; იოანე 3:16; 5:37; 14:1, 6, 9, 28; 17:1, 3; 20:17.
[ჩარჩო 4 გვერდზე]
ზოგი შეიძლება გაოცდეს
შობასთან დაკავშირებულ თავის წიგნში ტომ ფლინი მიდის დასკვნამდე, რომელიც შობის ჩვეულებების რამდენიმე წლის განმავლობაში კვლევის შემდეგ გააკეთა:
„უამრავი ტრადიცია, რომლებსაც დღეს შობას უკავშირებენ, წინაქრისტიანული პერიოდის წარმართული რელიგიური ტრადიციებიდან იღებს სათავეს. ზოგ მათგან საფუძვლად უდევს სოციალური, სექსუალური და კოსმოლოგიური კონოტაცია, რომელმაც შეიძლება თანამედროვე განათლებული კულტურული ადამიანები, მისი ფესვების უფრო ნათლად დანახვის შემდეგ, ამ ტრადიციის უკუგდებამდე მიიყვანოს“ (The Trouble With Christmas, გვერდი 19).
ამის დამადასტურებელი მრავალი მასალის მოყვანის შემდეგ ფლინი მთავარ საკითხს უბრუნდება: „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირონია შობის დღესასწაულში ის არის, რომ მას თავისი არსით ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან მცირე რამ თუ აკავშირებს. თუ შობის ჩვეულებებიდან ქრისტიანობამდელ ელემენტებს გამოვრიცხავთ, დარჩენილთაგან უმეტესობა პოსტქრისტიანული ელემენტები იქნება, ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილად ქრისტიანული იყოს, მისგან იღებდეს სათავეს“ (გვერდი 155).
[სურათი 7 გვერდზე]
იესოს შობის შესახებ განაცხადი გვიჩვენებს, თუ რა როლს შეასრულებდა ის მომავალში როგორც ღვთის რჩეული მეფე.