გულმოდგინედ მსახურება განსაცდელების მიუხედავად
ბიოგრაფია
გულმოდგინედ მსახურება განსაცდელების მიუხედავად
მოგვითხრო როდოლფო ლოსანომ
დავიბადე მექსიკაში, 1917 წლის 17 სექტემბერს, დურანგოს შტატის ქალაქ გომეს-პალასიოში. მექსიკის რევოლუციის ქარცეცხლი ბობოქრობდა. თუმცა რევოლუცია 1920 წელს დასრულდა, არეულობა ჩვენს ტერიტორიაზე რამდენიმე წელი გაგრძელდა, რაც ცხოვრებას ძალიან ართულებდა.
ერთხელ, როცა დედამ შეიტყო, რომ აჯანყებულებსა და ჯარს შორის შეტაკება უნდა მომხდარიყო, მე და ჩემი სამი ძმა და ორი და რამდენიმე დღე სახლში დაგვტოვა. საკვები ცოტა გვქონდა; ისიც მახსოვს, როგორ ვიმალებოდით მე და ჩემი უმცროსი და საწოლის ქვეშ. ამის შემდეგ დედამ გადაწყვიტა, შეერთებულ შტატებში წავეყვანეთ, სადაც მოგვიანებით მამაჩემიც ჩამოვიდოდა.
1926 წელს კალიფორნიაში ჩავედით. სულ მალე კი შეერთებულ შტატებსაც შეეხო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ჩვენ იქ გადავდიოდით, სადაც სამუშაოს პოვნა შეგვეძლო — ისეთ ადგილებში, როგორიცაა სან-ხოაკინის ველი, სანტა-კლარა, სალინასი და კინგ-სიტი. ვისწავლეთ მინდორში მუშაობა და ყველანაირი ხილ-ბოსტნეულის მოსავლის აღება. თუმცა სიჭაბუკე მძიმე შრომაში გავატარე, ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო დრო იყო.
ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ჩვენამდე მოაღწია
1928 წლის მარტში, ბიბლიის მკვლევარი (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) გვესტუმრა. ის ხანში შესული, ესპანურად მოლაპარაკე, მამაკაცი იყო, სახელად ესტებან რივერა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბუკლეტის როგორც სათაურმა — „სად არიან მიცვალებულები?“ — ისე შინაარსმა. მიუხედვად იმისა, რომ ახალგაზრდა ვიყავი, ბიბლიის შესწავლა დავიწყე და ბიბლიის მკვლევარებს დავუკავშირდი. დროთა
განმავლობაში დედაჩემი და ჩემი და ავრორაც იეჰოვას გულმოდგინე თაყვანისმცემლები გახდნენ.30-იანი წლების შუა პერიოდში სან-ხოსეში სამეფო დარბაზი აშენდა ინგლისურენოვანი კრებისათვის. რადგან იმ ტერიტორიაზე, ფერმებზე, მრავალი ლათინოამერიკელი მუშაობდა, ჩვენ მათთან ვქადაგებდით და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ვატარებდით. მსახურებაში 80 კილომეტრით დაშორებული სან-ფრანცისკოდან ჩამოსული ესპანელი მოწმეები გვეხმარებოდნენ. დროთა განმავლობაში სან-ხოსეს სამეფო დარბაზში ესპანურენოვან შეხვედრებს დაახლოებით 60 ადამიანი ესწრებოდა.
საბოლოოდ, 1940 წლის 28 თებერვალს, სან-ხოსეში ჩატარებულ კონგრესზე წყალში ნათლობით დავადასტურე, რომ იეჰოვას მივუძღვენი თავი. მომდევნო წელს პიონერად, სრული დროით მქადაგებლად, დავინიშნე. 1943 წლის აპრილში შემომთავაზეს 130 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სტოქტონში გადასვლა ესპანურენოვანი კრების ჩამოსაყალიბებლად. იმ დროისთვის სან-ხოსეს ინგლისურენოვან კრებაში თავმჯდომარე ზედამხედველად ვმსახურობდი და იქაურ ესპანურენოვან მოწმეებზეც ვზრუნავდი. ეს პასუხისმგებლობები სხვებს გადავაბარე და სტოქტონში გადავედი.
უმწიკვლობის გამოცდა
1940 წლიდან ხშირად მიბარებდნენ ჯარში გასაწვევ უბანზე, მაგრამ ჩემს პოზიციას — სამხედრო სამსახურზე უარის თქმას — ყოველთვის პატივს სცემდნენ. მალე, მას შემდეგ, რაც 1941 წლის დეკემბერში შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება, გასაწვევი უბნიდან ზემოქმედება გაძლიერდა. ბოლოს, 1944 წელს დამაპატიმრეს. განაჩენის გამოტანამდე სარდაფში გამომამწყვდიეს ბოროტმოქმედებთან ერთად. როცა გაიგეს, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი, მრავალი მათგანი მეკითხებოდა, თუ როგორ იმოქმედებდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ღმერთთან მათ ურთიერთობაზე.
მოწმეებმა სან-ხოსედან ჩემი თავდებობის თანხა გადაიხადეს, ასე რომ, შემეძლო სასამართლოსთვის განსახილველად გადაცემული საქმიდან გავთავისუფლებულიყავი. ლოს-ანჯელესელმა ადვოკატმა, რომელიც სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებში ბრალდებულებს იცავდა, ანაზღაურების გარეშე მოჰკიდა ხელი ჩემს საქმეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, იმ პირობით გავთავისუფლდებოდი, თუ თავს დავანებებდი პიონერობას, დავიწყებდი მუშაობას და ყოველთვიურად ანგარიშს ჩავაბარებდი ფედერალურ ხელისუფლებას. მე არ დავეთანხმე ამ გადაწყვეტილებას, ასე რომ, ორი წელი მომისაჯეს მაკნილის ციხეში (ვაშინგტონის შტატი). იქ დროს ბიბლიის ინტენსიური შესწავლისთვის ვიყენებდი. გარდა ამისა, ბეჭდვაც ვისწავლე. ორი წელი არც იყო გასული, რომ
კარგი ყოფაქცევისთვის გამათავისუფლეს. მაშინვე დავიწყე მზადება პიონერული მსახურების გასაგრძელებლად.მოღვაწეობის გაფართოება
1947 წლის ზამთარში სხვა პიონერთან ერთად დანიშნულება მივიღე, რათა მექადაგა კოლორადოს (ტეხასი) ესპანურენოვანი მოსახლეობისთვის. მაგრამ იმდენად ციოდა, რომ სან-ანტონიოში წავედით, სადაც უფრო თბილი კლიმატი იყო. იქ კი იმდენი იწვიმა, რომ ჩვენი კარდაკარ მსახურება ჩაიშალა. ფულიც მალე შემოგვეხარჯა. კვირების მანძილზე უმი კომბოსტოს სენდვიჩითა და იონჯის ჩაით გაგვქონდა თავი. ჩემი ამხანაგი შინ დაბრუნდა, მე კი იქ დავრჩი. როდესაც ინგლისურად მოლაპარაკე მოწმეებმა გაიგეს ჩემი სიდუხჭირის ამბავი, დახმარების ხელი გამომიწოდეს.
მომდევნო გაზაფხულს ჩემი დანიშნულების ადგილზე დავბრუნდი კოლორადოში, სადაც, საბოლოოდ, ესპანურენოვანი პატარა კრება ჩამოყალიბდა. შემდეგ გადავინაცვლე სუითუოთერში (ტეხასი), სადაც სხვა ესპანურენოვანი კრების ჩამოყალიბებაში შევიტანე წვლილი. სუითვოთერში ყოფნისას მისიონერული მომზადების გასავლელად „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-15 კლასში მიმიწვიეს. სწავლა 1950 წლის 22 თებერვალს დაიწყო. იმ ზაფხულს ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე გამართულ საერთაშორისო კონგრესზე სკოლის გამოსაშვები საღამოს შემდეგ სამი თვე დავრჩი ბრუკლინში, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში. აქ გავიარე მომზადება, რათა ჩემი დანიშნულება შემესრულებინა მექსიკის ფილიალში.
მუშაობა მექსიკაში
მეხიკოში 1950 წლის 20 ოქტომბერს ჩავედი. ორი კვირის შემდეგ ფილიალის ზედამხედველად დავინიშნე, ამ პასუხისმგებლობას ოთხ-ნახევარი წელიწადი ვასრულებდი. პიონერულ მსახურებაში, ციხეში, გალაადსა და ბრუკლინში მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგა. მექსიკაში ჩასვლისას მალე დავინახე მექსიკელი და-ძმების სულიერობის აღშენების საჭიროება. მათ განსაკუთრებით იმ მხრივ ესაჭიროებოდათ დახმარება, რომ ღვთის სიტყვის მაღალზნეობრივი ნორმების შესაბამისად ეცხოვრათ.
ლათინური ამერიკის ქვეყნებში, მათ შორის მექსიკაში, ჩვეულებრივი რამ იყო კანონიერი ქორწინების გარეშე წყვილის ერთად ცხოვრება. ქრისტიანული სამყარო სხვადასხვა მიმდინარეობა, განსაკუთრებით რომის კათოლიკური ეკლესია, არ ეწინააღმდეგებოდა ამ არაბიბლიური ჩვეულების გავრცელებას (ებრაელთა 13:4). ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერად არ იყვნენ დაქორწინებული, ზოგიერთი იეჰოვას მოწმეთა კრების წევრი გახდა. ახლა ორგანიზება გაეწია იმას, რომ ასეთებს ექვსი თვის მანძილზე მოეგვარებინათ ქორწინების რეგისტრაციის საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღარ ჩაითვლებოდნენ იეჰოვას მოწმეებად.
ბევრისთვის ადვილი იყო სიტუაციის გამოსწორება. მათ მხოლოდ თავიანთი ურთიერთობების კანონიერად გაფორმება ესაჭიროებოდათ. ზოგი უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგალითად, ზოგი, ყოველგვარი კანონიერი განქორწინების გარეშე, მეორედ ან მესამედაც კი იყო დაქორწინებული. იეჰოვას ხალხის ქორწინების საკითხის ღვთის სიტყვის თანახმად საბოლოოდ მოგვარების შემდეგ კრებებმა შესანიშნავი სულიერი კურთხევები მიიღო (1 კორინთელთა 6:9—11).
იმ დროს მექსიკაში განათლების დონე დაბალი იყო. 1950 წელს ჩემს ჩამოსვლამდე ფილიალმა ორგანიზება გაუწია კრებებში წერა-კითხვის სწავლებას. ახლა ჩამოყალიბებული კლასების რეორგანიზება მოხდა და ვიზრუნეთ იმაზე, რომ ისინი ოფიციალურად ყოფილიყო რეგისტრირებული მთავრობის მიერ. 1946 წლიდან მოყოლებული, როდესაც კლასში დამსწრეთა აღრიცხვა დაიწყეს, იეჰოვას მოწმეების მიერ ჩატარებული გაკვეთილების წყალობით მექსიკაში 143 000-ზე მეტმა ადამიანმა წერა-კითხვა ისწავლა!
მექსიკაში რელიგიასთან დაკავშირებული კანონები ძალიან შემზღუდველი იყო. მაგრამ ბოლო წლებში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 1992 წელს რელიგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღეს. ამგვარად, 1993 წელს იეჰოვას მოწმეთა საზოგადოება მექსიკაში რეგისტრაციაში გატარდა როგორც რელიგიური ორგანიზაცია.
ამ ცვლილებებმა დიდად გამახარა, ადრე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მრავალი წლის
განმავლობაში სამთავრობო დაწესებულებების ხშირი სტუმარი ვიყავი და მათი მხრიდან უნდობლობას ვაწყდებოდი. როგორც უნდა იყოს, სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ მოაგვარა ეს საკითხები ჩვენი ფილიალის იურიდიულმა განყოფილებამ, ისე რომ, ახლა სამქადაგებლო საქმიანობაში შედარებით ნაკლები დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს.მისიონერ მეუღლესთან ერთად მსახურება
მექსიკაში ჩასულს „გალაადის“ სკოლის მრავალი ადრინდელი კურსდამთავრებული დამხვდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ესთერ ვართანიანი, სომეხი მოწმე, რომელმაც 1942 წელს დაიწყო პიონერული მსახურება ვალეჯოში (კალიფორნია). ჩვენ 1955 წლის 30 ივლისს დავქორწინდით და მას შემდეგ მსახურება ჩვენი დანიშნულების მიხედვით მექსიკაში განვაგრძეთ. ესთერი მისიონერად მსახურობდა მეხიკოში. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით ფილიალში, სადაც მე განვაგრძობდი მსახურებას.
1947 წელს ესთერი პირველი მისიონერული დანიშნულების ადგილზე, მონტერეიში (ნუევო-ლეონი, მექსიკა), ჩავიდა. მონტერეიში 40 მოწმისგან შემდგარი მხოლოდ ერთი კრება იყო, მაგრამ 1950 წლისთვის, როცა ის მეხიკოს გაემგზავრა, იქ უკვე ოთხი კრება დატოვა. მეხიკოს მახლობლად მდებარე ჩვენს ფილიალში იმ ოჯახების ორი ახალგაზრდა ნათესავი მსახურობს, რომელთაც ესთერი ბიბლიას ასწავლიდა მონტერეიში მსახურების დროს.
1950 წელს მისიონერთა სამქადაგებლო ტერიტორიაში მეხიკოს უმეტესი ნაწილი შედიოდა. თავიანთი დანიშნულების ადგილზე მისიონერები ფეხით მიდიოდნენ ან ხალხით სავსე ავტობუსებით მგზავრობდნენ. 1950 წელს, ჩემი ჩამოსვლის დროს, ქალაქში შვიდი კრება იყო. დღეისათვის კი მეხიკოში კრებების რიცხვი დაახლოებით 1 600-მდე გაიზარდა, რომლებშიც სამეფოს 90 000-ზე მეტი მაუწყებელია და იქ შარშან 250 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს! წლების განმავლობაში მე და ესთერს ამ კრებებიდან
მრავალ მათგანში მსახურების უპირატესობა გვქონდა.როცა მე და ესთერი ბიბლიის შესწავლას ვიწყებთ, ყოველთვის ვცდილობთ, ოჯახის უფროსი დავაინტერესოთ, რათა მთელი ოჯახი ჩაებას შესწავლაში. ამგვარად, მრავალი დიდი ოჯახი გახდა იეჰოვას მსახური. ჩემი აზრით, მექსიკაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მთელი ოჯახი უერთდება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას.
იეჰოვამ აკურთხა საქმიანობა
1950 წლიდან მექსიკაში სამეფოს საქმის წინსვლა ცხადყო როგორც რაოდენობრივმა ზრდამ, ისე ორგანიზაციულმა ცვლილებებმა. ძალიან მსიამოვნებს, რომ მეც მცირეოდენი წვლილი შევიტანე ამ ზრდაში და ასეთ სტუმართმოყვარე და მხიარულ ხალხთან ვმსახურობდი.
რამდენიმე წლის წინათ, შვებულების დროს, გვეწვივნენ კარლ კლაინი, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად მსახურობს, და მისი მეუღლე, მარგარეტი. ძმა კლაინს სურდა, კარგად გასცნობოდა საქმიანობას მექსიკაში, ამიტომ ის და მარგარეტი მეხიკოს მახლობლად, სან-ხუან თესონთლას კრებაში მოვიდნენ, რომელშიც მე და ჩემი მეუღლე იმ ხანებში ვმსახურობდით. დარბაზი პატარა იყო, დაახლოებით 4,5 მეტრი სიგანისა და 5,5 მეტრი სიგრძის. როცა მივედით, იქ უკვე დაახლოებით 70 ადამიანს მოეყარა თავი და დასადგომი ადგილიც თითქმის აღარ იყო. ასაკოვნები საზურგიან სკამებზე ისხდნენ, ახალგაზრდები გრძელ სკამებზე, ბავშვები კი — აგურებზე ან იატაკზე.
ძმა კლაინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ყველა ბავშვს მზად ჰქონდა ბიბლია და ბიბლიურ მუხლებს გამომსვლელთან ერთად ადევნებდნენ თვალს. საჯარო მოხსენების შემდეგ ძმა კლაინმა ისაუბრა მათეს 13:1—23-ზე და თქვა, რომ მექსიკაში მართლაც უხვად იყო იესოს მიერ მოხსენიებული „პოხიერი მიწა“. იმ დღეს დამსწრე ბავშვთაგან შვიდი ამჟამად მეხიკოსთან ახლოს ჩვენი ფილიალის შენობების გაფართოების დიდ პროექტზე მუშაობს. ერთი ბეთელში მსახურობს, სხვა რამდენიმე კი პიონერია!
როცა მეხიკოში ჩამოვედი, ჩვენს ფილიალში მხოლოდ 11 წევრი იყო. ახლა კი აქ 1 350-მდე ადამიანი მუშაობს, აქედან დაახლოებით 250 — ფილიალის ახალი შენობების მშენებლობაზე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა 2002 წელს, ჩვენ შეგვეძლება 1 200 ადამიანით მეტი მოვათავსოთ ჩვენს გაფართოებულ კომპლექსში. ვიხსენებ, რომ 1950 წელს სამეფოს 7 000-ზე ნაკლები მაუწყებელი იყო მთელ ქვეყანაში, ახლა კი 500 000-ზე მეტი მაუწყებელია! გული სიხარულით მევსება, როდესაც ვუყურებ, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ იმ თავმდაბალი მექსიკელი ძმების მცდელობა, რომლებიც ასე მონდომებით ირჯებოდნენ მის განსადიდებლად.
დიდი სირთულის პირისპირ
ამ ბოლო დროს ავადმყოფობა დიდ პრობლემად მექცა. საერთოდ, მე ჯანმრთელი ვიყავი. მაგრამ 1988 წლის ნოემბერში ინსულტი დამემართა, რამაც დიდად იმოქმედა ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებზე. იეჰოვას წყალობით, ვარჯიშისა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, გარკვეულწილად გამოვჯანმრთელდი, მაგრამ სხეული ჩემი სურვილისამებრ არ მემორჩილება. კვლავ განვაგრძობ მკურნალობას და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ვარ, რათა შემორჩენილ ძლიერ თავის ტკივილსა და დაავადების სხვა შედეგებს გავუმკლავდე.
თუმცა უკვე აღარ შემიძლია იმდენის კეთება, რამდენიც მსურს, კმაყოფილებას განვიცდი იმით, რომ მრავალს დავეხმარე, გაეგოთ იეჰოვას განზრახვები და მისი მიძღვნილი მსახურები გამხდარიყვნენ. აგრეთვე მსიამოვნებს, შეძლებისდაგვარად, მრავალ ქრისტიან და-ძმასთან საუბარი, როცა ისინი ჩვენს ფილიალს ეწვევიან ხოლმე. ამ დროს მეც ვმხნევდები და ისინიც.
იმის ცოდნა, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს მსახურებას და ის, რომ, რასაც ვაკეთებთ ფუჭი არ არის, დიდად მაძლიერებს (1 კორინთელთა 15:58). ჩემი შეზღუდვებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, გულს მიხალისებს კოლასელთა 3:23, 24-ში (სსგ) ჩაწერილი სიტყვები: „ყველაფერს, რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ, როგორც უფლისთვის, და არა როგორც კაცთათვის. იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ სამკვიდროს“. განსაცდელების მიუხედავად, ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით ვისწავლე იეჰოვასთვის მთელი გულით მსახურება.
[სურათი 24 გვერდზე]
1942 წელს, როცა პიონერად ვმსახურობდი.
[სურათი 24 გვერდზე]
ჩემმა ცოლმა მისიონერული მსახურება მექსიკაში დაიწყო 1947 წელს.
[სურათი 24 გვერდზე]
მე და ესთერი დღეს.
[სურათები 26 გვერდზე]
ზემოთ მარცხნივ: მექსიკის ბეთელის ოჯახი 1952 წელს; მე წინ ვზივარ.
ზემოთ: 109 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო მეხიკოს ამ სტადიონზე გამართულ 1999 წლის საოლქო კონგრესს.
ქვემოთ მარცხნივ: ჩვენი ფილიალის ახალი შენობების მშენებლობა დასრულების პირასაა.