არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ირბინეთ ასე’

‘ირბინეთ ასე’

‘ირბინეთ ასე’

წარმოიდგინეთ საკუთარი თავი აღელვებული ხალხით გადაჭედილ სტადიონზე. სპორტსმენები მწყობრად გამოდიან მოედანზე. ხალხი თავისი გმირების გამოჩენისას ხმამაღლა გაჰყვირის. თამაშის წესების დასაცავად მომზადებული მსაჯები იქვე დგანან. შეჯიბრის დროს მოვლენების განვითარებისას გამარჯვების შეძახილები და გულგატეხილობით გამოწვეული ყვირილი ერთმანეთში ირევა. გამარჯვებულებს გამაყრუებელი ტაშით ხვდებიან!

თქვენ თანამედროვე სპორტულ შეჯიბრებას კი არ ესწრებით, არამედ ისთმოსში (დღევანდელი კორინთის ყელი) დაახლოებით 2 000 წლის წინათ გამართულ ასპარეზობას. იქ ძვ. წ. VI საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა სახელგანთქმული ისთმოსის თამაშობები. რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საბერძნეთის ყურადღება ამ ასპარეზობისკენ იყო მიპყრობილი. მარტივ სპორტულ შეჯიბრებებთან შედარებით ეს თამაშობები უფრო რთული იყო. სპორტსმენები საბრძოლო მზადყოფნის სიმბოლოს წარმოადგენდნენ. გამარჯვებულებს, რომლებსაც გმირებად რაცხდნენ, ხის ფოთლებისგან გაკეთებულ გვირგვინებს აძლევდნენ. ისინი საჩუქრებით ჯილდოვდებოდნენ და ქალაქის გამგებლობის მიერ სიცოცხლის ბოლომდე დიდ მატერიალურ გასამრჯელოს იღებდნენ.

მოციქულმა პავლემ იცოდა, რომ კორინთის მახლობლად ისთმოსის თამაშობები იმართებოდა. ამიტომაც ქრისტიანული ცხოვრების გზა სპორტულ შეჯიბრებას შეადარა. მორბენლების, მოჭიდავეებისა და მოკრივეების მაგალითის მოყვანით პავლემ თვალსაჩინოდ აღწერა კარგი წვრთნის, მიზანმიმართული ძალისხმევისა და მოთმინების საზღაური. რასაკვირველია, იმ ქრისტიანებმაც იცოდნენ ამ თამაშობების შესახებ, რომლებსაც მან მისწერა. ზოგი, უეჭველად, ნამყოფი იქნებოდა სტადიონზე თავმოყრილ ადამიანებს შორის, რომლებიც შეძახილებით აყრუებდნენ იქაურობას. ამიტომ მათთვის ადვილი გასაგები უნდა ყოფილიყო პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითები. რა შეიძლება ითქვას ჩვენ შესახებ? ჩვენც ვმონაწილეობთ შეჯიბრებაში — მარადიული სიცოცხლისთვის რბოლაში. როგორ შეგვიძლია სარგებლობის მიღება იქიდან, რაც პავლემ ამ თამაშობებთან დაკავშირებით აღნიშნა?

‘კანონიერად ბრძოლა’

უძველეს თამაშობებში მონაწილეობის მისაღებად მკაცრი მოთხოვნები იყო დადგენილი. მაცნეს მაყურებლებისთვის უნდა წარედგინა თითოეული სპორტსმენი და ხმამაღლა ეთქვა: „არის დამსწრეთა შორის ისეთი ვინმე, რომელსაც შეუძლია ბრალი დასდოს ამ მამაკაცს რაიმე დანაშაულში? თავისი ცხოვრების წესითა და საქციელით ხომ არ ნათელყოფს, რომ გარყვნილი, ქურდი ან უპატიოსნო ადამიანია?“ ერთი პუბლიკაციის თანახმად, „არც ერთ ადამიანს, რომელიც თავისი ბოროტმოქმედებით ან რამე ამდაგვარით იყო ცნობილი, არ ჰქონდა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება“ (Archaeologia Graeca). ამავე დროს, თამაშის წესების დამრღვევი მკაცრად ისჯებოდა იმით, რომ არ ეძლეოდა შეჯიბრებაში მონაწილეობის ნებართვა.

ეს ფაქტი გვეხმარება, ჩავსწვდეთ პავლეს ნათქვამს: «ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ [„თუ კანონიერად არ“, აქ] იბრძოლებს» (2 ტიმოთე 2:5). მსგავსად ამისა, სიცოცხლისთვის რბოლაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენც უნდა შევესაბამებოდეთ იეჰოვას მოთხოვნებს და ვიცავდეთ ბიბლიაში მოცემულ მის მაღალ მორალურ ნორმებს. საღვთო წერილში ჩვენს საყურადღებოდ შემდეგი გაფრთხილებაა მოცემული: „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბადება 8:21). ამიტომ, მას შემდეგაც კი, როცა რბოლას დავიწყებთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობის დროს არ გადავუხვიოთ დადგენილ წესებს, რათა იეჰოვასთვის მოსაწონი ვიყოთ და მოვიპოვოთ მარადიული სიცოცხლე.

ამგვარად მოქმედებაში უდიდეს დახმარებას ღვთისადმი სიყვარული გაგვიწევს (მარკოზი 12:29—31). ასეთი სიყვარული აღგვძრავს, სიამოვნება მივანიჭოთ იეჰოვას და მისი ნების შესაბამისად ვიმოქმედოთ (1 იოანე 5:3).

„ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი“

უძველესი თამაშობების დროს მორბენლებს არ ამძიმებდათ ტანსაცმელი ან აღჭურვილობა. „სირბილში შეჯიბრების დროს. . . მორბენლები სრულიად შიშვლები გამოდიოდნენ“, — ნათქვამია წიგნში „რომაელებისა და ბერძნების ცხოვრება“. ჩაუცმელი სპორტსმენები უფრო მარჯვენი, მოქნილნი იყვნენ და ადვილად შეეძლოთ მოძრაობა. ზედმეტი წონის უქონლობის გამო ისინი ფუჭად არ ხარჯავდნენ თავიანთ ენერგიას. პავლეს, როგორც ჩანს, ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი. . . და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“ (ებრაელთა 12:1).

როგორმა ტვირთმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი სიცოცხლისთვის რბოლაში? ეს შეიძლება იყოს ზედმეტი ქონების შეძენის ან ფუფუნებით ცხოვრების სურვილი. ზოგი შეიძლება სიმდიდრეს მიიჩნევდეს უსაფრთხოების ან ბედნიერების წყაროდ. ასეთმა ჭარბმა „წონამ“ შეიძლება მორბენალი იმდენად შეანელოს, რომ საბოლოოდ ინტერესი დააკარგვინოს ღვთის მიმართ (ლუკა 12:16—21). მარადიული სიცოცხლე მას შეიძლება შორეულ მომავლად ესახებოდეს. „ახალი ქვეყნიერება როდისმე დადგება, — შეიძლება ამგვარად ფიქრობდეს ის. — მაგრამ ამასობაში იმითაც უნდა ვისარგებლოთ, რასაც ეს წუთისოფელი გვთავაზობს“ (1 ტიმოთე 6:17—19). ასეთმა მატერიალისტურმა თვალსაზრისმა ადვილად შეიძლება გადაახვევინოს ვინმეს სიცოცხლისთვის რბოლის გზიდან ან ხელი შეუშალოს ამ რბოლის დაწყებაშიც კი.

მთაზე ქადაგებისას იესომ განაცხადა: „არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“. მას შემდეგ, რაც იესომ მსმენელებს მოუთხრო, როგორ ზრუნავს იეჰოვა ცხოველთა საჭიროებებზე და როგორ მოსავს მცენარეებს და აღნიშნა, რომ მათთან შედარებით ადამიანები გაცილებით ძვირფასნი არიან, ურჩია მათ: „ამრიგად, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:24—33).

„მოთმინებით გავირბინოთ“

ძველად სირბილში ყველა შეჯიბრება არ იმართებოდა მოკლე დისტანციაზე. ერთი შეჯიბრების დროს, რომელსაც დოლიჰოსი ეწოდებოდა, მორბენალს 4 კილომეტრი უნდა გაერბინა. ეს ძალებსა და გამძლეობას მოითხოვდა. ძვ. წ. 328 წელს სპორტსმენმა, სახელად აგეასმა, ამ შეჯიბრებაში გამარჯვების მოპოვების შემდეგ ტრადიციისამებრ თავისი მშობლიური ქალაქისკენ, არგოსკენ, აიღო გეზი და იქამდე ფეხით გაირბინა, რათა ყველასთვის ეცნობებინა თავისი გამარჯვების შესახებ. იმ დღეს მან დაახლოებით 110 კილომეტრი გაირბინა.

ქრისტიანული რბოლის დროსაც დიდი მანძილია გადასალახავი, რითაც ჩვენი გამძლეობა იცდება. იეჰოვასთვის რომ მოსაწონი გავხდეთ და ჯილდოდ მარადიული სიცოცხლე მივიღოთ, ამ რბოლის დროს ბოლომდე მოთმინების გამოვლენაა საჭირო. პავლემ ამნაირადვე გაირბინა სარბიელი. თავისი სიცოცხლის ბოლოს მას შეეძლო ეთქვა: „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი“ (2 ტიმოთე 4:7, 8). პავლეს მსგავსად, ჩვენც უნდა ‘განვლოთ ასპარეზი’. თუ ჩვენი გამძლეობა სუსტდება და ეს მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ უფრო დიდი მანძილი გვაქვს გასარბენი, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა, ვერ მოვიპოვებთ ჯილდოს (ებრაელთა 11:6). რამხელა ტრაგედია იქნებოდა ეს, თუ ძალიან ახლოს ვიქნებოდით ფინიშის ხაზთან!

ჯილდო

ძველ საბერძნეთში სპორტული შეჯიბრებების დროს გამარჯვებულებს გვირგვინებით ამკობდნენ, რომელიც, ჩვეულებრივ, ხის ფოთლებისგან გაკეთებული და ყვავილებით მორთული იყო. პითიური თამაშობების დროს მათ დაფნის გვირგვინს აძლევდნენ. ოლიმპიური თამაშების დროს ისინი გარეული ზეთისხილის ფოთლებისგან გაკეთებული გვირგვინებით ჯილდოვდებოდნენ, მაშინ როდესაც ისთმოსის თამაშობების დროს ფიჭვისგან დამზადებულ გვირგვინებს აძლევდნენ. „შეჯიბრებაში მონაწილეებისთვის სტიმულის მისაცემად, — შენიშნავს ერთი ბიბლეისტი, — ასპარეზობის დროს სტადიონზე მათთვის შესამჩნევ ადგილზე, მაგალითად მაგიდაზე, გვირგვინებს, გამარჯვებულებისთვის განკუთვნილ ჯილდოებსა და პალმის რტოებს აწყობდნენ“. გამარჯვებულისთვის დიდი პატივი იყო გვირგვინის ტარება. შინ დაბრუნებისას ის ქალაქში ტრიუმფალური სვლით დადიოდა ეტლით.

პავლეს ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა კორინთელ მკითხველებს ჰკითხა: „განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ. . . ისინი ხრწნადი გვირგვინის მისაღებად [იღვწიან], ჩვენ კი უხრწნადისა“ (1 კორინთელთა 9:24, 25; 1 პეტრე 1:3, 4). რამხელა სხვაობაა! ძველი თამაშობების დროს მიღებული ხრწნადი გვირგინისგან განსხვავებით, ჯილდო, რომელიც მოელით მათ, ვინც ბოლომდე გაირბენს სიცოცხლის სარბიელს, არასდროს გაიხრწნება.

ამ გაცილებით მშვენიერი გვირგვინის თაობაზე მოციქულმა პავლემ დაწერა: „როდესაც მწყემსმთავარი გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს“ (1 პეტრე 5:4). შეიძლებოდა წუთისოფლის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი ჯილდო შეგვედარებინა უკვდავებასთან — ქრისტესთან ერთად ზეციურ დიდებაში უხრწნელი სიცოცხლის ჯილდოს მიღებასთან?

დღეს ქრისტიანი მორბენლების დიდი უმრავლესობა არ არის ღვთის მიერ ცხებული იმისათვის, რომ ზეცაში მისი სულიერი ძეები იყვნენ და მათ არც ზეციური იმედი გააჩნიათ. ისინი უკვდავების ჯილდოს მისაღებად არ გარბიან. მაგრამ ღმერთი მათთვისაც ამზადებს შეუდარებელ ჯილდოს. ეს არის სრულყოფილი მარადიული სიცოცხლე ზეციერი სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე სამოთხეში. ქრისტიანმა მორბენალმა, რომელი ჯილდოს მისაღებადაც უნდა ისწრაფვოდეს, რომელიმე სპორტული შეჯიბრების მონაწილეზე უფრო შეუპოვრად და ენერგიულად უნდა ირბინოს. რატომ? იმიტომ რომ ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს, არასდროს გაიხრწნება: „აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა“ (1 იოანე 2:25).

როდესაც ქრისტიანი მორბენლისთვის ასეთი შეუდარებელი ჯილდოა გამზადებული, როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს მას წუთისოფლისეულ საცდურებზე? — ისეთივე, როგორიც პავლეს ჰქონდა, რომელმაც თქვა: „ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გულისთვის, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ“. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხვდებით, რამდენად ენერგიულად გარბოდა პავლე ამ სარბიელზე! «ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ [„ჯილდოს მისაღებად“, აქ]» (ფილიპელთა 3:8, 13, 14). პავლე ამ ჯილდოს მოპოვებისკენ ილტვოდა. იგივე გვმართებს ჩვენც.

საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის

უძველესი შეჯიბრებების დროს გამარჯვებულები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. პოეტები მათ შესახებ წერდნენ, მოქანდაკეები კი აქანდაკებდნენ. ისტორიკოსი ვერა ოლივოვა ამბობს, რომ ისინი „დიდების შარავანდედით იმოსებოდნენ და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ“. ისინი აგრეთვე სამაგალითონი იყვნენ ახალი თაობის გამარჯვებულთათვის.

ვინ არის ის „გამარჯვებული“, რომელიც საუკეთესო მაგალითს აძლევს ქრისტიანებს? პავლე გვპასუხობს: „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს — იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [„სიხარულისთვის“, აქ] დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელთა 12:1, 2). დიახ, მარადიული სიცოცხლისთვის რბოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩვენი მისაბაძი პიროვნებისკენ, იესო ქრისტესკენ, უნდა მივმართოთ მზერა. ამის გაკეთება შეგვიძლია სახარებებში ჩაწერილი ცნობების რეგულარულად წაკითხვითა და იესოს ისეთ მოქმედებებზე დაფიქრებით, რომლებშიც შეგვიძლია მივბაძოთ მას. ასეთი შესწავლა დაგვეხმარება, გავათვითცნობიეროთ და დავაფასოთ ის, რომ იესო ქრისტე ღვთის მორჩილი იყო და მისი რწმენა მოთმინებით გამოიცადა. მოთმინებისთვის მან ჯილდოდ ბევრ შესანიშნავ უპირატესობასთან ერთად იეჰოვა ღმერთის მოწონება დაიმსახურა (ფილიპელთა 2:9—11).

რასაკვირველია, იესო ყველაზე მეტად თავისი სიყვარულით გამოირჩეოდა. „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 15:13). მან უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა სიტყვა „სიყვარულს“, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენი მტრებიც კი უნდა გვიყვარდეს (მათე 5:43—48). რადგან იესოს უყვარდა თავისი ზეციერი მამა, ის სიხარულით ასრულებდა მის ნებას (ფსალმუნი 39:10, 11; იგავნი 27:11). თუ ყურადღებას მივაპყრობთ იესოს, როგორც ჩვენთვის მისაბაძ პიროვნებას, რომელიც ჩვენი წინამძღოლია სიცოცხლისთვის ენერგიულ რბოლაში, ეს ჩვენც აღგვძრავს იმისკენ, რომ გვიყვარდეს ღმერთი და ჩვენი მოყვასი და ნამდვილი სიხარული ვპოვოთ ჩვენს წმინდა მსახურებაში (მათე 22:37—39; იოანე 13:34; 1 პეტრე 2:21). გვახსოვდეს, რომ იესო შეუძლებელს არ გვთხოვს. ის გვარწმუნებს: „მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30).

იესოს მსგავსად, ჩვენც იმ ჯილდოსკენ უნდა მივმართოთ მზერა, რომელსაც ბოლომდე მომთმენი ყველა ადამიანი მოიპოვებს (მათე 24:13). თუ დადგენილი წესების თანახმად ვიბრძოლებთ, ჩამოვიშორებთ ყოველგვარ ტვირთს და მოთმინებით ვირბენთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ გამარჯვებაში. თუ ყოველთვის გვემახსოვრება ჩვენ მიერ დასახული მიზანი — ეს ჩვენს წინსვლას შეუწყობს ხელს და ჩვენს ძალებს განაახლებს, რადგან ჯილდოს მოლოდინი სიხარულით გვავსებს! სიხარული კი, თავის მხრივ, გვიადვილებს ჩვენ წინ მდებარე სარბიელის გარბენას.

[სურათი 29 გვერდზე]

ქრისტიანული რბოლის დროს დიდი დისტანციაა გასარბენი — ეს კი გამძლეობას მოითხოვს.

[სურათი 30 გვერდზე]

გვირგვინებით დაჯილდოებული სპორტსმენებისგან განსხვავებით, ქრისტიანები უხრწნელი ჯილდოს მიღებას მოელიან.

[სურათი 31 გვერდზე]

ჯილდოს ბოლომდე მომთმენი ყველა ადამიანი მოიპოვებს.

[საავტორო უფლება 28 გვერდზე]

Copyright British Museum