იყავით სიყვარულით აღშენებულნი
იყავით სიყვარულით აღშენებულნი
„შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37).
1. ა) რა თვისებებს ავითარებენ ქრისტიანები? ბ) რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისება და რატომ?
ქრისტიანი ბევრ თვისებას ავითარებს იმისთვის, რომ კარგი მსახური იყოს. წიგნი „იგავნი სოლომონისა“ ხაზგასმით აღნიშნავს ცოდნის, ჭკუისა და სიბრძნის მნიშვნელობას (იგავნი 2:1—10). მოციქული პავლე მტკიცე რწმენისა და იმედის აუცილებლობაზე მსჯელობდა (რომაელთა 1:16, 17; კოლასელთა 1:5; ებრაელთა 10:39). მოთმინება და თავშეკავებაც მნიშვნელოვანია (საქმეები 24:25; ებრაელთა 10:36). მაგრამ არსებობს ერთი ისეთი თვისება, რომლის არქონა უმნიშვნელოს ხდის და აუფასურებს კიდეც ყველა დანარჩენ თვისებას. ეს თვისება სიყვარულია (1 კორინთელთა 13:1—3, 13).
2. როგორ დაგვანახვა იესომ სიყვარულის მნიშვნელოვნება და რა კითხვებს ბადებს ეს?
2 იესომ სიყვარულის მნიშვნელოვნება დაგვანახვა, როდესაც თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). რადგან სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანის სხვებისგან განმასხვავებელი ნიშანია, უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: რა არის სიყვარული? რატომ არის მნიშვნელოვანი იესოს ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ სიყვარული მისი მოწაფეების უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია? როგორ შეგვიძლია სიყვარულის განვითარება? ვინ უნდა გვიყვარდეს? მოდი განვიხილოთ ეს საკითხები.
რა არის სიყვარული?
3. როგორ შეიძლება აღვწეროთ სიყვარული და რატომ მოიცავს ის გონებასაც და გულსაც?
3 ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, სიყვარული არის „ვისიმე, რისიმე მიმართ ერთგულების, თავდადების, კეთილგანწყობილების გრძნობა“. ეს არის თვისება, რომელიც აღძრავს ადამიანებს, სხვას სიკეთე გაუკეთონ, ზოგჯერ უდიდესი პირადი მსხვერპლის ფასადაც კი. როგორც ბიბლიაშია აღწერილი, სიყვარული გონებასაც მოიცავს და გულსაც. გონება მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან პიროვნებას, ვისაც გონებით უყვარს, შეგნებული აქვს, რომ ყველას — თვითონ მასაც და სხვებსაც, ვინც მას უყვარს — როგორც სისუსტეები, ისე მიმზიდველი თვისებები აქვს. გონება კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს, რადგან არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანს იმიტომ უყვარს — ზოგჯერ, შესაძლებელია, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდაც — რომ, ბიბლიის თანახმად, ამას მისგან ღმერთი მოითხოვს (მათე 5:44; 1 კორინთელთა 16:14). მიუხედავად ამისა, სიყვარული ძირითადად მაინც გულიდან იღებს სათავეს. ბიბლიაში მოხსენიებული ნამდვილი სიყვარული არასდროს მომდინარეობს მხოლოდ გონებიდან. მას თან სდევს გულწრფელობა და ვალდებულების გრძნობა (1 პეტრე 1:22).
4. რა მხრივ არის სიყვარული ძლიერი კავშირი?
4 ეგოისტ ადამიანებს იშვიათად შეუძლიათ ნამდვილი სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდეთ სხვებთან, რადგან ადამიანი, რომელსაც უყვარს, მზად არის, სხვისი ინტერესები თავის ინტერესებზე წინ დააყენოს (ფილიპელთა 2:2—4). იესოს სიტყვები — „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ — განსაკუთრებით მაშინ მართლდება, როდესაც გაცემა სიყვარულით ხდება (საქმეები 20:35). სიყვარული მტკიცე კავშირია (კოლასელთა 3:14). ასეთი კავშირი ხშირად მეგობრობასაც ახასიათებს, მაგრამ სიყვარულის კავშირები მეგობრულ კავშირებზე უფრო ძლიერია. ცოლ-ქმარს შორის რომანტიკულ ურთიერთობასაც სიყვარულს უწოდებენ; მაგრამ სიყვარული, რომლის განსავითარებლადაც ბიბლია მოგვიწოდებს, ფიზიკურ მიმზიდველობაზე მტკიცე და მდგრადია. თუ ცოლ-ქმარს ნამდვილად უყვარს ერთმანეთი, ისინი არ შორდებიან ერთმანეთს მაშინაც კი, როდესაც ფიზიკური სიახლოვე აღარა აქვთ ხანდაზმულობის ან ერთ-ერთი მათგანის უძლურების გამო.
სიყვარული — უმნიშვნელოვანესი თვისება
5. რატომ არის ქრისტიანისთვის სიყვარული არსებითად მნიშვნელოვანი თვისება?
5 რატომ არის სიყვარული ქრისტიანისთვის არსებითად მნიშვნელოვანი თვისება? პირველი: იესომ თავის მიმდევრებს მცნებად დაუდო ურთიერთსიყვარული. მან თქვა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 15:14, 17). მეორე: იეჰოვა არის სიყვარულის განსახიერება და უნდა მივბაძოთ მას, როგორც მისმა თაყვანისმცემლებმა (ეფესელთა 5:1; 1 იოანე 4:16). ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვასა და იესოს შესახებ შემეცნების შეძენა მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს. როგორ ვიტყვით, რომ ვიცნობთ ღმერთს, თუ არ ვცდილობთ, მას მივბაძოთ? მოციქული იოანე მსჯელობდა: „ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
6. როგორ შეუძლია სიყვარულს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაწონასწორება?
6 სიყვარული მესამე მიზეზითაც მნიშვნელოვანია: ის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაწონასწორებაში და გვეხმარება, ყველაფერი კარგი აღძვრებიდან გამომდინარე გავაკეთოთ. მაგალითად, აუცილებელია ღვთის სიტყვიდან განუწყვეტლივ შემეცნების მიღება. ქრისტიანისთვის ასეთი შემეცნება საკვებივითაა, რომელიც ეხმარება მოწიფულ ქრისტიანად გახდომასა და ღვთის ნებასთან შეთანხმებულად მოქცევაში (ფსალმუნი 118:105; მათე 4:4; 2 ტიმოთე 3:15, 16). მაგრამ პავლე გვაფრთხილებს, „ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს“ (1 კორინთელთა 8:1). არა, ზუსტ შემეცნებაში ცუდი არაფერია. პრობლემა ჩვენშია — ჩვენ ცოდვილი მიდრეკილებები გვაქვს (დაბადება 8:21). თუ ადამიანის პიროვნებას სიყვარული არ აწონასწორებს, ცოდნა გააამპარტავნებს; აფიქრებინებს, რომ სხვებზე უკეთესია. ეს არ მოხდება, თუ ის ძირითადად სიყვარულით არის აღძრული. „სიყვარული. . . არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს“ (1 კორინთელთა 13:4). ქრისტიანი, რომელსაც სიყვარული ამოძრავებს, არ ამაყდება დიდი ცოდნის შეძენის შემთხვევაშიც კი. სიყვარული მას თავმდაბლობას შეუნარჩუნებს და არ მოისურვებს სახელის მოხვეჭას (ფსალმუნი 137:6; იაკობი 4:6).
7, 8. როგორ გვეხმარება სიყვარული, რომ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ?
7 პავლემ ფილიპელებს მისწერა: «ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შემეცნებასა და შეგრძნებაში, რათა გამოსცადოთ უმჯობესი [„დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“, აქ]» (ფილიპელთა 1:9, 10). ქრისტიანული სიყვარული დაგვეხმარება ამ წახალისების თანახმად მოქცევაში, რათა დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, განვიხილოთ ტიმოთესადმი პავლეს მიწერილი სიტყვები: «თუ ვინმეს ეპისკოპოსობა [„ზედამხედველად მსახურება“, აქ] სურს, კეთილი საქმე ნდომია» (1 ტიმოთე 3:1). 2000 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში კრებების რიცხვი 1 502-ით გაიზარდა და შეადგინა მაუწყებელთა ახალი უმაღლესი რიცხვი — 91 487. აქედან გამომდინარე უხუცესებზე დიდი მოთხოვნილებაა და ვინც ამ უპირატესობისკენ ისწრაფვის, შექების ღირსია.
8 მაგრამ ისინი, ვინც ზედამხედველობის უპირატესობისკენ ისწრაფვიან, გაწონასწორებულობას შეინარჩუნებენ, თუ მათ ამ უპირატესობის მიზანი ემახსოვრებათ. მხოლოდ ძალაუფლების ან სახელის მოპოვება, არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. უხუცესები იმ შემთხვევაში ასიამოვნებენ იეჰოვას, თუ მისი და ძმების მიმართ სიყვარულით არიან აღძრულნი. ისინი არ ისწრაფვიან შესამჩნევი მდგომარეობისკენ ან გავლენიანობისკენ. მოციქულმა პეტრემ, მას შემდეგ, რაც კრების უხუცესებს ურჩია, გონივრულად მოპყრობოდნენ თანაქრისტიანებს, ყურადღება გაამახვილა „თავმდაბლობის“ აუცილებლობაზე. მან კრების ყველა წევრს ურჩია: „დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ“ (1 პეტრე 5:1—6). კარგი იქნება, თუ ისინი, ვინც დამატებითი პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვის, იმ უამრავი უხუცესის მაგალითზე დაფიქრდებიან, რომლებიც შრომისმოყვარენი და თავმდაბალნი არიან და ამიტომ თავიანთი კრებისთვის კურთხევას წარმოადგენენ (ებრაელთა 13:7).
კეთილი მოტივები მოთმინებაში გვეხმარება
9. რატომ ფიქრობენ ქრისტიანები იეჰოვას დაპირებულ კურთხევებზე?
9 სიყვარულით აღძვრის მნიშვნელოვნება სხვა მხრივადაც ჩანს. ვინც ღვთისადმი ერთგულებას სიყვარულიდან გამომდინარე განაგრძობს, ბიბლია მათ დღეისათვის უხვ, ხოლო მომავლისთვის წარმოუდგენლად შესანიშნავ კურთხევებს ჰპირდება (1 ტიმოთე 4:8). ქრისტიანი, რომელსაც მტკიცედ სწამს ეს დაპირებები და რომელიც დარწმუნებულია, რომ იეჰოვა „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“, შესძლებს, რწმენაში მტკიცედ იდგეს (ებრაელთა 11:6). ჩვენ შორის უმეტესობა მოუთმენლად მოელის ღვთის დაპირებების შესრულებას და ეხმაურება მოციქულ იოანეს: „ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 22:20). დიახ, იმ კურთხევებზე ფიქრი, რომლებიც ჩვენ მოგველის, თუ ერთგულები ვიქნებით, მოთმინებას განგვიმტკიცებს სწორედ ისე, როგორც „შეთავაზებულ სიხარულზე“ ფიქრი დაეხმარა იესოს მოთმენაში (ებრაელთა 12:1, 2).
10, 11. როგორ გვეხმარება მოთმენაში სიყვარული?
10 მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ იეჰოვასთვის ჩვენი მსახურების ერთადერთი მოტივი ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებაა? მაშინ ადვილად დავკარგავთ მოთმინებას ან უკმაყოფილონი ვიქნებით, როდესაც სიძნელეებს შევხვდებით ან მოვლენები ისე არ წარიმართება, როგორც ჩვენ ვიმედოვნებდით. შეიძლება ისეთი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორიცაა ღვთის გზებიდან გადახვევა (ებრაელთა 2:1; 3:12). პავლე საუბრობდა ყოფილ თანამშრომელზე, დემასზე, რომელმაც მიატოვა ის. რატომ? იმიტომ რომ „შეიყვარა ეს წუთისოფელი“ (2 ტიმოთე 4:10). ყველას, ვინც მხოლოდ ეგოისტური მიზნებისთვის მსახურობს, დიდი საშიშროება ემუქრება, შეიძლება მათაც იგივე დაემართოთ. ისინი შეიძლება მიიზიდოს იმ შესაძლებლობებმა, რომელთაც დღეს წუთისოფელი სთავაზობს და აღარ ისურვონ მსხვერპლის გაღება იმ კურთხევებისთვის, რომელთაც მომავალში მიიღებდნენ.
11 თუმცა ცუდი არაფერია იმაში და ბუნებრივიცაა, რომ გვქონდეს მომავალი კურთხევების მიღების ან ხანგრძლივი განსაცდელებისგან გათავისუფლების დიდი სურვილი, სიყვარული გვეხმარება იმის დაფასებაში, რაც პირველხარისხოვანი უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში. უმნიშვნელოვანესი კი იეჰოვას ნების შესრულებაა და არა ჩვენი (ლუკა 22:41, 42). დიახ, სიყვარული აღგვაშენებს. ეს საშუალებას გვაძლევს, მოთმინებით დაველოდოთ ჩვენს ღმერთს, ვიყოთ კმაყოფილნი მის მიერ ბოძებული ნებისმიერი კურთხევით და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თავის დროზე მივიღებთ ყოველივე იმას, რასაც ის დაგვპირდა — და უფრო მეტსაც (ფსალმუნი 144:16; 2 კორინთელთა 12:8, 9). მანამდე კი სიყვარული გვეხმარება, უანგაროდ განვაგრძოთ მსახურება, რადგან „სიყვარული. . . თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 13:4, 5).
ვინ უნდა უყვარდეთ ქრისტიანებს?
12. იესოს სიტყვების თანახმად, ვინ უნდა გვიყვარდეს?
12 იესომ, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გვიყვარდეს, ზოგადი პრინციპი მოგვცა, როდესაც მოსეს რჯულიდან ორ მუხლს ციტირებდა. მან თქვა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ და „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:37—39).
13. როგორ შევიყვაროთ იეჰოვა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხილვა არ შეგვიძლია?
13 იესოს სიტყვებისამებრ, უპირველეს ყოვლისა იეჰოვა უნდა გვიყვარდეს. მაგრამ ჩვენ დაბადებისას თან არ დაგვყოლია იეჰოვასადმი მთელი სისავსით განვითარებული სიყვარული. ეს გრძნობა უნდა განვავითაროთ. როდესაც პირველად მოვისმინეთ მის შესახებ, მოსმენილმა მისკენ მიგვიზიდა. თანდათან გავიგეთ, თუ როგორ მოამზადა მან ადამიანებისთვის დედამიწა (დაბადება 2:5—23). გავიგეთ, თუ როგორ ეპყრობოდა ადამიანებს; კი არ მიგვატოვა, როდესაც პირველად შესცოდა ადამიანმა, არამედ ჩვენს გამოსასყიდად მაშინვე მიიღო ზომები (დაბადება 3:1—5, 15). გულთბილად ეპყრობოდა თავის ერთგულებს და საბოლოოდ თავისი მხოლოდშობილი ძეც კი გასწირა ჩვენთვის ცოდვების მისატევებლად (იოანე 3:16, 36). იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გაგებამ მისდამი მადლიერების გრძნობა გაგვიძლიერა (ესაია 25:1). მეფე დავითმა თქვა, რომ იეჰოვა სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის გამო უყვარდა (ფსალმუნი 114:1—9). დღეს იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე, გვხელმძღვანელობს, გვაძლიერებს და გვამხნევებს. რაც უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ, მით უფრო ღრმავდება მისდამი ჩვენი სიყვარული (ფსალმუნი 30:24; სოფონია 3:17; რომაელთა 8:28).
როგორ შეგვიძლია სიყვარულის გამოვლენა?
14. როგორ ვნათელვყოფთ, რომ იეჰოვა ნამდვილად გვიყვარს?
14 რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში ბევრი ამბობს, ღმერთი მიყვარსო, მაგრამ მათი მოქმედება აბათილებს მათ მტკიცებას. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ნამდვილად გვიყვარს თუ არა იეჰოვა? შეგვიძლია ლოცვებში ვესაუბროთ და ჩვენი გრძნობები გადავუშალოთ. შეგვიძლია მოვიქცეთ ისე, რომ სიყვარული გამოვხატოთ. მოციქულმა იოანემ თქვა: „ვინც იცავს მის [ღვთის] სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ“ (1 იოანე 2:5; 5:3). ღვთის სიტყვა იმასაც გვეუბნება, რომ არ გავწყვიტოთ თანაქრისტიანებთან კავშირი და ვიცხოვროთ მაღალი ზნეობრივი ნორმების შესაბამისად. ვერიდებით პირფერობას, ვლაპარაკობთ სიმართლეს და აზროვნებას არ ვიმახინჯებთ (2 კორინთელთა 7:1; ეფესელთა 4:15; 1 ტიმოთე 1:5; ებრაელთა 10:23—25). გაჭირვებულებისთვის დახმარების გაწევით სიყვარულს ვავლენთ (1 იოანე 3:17, 18). თავს არ ვიკავებთ სხვებთან იეჰოვას შესახებ საუბრისგან. ამაში შედის მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მონაწილეობა (მათე 24:14; რომაელთა 10:10). ასეთ საკითხებში ღვთის სიტყისადმი მორჩილების გამოვლენა ნათელყოფს, რომ იეჰოვა ნამდვილად გვიყვარს.
15, 16. როგორ იმოქმედა გასულ წელს ბევრის ცხოვრებაზე იეჰოვასადმი სიყვარულმა?
15 იეჰოვასადმი სიყვარული ხალხს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. გასულ წელს ასეთმა სიყვარულმა აღძრა 288 907 ადამიანი, იეჰოვასთვის მიეძღვნათ თავიანთი სიცოცხლე და ეს გადაწყვეტილება წყალში ნათლობით დაედასტურებინათ (მათე 28:19, 20). მათი მიძღვნა მრავლისმთქმელი იყო. ეს მათი ცხოვრების ძირეულ ცვლილებას ნიშნავდა. მაგალითად, გაზმენდი ალბანეთის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო. რამდენიმე წლის მანძილზე ის და მისი ცოლი ბიბლიას სწავლობდნენ და, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ბოლოს სამეფოს მაუწყებლები გახდნენ. გასულ, 2000 სამსახურებრივ, წელს გაზმენდი იმ 366 ადამიანს შორის იყო, რომლებიც ალბანეთში მოინათლნენ. ერთ-ერთმა გაზეთმა მის შესახებ სტატია დაბეჭდა, რომელშიც ნათქვამი იყო: „მისმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა და ამიტომ ის და მისი ოჯახი სიცოცხლით ხარობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. მისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი პირადი სარგებელი, რადგან ის დაინტერესებულია იმით, თუ რამდენად შეუძლია დაეხმაროს სხვებს“.
16 გუამის კუნძულზე ნავთობის კომპანიაში მომუშავე ახალმონათლულმა დამ მაცდუნებელი წინადადება მიიღო. წლების მანძილზე მას თანდათანობით აწინაურებდნენ და ბოლოს შესთავაზეს, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი ყოფილიყო ამ კომპანიის ისტორიაში. მაგრამ იმ დროისთვის მას თავი იეჰოვასთვის ჰქონდა მიძღვნილი. მეუღლესთან მოლაპარაკების შემდეგ ამ ახალმონათლულმა დამ უარი თქვა ამ წინადადებაზე და, სანაცვლოდ, იშოვა სამსახური, სადაც არასრული სამუშაო დღით იმუშავებდა. ამრიგად, მას სრული დროით (პიონერად) მსახურების შესაძლებლობა მიეცა. იეჰოვასადმი სიყვარულმა აღძრა, ემსახურა მისთვის, როგორც პიონერს და უარი ეთქვა წუთისოფლის მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ ინტერესებზე. 2000 სამსახურებრივ წელს მთელ მსოფლიოში ასეთმა სიყვარულმა 805 205 მოწმე აღძრა სხვადასხვა სახის პიონერულ მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად. რა დიდებული სიყვარული და რწმენა გამოავლინეს ამ პიონერებმა!
იესოსადმი სიყვარული
17. სიყვარულის რა შესანიშნავ მაგალითს ვხედავთ იესოში?
17 იესო, როგორც პიროვნება,სიყვარულით აღძრული მოქმედების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. იესოს განკაცებამდე უყვარდა თავისი მამა და კაცობრიობა. მან, რომელიც ბიბლიის ამ მონაკვეთში მეტაფორულად სიბრძნეს განასახიერებს, თქვა: „მე გვერდით ვყავდი [იეჰოვას], როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი, ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული“ (იგავნი 8:30, 31). სიყვარულმა აღძრა იესო, დაეტოვებინა თავისი ზეციერი სამყოფელი და დედამიწაზე უმწეო ბავშვად დაბადებულიყო. ის მოთმინებით და გულთბილად ეპყრობოდა თვინიერებსა და თავმდაბლებს და იეჰოვას მტრების ხელით ეწამა. ბოლოს კი მთელი კაცობრიობისთვის წამების ძელზე მოკვდა (იოანე 3:35; 14:30, 31; 15:12, 13; ფილიპელთა 2:5—11). კარგი აღძვრებით მოქმედების რა შესანიშნავი მაგალითია!
18. ა) როგორ ვავითარებთ იესოსადმი სიყვარულს? ბ) როგორ ვამჟღავნებთ ჩვენს სიყვარულს იესოს მიმართ?
18 როდესაც ისინი, ვისაც სწორად აქვს გული განწყობილი, სახარებებიდან იესოს ცხოვრებას ეცნობიან და ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენი კურთხევა მოუტანა პირადად მათ მისმა ერთგულებამ, ეს მათში იესოსადმი დიდ სიყვარულს იწვევს. პეტრეს ეს სიტყვები, რომლებიც თანაქრისტიანებს მისწერა, ჩვენც გვეხება: „არ გინახავთ [იესო] და გიყვართ“ (1 პეტრე 1:8). ჩვენი სიყვარული მაშინ ვლინდება, როდესაც მისადმი რწმენას გამოვხატავთ და თავგანწირვაში ვბაძავთ (1 კორინთელთა 11:1; 1 თესალონიკელთა 1:6; 1 პეტრე 2:21—25). 2000 წლის 19 აპრილს იესოს სიკვდილის გახსენების ყოველწლიურ საღამოზე დამსწრე 14 872 086-მა ადამიანმა მოისმინა შეხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს იესო. დამსწრეთა რა შთამბეჭდავი რაოდენობაა! და რამდენად გამაძლიერებელია იმის ცოდნა, რომ ასე ბევრს სურს გადარჩენა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით! ჭეშმარიტად, აღშენებულნი ვართ იეჰოვასა და იესოს ჩვენდამი და ჩვენი მათდამი სიყვარულით.
19. რა საკითხები იქნება განხილული სიყვარულის შესახებ მომდევნო სტატიაში?
19 იესომ გვითხრა, რომ იეჰოვა მთელი ჩვენი გულით, სულით, გონებითა და ძალით უნდა გვიყვარდეს. მაგრამ მან ისიც თქვა, რომ ჩვენი მოყვასი ჩვენი თავივით უნდა გვიყვარდეს (მარკოზი 12:29—31). ვინ იგულისხმება მოყვასში? და როგორ გვეხმარება მოყვასის სიყვარული წონასწორობისა და სწორი მოტივების შენარჩუნებაში? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
გახსოვთ თუ არა?
• რატომ არის სიყვარული მნიშვნელოვანი თვისება?
• როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ იეჰოვასადმი სიყვარული?
• როგორ ცხადყოფს ჩვენი ქცევა, რომ იეჰოვა გვიყვარს?
• როგორ ვავლენ იესოსადმი სიყვარულს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 10, 11 გვერდებზე]
სიყვარული გვეხმარება, რომ მოთმინებით ველოდოთ ხსნას.
[სურათი 12 გვერდზე]
იესოს მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლი აღგვძრავს, რომ გვიყვარდეს ის.