ომით მიყენებული ჭრილობები
ომით მიყენებული ჭრილობები
„ომში გამარჯვებული არ არსებობს“. — აღნიშნა ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელიც II მსოფლიო ომში იბრძოდა, — „მასში ყველა წაგებულია“. ალბათ, მრავალი დაეთანხმება მას. ომის შედეგები შემზარავია. როგორც გამარჯვებულ, ისე დამარცხებულ მხარეს ეს უშველებელი მსხვერპლის ფასად უჯდება. შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგაც კი, მილიონობით ადამიანი იტანჯება ომით მიყენებული საშინელი ჭრილობებით.
რა ჭრილობებით? ომი ანადგურებს მოსახლეობას; მრავალს აობლებს და აქვრივებს. ცოცხლად დარჩენილთაგან ბევრს საშინელი ფიზიკური და ემოციური ჭრილობები რჩება. მილიონები შეიძლება სიღატაკეში აღმოჩნდნენ ან ლტოლვილები გახდნენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის სიძულვილი და მწუხარება, რომლითაც მათი გულებია მოცული, ვინც ასეთ კონფლიქტებს გადაურჩა?
მოუშუშებელი ჭრილობები
ომისგან დატოვებული ჭრილობები წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანთა გულებში და დროთა განმავლობაში მოუშუშებელი ხდება ცეცხლის შეწყვეტის ან ჯარისკაცების წასვლის მიუხედავადაც კი. შემდგომმა თაობებმა შეიძლება სიმწარე დაიგროვონ გულში. ამგვარად, ერთი ომის მიერ დატოვებული ჭრილობები შეიძლება შემდგომი ომის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
მაგალითად, ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ, რომელსაც 1919 წელს ფორმალურად მოაწერეს ხელი პირველი მსოფლიო ომის დასრულების შესახებ, გერმანიას გარკვეული პირობები წაუყენა, რაც მისმა მოქალაქეებმა სიმკაცრედ და შურისძიებად მიიჩნიეს. როგორც ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს, ხელშეკრულების პირობებმა „გერმანელთა გულისწყრომა გამოიწვია და სამაგიეროს გადახდისკენ უბიძგა მათ“. რამდენიმე წლის შემდეგ „ამ სამშვიდობო ხელშეკრულებით გამოწვეული გულისწყრომა ჰიტლერის მოქმედების მიზეზი“ და მეორე მსოფლიო ომის დაწყების ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი გახდა.
მეორე მსოფლიო ომი დასავლეთ ევროპაში დაიწყო და ბალკანეთის ქვეყნებიც მოიცვა. 40-იან წლებში ეთნიკური ჯგუფების მიერ ერთმანეთისთვის მიყენებულმა ჭრილობებმა საფუძველი მოამზადა 1990 წელს ბალკანეთში ახალი ომის დასაწყებად. „სიძულვილისა და შურისძიებისგან შეკრული ავბედითი წრე თითქოს სპირალად გადაიქცა და ჩვენს დროსაც კი მოსწვდა“, — შენიშნავს გერმანული გაზეთი „ცაიტი“.
რა თქმა უნდა, კაცობრიობამ რომ მშვიდობიანად იცხოვროს, ომით მიყენებული ჭრილობები უნდა მოშუშდეს. როგორ არის ეს შესაძლებელი? რის გაკეთება შეიძლება სიძულვილისა და მწუხარების მოსასპობად? ვის შეუძლია ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშება?
[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]
COVER: Fatmir Boshnjaku
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
U.S. Coast Guard photo; UN PHOTO 158297/J. Isaac