არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშება

ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშება

ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშება

აბრაჰამი 20 წელი პარტიზანულ რაზმში იბრძოდა a. მაგრამ მან თავი დაანება ბრძოლას და საბოლოოდ თქვა უარი ომში მონაწილეობაზე. სინამდვილეში, ზოგი მისი უწინდელი მტერი ახლა მისი უახლოესი მეგობარია. რამ შეცვალა ის? ბიბლიამ. მისი წყალობით აბრაჰამმა იმედი და ცოდნა შეიძინა, რაც მას დაეხმარა, ადამიანთა საქმეებისთვის ღვთის თვალით შეეხედა. ბიბლიამ მას ბრძოლის სურვილი გაუქრო; ის ცდილობს, გულიდან ამოიგდოს სევდა, მწუხარება, სიძულვილი და სიმწარე. მან აღმოაჩინა, რომ ბიბლია გულის განსაკურნავი საუკეთესო საშუალებაა.

როგორ ეხმარება ბიბლია ადამიანს ემოციური ჭრილობების მოშუშებაში? მართალია, ბიბლია ვერ შეცვლიდა იმას, რაც აბრაჰამს შეემთხვა, მაგრამ ღვთის სიტყვის კითხვამ და წაკითხულზე ფიქრმა მისი აზროვნება შემოქმედისკენ წარმართა. ახლა მას მომავლის იმედი აქვს და სულ სხვა რამეს ანიჭებს უპირატესობას ცხოვრებაში. ის, რაც ღვთისთვის მნიშვნელოვანია, მისთვისაც მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომაც გულის ჭრილობებმა მოშუშება დაიწყო. აი რა დაეხმარა აბრაჰამს ცვლილების მოხდენაში.

სამოქალაქო ომში ჩაბმული

აბრაჰამი დაიბადა აფრიკაში 30-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მის ქვეყანას ძლიერი მეზობელი სახელმწიფო მართავდა, მაგრამ აბრაჰამის თანამემამულეებს დამოუკიდებლობა სურდათ. 1961 წელს აბრაჰამი ჩაება განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც ძლიერი მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ პარტიზანულ ომს ეწეოდა.

„ისინი ჩვენი მტრები იყვნენ. მათ ჩვენი დახოცვა ჰქონდათ განზრახული, ამიტომ ჩვენც დავიწყეთ მათი ხოცვა“, — ხსნის აბრაჰამი.

აბრაჰამის სიცოცხლე ხშირად საფრთხეში იყო, ამიტომ 1982 წელს, 20-წლიანი შეიარაღებული ბრძოლის შემდეგ, ევროპაში გაიქცა. მაშინ ის 50 წლამდე იქნებოდა, თანაც საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ თავის განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. რა დაემართა მის მისწრაფებებს? რა ელოდა მომავალში? აბრაჰამი შეხვდა იეჰოვას მოწმეებს და მათ შეხვედრებზე დაიწყო დასწრება. მას გაახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინათ წაიკითხა ტრაქტატი, რომელიც მოწმემ მისცა აფრიკაში. მასში აღწერილი იყო მომავალი სამოთხე დედამიწაზე და ზეციერი მთავრობა, რომელიც უხელმძღვანელებდა კაცობრიობას. ნუთუ ეს სიმართლე იყო?

აბრაჰამი ამბობს: „ბიბლიიდან გავიგე, რომ ომში გატარებული წლები უმიზნოდ გამიფლანგავს. ერთადერთი მთავრობა, რომელიც ყველას სამართლიანად მოეპყრობა, ღვთის სამეფოა“.

სულ მალე მას შემდეგ, რაც აბრაჰამი მოინათლა, როგორც იეჰოვას მოწმე, ევროპის იმავე ქალაქში, სადაც აბრაჰამი ცხოვრობდა, აფრიკიდან გამოქცეული რობერტი ჩავიდა, რობერტი და აბრაჰამი ერთ ომში იბრძოდნენ, ოღონდ ერთმანეთის წინააღმდეგ. რობერტი ხშირად ფიქრობდა სიცოცხლის ნამდვილ აზრზე. ის მორწმუნე ადამიანი იყო, წაკითხული ჰქონდა გარკვეული მონაკვეთები ბიბლიიდან და იცოდა, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა. როდესაც აბრაჰამის კრების მოწმეებმა ბიბლიის უკეთ გაგებაში დახმარება შესთავაზეს, ის ხალისით დათანხმდა.

რობერტი განმარტავს: „თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, თუ როგორ იხსენიებდნენ მოწმეები იეჰოვასა და იესო ქრისტეს — რომ მათ ცალკეულ პიროვნებებად აღიარებდნენ. ეს შეესაბამებოდა იმას, რაც მე უკვე ვიცოდი ბიბლიიდან. გარდა ამისა, მოწმეებს სასიამოვნოდ ეცვათ და გულთბილად ეპყრობოდნენ სხვებს განურჩევლად ეროვნებისა. ამან დიდად იმოქმედა ჩემზე“.

მტრები დამეგობრდნენ

ყოფილი მტრები, რობერტი და აბრაჰამი, ახლა ახლო მეგობრები არიან. ისინი სრული დროით მქადაგებლებად მსახურობენ იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ კრებაში. „ომის განმავლობაში ხშირად მაკვირვებდა ის, თუ რატომ სძულდათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს ერთმანეთი. მათ შორის ხომ უმეტესობა ერთი და იმავე რელიგიის მიმდევარი იყო“, — ამბობს აბრაჰამი. „მე და რობერტი ერთ ეკლესიას ვეკუთვნოდით, მაგრამ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ახლა ორივე იეჰოვას მოწმე ვართ და ჩვენმა რწმენამ გაგვაერთიანა“.

„აი ამაშია სხვაობა“, — დასძენს რობერტი, — „ჩვენ ახლა გვაქვს ისეთი რწმენა, რომელმაც ნამდვილი საძმოს ნაწილი გაგვხადა. ჩვენ აღარასოდეს ვიომებთ“. ბიბლიამ დიდად იმოქმედა ამ ყოფილი მტრების გულებზე. სიძულვილმა და სიმწარემ თანდათანობით გზა დაუთმო ნდობასა და მეგობრობას.

იმ დროს, როცა აბრაჰამი და რობერტი ომში მონაწილეობდნენ, სხვა ორი ახალგაზრდა კაცი ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ კონფლიქტში ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეებზე იბრძოდნენ. მალე ბიბლიამ მათი გულების განსაკურნავადაც საუკეთესოდ იმოქმედა. როგორ მოხდა ეს?

ხოცვა — შემდეგ მოწამეობრივი სიკვდილი

გაბრიელს, რომელიც რელიგიურ ოჯახში აღიზარდა, ასწავლიდნენ, რომ მისი სამშობლო „საღვთო ომში“ იყო ჩაბმული. ამიტომ 19 წლის ასაკში ის მოხალისედ წავიდა ჯარში და ითხოვა, ფრონტის წინა ხაზზე გაეგზავნათ. 13 თვე ბრძოლის ქარცეცხლში იყო — ხანდახან მტრისგან მხოლოდ კილომეტრნახევარში. „განსაკუთრებით ერთი შემთხვევა მახსოვს. — ამბობს ის, — მეთაურმა გვითხრა, რომ მტერი იმ ღამეს შემოგვიტევდა. ჩვენ იმდენად დაძაბულები ვიყავით, რომ მთელი ღამე ნაღმსატყორცნიდან ვისროდით“. მეზობელი ქვეყნის მკვიდრთ მტრებად მიიჩნევდა, რომლებიც სიკვდილს იმსახურებდნენ. „ვფიქრობდი, რაც შეიძლებოდა მეტი დამეხოცა. შემდეგ კი, მრავალი ჩემი მეგობრის მსგავსად, მინდოდა მოწამეობრივად მოვმკვდარიყავი“.

მაგრამ გაბრიელს დროთა განმავლობაში თვალი აეხილა. ის მთებში გაიქცა, იქიდან ნეიტრალურ ქვეყანაში შეიპარა და ევროპაში გაემგზავრა. ის ღმერთს ეკითხებოდა, თუ რატომ იყო ცხოვრება ასეთი რთული, იყო თუ არა პრობლემები ღვთის სასჯელი. ის დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეებს, რომლებმაც ბიბლიის მეშვეობით უპასუხეს მის კითხვებს (მათე 24:3—14; 2 ტიმოთე 3:1—5).

გაბრიელი, რაც უფრო მეტად იკვლევდა ბიბლიას, მით უფრო მეტად ხვდებოდა, რომ მასში ჭეშმარიტება იყო. „გავიგე, რომ შეგვიძლია მარადიულად ვიცხოვროთ დედამიწაზე სამოთხეში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ბავშვობისას ზუსტად ამას ვნატრობდი“. ბიბლიამ ანუგეშა გაბრიელი და დაამშვიდა მისი აქამდე აფორიაქებული გული. მისმა ყველაზე ღრმა ემოციურმა ჭრილობებმა, შეხორცება დაიწყო; და როდესაც ის თავის ყოფილ მტერს, დანიელს, შეხვდა, გაბრიელი უკვე აღარ გრძნობდა სიძულვილს. დანიელი როგორღა მოხვდა ევროპაში?

„გთხოვ, თუ ნამდვილად არსებობ, დამეხმარე!“

დანიელი კათოლიკედ აღიზარდა. 18 წლის ასაკში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და იქ გაგზავნეს საომრად, სადაც გაბრიელი იბრძოდა — ოღონდ მოწინააღმდეგე მხარეზე. დანიელი ბრძოლის წინა ხაზთან ახლოს ტანკში იჯდა, როცა მას ნაღმი მოხვდა. მისი მეგობრები დაიღუპნენ, ის კი სერიოზულად დაშავდა და ტყვედ აიყვანეს. მან თვეები გაატარა საავადმყოფოსა და ბანაკში, სანამ არ გადაგზავნეს ნეიტრალურ ქვეყანაში. რადგან მარტოდმარტო იყო და არაფერი ებადა, თვითმკვლელობა გადაწყვიტა. დანიელი ღმერთს სთხოვდა: „გთხოვ, თუ ნამდვილად არსებობ, დამეხმარე!“. სწორედ მომდევნო დღეს მას იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს და მის მრავალ კითხვას პასუხი გასცეს. ბოლოს ევროპაში გაემგზავრა, როგორც ლტოლვილი. დანიელი დაუკავშირდა მოწმეებს და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ნასწავლმა მას სიმშვიდე მოჰგვარა და ტკივილი შეუმსუბუქა.

ახლა გაბრიელი და დანიელი კარგი მეგობრები არიან და, როგორც იეჰოვას მონათლული მოწმეები, სულიერ საძმოში არიან გაერთიანებული. „იეჰოვასადმი სიყვარული და ბიბლიური შემეცნება დამეხმარა, მოვლენები მისი თვალით დამენახა. დანიელი აღარ არის ჩემი მტერი. წლების წინათ კი სიამოვნებით მოვკლავდი. ბიბლიამ სრულიად საპირისპირო რამ მასწავლა — მზად ვიყო, მისი გულისთვის მოვკვდე კიდეც“, — თქვა გაბრიელმა.

„ვხედავდი, რომ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები ერთმანეთს ხოცავდნენ“. — თქვა დანიელმა, — „მოწინააღმდეგე მხარეებზე იყვნენ ერთი და იმავე სარწმუნოების ადამიანებიც, რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ. ამის შემხედვარე, ღმერთს ვადანაშაულებდი. ახლა კი ვიცი, რომ ყველა ომში სატანის ხელი ურევია. მე და გაბრიელი ამჟამად თანამორწმუნეები ვართ. ჩვენ აღარასოდეს ვიბრძოლებთ!“.

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“

ასე აშკარად როგორ შეიცვალნენ აბრაჰამი, რობერტი, გაბრიელი და დანიელი? როგორ შეძლეს ღრმად ფესვგადგმული სიძულვილისა და მწუხარების გულებიდან აღმოფხვრა?

თითოეული მათგანი კითხულობდა, ფიქრობდა და სწავლობდა ჭეშმარიტებას ბიბლიიდან, რომელიც არის „ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). ბიბლიის ავტორი კაცობრიობის შემოქმედია, რომელმაც იცის, როგორ მოახდინოს სასიკეთო ზეგავლენა მათ გულებზე, ვინც მოსასმენად და სასწავლად არის მზად. „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“. როდესაც მკითხველი ბიბლიით ხელმძღვანელობს, ახალ ფასეულობებსა და ნორმებს ითავისებს. ის იგებს, თუ რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამა თუ ის საკითხზე. ამ პროცესს უამრავი სარგებლობა მოაქვს, რაშიც ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშებაც შედის (2 ტიმოთე 3:16).

ღვთის სიტყვა ხსნის, რომ ეროვნული, რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფები ერთიმეორეზე არ უპირატესობენ. „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“. მკითხველს, რომელიც ეთანხმება ამ აზრს, ბიბლია თანდათანობით ეხმარება რასობრივი ან ნაციონალისტური სიძულვილის დაძლევაში (საქმეები 10:34, 35).

ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ ღმერთი ადამიანთა ახლანდელ მმართველობას მალე თავისი მესიანური სამეფოთი შეცვლის. ამ სამეფოს მეშვეობით ის „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“. ის ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ომებს და ადამიანებს საბრძოლველად აქეზებენ, მოისპობა. ომში დაღუპულები კი აღდგენილნი იქნებიან და დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ. აღარავის დასჭირდება თავდამსხმელისგან ან მჩაგვრელისგან გაქცევა (ფსალმუნი 45:10; დანიელი 2:44; საქმეები 24:15).

იმ დროს მცხოვრებ ადამიანებზე ბიბლია ამბობს: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად. . . ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს“. არ არსებობს მოუშუშებელი ჭრილობა და აუნაზღაურებელი ზარალი. როდესაც ადამიანს ასეთი იმედი აქვს, გული თანდათანობით თავისუფლდება სევდისა და მწუხარებისგან (ესაია 65:21—23).

ბიბლია, მართლაც რომ, გულის საუკეთესო მკურნალია. მისი სწავლებები უკვე ახლა კურნავს ომის მიერ მიყენებულ ჭრილობებს. ყოფილი მტრები ერთ საერთაშორისო საძმოში ერთიანდებიან. განკურნების ეს პროცესი ღვთის ახალ სისტემაში გაგრძელდება, სანამ ადამიანთა გულებიდან არ გაქრება სიძულვილი და სიმწარე, მწუხარება და დარდი. შემოქმედი გვპირდება, რომ „აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17).

[სქოლიოები]

a ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 4 გვერდზე]

„ბიბლიიდან გავიგე, რომ ომში გატარებული წლები უმიზნოდ გამიფლანგავს“.

[ჩანართი 5 გვერდზე]

ბიბლიას შეუძლია ძლიერი გავლენა მოახდინოს ყოფილი მტრების გულებზე.

[ჩანართი 6 გვერდზე]

სიძულვილმა და სიმწარემ თანდათანობით გზა დაუთმო ნდობასა და მეგობრობას.

[ჩანართი 6 გვერდზე]

როდესაც მკითხველი ბიბლიით ხელმძღვანელობს, ახალ ფასეულობებსა და ნორმებს ითავისებს.

[სურათი 7 გვერდზე]

ყოფილი მტრები ახლა საერთაშორისო საძმოში ერთიანდებიან.

[საავტორო უფლება 4 გვერდზე]

Refugee camp: UN PHOTO 186811/J. Isaac