არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენად ბევრის მომცველია შენი სიყვარული?

რამდენად ბევრის მომცველია შენი სიყვარული?

რამდენად ბევრის მომცველია შენი სიყვარული?

„შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:39).

1. თუ გვიყვარს იეჰოვა, რატომ უნდა გვიყვარდეს მოყვასიც?

 როდესაც იესოს ჰკითხეს, თუ რა იყო ყველაზე დიდი მცნება, მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“. შემდეგ კი საღვთო წერილიდან პირველის მსგავსი მეორე მცნება მოიყვანა: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:37, 39). დიახ, მოყვასის სიყვარული ქრისტიანების დამახასიათებელი თვისებაა. მართლაცდა, თუ გვიყვარს იეჰოვა, უნდა გვიყვარდეს მოყვასიც. რატომ? იმიტომ რომ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს მისი სიტყვისადმი მორჩილებით ვავლენთ, მისი სიტყვა კი მოგვიწოდებს, გვიყვარდეს მოყვასი. მაშასადამე, თუ ჩვენი ძმები და დები არ გვიყვარს, ღვთისადმი ჩვენი სიყვარული შეუძლებელია, ნამდვილი იყოს (რომაელთა 13:8; 1 იოანე 2:5; 4:20, 21).

2. როგორი სიყვარულით უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი?

2 როდესაც იესომ თქვა, რომ მოყვასი უნდა გვყვარებოდა, უბრალო მეგობრობაზე უფრო მეტს გულისხმობდა. ის ლაპარაკობდა სიყვარულზე, რომელიც განსხვავდება ოჯახში გამეფებული სიყვარულისგან ან მამაკაცსა და ქალს შორის არსებული სიყვარულისგან. იესო ლაპარაკობდა იმ სახის სიყვარულზე, რომელსაც იეჰოვა და თავისი მიძღვნილი მსახურები ერთმანეთისადმი ავლენენ (იოანე 17:26; 1 იოანე 4:11, 19). ებრაელი მწიგნობარი — რომელიც, როგორც იესომ შენიშნა, გონივრულად ლაპარაკობდა — დაეთანხმა იესოს, რომ ღმერთი უნდა გვყვარებოდა „ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა“ (მარკოზი 12:28—34). ის მართალი იყო. სიყვარული, რომელსაც ქრისტიანი ავითარებს ღვთისა და მოყვასის მიმართ, ჩვენს ემოციებსა და გონებას მოიცავს. გულიდან მომდინარეობს და გონება ხელმძღვანელობს.

3. ა) როგორ ასწავლა „რჯულის მცოდნე“ კაცს იესომ, რომ მოყვასისადმი მისი სიყვარული უფრო ბევრის მომცველი ყოფილიყო? ბ) როგორ ეხება იესოს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი დღევანდელ ქრისტიანებს?

3 ლუკას ცნობის თანახმად, როდესაც იესომ თქვა, რომ მოყვასი უნდა გვყვარებოდა, „ერთი რჯულის მცოდნე“ შეეკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. იესომ იგავით უპასუხა: ერთი კაცი სცემეს, გაძარცვეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს გზის პირას. ჩამოიარა მღვდელმა, შემდეგ კი ლევიანმა და ორივემ გვერდი აუარა მას — არც ერთმა არ მიაქცია ყურადღება. ბოლოს ვიღაც სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა გასაჭირში მყოფი კაცი და დიდი გულკეთილობა გამოავლინა მის მიმართ. რომელი მათგანი აღმოჩნდა ამ გაჭირვებული კაცის მოყვასი? პასუხი ნათელი იყო (ლუკა 10:25—37). რჯულის მცოდნე შეიძლება შეაცბუნა იესოს პასუხმა, რომ სამარიელი უფრო იყო მოყვასი, ვიდრე მღვდელი და ლევიანი. ნათელია, იესო იმის გაგებაში ეხმარებოდა ამ მამაკაცს, რომ მოყვასისადმი მისი სიყვარული უფრო ბევრის მომცველი ყოფილიყო. ქრისტიანების სიყვარულიც ბევრის მომცველი უნდა იყოს. ვნახოთ, ვინ უყვართ ქრისტიანებს.

სიყვარული ოჯახში

4. სად ავლენენ ქრისტიანები სიყვარულს პირველ რიგში?

4 ქრისტიანებს უყვართ თავიანთი ოჯახის წევრები: ცოლებს — ქმრები, ქმრებს — ცოლები, მშობლებს კი — შვილები (ეკლესიასტე 9:9; ეფესელთა 5:33; ტიტე 2:4). ოჯახების უმეტესობა განმტკიცებულია ნამდვილი სიყვარულით. მაგრამ განქორწინების, ოჯახში არსებული ძალმომრეობის, ბავშვების უყურადღებოდ დატოვებისა და მათზე ძალადობის შესახებ ცნობები გვიჩვენებს, რომ დღეს ოჯახები კრიტიკულ მდგომარეობაშია და, ალბათ, ოჯახის წევრებს შორის ჩვეულებრივი გრძნობები მის გასაერთიანებლად საკმარისი არ იქნება (2 ტიმოთე 3:1—3). ოჯახურ ცხოვრებაში ნამდვილი წარმატების მისაღწევად ქრისტიანებმა ისეთი სიყვარული უნდა გამოავლინონ, როგორიც იეჰოვასა და იესოს აქვთ (ეფესელთა 5:21—27).

5. ვისგან ელიან დახმარებას მშობლები შვილების აღზრდისას და ბევრმა რა შედეგებს მიაღწია?

5 ქრისტიანი მშობლები თვლიან, რომ შვილები იეჰოვამ მიანდო და მათ აღსაზრდელად დახმარებასაც მასთან ეძიებენ (ფსალმუნი 126:3—5; იგავნი 22:6). ასეთნაირად, ისინი ავითარებენ ქრისტიანულ სიყვარულს, რომელიც მათ ეხმარება თავიანთი შვილების ცუდი გავლენისგან დაცვაში. ამის შედეგად, ბევრი ქრისტიანი მშობელი ისეთივე სიხარულს განიცდის, როგორსაც — ერთი ნიდერლანდელი დედა. ვაჟის ნათლობის ყურების შემდეგ — ის გასულ წელს ნიდერლანდებში 575 მონათლულთაგან ერთ-ერთი იყო — დედამისმა დაწერა: „ოცი წლის განმავლობაში გაწეული შრომა და ჯაფა სრულიად ერთბაშად ამინაზღაურდა. ახლა სულ გადამავიწყდა ის ტკივილი და მწუხარება, რასაც განვიცდიდი მაშინ, როცა შვილის აღზრდას მთელ დროსა და ენერგიას ვახმარდი“. რა ბედნიერია, რომ მისმა ვაჟმა თვითონ აირჩია იეჰოვასთვის მსახურება. გასულ წელს ნიდერლანდებიდან მოწოდებული უმაღლესი რიცხვიდან, 31 089-დან, ბევრმა იეჰოვასადმი სიყვარული მშობლებისგან ისწავლა.

6. როგორ შეუძლია ქრისტიანულ სიყვარულს ქორწინების კავშირის გაძლიერება?

6 პავლემ სიყვარულს „სრულქმნილობის კავშირი“ უწოდა და მართლაც, მას გაჭირვების დროსაც კი შეუძლია ოჯახის ერთიანობის დაცვა (კოლასელთა 3:14, 18, 19; 1 პეტრე 3:1—7). როდესაც ტაიტიდან 700 კილომეტრით დაშორებულ პატარა კუნძულ რურუტუზე მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ცოლი დიდ წინააღმდეგობას უწევდა. ბოლოს კი მოჰკიდა ბავშვებს ხელი, მიატოვა ქმარი და საცხოვრებლად ტაიტიზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, ეს მამაკაცი სიყვარულს ავლენდა მათ მიმართ: უგზავნიდა ფულს, უკავშირდებოდა ტელეფონით და ინტერესდებოდა, ხომ არაფერი სჭირდებოდათ მას და ბავშვებს. ასე რომ, ის ყველაფერს აკეთებდა თავისი ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად (1 ტიმოთე 5:8). გამუდმებით ლოცულობდა, რომ მისი ოჯახი კვლავ გაერთიანებულიყო. ბოლოს, მისი მეუღლე დაბრუნდა. როდესაც ის დაბრუნდა, ეს მამაკაცი თავის ცოლს ‘სიყვარულით, მოთმინებითა და სიმშვიდით’ ექცეოდა (1 ტიმოთე 6:11). 1998 წელს იგი მოინათლა და მოგვიანებით დიდად გაიხარა, როდესაც მისმა ცოლმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ეს შესწავლა ერთ-ერთი იყო იმ 1 351 შესწავლიდან, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, ტაიტის ფილიალი რომ ზედამხედველობს.

7. გერმანელი მამაკაცის სიტყვების თანახმად, რამ გააძლიერა მისი ოჯახი?

7 ერთი გერმანელი მამაკაცი ეწინააღმდეგებოდა თავის მეუღლეს, რომელიც ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი ინტერესს ავლენდა. ეს კაცი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას მოწმეებს მისი მეუღლის მოტყუება სურდათ. მაგრამ მოგვიანებით მან შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა იმ მოწმეს, ვინც პირველად დაუკავშირდა მის მეუღლეს: „მადლობას გიხდით, რომ ჩემი ცოლი იეჰოვას მოწმეებს გააცანით. თავიდან შევწუხდი, რადგან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია მქონდა მათ შესახებ მოსმენილი. მაგრამ ახლა, როცა ჩემს მეუღლესთან ერთად ვესწრები კრების შეხვედრებს, ვხვდები, რამდენად ვცდებოდი. ვიცი, რომ ჭეშმარიტებას ვისმენ და ეს ჩვენს ოჯახს უფრო აძლიერებს“. იეჰოვას 162 932 გერმანელ მოწმეს და ტაიტის ფილიალის ზედამხედველობაში მყოფ კუნძულებზე მცხოვრებ 1 773 მოწმეს ღვთისმოსაწონი სიყვარულით გაერთიანებული ოჯახები აქვთ.

ქრისტიანი ძმებისადმი სიყვარული

8, 9. ა) ვინ გვასწავლის, რომ გვიყვარდეს ძმები და რას გვაკეთებინებს სიყვარული? ბ) მოყევით მაგალითი იმის შესახებ, თუ სიყვარული როგორ დაეხმარა ძმებს, ერთმანეთს რომ მხარში ამოსდგომოდნენ?

8 პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს უთხრა: „თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში“ (1 თესალონიკელთა 4:9). დიახ, ‘უფლის დამოძღვრილთ’ უყვართ ერთმანეთი (ესაია 54:13). მათი სიყვარული მოქმედებაში ჩანს, როგორც ეს პავლემ გამოხატა, როდესაც თქვა: „სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს“ (გალატელთა 5:13; 1 იოანე 3:18). მაგალითად, ამას ისინი მაშინ აკეთებენ, როდესაც ავადმყოფ ძმებსა და დებს ინახულებენ, გულდამძიმებულებს ამხნევებენ და სუსტებს მხარში უდგებიან (1 თესალონიკელთა 5:14). ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულს სულიერი სამოთხის გაფართოებაში შეაქვს წვლილი.

9 ანგკონის კრებაში — ეკვადორში არსებული 544 კრებიდან ერთ-ერთი — ძმებმა სიყვარული პრაქტიკულად გამოავლინეს. ფინანსური კრიზისისა და უმუშევრობის გამო ისინი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. მაუწყებლებმა გადაწყვიტეს, გამთენიისას შინ დაბრუნებული ადგილობრივი მეთევზეებისთვის საკვები მიეყიდათ. სამზადისში ყველა იღებდა მონაწილეობას — ბავშვებიც კი. ისინი ღამის პირველ საათზე იწყებდნენ მზადებას და საკვები უკვე მზად ჰქონდათ ოთხი საათისთვის, როცა მეთევზეები ბრუნდებოდნენ. ნაშოვნი ფული ძმებს შორის მოთხოვნილებების მიხედვით ნაწილდებოდა. ასეთი ურთიერთდახმარება ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა იყო.

10, 11. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ იმ ძმებისადმი სიყვარული, რომლებსაც პირადად არ ვიცნობთ?

10 მაგრამ ჩვენი სიყვარული მხოლოდ იმ ქრისტიანი ძმებისადმი სიყვარულით არ შემოიფარგლება, რომლებსაც პირადად ვიცნობთ. პეტრე მოციქულმა თქვა: „გიყვარდეთ საძმო“ (1 პეტრე 2:17). ჩვენ გვიყვარს ყველა და-ძმა, რადგან ისინი იეჰოვა ღმერთს ჩვენთან ერთად სცემენ თაყვანს. გაჭირვების დროს ამ სიყვარულის გამოვლენის საშუალება გვეძლევა. მაგალითად, 2 000 სამსახურებრივ წელს საშინელმა წყალდიდობამ დააზარალა მოზამბიკი; ანგოლაში სამოქალაქო ომმა ბევრი გააღატაკა. ეს ამბები 31 725 მოზამბიკელ და 41 222 ანგოლელ ძმასაც შეეხო. მეზობელი სამხრეთ აფრიკიდან ძმებმა ტკივილის შესამსუბუქებლად ამ ქვეყნებში მცხოვრებ ძმებს დიდი რაოდენობით საჭირო ნივთები გაუგზავნეს. მათმა მზადყოფნამ, შეეწირათ თავიანთი „ნამეტი“ გაჭირვებული ძმებისთვის, მათი სიყვარული გამოავლინა (2 კორინთელთა 8:8, 13—15, 24).

11 სიყვარული ვლინდება მაშინაც, როდესაც მრავალი ქვეყნიდან ძმებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ნაკლებად შეძლებულ ქვეყნებში სამეფო და საკონგრესო დარბაზების მშენებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც სოლომონის კუნძულებზე მოხდა. მიუხედავად დიდი არეულობისა, სოლომონის კუნძულებზე აღინიშნებოდა მაუწყებელთა 6-პროცენტიანი ზრდა, მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა კი გასულ წელს 1 697 შეადგინა. მათ საკონგრესო დარბაზის აშენება გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის ბევრი მკვიდრი ტოვებდა იქაურობას, მშენებლობაში მისახმარებლად ავსტრალიიდან მოხალისეები ჩავიდნენ. ბოლოს მოხალისეებს წასვლა მოუწიათ, მაგრამ ისინი მხოლოდ მას შემდეგ წავიდნენ, რაც ადგილობრივ ძმებს საძირკვლის ჩაყრა ასწავლეს. ავსტრალიიდან წინასწარმომზადებული, საკონგრესო დარბაზისთვის განკუთვნილი ფოლადის კონსტრუქცია ჩამოიტანეს. თაყვანისმცემლობის ამ მშვენიერი შენობის დასრულება — მაშინ, როდესაც ახლო-მახლო მდებარე საამშენებლო უბნები უპატრონოდ არის მიტოვებული — იეჰოვას სახელისა და ქრისტიანი ძმების სიყვარულის კარგი დამოწმება იქნება.

ისევე გვიყვარს წუთისოფელი, როგორც — ღმერთს

12. როგორ ვბაძავთ იეჰოვას მათ მიმართ დამოკიდებულებაში, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზირებენ?

12 შემოიფარგლება ჩვენი სიყვარული მხოლოდ ჩვენი ოჯახითა და საძმოთი? თუ ‘ღმერთს ვბაძავთ’ — არა. იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (ეფესელთა 5:1; იოანე 3:16). იეჰოვა ღმერთის მსგავსად, ჩვენც ყველას მიმართ სიყვარულს ვავლენთ — მათ მიმართაც კი, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს (ლუკა 6:35, 36; გალატელთა 6:10). ამას განსაკუთრებით იმით ვაკეთებთ, რომ სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ვქადაგებთ და ვესაუბრებით სხვებს მათდამი ღვთის უდიდესი სიყვარულის შესახებ. ამან შეიძლება იხსნას მსმენელები (მარკოზი 13:10; 1 ტიმოთე 4:16).

13, 14. მოყევით შემთხვევები, როდესაც ძმებმა სირთულეების მიუხედავად სიყვარული გამოავლინეს მათ მიმართ, ვინც არ არის მოწმე.

13 განვიხილოთ ოთხი ნეპალელი სპეციალური პიონერის მაგალითი. მათ დანიშნულება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ერთ ქალაქში მიიღეს და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ ქალაქში და შორეულ სოფლებში თავიანთ სიყვარულს შეუპოვარი ქადაგებით ამჟღავნებენ. ამ ტერიტორიაზე ყველგან რომ მისულიყვნენ, ისინი 40 გრადუს სიცხეში ხშირად საათობით მგზავრობდნენ ველოსიპედებით. მათმა სიყვარულმა და ‘კეთილი საქმის გამუდმებულმა კეთებამ’ კარგი შედეგი გამოიღო, როდესაც ამ სოფლებიდან ერთ-ერთში წიგნის შესწავლა იქნა ჩამოყალიბებული (რომაელთა 2:7). 2 000 წლის მარტში კი, სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს, 32 ადამიანი მოვიდა საჯარო მოხსენების მოსასმენად. გასულ წელს ნეპალში მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 430 შეადგინა, რაც 9-პროცენტიანი ზრდა იყო. იეჰოვამ აშკარად აკურთხა ძმების ენთუზიაზმი და სიყვარული ამ ქვეყანაში.

14 კოლუმბიაში დროებითი სპეციალური პიონერები ინდიელების ერთ-ერთი ტომისთვის, ვაიუსთვის, საქადაგებლად წავიდნენ. ამისათვის მათ ახალი ენის სწავლა მოუწიათ, მაგრამ მათი ძალისხმევა დაჯილდოვდა, როდესაც, მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, საჯარო მოხსენებას 27 ადამიანი დაესწრო. ასეთმა სიყვარულით აღსავსე ენთუზიაზმმა, როგორიც ამ ადამიანებმა გამოავლინეს, კოლუმბიაში 5-პროცენტიანი ზრდა განაპირობა და მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 107 613-ს მიაღწია. დანიაში ერთ ხანდაზმულ დას სურდა, კეთილი ცნობა სხვებისთვის გაეზიარებინა. ის ინვალიდი იყო, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა და დაინტერესებულ ადამიანებთან მიმოწერა დაიწყო. დღეისათვის 42 ადამიანს სწერს წერილს და ბიბლიის 11 შესწავლას ატარებს. ის იმ 14 885 მაუწყებელთაგანია, რომელთა უმაღლესი რიცხვის შესახებაც გასულ წელს დანიიდან შევიტყვეთ.

გიყვარდეს შენი მტრები

15, 16. ა) იესოს სიტყვების თანახმად, რამდენად ბევრის მომცველი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული? ა) როგორ მოექცნენ სიყვარულით პასუხისმგებელი ძმები გაზეთის რედაქტორს, რომელმაც იეჰოვას მოწმეებს ცილი დასწამა?

15 რჯულის მცოდნე კაცს იესომ უთხრა, რომ სამარიელები მოყვასებად უნდა მიეღო. მთაზე ქადაგებისას იესომ უფრო მეტზე გაამახვილა ყურადღება, მან თქვა: „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი“ (მათე 5:43—45). მაშინაც კი, როდესაც გვეწინააღმდეგებიან, ვცდილობთ, ‘ბოროტს კეთილით ვძლიოთ’ (რომაელთა 12:19—21). თუ შესაძლებელია, ჩვენს უძვირფასეს განძს — ჭეშმარიტებას — ვუზიარებთ.

16 უკრაინაში გამომავალ გაზეთ „კრემენჩუგ ვესტნიკში“ დაბეჭდილი ერთი სტატია იეჰოვას მოწმეებს საშიშ სექტად მოიხსენიებდა. ეს სერიოზული ბრალდება იყო, რადგან ევროპაში იეჰოვას მოწმეების შესახებ ზოგი იმავეს იმ მიზნით ამბობს, რომ ხალხი მოწმეების საქმიანობის შეზღუდვის ან აკრძალვის აუცილებლობაში დაარწმუნოს. ამიტომ ამ გაზეთის რედაქტორთან პასუხისმგებელი ძმები მივიდნენ და ამ სტატიის საპასუხო პრეს-რელიზის დაბეჭდვა სთხოვეს. ის დასთანხმდა, მაგრამ პრეს-რელიზს მან თან დაურთო განცხადება, რომ თავდაპირველი სტატია ფაქტებზე იყო დაფუძნებული. მასთან კვლავ მივიდნენ პასუხისმგებელი ძმები და უფრო მეტი ინფორმაცია წარუდგინეს. ბოლოს რედაქტორი დარწმუნდა, რომ თავდაპირველად გამოქვეყნებული სტატია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამას აღიარებდა. მასთან გულახდილი და გულკეთილი დამოკიდებულება ამ ვითარებასთან თავის გართმევის სიყვარულით აღსავსე საშუალება იყო და ამან კარგი შედეგიც გამოიღო.

როგორ შეგვიძლია სიყვარულის განვითარება?

17. რა გვიჩვენებს, რომ შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს სხვების მიმართ სიყვარულის გამოვლენა?

17 მშობლებს ბავშვი დაბადებისთანავე უყვარდებათ. ზრდადასრულებული ადამიანის შეყვარება კი ყოველთვის ასეთი ინსტინქტური არ არის. შესაძლოა, ამიტომაც ბიბლია ხშირად გვიმეორებს იმას, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი; ეს გრძნობა უნდა განვივითაროთ (1 პეტრე 1:22; 4:8; 1 იოანე 3:11). იესომ, როდესაც თქვა, რომ ძმებისთვის „სამოცდაათგზის შვიდჯერ“ უნდა მიგვეტევებინა იცოდა, რომ ჩვენი სიყვარული გამოიცდებოდა (მათე 18:21, 22). პავლემაც მოგვიწოდა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე“ (კოლასელთა 3:12, 13). არ არის გასაკვირი, რომ ბიბლია გვეუბნება: „ესწრაფეთ სიყვარულს“ (1 კორინთელთა 14:1). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

18. რა დაგვეხმარება სხვების მიმართ სიყვარულის განვითარებაში?

18 პირველი: ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იეჰოვა ღმერთისადმი ჩვენი სიყვარული. ეს სიყვარული დიდ სტიმულს გვაძლევს, რათა გვიყვარდეს მოყვასი. რატომ? იმიტომ რომ, ჩვენი სიყვარულით აღსავსე საქციელი კარგი დამოწმებაა ჩვენს ზეციერ მამაზე და მისთვის დიდება და ქება მოაქვს (იოანე 15:8—10; ფილიპელთა 1:9—11). მეორე: ვეცადოთ, საკითხებს იეჰოვას თვალით შევხედოთ. ყოველთვის, როდესაც ვცოდავთ, იეჰოვას წინაშე ვცოდავთ, მაგრამ ის არაერთხელ გვპატიებს და მაინც ვუყვარვართ (ფსალმუნი 85:5; 102:2, 3; 1 იოანე 1:9; 4:18). თუ ვცდილობთ, იეჰოვას თვალსაზრისი გვქონდეს, სხვების მიმართ სიყვარულით განვეწყობით და ვაპატიებთ, თუ გვაწყენინეს (მათე 6:12). მესამე: ისე უნდა მოვექცეთ სხვებს, როგორც ჩვენ გვინდა, რომ გვექცეოდნენ (მათე 7:12). ჩვენნაირ არასრულყოფილებს ხშირად სჭირდებათ მიტევება. მაგალითად, როდესაც ისეთ რამეს ვამბობთ, რაც სხვებს გულს სტკენს, ვიმედოვნებთ, მათ ახსოვთ, რომ დროდადრო ყველა სცოდავს ენით (იაკობი 3:2). თუ გვინდა, რომ სხვები სიყვარულით მოგვექცნენ, ჩვენც სიყვარულით უნდა მოვექცეთ მათ.

19. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს სულიწმიდა სიყვარულის განვითარებაში?

19 მეოთხე: შეგვიძლია დახმარებისთვის სულიწმიდას მივმართოთ, რადგან სიყვარული სულის ნაყოფია (გალატელთა 5:22, 23). მეგობრული, ნათესაური და რომანტიკული სიყვარული ხშირად ინსტინქტურია. მაგრამ ჩვენ იეჰოვას სულიწმიდის დახმარება გვჭირდება, რომ განვივითაროთ ის სიყვარული, რომელიც იეჰოვას აქვს — სიყვარული, რომელიც სრულქმნილობის კავშირია. სულიწმიდისგან დახმარების მიღებაში ჩვენ ღვთივსულიერი ბიბლიის კითხვა დაგვეხმარება. მაგალითად, თუ ვეცნობით იესოს ცხოვრებას, დავინახავთ, როგორ ეპყრობოდა ის ხალხს და ვისწავლით, როგორ მივბაძოთ მას (იოანე 13:34, 35; 15:12). გარდა ამისა, შეგვიძლია ვთხოვოთ იეჰოვას სულიწმიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვიძნელდება სიყვარულით მოქცევა (ლუკა 11:13). დაბოლოს, ჩვენ შევინარჩუნებთ სიყვარულს ქრისტიანულ კრებასთან ახლო კავშირით. მოსიყვარულე ძმებთან და დებთან ურთიერთობა სიყვარულის განვითარებაში გვეხმარება (იგავნი 13:20).

20, 21. როგორ გამოავლინეს 2 000 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეებმა განსაკუთრებული სიყვარული?

20 გასულ წელს მთელ მსოფლიოში კეთილი ცნობის მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 6 035 564 შეადგინა. იეჰოვას მოწმეებმა 1 171 270 425 საათი დაუთმეს იმ ადამიანების ძებნას, რომლებსაც კეთილ ცნობას გაუზიარებდნენ. სიყვარულმა აატანინა მათ პაპანაქება სიცხე, წვიმა და სიცივე ამ საქმის შესრულებისას. სიყვარული აღძრავდა მათ, ესაუბრათ თანაკლასელებთან და თანამშრომლებთან ან დალაპარაკებოდნენ სრულიად უცნობ ადამიანებს ქუჩაში და სადმე სხვაგან. მრავალი, ვინც იეჰოვას მოწმეებმა მოინახულეს, გულგრილი იყო ამ ცნობის მიმართ, ზოგი კი — წინააღმდეგი. ზოგმაც ინტერესი გამოავლინა, ასე რომ 433 454 049 განმეორებითი მონახულება იქნა გაკეთებული და ბიბლიის 4 766 631 შესწავლა ჩატარდა a.

21 რაოდენ დიდებული გამოვლინება იყო ეს იმ სიყვარულისა, რომელიც იეჰოვას მოწმეებს აქვთ თავიანთი ღვთისა და მოყვასის მიმართ. ეს სიყვარული არასოდეს განელდება. დარწმუნებული ვართ, რომ ახალ 2 001 სამსახურებრივ წელს დამოწმება უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. დაე განაგრძოს იეჰოვამ თავისი ერთგული და ენთუზიაზმით აღსავსე თაყვანისმცემლების კურთხევა, რომლებიც ‘ყოველ საქმეს სიყვარულით ასრულებენ’ (1 კორინთელთა 16:14, სსგ).

[სქოლიოები]

a დაწვრილებითი ინფორმაცია 2000 სამსახურებრივი წლის შესახებ, იხილეთ 18—21 გვერდებზე.

შეგიძლიათ განმარტოთ?

• ვის ვბაძავთ, როდესაც მოყვასისადმი სიყვარულს ვავლენთ?

• რამდენად ბევრის მომცველი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული?

• ქრისტიანული სიყვარულის მაჩვენებელი რომელი შემთხვევები განვიხილეთ?

• როგორ შეგვიძლია ქრისტიანული სიყვარულის განვითარება?

[სასწავლო კითხვები]

[ცხრილი 18-21 გვერდებზე]

იეჰოვას მოწმეების 2000 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

[სურათები 15 გვერდზე]

ქრისტიანული სიყვარული ოჯახს აერთიანებს.

[სურათები 17 გვერდზე]

სიყვარული აღგვძრავს, ჩვენი იმედი სხვებსაც გავუზიაროთ.