იეჰოვას მოწმეები მტკიცე დარწმუნებით განაგრძობენ წინსვლას!
იეჰოვას მოწმეები მტკიცე დარწმუნებით განაგრძობენ წინსვლას!
ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში
სკეპტიკურად განწყობილ დღევანდელ წუთისოფელში იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან, როგორც მტკიცედ დარწმუნებული ქრისტიანები. ეს აშკარად ჩანდა ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ (პენსილვანია) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2000 წლის 7 ოქტომბერს, შაბათს, ჩატარდა ჯერზი-სიტიში (ნიუ-ჯერზის შტატი), იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში a.
შესავალ სიტყვაში შეხვედრის თავჯდომარემ, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯონ ბარმა, აღნიშნა: „მილიარდობით ადამიანისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ახლა იეჰოვას საყვარელი ძე, იესო ქრისტე, მეფობს ზეცაში, თავის მტრებს შორის“. ასეთი მტკიცე დარწმუნება რომ საფუძველს არ იყო მოკლებული, მთელი მსოფლიოდან მოწოდებული ექვსი საყურადღებო ანგარიში ადასტურებს.
ბიბლიური ჭეშმარიტებით სპირიტიზმის დაძლევა ჰაიტიზე
სპირიტიზმი ჰაიტიზე საკმაოდ არის გავრცელებული. „აქ, ჩვეულებრივ, — მოგვითხრო ფილიალის კომიტეტის კოორდინატორმა, ჯონ ნორმანმა, — ადამიანები თავის დაცვის მიზნით სპირიტიზმს მიმართავენ“. მაგრამ ერთ ექიმბაშს სპირიტიზმში ეჭვი შეეპარა, როდესაც ერთხელ უბედური შემთხვევისას ფეხი დაკარგა. „როგორ დამემართა ასეთი რამ, თუ სულები მფარველობდნენ?“ — ეჭვობდა ეს მამაკაცი. როგორც მრავალ სხვას, ისე ამ მამაკაცსაც იეჰოვას მოწმეებმა შეასწავლეს ჭეშმარიტება; დაეხმარნენ, რომ სპირიტიზმისგან გათავისუფლებულიყო. ის, რომ ჰაიტიზე მაუწყებელთა პოტენციური ზრდა არის მოსალოდნელი, იმ ფაქტიდან ჩანს, რომ 2000 წლის 19 აპრილს ამ ქვეყანაში მცხოვრებ მაუწყებელთა რიცხვზე ოთხჯერ მეტი ადამიანი დაესწრო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.
კორეის ვრცელ ტერიტორიაზე გამოვლენილი ენთუზიაზმი
კორეაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების 40% სრული დროით მსახურია. „მაუწყებელთა ეს მრავალრიცხოვანი არმია, — თქვა ფილიალის კომიტეტის კოორდინატორმა, მილტონ ჰამილტონმა, — თითქმის ერთ თვეში ამცნობს ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 მილიონ ადამიანს კეთილ ცნობას“. განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია ზრდა კრებებში, რომლებიც ჟესტების ენაზე ტარდება. ერთ ჟესტების ენის რაიონში ბიბლიის 800 საშინაო შესწავლა ტარდება. საშუალოდ, ერთ მაუწყებელზე ბიბლიის ერთი შემსწავლელი მოდის. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ძმებს ნეიტრალიტეტის გამო კვლავ აპატიმრებენ.
მაგრამ ამ ერთგულ ქრისტიანებს კარგად ექცევიან და ხშირად ისეთ საქმესაც კი აკეთებინებენ, რომელიც სანდო ადამიანებმა უნდა შეასრულონ.ზრდასთან დაკავშირებული მოთხოვნილებები მექსიკაში
2000 წლის აგვისტოში მექსიკაში სამეფოს მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა, 533 665 შეადგინა. გახსენების საღამოს კი სამჯერ მეტი ადამიანი დაესწრო. „ჩვენი მიზანია, ამ წელს 240 სამეფო დარბაზი ავაშენოთ, — თქვა ფილიალის კომიტეტის კოორდინატორმა, რობერტ ტრეისმა. — თუმცა კიდევ უფრო მეტი გვჭირდება,“ — დასძინა მან.
იეჰოვას ახალგაზრდა მოწმეები მექსიკაში სამაგალითონი არიან. ერთ ახალგაზრდაზე კათოლიკე მღვდელმა თქვა: „კარგი იქნებოდა, ჩემს მრევლში მისნაირი ერთი მაინც მყოლოდა. მოხიბლული ვარ ამ ხალხის ძლიერი ნებისყოფითა და ბიბლიის გონივრულად გამოყენების უნარით. ისინი იცავენ ღვთის სახელს, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ“.
სიერა-ლეონეში არეულობის დროს უმწიკვლობის შენარჩუნება
1991 წლიდან, როდესაც სიერა-ლეონეში სამოქალაქო ომი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაიხოცა, დაიჭრა და დასახიჩრდა. „ომმა და გაჭირვებამ ხალხზე დიდი გავლენა მოახდინა, — იუწყებოდა ფილიალის კომიტეტის კოორდინატორი, ბილ კაუენი, — ბევრი, ვინც ადრე ჩვენი ცნობისადმი გულგრილობას იჩენდა, დღეს ინტერესით ისმენს. დღესდღეობით ჩვეულებრივი ამბავია, რომ პირდაპირ ქუჩიდან შემოდიან ადამიანები და პირველად ესწრებიან კრებას. ძმებს ხშირად აჩერებენ ქუჩაში და ბიბლიის შესწავლას სთხოვენ“. თუმცა ქვეყანაში კვლავ არასტაბილურობაა, სამეფოს შესახებ ქადაგებას ნაყოფი მოაქვს სიერა-ლეონეში.
დიდი საამშენებლო პროგრამა სამხრეთ აფრიკაში
ათასობით სამეფო დარბაზის აშენებაა საჭირო იმ ტერიტორიაზე, რომელზეც სამხრეთ აფრიკის ფილიალი ზრუნავს. ასობით სამეფო დარბაზი უკვე აშენებულია. „ქოხებში და ხეების ქვეშ შეკრების ნაცვლად, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, ჩვენს ძმებს საშუალება აქვთ, შეიკრიბონ სათანადო ადგილებზე, — აღნიშნა ფილიალის კომიტეტის წევრმა, ჯონ კიკოტმა. — თუმცა ამ სამეფო დარბაზების უმეტესობა უბრალოა, ისინი ახლომახლო მდებარე ნაგებობებისგან, ჩვეულებრივ, გამოირჩევა, როგორც შთამბეჭდავი შენობები. ზოგან სამეფო დარბაზის აშენებიდან ერთი წლის შემდეგ კრება ორჯერ და უფრო მეტჯერ იზრდება“.
მოწმეთა ახალი თაობა უკრაინაში
2000 სამსახურებრივი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 112 720-ს მიაღწია. აქედან 50 000-ზე მეტმა ბიბლიური ჭეშმარიტება უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შეიცნო. „ნამდვილად იეჰოვამ აღზარდა ახალი, მოწმეთა ახალგაზრდა თაობა, რათა ყველას ამცნოს თავისი სახელი! — თქვა ფილიალის კომიტეტის კოორდინატორმა, ჯონ დიდერმა. — ორი წლის განმავლობაში, — დასძინა მან, — 50 მილიონზე მეტი ჟურნალი გავავრცელეთ; ეს ციფრი ამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას უთანაბრდება. ყოველთვიურად, საშუალოდ, ათას წერილს ვიღებთ დაინტერესებული ადამიანებისგან, რომლებსაც მეტის გაგება სურთ“.
პროგრამის სხვა საინტერესო ნაწილები
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დენიელ სიდლიკმა წაიკითხა საინტერესო მოხსენება. ამავე ნომერში გამოქვეყნებული სტატია „რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგან“ დაფუძნებულია ამ მოხსენებაზე.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა თეოდორ იარაჩმა წაიკითხა დამაფიქრებელი მოხსენება სახელწოდებით „ზედამხედველები და სამსახურებრივი თანაშემწეები თეოკრატიულად ინიშნებიან“. ამავე ნომერში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია ამ თემაზეა აგებული.
ყოველწლიურ შეხვედრაზე საინტერესო მოხსენებით აგრეთვე გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი დეივიდ სპლეინი. ეს მოხსენება 2001 წლის წლიურ მუხლს ეხებოდა და დაფუძნებული იყო მოციქულ პავლეს სიტყვებზე: „იდექით სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი ღვთის ყოველ ნება-სურვილში“ (კოლასელთა 4:12, აქ). მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ასე მოიქცნენ, ქადაგებენ რა ერთგულად ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას მთელ დედამიწაზე (მათე 24:14).
[სქოლიოები]
a პროგრამის ტრანსლაცია რამდენიმე ადგილას ხდებოდა და, საერთო ჯამში, პროგრამას 13 082 ადამიანი ისმენდა.