არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგვიძლია შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს

როგორ შეგვიძლია შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს

როგორ შეგვიძლია შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს

თანამედროვე ლექსიკონები „ზნეობრიობას“ განმარტავს როგორც „მორალურ ღირსებას; სიკეთეს“. ის არის „სწორად მოქმედება და აზროვნება; სიკეთის კეთების მოთხოვნილება ადამიანში“. ლექსიკოგრაფი მარვინ ვინსენტი ამბობს, რომ „ზნეობრიობად“ თარგმნილი სიტყვის თავდაპირველი ძველბერძნული მნიშვნელობა „ნებისმიერი სახის ღირსებაზე“ მიუთითებს. გასაკვირი არ არის, რომ ისეთ თვისებებს, როგორიცაა: კეთილგონიერება, სიმამაცე, თვითდისციპლინა, სამართლიანობა, თანაგრძნობა, სიმტკიცე, პატიოსნება, თავმდაბლობა და ერთგულება, საუკუნეების განმავლობაში ძალიან აფასებდნენ. ზნეობრიობა „სწორი, მართებული ნორმების შესაბამისად მოქმედებადაც“ განიმარტება.

ღირსების, სიკეთისა და სწორად მოქმედების საკითხებში ვის ნორმებს უნდა მივყვეთ? „ზნეობის ფილოსოფიის უთვალსაჩინოესი სკოლის თანახმად, — აღნიშნავს ჟურნალი „ნიუსუიკი“, — განმანათლებლობის [ფილოსოფიური მიმდინარეობა] შედეგად გამოწვეულმა სკეპტიციზმმა სწორსა და არასწორ მოქმედებასთან დაკავშირებული ყველა იდეა პირადი გემოვნების, ემოციური უპირატესობისა თუ კულტურული არჩევნის საკითხად აქცია“. მაგრამ არის თუ არა მხოლოდ გემოვნება და ის, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას, საკმარისი იმისათვის, რომ განისაზღვროს, რა არის სწორი და რა არასწორი? არა. მაღალი ზნეობრივი ნორმების განსავითარებლად კარგისა და ცუდის გასარჩევი საიმედო ნორმები გვჭირდება — ნორმები, რომელთა მიხედვითაც გადავწყვეტთ, თუ როგორი მოქმედება, აზროვნება თუ თვისება შეიძლება სწორად ან არასწორად ჩაითვალოს.

ზნეობრივი ნორმების ერთადერთი ჭეშმარიტი წყარო

არსებობს ზნეობრივი ნორმების მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი წყარო — კაცობრიობის შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი. პირველი ადამიანის, ადამის, შექმნის შემდეგ მალე იეჰოვა ღმერთმა ადამს უთხრა: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). იეჰოვა ღმერთმა მათ მისცა ხე, რომელსაც უჩვეულო სახელი დაარქვა და რომელიც ღვთის განსაკუთრებულ უფლებაზე მიუთითებდა, კერძოდ კი იმის განსაზღვრის უფლებაზე, თუ რა იყო თავისი ქმნილებებისთვის კეთილი და ბოროტი. ამგვარად, კეთილსა და ბოროტთან დაკავშირებით ღვთის ნორმები გახდა ადამიანის მოქმედებების, შეხედულებებისა თუ ხასიათის თავისებურებების, განსჯის ან შეფასების კრიტერიუმი. ასეთი ნორმების გარეშე ვერ შევძლებდით კეთილის ბოროტისგან სწორად გარჩევას.

კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხესთან დაკავშირებით მიცემულმა მითითებამ ადამი და ევა არჩევნის წინაშე დააყენა, — დამორჩილებოდნენ ან არ დამორჩილებოდნენ ამ მითითებას. მათ მიერ მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა ამ მითითებისადმი მორჩილებას ნიშნავდა. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ უფრო მეტად გაგვიმხილა, თუ რა მოსწონს და რა არა, და ამის შესახებ ბიბლიის მეშვეობით გვამცნო. ასე რომ, მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა იეჰოვას იმ სამართლიანი ნორმების მიხედვით ცხოვრებას ნიშნავს, რომლებიც საღვთო წერილშია მოცემული.

სრულად გავეცნოთ იეჰოვას ნორმებს

ვინაიდან იეჰოვა ღმერთმა განსაზღვრა ნორმები, რომლებითაც კეთილისა და ბოროტის გარჩევა შეგვიძლია, და ისინი ბიბლიის საშუალებით გაგვიმხილა, განა სრულად არ უნდა გავეცნოთ ამ ნორმებს? მოციქული პავლე წერდა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

მაგალითად, განვიხილოთ ის გაუგებრობა, რომელსაც წინა სტატიაში მოხსენიებული კუნიხიტო წააწყდა. გაუგებრობა კუნიხიტოს მიერ თავისი კულტურის შესაბამისად გამოვლენილი მოკრძალების გამო მოხდა. საღვთო წერილის ნორმების უფრო გულდასმით შესწავლა მოგვიანებით კუნიხიტოს ამ საკითხისადმი შედარებით გაწონასწორებულ მიდგომაში დაეხმარა. ბიბლია ნამდვილად იწონებს მოკრძალებას და მეტისმეტი თვითდაჯერებულობისა და კადნიერების არიდების შესახებ რჩევას იძლევა (იგავნი 11:2; მიქა 6:8). მაგრამ „ეკიპისკოპოსობის“ მსურველთა თვისებების ჩამოთვლისას მოციქული პავლე ამ უპირატესობისკენ „სწრაფვაზე“ (აქ) ლაპარაკობდა (1 ტიმოთე 3:1). ამ „სწრაფვაში“ არ უნდა გამოვლენილიყო ბაქიაობა ან კადნიერება, მაგრამ ამასთანავე არც საკუთარი თავის უადგილო დამცირება იყო საჭირო.

რას ამბობს ბიბლია ბიზნესის სფეროში მაღალზნეობრივი ნორმების დაცვასთან დაკავშირებით? დღევანდელ ბიზნესის სამყაროში საეჭვო მეთოდების გამოყენება ან სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებსა თუ გადასახადებთან დაკავშირებული კანონებიდან მაქსიმალურად თავის დაძრომა ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებენ სხვები, ბიბლიის ნორმების თანახმად, ჩვენ ‘ყველაფერში კეთილად უნდა ვიქცეოდეთ’ (ებრაელთა 13:18). ამიტომ დამსაქმებლებთან, მოსამსახურეებთან, მყიდველებთან და მთავრობასთან ურთიერთობისას პატიოსანი და მიუკერძოებელი მოქმედებით მაღალზნეობრივ ნორმებს შევესაბამებით (მეორე რჯული 25:13—16; რომაელთა 13:1; ტიტე 2:9, 10). პატიოსნება მართლაც ნდობისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს ქმნის. წერილობითი ხელშეკრულების დადება კი ხშირად თავიდან აგვაცილებს გაუგებრობასა და სირთულეებს, რომლებიც შეიძლება რაღაც „გაუთვალისწინებელი შემთხვევის“ (აქ) გამო შეიქმნას (ეკლესიასტე 9:11; იაკობი 4:13, 14).

ჩაცმა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არის კიდევ ერთი სფერო, რომლებშიც მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა გვჭირდება. ჩაცმულობის საკითხში არჩევანზე ძალიან მოქმედებს ადგილობრივი კულტურა, აგრეთვე დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ბოლო მოდაზე ჩაცმის სურვილმა. მაგრამ რატომ უნდა ავყვეთ მოდის ნებისმიერ ცვლილებას? ბიბლია გვაფრთხილებს, ‘არ დავემსგავსოთ ამ წუთისოფელს’ (რომაელთა 12:2). მოციქული პავლე ამასთან დაკავშირებით კანონებს არ ადგენდა, მაგრამ ღვთის შთაგონებით წერდა: „დედაკაცებიც წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს“ (1 ტიმოთე 2:9, 10). ეს ძირითადი პრინციპი ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს. რა თქმა უნდა, არსებობს ჩაცმულობის საკმაოდ ბევრი კარგი სტილი, რომლებიც საცხოვრებელი ადგილისა და პირადი გემოვნების მიხედვით შეგვიძლია ავირჩიოთ.

ბიბლიაში ლაპარაკია უზნეობაზეც, რომელსაც ღმერთი აშკარად განსჯის. 1-ლი კორინთელთა 6:9, 10-ში ვკითხულობთ გაფრთხილებას: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“. წინა სტატიაში მოხსენიებულ მარიას საღვთო წერილის ეს ადგილი დაეხმარა იმის დანახვაში, რომ, შემოქმედის მიერ დადგენილი მაღალი ზნეობრივი ნორმების თანახმად, ხუანთან თავისი დამოკიდებულება არასწორი იყო და, თუ სურდა, მოქცეულიყო ღვთის მოსაწონად, უნდა გაეწყვიტა ეს ურთიერთობა. ცხადია, მაღალზნეობრივი ნორმების დასაცავად საჭიროა, ბოლომდე გავეცნოთ იეჰოვას ნორმებს.

მთელი გულით სწავლა

მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვა უფრო მეტია, ვიდრე ცუდი საქციელისგან მხოლოდ თავის შეკავება. ზნეობრივობას აქვს ძალა. მაღალზნეობრივი ადამიანი კეთილია. „ზნეობრიობას,— ამბობს ერთი პროფესორი,— გონების გარდა, გულითაც სჭირდება სწავლა“. ასე რომ, მაღალზნეობრივი ნორმების დასაცავად ღვთის სიტყვის გულმოდგინედ შესწავლა არ კმარა. საჭიროა წაკითხულზე დაფიქრება, რაც გულს იეჰოვასადმი მადლიერებით გვივსებს და ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებისკენ აღგვძრავს.

„რარიგად მიყვარს რჯული შენი,— მღეროდა ფსალმუნმომღერალი,— ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97). მეფე დავითი წერდა: „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს [ღვთის] ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 142:5). ჩვენც ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების შესწავლის განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ ლოცვა და წაკითხულზე ფიქრი.

მართალია, გულმოდგინედ სწავლისა და ნასწავლზე დაფიქრებისთვის დროის გამოყოფა შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ მაღალზნეობრივ ნორმებს რომ შევესაბამებოდეთ, სხვა საქმეებიდან ჟამის მოვაჭრებაა საჭირო (ეფესელთა 5:15, 16). 24 წლის აარონი დილით, ადრინდელთან შედარებით, 30 წუთით ადრე ადგომით ივაჭრებს ჟამს. ის ყვება: „თავიდან მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ბიბლიას მხოლოდ ვკითხულობდი. მხოლოდ ახლახან მივხვდი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს წაკითხულზე დაფიქრებას. ამიტომ ამ დროის დაახლოებით ნახევარს უკვე წაკითხულის გაანალიზებას ვუთმობ. ეს ნამდვილად სასარგებლოა“. წაკითხულზე დაფიქრება სხვა დროსაც შეიძლება. იეჰოვასთვის მიძღვნილ სიმღერაში დავითი მღეროდა: „მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე“ (ფსალმუნი 62:7). ბიბლია იმასაც გვიყვება, რომ «გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ [„რათა ეფიქრა“, აქ] საღამოხანს» (დაბადება 24:63).

წაკითხულზე დაფიქრებას ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ზნეობრიობის განვითარებაში, რადგან ის იეჰოვას თვალსაზრისის გათავისებაში გვეხმარება. მაგალითად, მარიამ იცოდა, რომ ღმერთი კრძალავს მრუშობას. მაგრამ ‘ბოროტს რომ განრიდებოდა და კეთილს მიკვროდა’, ამისათვის მას ბიბლიის ძირითად მუხლებზე დაფიქრება სჭირდებოდა (რომაელთა 12:9). კოლასელთა 3:5-ის წაკითხვა მას ცვლილებების მოხდენის აუცილებლობის დანახვაში დაეხმარა. ეს მუხლი მოგვიწოდებს: „მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“. მარიას საკუთარი თავისთვის უნდა დაესვა კითხვები: რა სახის ვნება უნდა მოვაკვდინო? რას უნდა მოვერიდო, რამაც შეიძლება უწმინდური სურვილები აღმიძრას? მჭირდება თუ არა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულების შეცვლა?

დაფიქრებაში ამა თუ იმ მოქმედების შედეგების აწონ-დაწონაც შედის. პავლე ქრისტიანებს მოუწოდებს, განერიდონ სიძვას და გამოავლინონ თავშეკავება, რათა «არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა [„არ ხელყოს თავისი ძმის უფლებები“, აქ]» (1 თესალონიკელთა 4:3—7). კარგია, დავუფიქრდეთ კითხვებს: რა ზიანს მივაყენებ საკუთარ თავს, ოჯახს ან სხვებს ამ მოქმედებით? როგორ იმოქმედებს ეს ჩემს სულიერობაზე, ემოციებსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე? როგორ წაუვიდათ საქმე მათ, რომლებმაც წინათ დაარღვიეს ღვთის კანონი? ასეთ საკითხებზე დაფიქრებამ შესძინა მარიას გულს სიმტკიცე. იგივე გავლენა შეიძლება ჩვენზეც მოახდინოს.

მაგალითებიდან სწავლა

შეიძლება მაღალზნეობრივი ნორმების სასწავლო დაწესებულებაში სწავლა? ეს ერთ-ერთი იმ კითხვათაგანია, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მოაზროვნეებს საგონებელში აგდებს. ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის, აზრით, ეს შესაძლებელი იყო. არისტოტელე კი ფიქრობდა, რომ ზნეობრივ ნორმებს ადამიანს პრაქტიკა შესძენდა. ერთმა ჟურნალისტმა კი ამ საკითხთან დაკავშირებული დებატები ამგვარად შეაჯამა: „მოკლედ რომ ვთქვათ, ზნეობრიობის განკერძოებულად სწავლა შეუძლებელია. მისი სწავლა შეუძლებელია სახელმძღვანელოებიდანაც. კარგი ბუნების ჩამოყალიბებას ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება განაპირობებს,.. სადაც მაღალ ზნეობრივ ნორმებს ესალმებიან და სადაც მათ გამო გაფასებენ“. მაგრამ, სად შეგვიძლია ნამდვილად მაღალზნეობრივი ადამიანების ნახვა? მაშინ როდესაც კულტურების უმეტესობაში მაღალზნეობრივი ნორმების მაგალითები მითოლოგიური გმირებისა და მოთხრობების სახით გვხვდება, ბიბლიაში უხვად არის ამის ნამდვილი მაგალითები.

ზნეობრიობის გამოვლენის უშესანიშნავეს მაგალითს იეჰოვა გვაძლევს. ის ყოველთვის ზნეობრივად წმინდად მოქმედებს და ყველაფერი, რასაც აკეთებს, სამართლიანი და კარგია. ჩვენ შევძლებთ შევესაბამოთ მაღალზნეობრივ ნორმებს, თუ ‘ღმერთს მივბაძავთ’ (ეფესელთა 5:1). აგრეთვე ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, ‘მაგალითი დაგვიტოვა, რათა მის კვალს მივყვეთ’ (1 პეტრე 2:21). გარდა ამისა, ბიბლიაში მოთხრობილია მრავალი ისეთი ერთგული ადამიანის შესახებ როგორიც იყო აბრაამი, სარა, იოსები, რუთი, იობი, დანიელი და მისი სამი ებრაელი მეგობარი. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს იეჰოვას თანამედროვე მსახურთა მიერ მაღალზნეობრივი ნორმების დაცვის მაგალითებიც.

ჩვენ შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ

შეგვიძლია თუ არა ნამდვილად წარმატებას მივაღწიოთ ღვთის წინაშე მაღალზნეობრივად მოქმედებაში? მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო დროდადრო შეიძლება სასტიკი ბრძოლა გაიმართოს ჩვენს გონებასა და ხორცს შორის — მაღალზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნების სურვილსა და ცოდვილ მიდრეკილებებს შორის (რომაელთა 5:12; 7:13—23). მაგრამ ღვთის დახმარებით ამ ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელია (რომაელთა 7:24, 25). იეჰოვა თავისი სიტყვითა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებით უზრუნველგვყოფს. საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლითა და ლოცვის შემდეგ მასზე დაფიქრებით სუფთა გული გვექნება. ასეთი სუფთა გულიდან შეიძლება გამოვიდეს მაღალზნეობრივი აზრები, სიტყვები და ქმედებები (ლუკა 6:45). იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მაგალითის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ღვთისმოსაწონ პიროვნებებად ჩამოყალიბება. აგრეთვე ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს ერთგულად ემსახურებიან ღმერთს.

მოციქული პავლე თავის მკითხველებს მოუწოდებს, ‘იფიქრონ’ ზნეობრიობასა და სხვა ღირსეულ თვისებებზე. ასე მოქმედებას ნამდვილად ღვთისგან კურთხევა მოჰყვება (ფილიპელთა 4:8, 9). იეჰოვას დახმარებით ჩვენ წარმატებით შევძლებთ მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას.

[სურათი 6 გვერდზე]

ბიბლიის შესწავლის ნაწილად აქციეთ წაკითხულზე დაფიქრება.

[სურათი 7 გვერდზე]

ქრისტე იესოს მიბაძვით ღვთის მოსაწონ პიროვნებად ჩამოყალიბდით.