ფეხდაფეხ მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციას
ფეხდაფეხ მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციას
„მშვიდობის ღმერთმა. . . სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად“ (ებრაელთა 13:20, 21).
1. რამდენს შეადგენს მსოფლიო მოსახლეობა და რამდენია გარკვეული რელიგიების წევრი?
ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ წელს დედამიწის მოსახლეობამ ექვს მილიარდს მიაღწია! „მსოფლიო ალმანახი“ მიუთითებს, რომ ამ რიცხვიდან 1 165 000 000 მუსლიმანია, 1 030 000 000 — კათოლიკე, 762 000 000 — ინდუსი, 354 000 000 — ბუდისტი, 316 000 000 — პროტესტანტი და 214 000 000 — მართლმადიდებელი.
2. რა შეიძლება ითქვას რელიგიებს შორის დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ?
2 თუ მხედველობაში მივიღებთ დღეს არსებულ რელიგიურ დაქსაქსულობასა და უთავბოლობას, განა შესაძლებელია, ეს მილიონები ღვთის ნების თანახმად მოქმედებდნენ? არა, „ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა“ (1 კორინთელთა 14:33). მეორე მხრივ, რა შეიძლება ითქვას იეჰოვას მსახურთა საერთაშორისო საძმოზე? (1 პეტრე 2:17). გულმოდგინე გამოკვლევით დასტურდება, რომ ‘მშვიდობის ღმერთი მათ ყოველ კეთილ საქმეში სრულყოფს მისი ნების შესასრულებლად’ (ებრაელთა 13:20, 21).
3. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში, და რატომ?
3 ცხადია, იეჰოვას მოწმეთა რიცხობრივი მაჩვენებელი არ განსაზღვრავს იმას, სარგებლობენ თუ არა ისინი ღვთის კეთილგანწყობილებით; ვერც სტატისტიკა ახდენს ღმერთზე შთაბეჭდილებას. ღმერთს ისრაელები იმიტომ არ აურჩევია, რომ ისინი სხვა ხალხებზე „მრავალრიცხოვანი“ იყვნენ. არა, ისინი, სინამდვილეში, ყველაზე „მცირერიცხოვან“ ხალხს წარმოადგენდნენ (მეორე რჯული 7:7). მაგრამ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ისრაელის ორგულობის გამო, იეჰოვამ თავისი კეთილგანწყობილება გადაიტანა ახალ კრებაზე, რომელიც იესო ქრისტეს მიმდევრებისგან შედგებოდა. ისინი იეჰოვას სულიწმიდით იქნენ ცხებული და ენთუზიაზმით შეუდგნენ ღვთისა და ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების ქადაგებას (საქმეები 2:41, 42).
გამუდმებით წინსვლა
4. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ადრინდელი ქრისტიანული კრება გამუდმებით წინ მიიწევდა?
4 პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრება გამუდმებით წინ მიიწევდა, ახალ ტერიტორიებს აღწევდა, ახალ მოწაფეებს პოულობდა და ღვთის განზრახვების შესახებ გაგებაც უფრო და უფრო მატულობდა. ადრინდელი ქრისტიანები არც ერთი ნაბიჯით არ რჩებოდნენ უკან სულიერ განათლებას, რომელიც ღვთის მიერ ინსპირირებული წერილებით მიეწოდებოდათ. მოციქულებისა და სხვების სტუმრობით გამხნევებულები, თავიანთ მსახურებას ასრულებდნენ. ეს კარგად არის აღწერილი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში (საქმეები 10:21, 22; 13:46, 47; 2 ტიმოთე 1:13; 4:5; ებრაელთა 6:1—3; 2 პეტრე 3:17, 18).
5. რატომ მიიწევს წინ დღეს ღვთის ორგანიზაცია და რატომ უნდა მივყვეთ მას ფეხდაფეხ?
5 ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას თანამედროვე მოწმეებმაც მოღვაწეობა მოკრძალებული საწყისიდან დაიწყეს (ზაქარია 4:8—10). XIX საუკუნის დასასრულიდან ცხადი გახდა, რომ ღვთის სული მის ორგანიზაციასთან იყო. რადგან საკუთარ ძალაზე კი არა, სულიწმიდის ხელმძღვანელობაზე ვიყავით დანდობილნი, კვლავაც განვაგრძობდით ბიბლიის გაგებასა და ღვთის ნების შესრულებაში წინსვლას (ზაქარია 4:6). ახლა, როდესაც „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ, ძალზე მნიშვნელოვანია, ფეხდაფეხ მივყვეთ იეჰოვას პროგრესიულ ორგანიზაციას (2 ტიმოთე 3:1—5). ასე მოქმედება იმედის შენარჩუნებისა და ამ სისტემის საბოლოოდ განადგურებამდე ღვთის უკვე დამყარებული სამეფოს შესახებ ქადაგების საშაულებას გვაძლევს (მათე 24:3—14).
6, 7. რომელ სამ სფეროს განვიხილავთ, რომლებშიც იეჰოვას ორგანიზაცია წინ მიიწევს?
6 ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც იეჰოვას ორგანიზაციასთან ურთიერთობა XX საუკუნის 20-იან, 30-იან და 40-იან წლებში დაიწყეს. იმ დროს ვის შეეძლო წარმოედგინა, თუ რა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა და რამდენად პროგრესულად განვითარდებოდა ეს ორგანიზაცია დღეისათვის? იფიქრეთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებიც ჩვენს დღეებში ხდება! მართლაც რომ სულიერად სასარგებლოა იმაზე დაფიქრება, თუ რას აკეთებს იეჰოვა თეოკრატიულად ორგანიზებული თავისი ხალხის მეშვეობით.
7 დავითზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა იეჰოვას დიდებული საქმეების ყურება. „ვიქადაგებ და ვილაპარაკებ,— თქვა მან,— მრავალია და ძნელია სათქმელად“ (ფსალმუნი 39:6). ჩვენც მსგავსი შეზღუდვები გვაქვს, რამეთუ შეუძლებელია მოვყვეთ იმ მრავალი დიდებული და საქები საქმის შესახებ, რომლებსაც იეჰოვა ჩვენს დღეებში აკეთებს. მიუხედავად ამისა, მოდი განვიხილოთ სამი სფერო, რომლებშიც იეჰოვას ორგანიზაციამ წინ წაიწია: 1) მზარდი სულიერი განათლება; 2) გაუმჯობესებული და გაფართოებული მსახურება; 3) ორგანიზაციულ საკითხებში დროული შესწორებები.
სულიერი განათლებისთვის მადლიერნი
8. იგავნის 4:18-ის თანახმად, სამეფოსთან დაკავშირებით რას ვიგებთ სულიერი განათლების წყალობით?
8 მზარდ სულიერ განათლებასთან დაკავშირებით მართლდება იგავნის 4:18-ში ჩაწერილი სიტყვები. ეს იგავი ამბობს: „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“. ო, რა მადლიერები ვართ იმ მზარდი სულიერი განათლებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ! 1919 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო) გამართულ კონგრესზე ღვთის სამეფოზე იყო ყურადღება გამახვილებული. იეჰოვა ამ სამეფოს თავისი სახელის წმინდასაყოფად და უზენაესი ხელისუფლების გასამართლებლად იყენებს. სულიერი განათლება საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, რომ დაბადებიდან გამოცხადებამდე ბიბლია ადასტურებს იეჰოვას განზრახვას, წმინდაჰყოს თავისი სახელი სამეფოს მეშვეობით, რომელსაც თავისი ძე მართავს. სწორედ ამაშია დიდი იმედი სიმართლის ყველა მოყვარულისთვის (მათე 12:18, 21).
9, 10. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში რა გახდა ცნობილი ღვთის სამეფოსა და ორი ურთიერთმოწინააღმდეგე ორგანიზაციის შესახებ, და რაში გვეხმარება ამის ცოდნა?
9 სიდარ-პოინტში 1922 წელს გამართულ კონგრესზე მთავარმა მომხსენებელმა ჯ. რუტერფორდმა ღვთის ხალხს მოუწოდა: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“ 1925 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ სტატიაში „ერის დაბადება“ ყურადღება გამახვილებული იყო იმ წინასწარმეტყველებების სულიერ სიღრმეებზე, რომლებიც 1914 წელს ღვთის სამეფოს დამყარებაზე მიუთითებდა. ასევე 20-იან წლებში გაგებულ იქნა, რომ არსებობს ორი ურთიერთმოწინააღმდეგე ორგანიზაცია — იეჰოვასი და სატანის. მათ შორის ომი მიმდინარეობს და ჩვენ გამარჯვებულთა მხარეს მხოლოდ მაშინ აღმოვჩნდებით, თუ ფეხდაფეხ მივყვებით იეჰოვას ორგანიზაციას.
10 როგორ დაგვეხმარა და გვეხმარება ასეთი სულიერი განათლება? რადგან ღვთის სამეფო და მისი მეფე, იესო ქრისტე, ამ წუთისოფლის ნაწილი არ არიან, არც ჩვენ უნდა ვიყოთ წუთისოფლისანი. თუ წუთისოფლისგან განცალკევებულად ვრჩებით, ცხადვყოფთ, რომ ჭეშმარიტების მხარეს ვართ (იოანე 17:16; 18:37). რამდენად მადლიერები ვართ იმისათვის, რომ სატანის ორგანიზაციის ნაწილი არა ვართ, რამეთუ ვხედავთ, რა საშინელი პრობლემებითაა აღსავსე ეს წუთისოფელი! და რამდენად კურთხეული ვართ იმით, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში სულიერი უსაფრთხოებით ვართ უზრუნველყოფილი!
11. რომელი ბიბლიური სახელი ეწოდა ღვთის ხალხს 1931 წელს?
11 კოლუმბუსში (ოჰაიო) 1931 წელს ჩატარებულ კონგრესზე სათანადოდ იქნა გამოყენებული ესაიას 43:10—12-ში მოცემული სიტყვები. ბიბლიის მკვლევარებს გამორჩეული სახელი, იეჰოვას მოწმეები, ეწოდათ. რამხელა უპირატესობაა, ყველასთვის ცნობილი გახადო ღვთის სახელი, რათა სხვებმაც მოუხმონ მას და გადარჩნენ! (ფსალმუნი 82:19; რომაელთა 10:13).
12. უამრავ ხალხთან დაკავშირებით რა სულიერი განათლებით უზრუნველგვყვეს 1935 წელს?
12 მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე ღვთის ხალხი, გარკვეულწილად, ორჭოფობდა მომავალი სიცოცხლის იმედის საკითხში. ზოგი ზეციერ სიცოცხლეზე ფიქრობდა, მაგრამ, ამავე დროს, მათ ძალიან იზიდავდა დედამიწაზე სამოთხის შესახებ ბიბლიური სწავლება. 1935 წელს ვაშინგტონში გამართულ კონგრესზე აღმაფრთოვანებელი იყო იმის გაგება, რომ გამოცხადების მე-7 თავში აღწერილი უამრავი ხალხი დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონეთა კლასი იყო. მას შემდეგ უამრავი ხალხის შეკრება საოცარი სისწრაფით წარიმართა. განა მადლიერები არა ვართ იმისათვის, რომ უამრავი ხალხის ვინაობა ჩვენთვის უცნობი აღარ არის? ის, რომ ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან ნამდვილად იკრიბება უამრავი ხალხი, იეჰოვას ორგანიზაციის კვალდაკვალ სიარულისას ნაბიჯებს გვაჩქარებინებს.
13. რა უდიდეს საკითხს გაესვა ხაზი სენტ-ლუისში 1941 წლის კონგრესზე?
13 სენტ-ლუისში (მისური) 1941 წელს ჩატარებულ კონგრესზე აღინიშნა ის საყურადღებო საკითხი, რომელიც ადამიანთა საზოგადოებას უნდა აღელვებდეს. ეს არის საყოველთაო მმართველობის, ანუ უზენაესი ხელისუფლების, საკითხი! იგი მალე გადაწყდება და ის დიდი და შიშისმომგვრელი დღე, როდესაც ეს საკითხი მოგვარდება, საოცარი სისწრაფით გვიახლოვდება! აგრეთვე 1941 წელს განხილული იყო ზემოხსენებულთან დაკავშირებული ერთი საკითხიც; ეს იყო უმწიკვლობა; თითოეულ ჩვენგანს გვეძლევა საშუალება, რომ ცხადვყოთ, პირადად ჩვენ რა პოზიციას ვიკავებთ ღვთის უზენაეს ხელისუფლებასთან მიმართებაში.
14. რა გახდა ცნობილი ესაიას 32:1, 2-ში მოხსენიებული მთავრების შესახებ 1950 წლის საერთაშორისო კონგრესზე?
14 ნიუ-იორკში 1950 წელს გამართულ საერთაშორისო კონგრესზე ზუსტად გაირკვა, თუ ვინ იყვნენ ესაიას 32:1, 2-ში მოხსენიებული მთავრები. აღმაფრთოვანებელი იყო ის მომენტი, როდესაც ძმა ფრედერიკ ფრენცმა ისაუბრა და განმარტა, რომ ახალი მიწის მთავრები ჩვენ შორის არიან. იმ და მომდევნო კონგრესებზე სულიერი სინათლის მრავალი ნათება იყო (ფსალმუნი 96:11). რა მადლიერები ვართ იმისათვის, რომ ჩვენი გზა „დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება“!
მსახურებაში წინსვლა
15, 16. ა) როგორ წავიწიეთ წინ მსახურებაში XX საუკუნის 20-იან, 30-იან წლებში? ბ) ბოლო ათწლეულებში, რომელმა პუბლიკაციებმა მისცა იმპულსი ქრისტიანულ მსახურებას?
15 მეორე სფერო, რომელშიც იეჰოვას ორგანიზაცია წინ მიიწევს, ჩვენს ძირითად საქმიანობას — სამეფოს შესახებ ქადაგებასა და ხალხის მოწაფეებად ქცევას — ეხება (მათე 28:19, 20; მარკოზი 13:10). ამ საქმიანობის შესასრულებლად ორგანიზაცია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს მსახურების გაფართოების მნიშვნელოვნებას. 1922 წელს ყველა ქრისტიანს სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. თითოეულ ქრისტიანზე იყო დამოკიდებული, მისცემდა თუ არა საკუთარ ნათელს ნათების საშუალებას და ამგვარად პირადად მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ჭეშმარიტების ქადაგების საქმეში (მათე 5:14—16). 1927 წელს ნაბიჯები გადაიდგა იმისაკენ, რომ კვირა დღე სამქადაგებლო საქმიანობისთვის გამოეყოთ. 1940 წლის თებერვლიდან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა საქმიანი უბნების ქუჩებში მოწმეების დანახვა, რომლებიც ხალხს „საგუშაგო კოშკსა“ და „ნუგეშს“ (ახლა „გამოიღვიძეთ!“) სთავაზობდნენ.
16 ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტ წელს გამოვიდა ბროშურა „სწავლების ნიმუში“, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა განმეორებითი მონახულებების იმ მიზნით გაკეთების აუცილებლობაზე, რომ ხალხთან ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლა დაეწყოთ. იმ წლიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას. მსახურების ამ სფეროს განსაკუთრებული იმპულსი მისცა 1946 წელს წიგნის „დაე, მართალი იყოს ღმერთი“ და 1968 წელს „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტების“ გამოცემამ. დღეს ჩვენ წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან შემეცნებას“ ვიყენებთ. ასეთი მასალების გაშუქება მყარ სულიერ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ხალხი მოწაფეებად გავხადოთ.
ორგანიზაციის დახვეწასთან ერთად, ჩვენც წავიწიოთ წინ
17. ესაიას 60:17-ის შესაბამისად, როგორ წაიწია იეჰოვას ორგანიზაციამ წინ?
17 მესამე სფერო, რომელში იეჰოვას ორგანიზაცია წინ მიიწევს, ორგანიზაციული საკითხების დახვეწასთან არის დაკავშირებული. ესაიას 60:17-ის თანახმად, იეჰოვამ აღგვითქვა: „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“. ამ წინასწარმეტყველების შესაბამისად გადაიდგა ნაბიჯები იმისათვის, რომ გაუმჯობესებულიყო სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა და სამწყსოს მწყემსვა.
18, 19. რა ორგანიზაციული შესწორებები მოხდა წლების განმავლობაში?
18 ათას ცხრაას ცხრამეტ წელს ყველა კრებაში დაინიშნა სამსახურებრივი ხელმძღვანელი, რომელსაც სამქადაგებლო საქმიანობისთვის უნდა გაეწია ორგანიზება. ამან დიდი ბიძგი მისცა ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას. 1932 წელს შეწყდა უხუცესებისა და დიაკვნების დემოკრატიული მეთოდით არჩევა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 1938 წელს მოხდა, როდესაც კრებაში ყველა მსახურის დანიშვნა კიდევ უფრო დაუახლოვდა იმ თეოკრატიული დანიშვნების მეთოდს, რომელსაც ადრინდელ ქრისტიანთა კრებაში იყენებდნენ (საქმეები 14:23; 1 ტიმოთე 4:14). 1972 წლიდან ზედამხედველები და სამსახურებრივი თანაშემწეები ინიშნებოდნენ და ისევე მსახურობდნენ, როგორც ადრინდელი ქრისტიანები. ნაცვლად იმისა, რომ კრებაში მხოლოდ ერთმა მამაკაცმა იმსახუროს კრების ზედამხედველად, ფილიპელთა 1:1-ისა და სხვა ბიბლიური მუხლების თანახმად, ზედამხედველებისთვის წაყენებული ბიბლიური მოთხოვნების შესაბამისი თვისებების მქონე მამაკაცები კრებაში უხუცესთა საბჭოს ქმნიან (საქმეები 20:28; ეფესელთა 4:11, 12).
19 ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი წლიდან იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს კომიტეტებს მთელ მსოფლიოში ღვთის ორგანიზაციის საქმიანობის ზედამხედველობა დაევალა. ფილიალის კომიტეტებს, შესაბამისად, თავიანთი ტერიტორიების ზედამხედველობა დაევალა. მას შემდეგ, ყურადღება მიექცა მთავარი სამმართველოსა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალების მუშაობის გამარტივებას, რათა ‘გამოეცადათ უმჯობესი’ (ფილიპელთა 1:9, 10). ქრისტეს თანამწყემსების პასუხისმგებლობაში შევიდა სამქადაგებლო და კრების დამოძღვრის საკითხები; აგრეთვე ღვთის სამწყსოს სათანადოდ მწყემსვის საკითხიც (1 ტიმოთე 4:16; ებრაელთა 13:7, 17; 1 პეტრე 5:2, 3).
იესოს აქტიური ხელმძღვანელობა
20. იესოს მდგომარეობასთან დაკავშირებით რა უნდა გვესმოდეს იმისათვის, რომ იეჰოვას ორგანიზაციას ფეხდაფეხ მივყვეთ?
20 იეჰოვას პროგრესიულ ორგანიზაციას ფეხდაფეხ რომ მივყვეთ, საჭიროა გვესმოდეს იესო ქრისტესთვის ღვთის მიერ მინიჭებული როლი; ეს როლი კი იმაში მდგომარეობს, რომ „ქრისტე არის ეკლესიის თავი“ (ეფესელთა 5:22, 23). საყურადღებოა ესაიას 55:4-ში ჩაწერილი სიტყვებიც, სადაც იეჰოვა გვეუბნება: „აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და მბრძანებლად“. იესომ ნამდვილად იცის, თუ როგორ იბელადოს, ანუ გასწიოს ხელმძღვანელობა. ის თავის ცხვრებსაც იცნობს და მათი საქმიანობის შესახებაც იცის. მცირე აზიის კრებების შემოწმებისას მან ხუთჯერ თქვა: „ვიცი შენი საქმენი“(გამოცხადება 2:2, 19; 3:1, 8, 15). ისევე როგორც თავისი მამისთვის, იეჰოვასთვის, იესოსთვისაც ცნობილია ჩვენი მოთხოვნილებები. ლოცვის ნიმუშის მოცემამდე იესომ თქვა: „თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ“ (მათე 6:8—13).
21. როგორ ვლინდება ქრისტიანულ კრებაში იესოს ხელმძღვანელობა?
21 როგორ ვლინდება იესოს ხელმძღვანელობა? ერთი მხრივ, ქრისტიანი ზედამხედველების მეშვეობით, რომლებიც არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). გამოცხადების 1:16-ში ცხებული ზედამხედველები აღწერილი არიან, როგორც ქრისტეს მარჯვენა ხელში მყოფნი, ანუ მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფნი. დღეს იესო ხელმძღვანელობს უხუცესებთან დაკავშირებულ საქმეებს, იქნებიან ისინი ზეციერი იმედის მქონენი თუ მიწიერის. როგორც წინა სტატიაში იყო ახსნილი, ეს მამაკაცები, ბიბლიური მოთხოვნების შესაბამისად, სულიწმიდით ინიშნებიან (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9). პირველ საუკუნეში იერუსალიმში უხუცესებისგან შედგა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც კრებებსა და სამეფოს შესახებ ქადაგებას უწევდა ხელმძღვანელობას. იმავე ნიმუშს მისდევენ დღეს იეჰოვას ორგანიზაციაში.
მივყვეთ ფეხდაფეხ!
22. რა დახმარებით უზრუნველგვყოფს ხელმძღვანელი საბჭო?
22 დედამიწაზე სამეფოს ინტერესებზე ზრუნვა „ერთგულ და გონიერ მონას“ მიენდო — მონას, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოთია წარმოდგენილი (მათე 24:45—47). ხელმძღვანელი საბჭო, ძირითადად, ქრისტიანული კრებების სულიერი ხელმძღვანელობითა და მითითებებით უზრუნველყოფაზე ზრუნავს (საქმეები 6:1—6). მაგრამ როდესაც თანამორწმუნეებს სტიქიური უბედურებები ატყდებათ თავს, ხელმძღვანელი საბჭო ერთ ან მეტ იურიდიულ ორგანოს სთხოვს თანაქრისტიანებისთვის დახმარების აღმოჩენასა და დაზიანებული სახლებისა და სამეფო დარბაზების შეკეთებაზე ზრუნვას. თუ სადმე ქრისტიანებს სასტიკად ეპყრობიან ან დევნიან, გარკვეული ნაბიჯები იდგმება მათი სულიერობის განსამტკიცებლად; და „არაკეთილსასურველი ჟამის“ დროს ყოველ ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ სამქადაგებლო საქმიანობა არ შეჩერდეს (2 ტიმოთე 4:1, 2, აქ).
23, 24. რით უზრუნველყოფს ყოველთვის იეჰოვა თავის ხალხს, და რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?
23 რაც უნდა მოხდეს, იეჰოვა ყოველთვის უზრუნველყოფს თავის ხალხს სულიერი საკვებითა და საჭირო მითითებებით. ღმერთი გამჭრიახობასა და გონიერებას აძლევს პასუხისმგებელ ძმებს, რათა მათ თეოკრატიულ ორგანიზაციაში შემდგომ წინსვლასა და დახვეწას შეუწყონ ხელი (მეორე რჯული 34:9; ეფესელთა 1:16, 17). იეჰოვა არასოდეს გვიცრუებს იმედს და ყველაფერს გვაძლევს იმისათვის, რაც ხალხის მოწაფეებად ქცევისა და მთელ მსოფლიოში ჩვენი მსახურების აღსრულებისთვის გვჭირდება (2 ტიმოთე 4:5).
24 აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულ ხალხს; ის დაიცავს მათ მომავალი ‘დიდი გასაჭირისგან’ (გამოცხადება 7:9—14; ფსალმუნი 93:14; 2 პეტრე 2:9). ყოველგვარი საფუძველი გაქვს, ბოლომდე მტკიცედ შევინარჩუნოთ ის რწმენა, რომელიც თავიდან გვქონდა (ებრაელთა 3:14). ამიტომ მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, კვლავაც ფეხდაფეხ მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციას.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვას ორგანიზაცია წინსვლას განაგრძობს?
• რა მტკიცება არსებობს იმისა, რომ ღვთის ხალხი მზარდ სულიერ განათლებას იღებს?
• როგორ გაუმჯობესდა ქრისტიანული მსახურება?
• რა დროული შესწორებები იქნა შეტანილი იეჰოვას მსახურთა ორგანიზაციულ საკითხებში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 17 გვერდზე]
დავითის მსგავსად, ვერც ჩვენ შევძლებთ იეჰოვას ყველა დიდებული საქმის ჩამოთვლას.
[სურათი 18 გვერდზე]
ღვთის სამწყსოსთვის სარგებლობა მოაქვს ორგანიზაციულ საკითხებში დროული შესწორებების შეტანას.