არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვმსახურობდი ყველგან, სადაც კი საჭირო ვიყავი

ვმსახურობდი ყველგან, სადაც კი საჭირო ვიყავი

ბიოგრაფია

ვმსახურობდი ყველგან, სადაც კი საჭირო ვიყავი

მოგვითხრო ჯეიმზ ბერიმ

იდგა 1939 წელი. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეერთებულ შტატებში ცხოვრება გაართულა. კარს მომდგარი ომი მთელ ევროპას ემუქრებოდა. ჩემი უმცროსი ძმა ბენეტი და მე სამუშაოს საძებრად მშობლიური შტატიდან, მისისიპიდან, ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) გავემგზავრეთ.

ერთხელ, ზაფხულის მიწურულს, ტექნიკური წუნის მქონე რადიო ტალღების საშუალებით სენსაციური ინფორმაცია მოვისმინეთ: ჰიტლერის ჯარი პოლონეთში შევიდა. „არმაგედონი დაიწყო!“ — წამოიძახა ჩემმა ძმამ. დაუყოვნებლივ მივატოვეთ სამუშაო და უახლოეს სამეფო დარბაზში წავედით, სადაც ჩვენთვის პირველ შეხვედრას დავესწარით. რატომ სამეფო დარბაზში? დავიწყოთ თავიდან.

დავიბადე 1915 წელს ჰებრონში (მისისიპის შტატი). ვცხოვრობდით სოფელში, სადაც წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ ხოლმე ბიბლიის მკვლევარები (როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს ერქვათ) და უთანხმდებოდნენ ხალხს, რომ მოხსენების მოსასმენად რომელიმე ოჯახში შეკრებილიყვნენ. ჩემმა მშობლებმა ბევრი ბიბლიური პუბლიკაცია მიიღეს, რომელთა მეშვეობითაც მე და ბენეტი დავრწმუნდით იმაში, რომ ჯოჯოხეთი არაა გავარვარებული ადგილი, სული კვდება, მართალნი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვქონდა სასწავლი. ცოტა ხანში სკოლაც დავამთავრე და ჩემს ძმასთან ერთად სამუშაოს საძებრად ტეხასში გავემგზავრე.

ბოლოს, სამეფო დარბაზში მოწმეებს დავუკავშირდით. მათ გვკითხეს, პიონერები ხომ არ ვიყავით. ჩვენ კი წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ პიონერად იეჰოვას სრული დროით მსახური მოწმე იწოდებოდა. შემდეგ გვკითხეს, ხომ არ იქადაგებთო. „რა თქმა უნდა!“ — ვუპასუხეთ ჩვენ. მე და ბენეტს გვეგონა, ვინმეს გამოგვაყოლებდნენ, რომელიც გვიჩვენებდა, თუ როგორ დაგვეწყო ქადაგება. ნაცვლად ამისა, მოგვცეს უბნის რუკა და გვითხრეს: აქ იქადაგეთ. მე და ბენეტს წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ გვექადაგა და ამის გამო არ გვინდოდა უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით. ბოლოს, უბნის რუკა ფოსტით გავგზავნეთ კრების მისამართზე და დავბრუნდით მისისიპიში.

ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვითავისებთ

სახლში დაბრუნების შემდეგ თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოწმეთა პუბლიკაციებს ყოველდღე ვკითხულობდით. საღამოს კი ელექტროგაყვანილობის უქონლობის გამო ცეცხლის შუქზე გვიწევდა კითხვა. იმ დღეებში ზონალური მსახურები ეწვეოდნენ ხოლმე იეჰოვას მოწმეთა კრებებსა და მოშორებით მცხოვრებ მოწმეებს, რომ სულიერად განემტკიცებინათ ისინი. ერთ-ერთი მათგანი, ტედ კლაინი, ჩვენს კრებას ეწვია. მე და ბენეტი მას ხშირად ერთად დავყავდით ხოლმე კარდაკარ საქადაგებლად და გვისხნიდა ყველაფერს, რაც კი პიონერულ მსახურებას ეხებოდა.

მასთან თანამშრომლობამ აღგვძრა, უფრო მეტი რამ გვეკეთებინა ღვთისათვის მსახურებაში. ძმა კლაინმა მე, ბენეტი და ჩემი უმცროსი და ველვა 1940 წლის 18 აპრილს მოგვნათლა. ნათლობას ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გახარებული მშობლებიც დაესწრნენ. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ისინიც მოინათლნენ და ღვთისადმი ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს. მამა 1956, ხოლო დედა 1975 წელს გარდაიცვალა.

როდესაც ძმა კლაინმა მკითხა, შემეძლო თუ არა პიონერად მსახურება, ვუთხარი, რომ სიამოვნებით დავთანხმდებოდი, მაგრამ არც ფული, არც ტანსაცმელი და საერთოდ არაფერი გამაჩნდა. „ამაზე ნუ წუხხარ“, — მითხრა მან, — მე ვიზრუნებ“. ის ასეც მოიქცა. მან ჯერ შეავსო ჩემი პიონერად მსახურების განცხადება და შემდეგ წამიყვანა 300 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ახალ ორლეანში, სადაც მაჩვენა სამეფო დარბაზის ზემოთ პიონერებისთვის განკუთვნილი რამდენიმე მშვენიერი საცხოვრებელი ბინა. მალე გადავედი იქ და დავიწყე პიონერად მსახურება. ახალ ორლეანში მცხოვრები მოწმეები ფულით, ტანსაცმლითა და საჭმლით გვეხმარებოდნენ. მთელი დღის განმავლობაში მოჰქონდათ სანოვაგე, რომელსაც ან კართან გვიტოვებდნენ, ან კიდევ მაცივარში. მახლობლად მდებარე რესტორნის მფლობელი ძმა ხშირად გვეპატიჟებოდა დღის ბოლოსთვის შემოტოვებულ საჭმელებზე: ხორცზე, პურზე, მექსიკურ კერძსა და ღვეზელზე.

მოძალადე ბრბოს პირისპირ

გარკვეული დროის შემდეგ, პიონერად დავინიშნე ჯექსონში (მისისიპის შტატი), სადაც მე და ჩემი ახალგაზრდა თანამსახური ბრბოს მხრიდან წინააღმდეგობას წავაწყდით; როგორც ჩანდა, მათ ადგილობრივი სამართალდამცველები აქეზებდნენ. მსგავსი რამ მოხდა, როდესაც კოლუმბუსში (მისისიპი) განვაგრძეთ მსახურება, სადაც ყველა რასისა და ეროვნების ადამიანებთან ვქადაგებდით. ამის გამო ზოგიერთმა თეთრკანიანმა შეგვიძულა. მრავალს სჯეროდა, რომ ანტისამთავრობო მოღვაწეობას ვეწეოდით. მეტად პატრიოტული ორგანიზაციის, „ამერიკული ლეგიონის“, მეთაურიც ასე მიიჩნევდა. მან რამდენჯერმე წააქეზა კიდეც გახელებული ბრბო, რომ თავს დაგვსხმოდნენ.

კოლუმბუსში პირველად მაშინ შემოგვიტიეს, როდესაც ქუჩაში ჟურნალებს ვავრცელებდით. ბრბომ იქვე მდებარე მაღაზიის ვიტრინასთან მიგვიმწყვდია. ხალხმა სეირის საყურებლად უცბად მოიყარა თავი. მალე პოლიცია მოვიდა და სასამართლშო წაგვიყვანა. ბრბო აგვედევნა და იქ მყოფ ყველა მოხელეს შეატყობინა, რომ, თუ გარკვეული დროის განმავლობაში დავტოვებდით ქალაქს, ცოცხლები დავრჩებოდით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასიკვდილო საფრთხე დაგვემუქრებოდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა გარკვეული ხნით დაგვეტოვებინა ქალაქი, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ დავბრუნდით და განვაახლეთ ქადაგება.

ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ რვა კაცისგან შემდგარი ბანდა თავს დაგვესხა და თავიანთ მანქანებში ჩასხდომა გვაიძულა. წაგვიყვანეს ტყეში, გაგვხადეს ტანსაცმელი და ჩემივე ქამარი ოცდაათჯერ დაგვარტყეს. მათმა თოფებმა და თოკებმა ნამდვილად შეგვაშინა. ვიფიქრეთ, რომ გათოკვასა და მდინარეში გადაყრას გვიპირებდნენ. დაგვიხიეს ჟურნალები და აქეთ-იქით მიმოგვიფანტეს, ფონოგრაფი კი კუნძზე დაანარცხეს და ნამსხვრევებად გვიქციეს.

გაშოლტვის შემდეგ გვითხრეს, რომ ჩაგვეცვა ჩვენი ტანსაცმელი და ტყიდან ბილიკით უკან მოუხედავად გავსულიყავით. როდესაც მივდიოდით, დარწმუნებული ვიყავით, რომ უკან მიხედვის შემთხვევაში მოგვკლავდნენ, თვითონ კი დაუსჯელები დარჩებოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მათი წასვლის ხმა გავიგონეთ.

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც გახელებული ბრბო დასაჭერად გამოგვეკიდა. იძულებული ვიყავით, ტანსაცმელი კისერზე შემოგვეხვია და თავის დაღწევის მიზნით მდინარე გადაგვეკვეთა. ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, როდესაც ანტისამთავრობო აგიტაციის ბრალდებით დაგვაპატიმრეს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე სამი კვირა სატუსაღოში გავატარეთ. ეს ამბავი კოლუმბუსში საჯაროდ გახმაურდა. მახლობელი კოლეჯის სტუდენტები სასამართლო პროცესზე დასასწრებად ლექციებიდანაც კი გაათავისუფლეს. პროცესიც დაიწყო. სასამართლო დარბაზი გადაჭედილი იყო და ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ იყო. სახელმწიფოს სასარგებლოდ ორი მღვდელი, ქალაქის მერი და პოლიცია აძლევდნენ ჩვენებას.

ჩვენი ადვოკატი ჯ. კლარკი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, და მისი მეგობარი გამოგზავნეს ჩვენ დასაცავად. მათ, სამხილის არარსებობის გამო, ანტისამთავრობო ქმედებისთვის აღძრული სარჩელის გაუქმება მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ძმა კლარკის თანამშრომელი ადვოკატი არ იყო იეჰოვას მოწმე, მაინც მძლავრი არგუმენტები წარადგინა ჩვენს სასარგებლოდ. თავიდან მოსამართლეს უთხრა: „ხალხი ამბობს, რომ იეჰოვას მოწმეები შეშლილები არიან. შეშლილები? ასეთივე ადამიანად მიაჩნდათ ტომას ედისონიც“. შემდეგ ელექტრონათურაზე მიუთითა და თქვა: „მაგრამ შეხედეთ ამას!“ შესაძლოა ედისონს, რომელმაც ელექტრონათურა გამოიგონა, ზოგიერთი გიჟადაც თვლიდა, მაგრამ მის მიღწევებზე არავის შეეძლო კამათი.

არგუმენტების მოსმენის შემდეგ რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პროკურორს მიმართა: „თქვენ არავითარი სამხილი არ გაგაჩნიათ, რათა ესენი ანტისამთავრობო ქმედებაში დაადანაშაულოთ; მათ აქვთ თავიანთი საქმის კეთების უფლება. თქვენ კი, ნუღარ მოიყვანთ ამათ აქ, სანამ სამხილი არ გექნებათ და ნუ დაგვაკარგვინებთ დროსა და ფულს ნურც სახელმწიფოს და ნურც მე“. ჩვენ გავიმარჯვეთ!

ამის შემდგომ მოსამართლემ თავის კაბინეტში მოგვიხმო. იცოდა, რომ მთელი ქალაქი მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიოდა და ამიტომ გაგვაფრთხილა: „მე კანონიერი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ მაინც გირჩევთ, დატოვოთ აქაურობა, თორემ მოგკლავენ!“ ვიცოდით, რომ მოსამართლე მართალი იყო და ამიტომ დავტოვეთ ქალაქი.

იქიდან ბენეტს და ველვას შევუერთდი, რომლებიც კლარკსვილში (ტენესი) სპეციალურ პიონერებად მსახურობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ პარისში (კენტუკი) დაგვნიშნეს. წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც კრების ჩამოსაყალიბებლად თითქმის მზად ვიყავით, მე და ბენეტმა მეტად განსაკუთრებული მიწვევა მივიღეთ.

მისიონერული მსახურება

როდესაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მეორე კლასში მიგვიწვიეს, ვიფიქრეთ, რომ შეცდომა დაუშვეს. რატომ უნდა მიეწვიათ ორი უბრალო ახალგაზრდა მისისიპელი ბიჭი ამ სკოლაში? გვეგონა, რომ მხოლოდ განათლებული ხალხი ესაჭიროებოდათ, მაგრამ მაინც წავედით. კლასში ასი სტუდენტი იყო. სწავლების კურსი, რომელიც ხუთი თვე გაგრძელდა, 1944 წლის 31 იანვარს დავამთავრეთ. მართალია, ძალზე მოწადინებული ვიყავით, გვემსახურა უცხო ტერიტორიაზე, მაგრამ იმის გამო, რომ პასპორტისა და ვიზის მიღებას დიდი დრო მიჰქონდა იმ პერიოდში, დროებით ისევ შეერთებულ შტატებში დაგვნიშნეს. ბოლოს, ალაბამასა და ჯორჯიაში პიონერებად მსახურების შემდეგ, მე და ბენეტმა ახალი დანიშნულება — ბარბადოსში მსახურება (ვესტინდოეთი) — მივიღეთ.

ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მეორე მსოფლიო ომი. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა და ლიტერატურა ბარბადოსის ჩათვლით ბევრ ქვეყანაში აკრძალეს. საბაჟოს მოხელეებმა ბარგი შეგვიმოწმეს და დამალული ლიტერატურა აღმოაჩინეს. ვიფიქრეთ, ჩვენს მსახურებას აქ დაესმებოდა წერტილი. მაგრამ ერთმა მოხელემ სასხვათაშორისოდ გვითხრა: „გვაპატიეთ, უნდა გაგვეჩხრიკა თქვენი ბარგი; აქ აღმოჩენილი ლიტერატურიდან ზოგი აკრძალულია ბარბადოსში“. მიუხედავად ამისა, მაინც დაგვრთო ჩვენივე ლიტერატურიანად ქვეყანაში შესვლის ნება. შემდეგ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებს ვუქადაგეთ, მათ გაუკვირდათ, რატომ აიკრძალა ლიტერატურა. რამდენიმე თვის შემდეგ აკრძალვა მოხსნეს.

ბარბადოსში მსახურებისას დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. თითოეული ჩვენგანი ბიბლიის, სულ ცოტა, 15 შესწავლას ატარებდა და შემსწავლელთა უმეტესობა სულიერად წინ მიიწევდა. გვიხაროდა, როდესაც ზოგიერთს კრების შეხვედრებზე ვხედავდით. შეინიშნებოდა, რომ ძმებს, გარკვეული დროის განმავლობაში ლიტერატურის აკრძალვის გამო, კრების შეხვედრების ჩასატარებლად არასაკმარისი ცოდნა ჰქონდათ. ამიტომ ხანმოკლე დროში რამდენიმე უნარიანი ძმის მომზადება შევძელით. გვსიამოვნებდა, როგორც მსახურების დასაწყებად ბიბლიის შემსწავლელთათვის დახმარების გაწევა, ისე იმის ხილვა, თუ როგორ იზრდებოდა კრება.

ოჯახი იზრდება

18 თვის განმავლობაში ბარბადოსში ყოფნის შემდეგ ოპერაცია დამჭირდა და იძულებული გავხდი, შეერთებულ შტატებში დავბრუნებულიყავი. იქ დავქორწინდი ერთ-ერთ მოწმეზე, სახელად დოროთი, რომელთანაც მიწერ-მოწერა მქონდა. შემდეგ მე და ჩემი ცოლი ტალაჰასში (ფლორიდა) პიონერებად ვმსახურობდით. ექვსი თვის შემდეგ ლუისვილში (კენტუკი) გადავედით, სადაც ერთ-ერთმა მოწმემ მუშაობის დაწყება შემომთავაზა. ჩემი ძმა ბენეტი მრავალი წლის განმავლობაში ბარბადოსში განაგრძობდა მსახურებას. მოგვიანებით თანამისიონერზე დაქორწინდა და კუნძულებზე მიმომსვლელ ზედამხედველად დაინიშნა. ბოლოს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შეერთებულ შტატებში მოუხდათ დაბრუნება, სადაც ბენეტი გარდაცვალებამდე ესპანურენოვან კრებებში განაგრძობდა მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურებას. ის 1990 წელს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1950 წელს მე და დოროთის პირველი შვილი, გოგო შეგვეძინა, რომელსაც დარილი დავარქვით. სულ ხუთი ბავშვი გვყავდა. მეორე, სახელად დერიკი, ორ-ნახევარი წლის ასაკში ცერებრულ-სპინალური მენინგიტით მოკვდა. ლესლი 1956, ხოლო ევერეტი 1958 წელს დაიბადა. მე და დოროთი ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, რათა ბავშვები ბიბლიურ ჭეშმარიტებაში აღგვეზარდა. ყოველთვის ვცდილობდით ბიბლიის ოჯახური შესწავლის ისეთი ყოველკვირეული პროგრამა გვქონოდა, რომელიც ბავშვებისათვის საინტერესო იქნებოდა. როცა დარილი, ლესლი და ევერეტი ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ, ყოველ კვირას ვაძლევდით ხოლმე შეკითხვებს, რომ გამოეკვლიათ და მომდევნო კვირისთვის ეპასუხათ; გარდა ამისა, დგამდნენ კარდაკარ ქადაგების სცენებს. ერთი ტანისამოსის კარადაში შეძვრებოდა, ვითომ მასპინძელი იყო. მეორე კი გარედან უკაკუნებდა. ერთმანეთის დასაშინებლად სასაცილო სიტყვებს იყენებდნენ. ეს მათ სამქადაგებლო მსახურებისადმი სიყვარულის განვითარებაში ეხმარებოდა. ჩვენ რეგულარულად ვქადაგებდით მათთან ერთად.

1973 წელს ჩვენი ყველაზე უმცროსი ვაჟის, ელტონის, დაბადებისას დოროთი 50-ს, მე კი თითქმის 60-წელს ვიყავი მიღწეული. კრებაში აბრაამსა და სარას გვეძახდნენ (დაბადება 17:15—17). უფროს ბიჭებს ხშირად დაჰყავდათ ელტონი მსახურებაში. ვხედავდით, რომ ოჯახების — მათ შორის და-ძმების, მშობლებისა და შვილების — ერთად მსახურება და ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისათვის გაზიარებაში წვლილის შეტანა, ხალხის წინაშე დიდი დამოწმება იყო. უფროსი ძმები ელტონს მხრებზე შეისვამდნენ, ხელში ტრაქტატებს დააჭერინებდნენ და ისე დაჰყავდათ. როდესაც ხალხი კარს აღებდა და ხედავდა ახალგაზრდა ძმების მხრებზე მჯდომარე პატარა ჭკვიან ბიჭუნას, ყოველთვის ავლენდნენ ინტერესს. ბიჭებმა ასწავლეს ელტონს, რომ საუბრის დამთავრების შემდეგ მოსაუბრეებისთვის ტრაქტატი გადაეცა და რამდენიმე სიტყვა ეთქვა. ასე დაიწყო მან მსახურება.

წლების განმავლობაში ვეხმარებოდით სხვებს იეჰოვას გაცნობაში. 70-იანი წლების ბოლოს ლუისვილიდან შელბივილში (კენტუკი) გადავედით, რათა იმ კრებაში გვემსახურა, სადაც ამას საჭიროება ითხოვდა. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში კრება საგრძნობლად გაიზარდა. გარდა ამისა ადგილობრივ ძმებს შესაბამისი ადგილის მოძებნასა და სამეფო დარბაზის აშენებაში დავეხმარეთ. მოგვიანებით გვთხოვეს, არც ისე შორეულ სხვა კრებაში გვემსახურა.

გაურკვეველი მდგომარეობა ოჯახურ ცხოვრებაში.

როგორ მინდოდა, ყველა ჩემი შვილი იეჰოვას გზაზე დარჩენილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. როდესაც გაიზარდნენ და ოჯახი დატოვეს, ოთხი შვილიდან სამმა ჭეშმარიტების გზა მიატოვა. მაგრამ მეოთხემ, ევერეტმა, ჩემს მაგალითს მიბაძა და სრული დროით მსახური გახდა. შემდეგ მსახურობდა ნიუ-იორკში, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში. 1984 წელს კი სკოლა „გალაადის“ 77-ე კლასში მიიწვიეს. მისი დამთავრების შემდეგ, მსახურებისთვის სიერა-ლეონეში (დასავლეთ აფრიკა) გაგზავნეს. 1988 წელს ბელგიელ პიონერ მარიანაზე დაქორწინდა. მას შემდეგ ერთად მსახურობენ მისიონერებად.

სხვა მშობლებს შეუძლიათ გაგვიგონ, თუ რამდენად გულსატკენი იყო ჩვენთვის იმ სიცოცხლის გზიდან აცდენილი შვილების ყურება, რომელსაც დღესვე მოაქვს სიამოვნება, მომავალში კი — სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების დიდებული იმედი. თავიდან თავს ვიდანაშაულებდი. მაგრამ მანუგეშა იმაზე ფიქრმა, რომ იეჰოვას ზოგიერთმა სულიერმა ძემაც კი — ანუ ანგელოზებმა — მიატოვა მისთვის მსახურება — მიუხედავად იმისა, რომ მისმიერი აღზრდა მხოლოდ სიყვარულიდან და სიკეთიდან მომდინარეობს და ის არასოდეს ცდება. (მეორე რჯული 32:4; იოანე 8:44; გამოცხადება 12:4, 9). ამან დამარწმუნა იმაში, რაოდენ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ მშობლებს, რათა შვილები იეჰოვას გზაზე დააყენონ; მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, ეს არ გაითვალისწინოს და უარი თქვას ჭეშმარიტების მიღებაზე.

როგორც ხე ეჩვევა ძლიერ ქარს, ჩვენც ასევე უნდა შევეგუოთ იმ სხვადასხვა გასაჭირსა და პრობლემას, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ვაწყდებით. წლებმა დამანახვა, რომ ბიბლიის რეგულარული შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება სულიერად მაძლიერებს და მაცოცხლებს. როცა უკვე მოვხუცდი და ვხედავ წარსულში დაშვებულ შეცდომებს, ვცდილობ, გავაანალიზო ისინი, დადებითად შევაფასო და ამით გავმხნევდე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ერთგულები ვრჩებით, ასეთი განსაცდელები მხოლოდ გვზრდის სულიერად. და თუ შევეცდებით მათგან რაიმე ვისწავლოთ, დავინახავთ, რომ ცხოვრებაში მომხდარ უარყოფით მოვლენებს, თავისი დადებითი მხარეებიც გააჩნია (იაკობი 1:2, 3).

ახლა მე და დოროთის აღარც ჯანმრთელობა გვიწყობს ხელს და აღარც ძალა შეგვწევს, რომ ჩვენი სურვილისამებრ ვემსახუროთ იეჰოვას. მაგრამ მადლიერები ვართ საყვარელი ქრისტიანი ძმებისა და დების მხარდაჭერისთვის. კრების თითქმის ყოველ შეხვედრაზე გვეუბნებიან, თუ რამდენად აფასებენ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ. ისინი ყოველმხრივ ცდილობენ შეძლებისდაგვარად ჩვენს დახმარებას — სახლისა თუ მანქანის შეკეთებითაც კი.

დროდადრო დამხმარე პიონერებად მსახურების შესაძლებლობა გვეძლევა და შესწავლებსაც ვატარებთ ხოლმე დაინტერესებულ პირებთან. განსაკუთრებული და მოულოდნელი სიხარული, რომელიც დიდ სიამოვნებას გვგვრის, აფრიკიდან ახალი ამბების მიღებაა, სადაც ჩვენი ვაჟი მსახურობს. ჩვენ კი, მართალია, ორნიღა დავრჩით, მაინც ვატარებთ ბიბლიის ოჯახურ შესწავლას. ბედნიერები ვართ, რომ წლების მანძილზე ერთგულად ვემსახურებოდით იეჰოვას. ის აღგვითქვამს, რომ არ ‘დაივიწყებს ჩვენს საქმეს და სიყვარულის შრომას, რომელიც მისი სახელისთვის გამოვიჩინეთ’(ებრაელთა 6:10).

[სურათი 25 გვერდზე]

1940 წლის 18 აპრილს ტედ კლაინი გვნათლავს მე, ველვასა და ბენეტს.

[სურათები 26 გვერდზე]

მე და ჩემი ცოლი, დოროთი, 40-იანი წლების დასაწყისში და 1997 წელს.

[სურათი 27 გვერდზე]

ბარბადოსში ავტობუსზე გამოკრული პლაკატებით საჯარო მოხსენება „მშვიდობის მთავრის“ მოსასმენად ვიწვევთ ხალხს.

[სურათი 27 გვერდზე]

ჩემი ძმა ბენეტი მისიონერთა სახლის ფონზე.