არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლატვია ეხმაურება კეთილ ცნობას

ლატვია ეხმაურება კეთილ ცნობას

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

ლატვია ეხმაურება კეთილ ცნობას

ბიბლია თვალნათლივ ცხადყოფს, რომ ღვთის ნებაა, „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). ადამიანები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მოკლებული იყვნენ კეთილი ცნობის მოსმენის შესაძლებლობას, ახლა მზად არიან მის მისაღებად! როგორც აქ მოყვანილი შემთხვევები გვიჩვენებს, ლატვიაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის ადამიანები ეხმაურებიან ამ ცნობას.

• რეზეკნეში, ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში, ერთმა ქალმა და მისმა მოზარდმა გოგონამ ქუჩაში შემხვედრ ქალს სთხოვეს, გზა მიესწავლებინა. პასუხის გაცემის შემდეგ ქალმა, რომელიც იეჰოვას მოწმე აღმოჩნდა, მათ მოწმეთა კრებაზე მოსაწვევი ბარათი მისცა.

დედა-შვილი მორწმუნე იყო, ამიტომაც შეხვედრაზე მისვლა გადაწყვიტეს. გზაში მოილაპარაკეს, რომ, თუ იქ რამე არასწორს ნახავდნენ, დაუყოვნებლივ დატოვებდნენ იქაურობას. მაგრამ კრება იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ იქიდან წასვლა დედა-შვილს ფიქრადაც კი არ მოსვლია. მათ თანხმობა განაცხადეს ბიბლიის შესწავლაზე და კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაც დაიწყეს. სამიოდე თვეში სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და უკვე მონათვლაზეც სერიოზულად ფიქრობდნენ.

• დასავლეთ ლატვიის ერთ ქალაქში მოწმე შეხვდა 85 წლის ქალს, ანას, რომელიც ნამდვილად დაინტერესდა და ბიბლიის შესწავლის დაწყებაზე თანხმობა განაცხადა. ქალიშვილი და ოჯახის სხვა წევრები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ ანამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ამ წინააღმდეგობას ან მის ხანდაზმულ ასაკსა თუ შერყეულ ჯანმრთელობას მისთვის ხელი არ შეეშალა ბიბლიის შესწავლის გაგრძელებაში.

ერთ დღესაც ანამ ქალიშვილს განუცხადა, რომ მონათვლას აპირებდა. „თუ მოინათლები, მოხუცებულთა სახლში გაგაგზავნი“, — უთხრა მას ქალიშვილმა. მაგრამ ანა ამ მუქარამ ვერ დააშინა. ცუდი ჯანმრთელობის გამო ის საკუთარ სახლში მონათლეს.

როგორი იყო ამაზე ანას ქალიშვილის რეაქცია? მან აზრი შეიცვალა და დედისთვის ნათლობის შემდეგ განსაკუთრებული სადილი მოამზადა. შემდეგ კი ჰკითხა: თავს როგორ გრძნობ ახლა, როდესაც უკვე მონათლული ხარ? ანამ უპასუხა: ახალშობილივით!

• 1998 წლის დეკემბერში ორი მოწმე ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გადამდგარ ოფიცერს შეხვდა. ამ კაცს სწამდა შემოქმედის არსებობა, ამიტომ ბიბლიის შესწავლაზე თანხმობა განაცხადა. მოგვიანებით ცოლმაც დაიწყო შესწავლა. ცოლ-ქმარი თანდათანობით წინ მიიწევდა და მალე ორივე მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. მომდევნო ზაფხულში ყოფილი ოფიცერი მოინათლა. მთელი კრებისთვის გამამხნევებელი იყო სულიერი საკითხებისადმი მათი დიდი სიყვარული. გარდა ამისა, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ საცხოვრებელი შენობის სამეფო დარბაზად გადაკეთებაში მონაწილეობისას.