„შენი ჭიპის მკურნალი“
„შენი ჭიპის მკურნალი“
როგორც ვარაუდობენ, დაავადებათა უმეტესობას ისეთი ემოციური სტრესი იწვევს, როგორიცაა შიში, მწუხარება, შური, გულისწყრომა, სიძულვილი და დანაშაულის გრძნობა. ამას თუ გავითვალისწინებთ, დიდად მანუგეშებელია ბიბლიაში მოცემული ცნობა, რომელიც ამბობს: ‘იეჰოვასადმი შიში’ „შენი ჭიპის მკურნალი და ძვლების მაცოცხლებელია“! (იგავნი 3:7, 8, აქ).
ძვლები სხეულის მთავარი შემადგენელი ნაწილებია. ამიტომ, ბიბლია სიტყვა „ძვლებს“ გადატანითი მნიშვნელობით იყენებს და გამოხატავს ადამიანის ღრმა გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც მასზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენენ. მაგრამ როგორაა შესაძლებელი, რომ იეჰოვასადმი შიში „შენი ჭიპის მკურნალი“ იყოს?
ბიბლიის მკვლევარებს განსხვავებული აზრი გააჩნიათ ზემოხსენებულ მუხლში გამოყენებული „ჭიპის“ შესახებ. ერთ-ერთი კომენტატორი ამბობს, რომ სიტყვა „ჭიპში“, რადგან ის „სხეულის ცენტრალურ არეშია მოთავსებული“, შეიძლება ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო იგულისხმებოდეს. სხვა მკვლევარი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სიტყვა „ჭიპი“, შეიძლება ეზეკიელის 16:4-ში ნახსენებ ჭიპლარს ნიშნავდეს. თუ ასეა, იგავნის 3:8, ალბათ, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ისევე მთლიანად ვართ დამოკიდებულნი ღმერთზე, როგორც უმწეო ნაყოფი საზრდოს მისაღებად — თავის დედაზე. კიდევ ერთი მოსაზრება ისაა, რომ ამ შემთხვევაში, „ჭიპი“, შესაძლოა, სხეულის კუნთებსა და მყესებზე მიუთითებდეს. მუხლის კონტექსტში ნაჩვენებია, რომ ისინი ძვლებს — სხეულის უფრო მყარ კომპონენტებსაც შეიძლება შეედაროს.
რა მნიშვნელობასაც უნდა იძენდეს, ერთი რამ ცხადია: იეჰოვასადმი მოკრძალებული შიშის გამოვლენა სიბრძნის გზაა. ამასთანავე, ღვთის ნორმებისადმი მორჩილებას დღესვე შეუძლია წვლილის შეტანა ჩვენს ჯანმრთელობაში. უფრო მეტიც, ასეთი მოქმედებით შეგვიძლია ღვთის კეთილგანწყობილება დავიმსახუროთ, რომელსაც ახალ ქვეყნიერებაში მარადიულ სიცოცხლემდე, ფიზიკურად და ემოციურად სრულყოფილ ჯანმრთელობამდე მივყავართ (ესაია 33:24; გამოცხადება 21:4; 22:2).
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Dr. G. Moscoso/SPL/Photo Researchers