არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შენ შეგიძლია გაუმკლავდე გულგატეხილობას!

შენ შეგიძლია გაუმკლავდე გულგატეხილობას!

შენ შეგიძლია გაუმკლავდე გულგატეხილობას!

ერთხელ ერთმა ბრძენმა კაცმა დაწერა: «თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი [„გული გაგიტყდა“, აქ], მცირე ყოფილა შენი ძალა» (იგავნი 24:10). თუ ოდესმე გულგატეხილობა გიგრძვნია, ალბათ, დაეთანხმებოდი ამ სიტყვებს.

გულგატეხილობით გამოწვეული გრძნობებისგან არავინ არის დაზღვეული. როცა გულგატეხილობა მსუბუქ ტკივილს გვაყენებს, ამან შეიძლება ერთი ან ორი დღე გასტანოს და შემდეგ დაგვიამდეს. მაგრამ, როცა ადამიანი გულისტკენას ან გულისწყრომას გრძნობს, ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება უფრო დიდხანს გასტანოს. წლების განმავლობაში ზოგ ერთგულ ქრისტიანს იმდენად გაუტყდა გული, რომ კრების შეხვედრებზე დასწრება და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებაც კი შეწყვიტა.

თუ გულგატეხილობას გრძნობ, გამაგრდი! ღვთის წარსულში მცხოვრები ერთგული მსახურები გაუმკლავდნენ გულგატეხილობას; ღვთის დახმარებით შენც შეძლებ ამის გაკეთებას.

როდესაც სხვები გულს გტკენენ

შეუძლებელია, არასდროს გატკინოს გული დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ ან ვინმეს წინდაუხედავმა საქციელმა. მაგრამ შენ შეგიძლია, არ დაუშვა ის, რომ სხვების არასრულყოფილებამ დაგაბრკოლოს იეჰოვასთვის მსახურებაში. თუ ვინმემ ტკივილი მოგაყენა, შენთვის შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს იმის მხედველობაში მიღება, თუ როგორ მოიქცა ასეთ გულსატკენ სიტუაციაში ხანა, სამუელის დედა.

ხანას ბავშვების ყოლის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ უშვილო იყო. მისი ქმრის მეორე ცოლმა, ფენინამ, თავის მეუღლეს უკვე ვაჟები და ქალიშვილები უშვა. იმის მაგივრად, რომ ფენინა ხანას მდგომარეობაში შესულიყო, მეტოქედ მიიჩნევდა მას და ისე ექცეოდა, რომ ხანა „ტიროდა და არაფერს ჭამდა“ (პირველი მეფეთა 1:2, 4—7).

ერთ დღეს ხანა უფლის სახლში ავიდა სალოცავად. ისრაელის მღვდელმთავარი ელი აკვირდებოდა მისი ბაგეების მოძრაობას. ის ვერ მიხვდა, რომ ხანა ლოცულობდა და ეგონა, რომ მთვრალი იყო. „რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? — მკაცრად ჰკითხა მას. — გამოიფხიზლე ღვინისგან“ (პირველი მეფეთა 1:12—14). შეგიძლია წარმოიდგინო, რა უნდა ეგრძნო ხანას? ის გამხნევების მისაღებად ავიდა უფლის სახლში. რასაკვირველია, ხანა არ მოელოდა, რომ ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მამაკაცი უსამართლოდ დაადანაშაულებდა!

ამ სიტუაციას ადვილად შეეძლო გული გაეტეხა ხანასთვის. მას შეეძლო მაშინვე დაეტოვებინა კარავი და დაეფიცა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა იქ, სანამ ელი მღვდელმთავრად იმსახურებდა. მაგრამ ხანა ნამდვილად აფასებდა იეჰოვასთან ურთიერთობას. მან იცოდა, რომ ღმერთს არ მოეწონებოდა, ასე თუ მოიქცეოდა. კარავი წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო, სადაც იეჰოვამ თავისი სახელი დაავანა. და თუმცა ელი არასრულყოფილი იყო, იეჰოვამ ის თავის წარმომადგენლად აირჩია.

ხანა ელის ბრალდებას მოკრძალებითა და მორჩილებით გამოეხმაურა, რაც საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ჩვენთვის. მან არ დაუშვა, რომ უსამართლოდ ყოფილიყო დადანაშაულებული, არამედ თავისი რეაგირებით პატივისცემა გამოავლინა: „არა, ჩემო ბატონო. — მიუგო მან. — ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს. უგვანი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მორჩილი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენხანს“ (პირველი მეფეთა 1:15, 16).

გამოთქვა ხანამ საკუთარი თვალსაზრისი? რასაკვირველია. მაგრამ ის ტაქტიანად დაელაპარაკა ელის და მოურიდებლად არ გაუკრიტიკებია ცრუ ბრალდებისთვის. თავის მხრივ, ელიც კეთილგანწყობილებით გამოეხმაურა მას და უთხრა: „წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, რასაც მოითხოვ მისგან“. რადგან გაირკვა გაუგებრობა, ხანა „წავიდა. . . თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე“ (პირველი მეფეთა 1:17, 18).

რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? ხანა სწრაფად ამოქმედდა გაუგებრობის გასარკვევად, მაგრამ მან ეს ღრმა პატივისცემით გააკეთა. შედეგად, მან შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნა იეჰოვასთან და ელისთან. ხშირად თავაზიანი სიტყვა-პასუხითა და ცოტაოდენი ტაქტიანობით თავიდან ვირიდებთ უმნიშვნელო პრობლემების დიდ პრობლემებად გადაქცევის საშიშროებას!

საჭიროა იმის შეგნება, რომ ორ პიროვნებას შორის უთანხმოებების მოსაგვარებლად ორივეს მხრიდან თავმდაბლობა და დათმობაზე წასვლა მოითხოვება. თუ თანამორწმუნე არ ეხმაურება შენს მცდელობას თქვენ შორის წარმოქმნილი უთანხმოების მოსაგვარებლად, შეგიძლია იეჰოვას მიანდო ეს საქმე და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ის ამ პრობლემას დროულად და სათანადოდ მოაგვარებს.

დაკარგე მსახურების უპირატესობა?

ზოგი დეპრესიაში ჩავარდა იმის გამო, რომ ღვთისათვის მსახურებაში ძვირფასი უპირატესობა დაკარგა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ემსახურათ თავიანთი ძმებისთვის და როცა ეს უპირატესობა დაკარგეს, ჩათვალეს, რომ აღარ იყვნენ გამოსადეგი იეჰოვასთვის ან მისი ორგანიზაციისთვის. თუ შენც ასე გგონია, ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის, მარკოზის, მაგალითზე დაფიქრებით, რომელსაც იოანეც ერქვა, შეიძლება შენთვის ნათელი მოეფინოს ამ საკითხს (საქმეები 12:12).

მარკოზი თან ახლდა პავლესა და ბარნაბას მათი პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს, მაგრამ შუა მგზავრობისას მან მიატოვა ისინი და იერუსალიმში დაბრუნდა (საქმეები 13:13). მოგვიანებით ბარნაბას სხვა მოგზაურობის დროს სურდა, თან წაეყვანა მარკოზი. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია: „პავლე კი ფიქრობდა, რომ არ უნდა წაეყვანათ ის, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე“. ბარნაბა არ იყო თანახმა. „აქედან, — ნათქვამია ბიბლიაში, — ჩამოვარდა უთანხმოება, ასე რომ, ისინი [პავლე და ბარნაბა] დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გასცურეს კვიპროსამდე. ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა“ (საქმეები 15:36—40).

მარკოზი ძალიან უნდა დაემწუხრებინა იმის გაგებას, რომ პატივსაცემ მოციქულ პავლეს არ სურდა მასთან თანამშრომლობა და მისი ვარგისიანობის შესახებ კამათმა ბზარი გააჩინა პავლესა და ბარნაბას ურთიერთობაში. მაგრამ ეს ამბავი ამით არ დასრულებულა.

პავლესა და სილას ჯერ კიდევ ესაჭიროებოდათ თანამგზავრი. როდესაც ისინი ლისტრაში ჩავიდნენ, მარკოზის შემცვლელი ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ტიმოთე, იპოვეს. ის შეიძლება მხოლოდ ორი ან სამი წლის მონათლული ყოფილიყო მაშინ, როცა თანამსახურად აირჩიეს. მეორე მხრივ, მარკოზს ქრისტიანულ კრებასთან მისი ჩამოყალიბების პერიოდიდანვე ჰქონდა კავშირი — ფაქტობრივად, უფრო დიდხანს, ვიდრე თავად პავლეს. მაგრამ პრივილეგიური დანიშნულება ტიმოთემ მიიღო (საქმეები 16:1—3).

რა რეაქცია ჰქონდა მარკოზს, როცა შეიტყო, რომ მის მაგივრად ნაკლებად გამოცდილი ახალგაზრდა მამაკაცი აირჩიეს? ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ამის შესახებ. მაგრამ საღვთო წერილი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მარკოზი აქტიური დარჩა იეჰოვასთვის მსახურებაში. მან ისარგებლა მისთვის რეალური უპირატესობებით. თუმცა არ შეეძლო პავლესა და სილასთან ერთად ემსახურა, ის ბარნაბასთან ერთად კვიპროსში, ბარნაბას სამშობლოში, გაემგზავრა. მარკოზმა აგრეთვე პეტრესთან ერთად იმსახურა ბაბილონში. საბოლოოდ მას რომში პავლესთან და ტიმოთესთან მსახურების შესაძლებლობა მიეცა (კოლასელთა 1:1; 4:10; 1 პეტრე 5:13). მოგვიანებით მარკოზმა ღვთის შთაგონებით ოთხი სახარებიდან ერთ-ერთიც კი დაწერა!

აქედან უმნიშვნელოვანესი გაკვეთილის მიღება შეიძლება. მარკოზი იმდენად არ შეუწუხებია დაკარგულ უპირატესობაზე ფიქრს, რომ აღარ დაეფასებინა მისთვის ჯერ კიდევ რეალური უპირატესობები. მარკოზი იეჰოვასთვის მსახურებით იყო დაკავებული, რისთვისაც იეჰოვამ აკურთხა.

ასე რომ, თუ დაკარგე უპირატესობა, გულს ნუ გაიტეხ. თუ დადებით თვალსაზრისს შეინარჩუნებ და იშრომებ, შეიძლება სხვა უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობა მოგეცეს. ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იუხვო უფლის საქმეში (1 კორინთელთა 15:58).

ღვთის ერთგული მსახური გულგატეხილობას გრძნობს

ადვილი არ არის რწმენისთვის შეუპოვრად ბრძოლა. დროდადრო შეიძლება გული გაგიტყდეს. შეიძლება დამნაშავედაც კი იგრძნო თავი გულგატეხილობის გამო და დაასკვნა, რომ ღვთის ერთგულ მსახურს არასდროს უნდა დაეუფლოს ასეთი გრძნობა. გაიხსენე ელიას, ისრაელის ერთ-ერთი ცნობილი წინასწარმეტყველის, შემთხვევა.

როდესაც ისრაელის დედოფალმა იზებელმა, ბაალის ფანატიკოსმა თაყვანისმცემელმა, შეიტყო, რომ ელიამ ბაალის წინასწარმეტყველები დახოცა, სიკვდილით დაემუქრა მას. ელია გაბედულად შეხვედრია იზებელზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ მოულოდნელად ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ სიკვდილი ისურვა (მესამე მეფეთა 19:1—4). როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? მას რაღაც გამორჩა მხედველობიდან.

ელიას დაავიწყდა, დანდობილიყო იეჰოვაზე, თავის გამაძლიერებელზე. ვინ მისცა ელიას მკვდრების აღდგენისა და ბაალის წინასწარმეტყველთა წინაშე პირისპირ დგომის ძალა? — იეჰოვამ. რასაკვირველია, იეჰოვას შეეძლო მისთვის იმის ძალაც მიეცა, რომ არ შეშინებოდა დედოფალ იზებელის რისხვას (მესამე მეფეთა 17:17—24; 18:21—40; 2 კორინთელთა 4:7).

ვინმე შეიძლება წამიერად შეყოყმანდეს, დაენდოს თუ არა იეჰოვას. ელიას მსგავსად, დროდადრო შეიძლება შენც ადამიანური თვალსაზრისით შეხედო გარკვეულ პრობლემას, ნაცვლად იმისა, რომ ‘მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნით’ გაუმკლავდე მას (იაკობი 3:17). მაგრამ იეჰოვას არ მიუტოვებია ელია დროებითი დაცემის გამო.

ელია ბერშებაში გაიქცა და შემდეგ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც მისი აზრით, ვერავინ მიაგნებდა. მაგრამ იეჰოვამ იპოვა და ანგელოზი გაუგზავნა სანუგეშებლად. ანგელოზმა იზრუნა, რომ ელიას ახალგამომცხვარი პური (აქ) ეჭამა და გამაგრილებელი წყალი შეესვა. დასვენების შემდეგ ანგელოზმა დაახლოებით 300 კილომეტრით დაშორებულ ხორების მთისკენ გაგზავნა, სადაც იეჰოვა კიდევ უფრო გააძლიერებდა მას (მესამე მეფეთა 19:5—8).

ხორების მთაზე ელია იეჰოვას ძალის თვითმხილველი გახდა, რამაც ის გააძლიერა. შემდეგ იეჰოვამ მშვიდად და დაბალი ხმით დაარწმუნა იმაში, რომ მარტო არ იყო. იეჰოვა და აგრეთვე ელიას 7 000 ძმა, რომლებსაც ის არ იცნობდა, მასთან იყვნენ. ბოლოს იეჰოვამ ახალი დავალება მისცა მას. მას არ უარუყვია ელია, როგორც თავისი წინასწარმეტყველი (მესამე მეფეთა 19:11—18).

დახმარების მიღება შესაძლებელია

თუ დროდადრო გულგატეხილობით გამოწვეულ მსუბუქ ტკივილს გრძნობ, შეიძლება უკეთესად იგრძნო თავი, თუ დამატებით დაისვენებ ან ნოყიერ საკვებს მიიღებ. ერთხელ ნეითან ნორმა, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად მსახურობდა სიკვდილამდე, 1977 წლამდე, აღნიშნა, რომ ხშირად სერიოზული პრობლემა უმნიშვნელოდ გვეჩვენება კარგად გამოძინების შემდეგ. როცა პრობლემა უფრო სერიოზულია, ასეთი ზომის მიღება შეიძლება არ იყოს საკმარისი. ჩვენ დახმარება დაგვჭირდება გულგატეხილობასთან საბრძოლველად.

იეჰოვამ ელიას გასაძლიერებლად ანგელოზი გაგზავნა. დღეს ღმერთი უხუცესებისა და სხვა მოწიფული ქრისტიანების მეშვეობით გვამხნევებს. უხუცესებს ნამდვილად შეუძლიათ იყვნენ „როგორც საფარი ქარში“ (ესაია 32:1, 2). მაგრამ მათ მიერ რომ გამხნევდე, შეიძლება თავად დაგჭირდეს ინიციატივის გამოვლენა. გულგატეხილობის მიუხედავად, ელია იეჰოვას დარიგების მისაღებად ხორების მთისკენ გაემგზავრა. ჩვენ ქრისტიანული კრების საშუალებით ვიღებთ განმამტკიცებელ დარიგებებს.

როცა შემოთავაზებულ დახმარებას ვეხმაურებით და გაბედულად ვხვდებით ისეთ გამოცდებს, როგორიცაა ვინმესგან გულის ტკენა ან უპირატესობების დაკარგვა, ჩვენ მნიშვნელოვან საკამათო საკითხში იეჰოვას მხარეს ვიჭერთ. რომელ საკამათო საკითხზეა საუბარი? სატანამ განაცხადა, რომ ადამიანები იეჰოვას მხოლოდ ანგარების გამო ემსახურებიან. ის არ გამორიცხავს, რომ ჩვენ ღვთის მსახურები ვიქნებით მაშინ, როცა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იქნება, მაგრამ, ამავე დროს, ამტკიცებს, რომ ჩვენ შევწყვეტთ ღვთისათვის მსახურებას, როცა სირთულეების წინაშე დავდგებით („იობის“ პირველი და მეორე თავები). გულგატეხილობის მიუხედავად, იეჰოვასთვის მსახურების შეუპოვრად გაგრძელებით ჩვენ შევძლებთ პასუხი გავცეთ ეშმაკის ცილისმწამებლურ ბრალდებას (იგავნი 27:11).

ხანას, მარკოზსა და ელიას მსგავსი პრობლემები ჰქონდათ, რომელთა გამოც მათ ცოტა ხნით წაერთვათ სიხარული. მაგრამ მათ გადაჭრეს თავიანთი პრობლემები და ნაყოფიერი ცხოვრება დაიწყეს. იეჰოვას დახმარებით შენც შეძლებ გულგატეხილობასთან გამკლავებას!