არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღდგენილი ხალხი განადიდებს იეჰოვას მთელ დედამიწაზე

აღდგენილი ხალხი განადიდებს იეჰოვას მთელ დედამიწაზე

აღდგენილი ხალხი განადიდებს იეჰოვას მთელ დედამიწაზე

«გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს [„მივცემ სუფთა ენას“, აქ], რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი» (სოფონია 3:9).

1. რატომ შესრულდა განადგურების შესახებ სიტყვები იუდასა და სხვა ერებზე?

 ეს რა მკაცრი სამსჯავრო ცნობების წარმოთქმა შთააგონა იეჰოვამ სოფონიას! განადგურების შესახებ ეს სიტყვები იუდასა და მის დედაქალაქ იერუსალიმზე შესრულდა, რადგან მისი წინამძღოლები და, მთლიანობაში, ხალხი არ ასრულებდნენ იეჰოვას ნებას. იეჰოვას რისხვას მეზობელი ერებიც — ფილისტიმელები, მოაბელები და ყამონელები — იგემებდნენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი საუკუნეების განმავლობაში სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ ღვთის ხალხს. ზუსტად ამავე მიზეზით მსოფლიო მპყრობელი აშურიც უნდა განადგურებულიყო ისე, რომ ვერასოდეს აღდგენილიყო.

2. როგორც ჩანს, ვის მიმართ იყო ნათქვამი სოფონიას 3:8-ში ჩაწერილი სიტყვები?

2 მაგრამ იმ დროს იუდაში ზოგიერთი სწორად იყო განწყობილი. ისინი ელოდებოდნენ დროს, როცა ღვთის განაჩენი აღსრულდებოდა ბოროტებზე და, როგორც ჩანს, მათ მიმართ იყო ნათქვამი: „მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა“ (სოფონია 3:8).

‘სუფთა ენა’ — ვისთვის?

3. რომელი დამაიმედებელი ცნობის წარმოსათქმელად იქნა შთაგონებული სოფონია?

3 დიახ, სოფონიამ ხალხს განადგურების შესახებ იეჰოვას ცნობები ამცნო. მაგრამ ის დამაიმედებელი შესანიშნავი ცნობის ჩასაწერადაც იყო შთაგონებული. ეს იმედი ძალიან მანუგეშებელი იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იეჰოვას ერთგულებად რჩებოდნენ. როგორც სოფონიას 3:9-ში წერია, იეჰოვა ღმერთმა განაცხადა: „მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ“.

4, 5. ა) რა მოუვიდოდათ უსამართლო ადამიანებს? ბ) ვის უნდა მიეღო სარგებლობა აქედან და რატომ?

4 მაგრამ იქნებოდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ მიეცემოდათ ეს სუფთა ბაგეები ანუ ენა. წინასწარმეტყველებაში მათ შესახებ ნათქვამია: «მოვარიდებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს [„ქედმაღლურად მოზეიმეებს“, აქ]» (სოფონია 3:11). ასე რომ, ქედმაღალი ადამიანები, რომლებსაც ღვთის კანონები სძულდათ და უსამართლოდ იქცეოდნენ, უნდა განადგურებულიყვნენ. ვის მოუტანდა ეს სარგებლობას? სოფონიას 3:12, 13-ში იეჰოვა ამბობს: „დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს. აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი“.

5 დიახ, ერთგულებს, ძველი ისრაელის დარჩენილ ნაწილს, უნდა მიეღო სარგებლობა. რატომ? იმიტომ რომ ისინი შემდეგი სიტყვების შესაბამისად მოქმედებდნენ: „ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3).

6. რა მოხდა სოფონიას წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას?

6 აი რა მოხდა სოფონიას წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას. იეჰოვამ დასაჯა ურწმუნო იუდა და დაუშვა, რომ ძვ. წ. 607 წელს მსოფლიო მპყრობელს, ბაბილონს, ხელთ ეგდო და ტყვედ წაესხა იუდას მკვიდრნი. ზოგიერთებმა, მათ შორის იერემიამ, თავი დააღწიეს ტყვეობას. სხვებმა კი ერთგულად განაგრძეს იეჰოვასთვის მსახურება ტყვეობაში. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი მიდიელებმა და სპარსელებმა დაამხეს მეფე კიროსის მეთაურობით. ორი წლის შემდეგ კიროსმა გამოსცა ბრძანება, რომელიც იუდაელთა დარჩენილ ნაწილს სამშობლოში დაბრუნების ნებას რთავდა. დროთა განმავლობაში იერუსალიმის ტაძარი განაახლეს და იეჰოვამ სამღვდელოება აღადგინა, რათა მათ ხალხისთვის რჯული ესწავლებინათ (მალაქია 2:7). ასე რომ, იეჰოვა დარჩენილი ნაწილის კეთილდღეობას უწყობდა ხელს მანამ, სანამ ისინი ერთგულებას ინარჩუნებდნენ.

7, 8. ვის ეხებოდა სოფონიას 3:14—17-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები და რატომ პასუხობთ ასე?

7 სოფონია წინასწარმეტყველებდა მათ შესახებ, რომლებიც ამ აღდგენაში მიიღებდნენ მონაწილეობას: „გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ. იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღება მკლავი! უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გისხნის; სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო“ (სოფონია 3:14—17).

8 აქ საუბარია დარჩენილ ნაწილზე, რომელიც ბაბილონში მყოფი ტყვე იუდაელებისგან შეიკრიბა და მამა-პაპის მიწა-წყალს დაუბრუნდა. სოფონიას 3:18—20 ნათელს ჰფენს ამას: „შევკრებ დღესასწაულს მოწყვეტილთ, შენგან რომ გავიდნენ; სირცხვილი აწევთ ტვირთად. აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს; ვიხსნი კოჭლს, გაფანტულს თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში. იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე მოგიყრით თავს, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი“.

9. როგორ შეიქმნა სახელი იეჰოვამ, როდესაც იუდას სასარგებლოდ იმოქმედა?

9 წარმოიდგინეთ, როგორი გაკვირვებული და თავზარდაცემული იქნებოდნენ გარშემო მყოფი ერები, რომლებიც ღვთის ხალხს მტრობდნენ! იუდას მკვიდრნი ტყვეებად წაასხა ძლევამოსილმა ბაბილონმა და, ერთი შეხედვით, მათი დაბრუნების იმედიც აღარ არსებობდა. მათი ქვეყანა კი გატიალებული იყო. მაგრამ იეჰოვას ძალით ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ 70 წლის შემდეგ, მაშინ როცა მტრულად განწყობილი სახელმწიფოები მალე უნდა განადგურებულიყვნენ. რა დიდებული სახელი შეიქმნა იეჰოვამ თავისთვის იმით, რომ დააბრუნა ერთგული დარჩენილი ნაწილი! ღმერთმა თავის ხალხს ‘სახელი და დიდება მოუხვეჭა დედამიწის ყველა ხალხში’. როგორი დიდება მოუტანა ამ აღდგენამ იეჰოვას და მათ, ვინც მის სახელს ატარებდა!

იეჰოვას თაყვანისმცემლობის განდიდება

10, 11. როდის უნდა შესრულებულიყო დიდი მასშტაბით აღდგენის შესახებ სოფონიას წინასწარმეტყველება და საიდან ვიცით ეს?

10 სხვა აღდგენა მოხდა ახ. წ. პირველ საუკუნეში, როცა იესომ ისრაელის დარჩენილი ნაწილი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის შეკრიბა. ეს მომავლის პირველსახე იყო, რადგან ამ აღდგენას დიდი შესრულება მომავალში ექნებოდა. მიქას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები“ (მიქა 4:1).

11 როდის უნდა მომხდარიყო ეს? როგორც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი — „უკანასკნელ დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1). ეს უნდა მომხდარიყო თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრულამდე, მაშინ როცა ერები ჯერ ისევ ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლები იქნებოდნენ. მიქას 4:5-ში ნათქვამია: „ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის“. რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე? ამ კითხვაზე პასუხს მიქას წინასწარმეტყველება იძლევა: „ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“.

12. როგორ აღზევდა ამ უკანასკნელ დღეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

12 მაშასადამე, ამ ბოლო დღეებში ‘მთების თავში დამყარდა უფლის სახლის მთა’. იეჰოვას აღზევებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგა და ყველა სხვა რელიგიაზე მტკიცედ დაფუძნდა. როგორც მიქამ იწინასწარმეტყველა, „მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები“ და ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები, ‘უკუნითი უკუნისამდე ივლიან თავიანთი ღმერთის, იეჰოვას სახელით’.

13, 14. როდიდან დაუდგა მსოფლიოს „უკანასკნელი დღეები“ და რა მოხდა მას შემდეგ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში?

13 ეს მოვლენები, რომლებითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება, გვიჩვენებს, რომ წუთისოფლისთვის 1914 წლიდან დაიწყო უკანასკნელი დღეები (მარკოზი 13:4—10). ისტორია ცხადყოფს, რომ იმ დროს იეჰოვამ დაიწყო ზეციური იმედის მქონე ერთგული ცხებულების დარჩენილი ნაწილის შეკრება. ამას მოჰყვა იმ „უამრავი ხალხის“ შეგროვება „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, რომლებსაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (გამოცხადება 7:9).

14 პირველი მსოფლიო ომიდან დღემდე იეჰოვასადმი თაყვანისცემამ იმ ადამიანების მიერ, ვინც მის სახელს ატარებს, ღვთის ხელმძღვანელობით დიდებულად წაიწია წინ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იეჰოვას თაყვანისმცემელთა რაოდენობამ რამდენიმე ათასიდან თითქმის ექვს მილიონს მიაღწია 235 ქვეყნის 91 000 კრებაში. ღვთის საჯაროდ განდიდებას სამეფოს ეს მაუწყებლები ყოველწლიურად ერთ მილიარდზე მეტ საათს უძღვნიან. ნათელია, რომ იეჰოვას მოწმეები ასრულებენ იესოს წინასწარმეტყველურ სიტყვებს: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).

15. როგორ სრულდება დღეს სოფონიას 2:3?

15 სოფონიას 3:17 აღნიშნავს: «უფალი [„იეჰოვა“, აქ], შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის». სულიერი კეთილდღეობა, რომლითაც იეჰოვას მსახურები ტკბებიან ამ უკანასკნელ დღეებში, იმის უშუალო შედეგია, რომ იეჰოვა ‘მათ წიაღშია’, ის ჰყავთ თავიანთ ყოვლისშემძლე ღმერთად. ეს ასე იყო, როცა ძვ. წ. 537 წელს ძველი იუდა აღდგენილ იქნა, და ეს ასეა დღესაც. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, ჩვენს დროში, დიდი მასშტაბით, როგორ სრულდება სოფონიას 2:3: «ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო [„ყველა თვინიერო“, აქ]». ძვ. წ. 537 წელს ‘ყველაში’ შედიოდა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულ იუდაელთა დარჩენილი ნაწილი. დღეს ეს წარმოადგენს ყველა თვინიერს დედამიწის ყველა ერიდან, მათ, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან სამეფოს შესახებ მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს და რომლებიც ‘იეჰოვას სახლის მთისკენ’ მიემართებიან.

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აყვავება

16. როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს მტრებს, როდესაც ხედავენ იეჰოვას მსახურთა წარმატებებს?

16 ძვ. წ. 537 წლის შემდეგ გარშემო მყოფი მრავალი ერი გაკვირვებული იყო იმის გამო, რომ ღვთის მსახურები დაუბრუნდნენ სამშობლოსა და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მაგრამ ეს აღდგენა შედარებით მცირე მასშტაბით მოხდა. შეგიძლიათ თუ არა იმის წარმოდგენა, თუ რას ამბობს დღეს ზოგიერთი, თვით ღვთის ხალხის მტრები, როდესაც იეჰოვას მსახურთა ამჟამინდელ საკვირველ ზრდას, კეთილდღეობასა და წინსვლას ხედავს? უეჭველია, ამ მტრებიდან ზოგი იმავეს განიცდის, რასაც ფარისევლები განიცდიდნენ, როცა ხედავდნენ, რომ ხალხი იესოს გარშემო იყრიდა თავს. ისინი სასოწარკვეთით ამბობდნენ: „მთელი წუთისოფელი მას მიჰყვება“ (იოანე 12:19).

17. რა თქვა ერთმა მწერალმა იეჰოვას მოწმეებზე და რამდენად გაიზარდა მათი რიცხვი?

17 წიგნში, სათაურით „მათაც სწამთ“, პროფესორმა ჩარლზ ბრადენმა აღნიშნა: ‘იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი ქადაგებით მთელი დედამიწა შემოიარეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ გამოუვლენია იეჰოვას მოწმეებზე უფრო მეტი გულმოდგინება და დაჟინებულობა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელების მცდელობაში. ეს მოძრაობა, როგორც ჩანს, უფრო და უფრო გაძლიერდება’. რა მართალი იყო ეს ადამიანი! 50 წლის წინათ, როდესაც მან ეს სიტყვები დაწერა, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 300 000 მოწმე ქადაგებდა. რას იტყოდა ის ჩვენი დღევანდელი მოღვაწეობის მასშტაბებზე, როცა მქადაგებელთა რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა და დაახლოებით ექვს მილიონს მიაღწია?

18. რა არის სუფთა ენა და ვის აძლევს ღმერთი მას?

18 თავისი წინასწარმეტყველის პირით ღმერთმა აღგვითქვა: „გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ“ (სოფონია 3:9). ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვას მოწმეები იეჰოვას სახელს უხმობენ და გაერთიანებულად, სიყვარულის უწყვეტი კვანძებით დაკავშირებულები, დიახ, „ერთსულოვნად“, ანუ „მხარდამხარ“ (აქ) ემსახურებიან მას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც იეჰოვამ მისცა სუფთა ენა. ამ სუფთა ენაში შედის ღვთისა და მის განზრახვებთან დაკავშირებული ჭეშმარიტების სწორი გაგება, რასაც მხოლოდ იეჰოვა იძლევა თავისი სულიწმიდის მეშვეობით (1 კორინთელთა 2:10). ვის აძლევს ის თავის სულიწმიდას? მხოლოდ ‘თავის მორჩილთ’ (საქმეები 5:32). მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არიან მზად, ყველაფერში დაემორჩილონ ღმერთს, როგორც თავიანთ მმართველს. აი ამიტომაც იღებენ ისინი ღვთის სულიწმიდას და სუფთა ენაზე ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ ჭეშმარიტებას იეჰოვასა და მისი სასწაულებრივი განზრახვების შესახებ. ისინი ამ სუფთა ენას, მთელი დედამიწის ზურგზე უზარმაზარი და მზარდი მასშტაბით, იეჰოვას განსადიდებლად იყენებენ.

19. რას ნიშნავს სუფთა ენაზე ლაპარაკი?

19 სუფთა ენაზე ლაპარაკი არა მხოლოდ ჭეშმარიტების რწმენას და სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ ჩვენი საქციელი ღვთის კანონებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს. ცხებული ქრისტიანები მოწინავეები არიან იეჰოვას ძიებასა და სუფთა ენაზე ლაპარაკში. დაფიქრდით, რა იქნა მიღწეული! თუმცა ცხებულთა რაოდენობა შემცირდა და 8 700-ზე ნაკლები გახდა, დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი ჰბაძავს მათ რწმენას იეჰოვას ძიებასა და სუფთა ენით ლაპარაკში. იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამომვლენი, ყველა ერიდან შეკრებილი ეს უამრავი ხალხი, რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება, ღვთის სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში წმინდა მსახურებას ეწევიან; ისინი გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“, რომელიც მალე უსამართლო წუთისოფელს დაატყდება თავს (გამოცხადება 7:9, 14, 15).

20. რა ელით ერთგულ ცხებულებს და უამრავ ხალხს?

20 უამრავი ხალხი დამკვიდრდება ღვთის ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13). იესო ქრისტე და ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილი 144 000 ცხებული მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ და დედამიწის ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევლენ (რომაელთა 8:16, 17; გამოცხადება 7:4; 20:6). დიდ გასაჭირს გადარჩენილები დედამიწის სამოთხედ გადაქცევას დაიწყებენ და ღვთის მიერ ბოძებული სუფთა ენით ლაპარაკს განაგრძობენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ეხება სიტყვები: „შენი ვაჟები [და, რა თქმა უნდა, ქალიშვილებიც], ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა. სიმართლით განმტკიცდები“ (ესაია 54:13, 14).

კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი საგანმანათლებლო მოღვაწეობა

21, 22. ა) საქმეების 24:15-ის თანახმად ვის დასჭირდება სუფთა ენის შესწავლა? ბ) სამეფოს ხელმძღვანელობით რა უმაგალითო საგანმანათლებლო საქმიანობა წარიმართება დედამიწაზე?

21 ახალ ქვეყნიერებაში იქნება მრავალი ისეთი ადამიანი, რომლებსაც სუფთა ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ამ ადამიანებთან დაკავშირებით საქმეების 24:15 ამბობს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“. წარსულში მილიარდობით ადამიანი ისე მოკვდა, რომ იეჰოვას შესახებ ზუსტი შემეცნება არ მიუღია. ღმერთი გარკვეული თანმიმდევრობით აღადგენს ამ ადამიანებს. მათ კი ყველას დასჭირდება სუფთა ენის სწავლა.

22 რა შესანიშნავი უპირატესობა იქნება ამ უდიდეს საგანმანათლებლო საქმეში მონაწილეობის მიღება! ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი საგანმანათლებლო საქმე, რომელიც მთლიანად სამეფო ძალაუფლების მქონე ქრისტე იესოს კეთილმოსურნე მმართველობის დროს შესრულდება. შედეგად, კაცობრიობა საბოლოოდ იხილავს ესაიას 11:9-ის შესრულებას, რომელშიც ნათქვამია: „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“.

23. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, იეჰოვას ხალხს, დიდი პატივი გვხვდა წილად?

23 რა დიდი პატივი გვხვდა წილად ამ უკანასკნელ დღეებში! — ვემზადებით იმ საოცარი მომავლისთვის, როდესაც დედამიწა იეჰოვას შესახებ ცოდნით მართლაც აივსება! და რა უდიდესი პატივია ის, რომ ღვთის ხალხს შორის ვართ და ჩვენზე სრულდება სოფონიას 3:20-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება! ამ სიტყვებით იეჰოვა გვარწმუნებს: „მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში“.

როგორ უპასუხებდით?

• რა და რა სახით შესრულდა აღდგენის შესახებ სოფონიას წინასწარმეტყველება?

• რა წარმატებებს აღწევს ამ უკანასკნელ დღეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

• რა დიდი საგანმანათლებლო საქმიანობა წარიმართება ახალ ქვეყნიერებაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 25 გვერდზე]

იეჰოვას ხალხი წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად სამშობლოში დაბრუნდა. იცით თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს ამას დღეს?

[სურათები 26 გვერდზე]

‘სუფთა ენაზე’ ლაპარაკით იეჰოვას მოწმეები ხალხს ბიბლიის მანუგეშებელ ცნობას უზიარებენ.