მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
როგორ უნდა უყურებდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები კომპიუტერების კომერციული დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფის ასლების სხვებისთვის გადაცემას?
ზოგი ასეთი მოქმედების გამართლებას შეიძლება არასწორად ცდილობდეს იესოს სიტყვების მოშველიებით: „უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით“. რა თქმა უნდა, იესო არ გულისხმობდა საავტორო უფლებების მქონე ლიტერატურის ან კომპიუტერული პროგრამების (პროგრამული უზრუნველყოფის) სხვებისთვის თავისუფლად გადაცემას, რომელიც კანონით განისაზღვრება. ის ამ სიტყვებით მსახურებაში მონაწილეობაზე მიანიშნებდა. იესომ თავის მოწაფეებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში დადიოდნენ, უთხრა, რომ უნდა ექადაგათ სამეფოს შესახებ, განეკურნათ ავადმყოფები და განედევნათ დემონები. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი მოწაფეებს „უსასყიდლოდ“ უნდა გაეკეთებინათ (მათე 10:7, 8).
პირადი და სამსახურებრივი კომპიუტერების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროება. პროგრამებს, ჩვეულებრივ, ყიდულობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი უფასოდ ხელმისაწვდომ პროგრამებს ადგენს და მათ შესახებ აცხადებს, რომ შეიძლება გაკეთდეს მათი ასლები და სხვებსაც კი გადაეცეს. მაგრამ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის უდიდესი ნაწილი კომერციული მიზნით იყიდება. სახლში პირადი თუ სამსახურებრივი მოხმარებისთვის პროგრამულ ურზუნველყოფას ყიდულობენ. თუ ვინმე მიიღებდა ან გააკეთებდა პროგრამის ასლს ფულის გადაუხდელად, ეს ისევე არალეგალური იქნებოდა, როგორც წიგნების ასლების გადაღება, უფასოდ მიღების შემთხვევაშიც კი.
კომპიუტერული პროგრამების უმეტესობა (თამაშების ჩათვლით) ლიცენზირებულია, ამიტომ მფლობელებს/მომხმარებლებს მოეთხოვებათ, დაემორჩილონ ამ განსაკუთრებულ პირობებსა და შეზღუდვებს. ბევრი ასეთი ლიცენზია ითვალისწინებს, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია პროგრამული პროდუქტი კომპიუტერზე დაიყენოს და მისით ისარგებლოს. ჩვეულებრივ, პროგრამას მხოლოდ ერთ კომპიუტერზე აყენებენ, იქნება ეს სახლში, სამსახურში თუ სკოლაში. ზოგიერთი ლიცენზია საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელს თავისთვის ჰქონდეს სარეზერვო ასლი, მაგრამ სხვებისთვის არ გააკეთოს. თუ მფლობელს სურს, ვინმეს მისცეს მთლიანი პროგრამა (თავისი ლიცენზიითა და დოკუმენტაციით) მას ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ის ამის შემდეგ კარგავს ამ პროგრამის გამოყენების უფლებას. ლიცენზიები განსხვავდება ერთმანეთისგან, ასე რომ ის, ვინც ყიდულობს ან ვისაც სთავაზობენ რაიმე პროგრამას, უნდა გაეცნოს ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებს.
ბევრი ქვეყანა ურთიერთთანამშრომლობს საავტორო უფლებების შეთანხმების საკითხში, რომლითაც იცავენ ისეთ „ინტელექტუალურ საკუთრებას“, როგორიცაა კომპიუტერული პროგრამები, და ცდილობენ, ხელი შეუწყონ მომხმარებლების მიერ საავტორო უფლებების კანონების დაცვას. მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ 2000 წლის 14 იანვრის ნომერი იუწყებოდა, რომ „გერმანიისა და დანიის პოლიციის ოფიცრებმა, მათი სიტყვებით თუ ვიტყვით, დააპატიმრეს პროგრამული უზრუნველყოფის პირატული კოპირების ჯგუფის წევრები“, რომლებიც კომპიუტერული პროგრამებისა და თამაშების ასლებს ამზადებდნენ და ავრცელებდნენ, ზოგს ინტერნეტის საშუალებითაც კი ყიდდნენ.
როგორი პოზიცია უკავიათ ქრისტიანული კრების წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით? იესომ თქვა: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). ეს მუხლი მოუწოდებს ქრისტიანებს, დაემორჩილონ ქვეყნის იმ კანონებს, რომლებიც ღვთისას არ ეწინააღმდეგება. მთავრობის შესახებ მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. . . ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე“ (რომაელთა 13:1, 2).
ქრისტიანული კრების უხუცესებს სხვების კომპიუტერების შესამოწმებლად არ აკისრიათ პასუხისმგებლობა და არც უფლებამოსილნი არიან აუხსნან, საავტორო უფლებების კანონები და დააძალონ მათ მათი შესრულება. მაგრამ მათ სჯერათ და ასწავლიან, რომ ქრისტიანებმა არ უნდა აიღონ ის, რაც მათ არ ეკუთვნით და უნდა ეცადონ, იყვნენ კანონის მორჩილები. ეს იცავს ქრისტიანებს კანონის დარღვევისგან, რასაც დასჯა მოსდევს, და ეხმარება მათ ღვთის წინაშე სუფთა სინდისის შენარჩუნებაში. პავლემ დაწერა: „ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც“ (რომაელთა 13:5). აგრეთვე მან ჭეშმარიტი ქრისტიანების სურვილი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18).
[ჩარჩო 29 გვერდზე]
ზოგიერთი ფირმა თუ სკოლა ყიდულობს ლიცენზიებს, რომლებიც მრავალი მომხმარებლის მიერ გამოიყენება. ლიცენზია პროგრამის გამოყენების უფლების მქონე მომხმარებელთა რაოდენობის მაქსიმუმს განსაზღვრავს. 1997 წელს იეჰოვას მოწმეთა კრებებმა განიხილეს სტატია, რომელშიც შემდეგი რჩევები იყო მოცემული:
„იმ კომპანიების უმეტესობა, რომლებიც ამზადებენ და ყიდიან კომპიუტერულ პროგრამებს, საავტორო უფლებებს ფლობს და ლიცენზიას ადებს, თუ როგორ უნდა იქნეს პროგრამები კანონიერად გამოყენებული. ჩვეულებრივ, ლიცენზიაში ნათქვამია, რომ მფლობელს არა აქვს უფლება, სხვებს გადააწერინოს პროგრამა. სინამდვილეში, საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონი სამართალდარღვევად მიიჩნევს ამას. . . ზოგიერთი დიდი ფირმა ყიდის ისეთ კომპიუტერებს, რომლებშიც წინასწარ არის ჩადებული ლიცენზირებული პროგრამები. მაგრამ ზოგი კომპიუტერული მაღაზია არ იძლევა ლიცენზიას, რადგან მასში წინასწარ ჩადებული პროგრამები არაკანონიერი ასლებია და ეს კი ნიშნავს, რომ მყიდველი ამ პროგრამების გამოყენებით არღვევს კანონს. ამასთან დაკავშირებით, ქრისტიანები უნდა მოერიდნენ საავტორო უფლებების მქონე (მაგალითად, საზოგადოების პუბლიკაციების) მასალის კომპიუტერში ჩადებას ან განცხადების ელექტრონული დაფიდან გადმოტანას, რომელიც გადაწერილია მფლობელისგან კანონიერი ნებართვის გარეშე“.