არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მე-2 იოანეს მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც არ უნდა მივიღოთ სახლში ან მოვიკითხოთ გარკვეული ადამიანები, მხოლოდ მათ ეხება, რომლებიც ცრუ სწავლების გავრცელებას უწყობენ ხელს?

მოცემულ კონტექსტში რჩევა ეხება „მრავალ მაცდურს“, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი რწმენა და „რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს“ (2 იოანე 7). მოციქულმა იოანემ შემოგვთავაზა რჩევები, თუ როგორ უნდა მოექცეს ქრისტიანი იმას, ვინც უარყო იესოს არსებობა, ან ის, რომ ის იყო ქრისტე და გამომსყიდველი. იოანემ გაგვაფრთხილა: „თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა“ (2 იოანე 10, 11). მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ ეს პრინციპი უფრო ფართოდ გამოიყენებოდა.

ერთხელ მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს, რომელთა შორის ერთი კაცი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, მისწერა: „არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ“ (1 კორინთელთა 5:11). ასე უნდა მოვიქცეთ ყოფილ ძმებთან, რომლებიც მხოლოდ აქ ჩამოთვლილი არასწორი მოქმედებების გამო გაირიცხნენ?

არა. გამოცხადების 21:8 გვიჩვენებს, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მოუნანიებელი მკვლელები, გრძნეულები და ცრუები, მათ შორის არიან მოხსენიებულნი, რომლებიც მეორე სიკვდილს იმსახურებენ. ცხადია, 1-ლი კორინთელთა 5:11-ში მოცემული რჩევა ეხება იმ ყოფილ ქრისტიანებსაც, რომლებიც ამ არაწორ საქმეებში არიან დამნაშავენი. მოგვიანებით იოანემ დაწერა, რომ ზოგი ‘ჩვენგან გავიდა, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი’ (1 იოანე 2:18, 19). იოანეს არ უთქვამს, რომ ისინი მძიმე ცოდვის გამო გაირიცხნენ. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა იმის გამო, რომ მოძღვრების წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლა, გადაწყვიტა, რომ აღარ დარჩენილიყო კრებაში და მიატოვა ის. სხვები შეიძლება გადაიღალნენ და დასუსტდნენ (1 კორინთელთა 15:12; 2 თესალონიკელთა 2:1—3; ებრაელთა 12:3, 5).

რაღა თქმა უნდა, თუ ძმა ცდუნების წინაშე დგას, სულიერად მოწიფული ქრისტიანები უნდა ეცადონ, დაეხმარონ მას (გალატელთა 6:1; 1 იოანე 5:16). თუ მას რაიმე ეჭვები შეაწუხებდა, ისინი ყოველ ღონეს იხმარდნენ, რომ ‘ცეცხლიდან გამოტაცებით ეხსნათ’ (იუდა 23). მაშინაც კი, არააქტიური რომ გამხდარიყო, არ ევლო კრებებზე ან მსახურებაში, სულიერად ძლიერი ძმები ეცდებოდნენ მის დაბრუნებას. შესაძლოა, ეთქვა მათთვის, რომ არ სურდა კრებაში ყოფნა მისთვის მომაბეზრებელი ყოფილიყო, რაც მისი სუსტი რწმენისა და სულიერობის მაჩვენებელი იქნებოდა. ძმები თავს არ მოაბეზრებდნენ მას, მაგრამ დროდადრო მოინახულებდნენ. ასეთი მცდელობა, რომელიც სიყვარულიდან, მოთმინებიდან და გულმოწყალებიდან გამომდინარეობდა, აირეკლავდა ღვთის ინტერესს იმის მიმართ, რომ არავინ დაკარგულიყო (ლუკა 15:4—7).

ამისგან განსხვავებით, იოანეს სიტყვები უფრო მეტზე მიანიშნებს, ვიდრე მხოლოდ სულიერ სისუსტესა და პასიურობაზე. ისინი, ფაქტობრივად, ღვთის კრებას უარყოფენ. შეიძლება რომელიმე ადამიანი დაუფარავად ეწინააღმდეგებოდეს ღვთის ხალხს და აცხადებდეს, რომ აღარ სურს კრებაში დარჩენა. მან შეიძლება ოფიციალურად უარყო კიდეც თავისი პირვანდელი რწმენა, როგორც ეს წერილშია აღნიშნული. რა თქმა უნდა, კრება დათანხმდებოდა მის გადაწყვეტილებას, ურთიერთობა შეეწყვიტა მასთან. მაგრამ როგორ მოექცეოდნენ კრების წევრები მას ამის შემდეგ?

იოანე ამბობს: „ყოველს, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას“ (2 იოანე 9, 10). ეს სიტყვები შეიძლება იმათ მიმართ გამოიყენებოდეს, რომლებიც განდგომილები გახდნენ: ცრუ რელიგიას შეუერთდნენ და ავრცელებენ მის სწავლებებს (2 ტიმოთე 2:17—19). მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათზე, რომელთა შესახებაც, იოანემ თქვა, რომ „ჩვენგან გავიდნენ“. თუმცა პირველ საუკუნეში ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდათ გარიცხულ შემცოდეველებთან ან განდგომილებთან, ასეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მათ მიმართაც, რომლებიც არ იყვნენ გარიცხულნი, მაგრამ შეგნებულად უარყოფდნენ ქრისტიანულ გზას?

წიგნი (Aid to Bible Understanding) ცხადყოფს, რომ სიტყვა „განდგომილი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „‘განზე გადგომას’, მაგრამ ამავე დროს, ‘დატოვების, მიტოვების ან ამბოხების მნიშვნელობებიც აქვს’“ a. ეს წიგნი დასძენს: «განდგომილების სხვადასხვა მიზეზი — ურწმუნოება (ებრ. 3:12), დევნის დროს მოუთმენლობა (ებრ. 10:32—39), ზნეობრივი ნორმების დაცვაზე უარის თქმა (2 პეტ. 2:15—22), ცრუ მასწავლებლების ცრუ სიტყვებისა და ‘მაცდურ სულთა’ ყურადღებით მოსმენა — მოციქულთა გაფრთხილებებიდან ჩანს (. . . 1 ტიმოთე 4:1—3). . . ასეთები, რომლებიც შეგნებულად ტოვებენ ქრისტიანულ კრებას, ხდებიან ‘ანტიქრისტეს’ ნაწილი (1 იოანე 2:18, 19)».

ადამიანს, რომელიც შეგნებულად და ოფიციალურად შეწყვეტდა კრებასთან ურთიერთობას, აღნიშნული განმარტება შეესაბამებოდა. ღვთის კრების განზრახ უარყოფითა და ქრისტიანულ ცხოვრებაზე ხელის აღებით, ის განდგომილი გახდებოდა. ერთგულ ქრისტიანს განდგომილთან ახლო ურთიერთობის სურვილი არ ექნებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მეგობრები იქნებოდნენ, როდესაც რომელიმე უარყოფს კრებას — ხდება განდგომილი — ის უარყოფს ძმებთან სიახლოვის საფუძველსაც. იოანემ ნათელყო, რომ სახლში არ ეყოლებოდა ისინი, ვისაც „არა ჰყავს ღმერთი“ და რომლებიც ‘არ არიან ჩვენგანნი’.

ბიბლიის საფუძველზე, ადამიანი, რომელმაც ღვთის კრება უარყო, უფრო მეტად გასაკიცხი გახდა, ვიდრე ისინი, ვინც ამ წუთისოფელში ცხოვრობს. რატომ? პავლემ ცხადყო, რომ რომის იმპერიის დროს მცხოვრებ ქრისტიანებს ყოველდღიურად უწევდათ ურთიერთობა მეძავებთან, მტაცებლებთან და კერპთაყვანისმცემლებთან. მან თქვა, რომ ქრისტიანებს ‘კავშირი არ უნდა ჰქონოდათ მათთან, ვინც ძმად იწოდება’ და ვინც უღვთო გზებით სიარულს დაუბრუნდა (1 კორინთელთა 5:9—11). პავლემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ის, ვინც „წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოსცილდა“, მაგრამ შემდეგ კვლავ დაუბრუნდა თავის წინანდელ ცხოვრებას, ემსგავსებოდა ღორს, რომელიც თავის ტალახს უბრუნდება (2 პეტრე 2:20—22). აქედან გამომდინარე, იოანე ურჩევდა ქრისტიანებს, რომ არ უნდა ‘მიეღოთ სახლში’ ის, ვინც შეგნებულად ‘გავიდა მათგან’ (2 იოანე 10).

იოანე დასძენს: „რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა“ (2 იოანე 11). აქ იოანემ გამოიყენა ბერძნული სიტყვა „ხაირო“ მოსაკითხად და არა გამოუყენებია სიტყვა „ასპაზომაი“, რომელსაც 13 მუხლში ვხვდებით.

„ხაირო“ ნიშნავდა გახარებას (ლუკა 10:20; ფილიპელთა 3:1; 4:4). ეს სიტყვა აგრეთვე სიტყვიერი ან წერილობითი მისალმების დროს გამოიყენებოდა (მათე 28:9; საქმეები 15:23; 23:26). „ასპაზომაი“ ნიშნავდა: „მისალმებისას გადახვევას და მთელი გულით მიღებას“ (ლუკა 11:43; საქმეები 20:1, 37; 21:7, 19). როგორც უნდა იყოს, მისალმება „ასპაზომაი“, შესაძლოა, უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე თავაზიანად „გამარჯობის“ თქმას. იესომ 70 მოწაფეს უთხრა, რომ არავის „გადახვეოდნენ“ („ასპაზომაი“). ამგვარად, მან აჩვენა, რომ მათი გადაუდებელი საქმე არ მისცემდა იმის საშუალებას, რომ აღმოსავლური წესით (კოცნა, გადახვევა და დიდხანს საუბარი) მისალმებოდნენ ნაცნობებს (ლუკა 10:4). პეტრე და პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდნენ: ‘ერთმანეთი მოეკითხათ [„ასპაზომია“] სიყვარულის ამბორით, წმინდა ამბორით’ (1 პეტრე 5:14; 2 კორინთელთა 13:12, 13; 1 თესალონიკელთა 5:26).

ასე რომ, იოანემ, ალბათ, განგებ გამოიყენა მე-2 იოანეს 10, 11-ში „ხაირო“ და არა „ასპაზომაი“ (13 მუხლი). თუ ასეა, მაშ იოანე არ მოუწოდებდა ქრისტიანებს, მორიდებოდნენ მხოლოდ თბილ მისალმებას (გულში ჩაკვრას, კოცნასა და საუბარს) იმ პიროვნებასთან, რომელიც სიცრუეს ქადაგებს ან რომელმაც კრება უარყო (განდგომილი გახდა). იოანე ამბობდა, რომ ისინი არც კი უნდა მისალმებოდნენ ასეთ ადამიანებს, უბრალო „გამარჯობის“ („ხაიროს“) თქმითაც b.

ეს რომ სერიოზული რჩევაა, იოანეს სიტყვებიდან ცხადად ჩანს: „ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა“ (2 იოანე 11). არც ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ მოისურვებდა, რომ ღმერთი უყურებდეს, როგორც ბოროტ საქმეთა მოზიარეს გარიცხულ შემცოდეებთან ან კრების უარმყოფელებთან ურთიერთობის გამო. რამდენად შესანიშნავია მოსიყვარულე ქრისტიანულ საძმოსთან ურთიერთობა, როგორც ეს იოანემ დაწერა: „იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან“ (1 იოანე 1:3).

[სქოლიოები]

a „უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემაში“ აღნიშნულია, რომ „განდგომილება“ არის: „1. რელიგიური მრწამსის უარყოფა; 2. გაორგულება“.

b მე-2 იოანეს 11, 12-ში „ხაიროს“ გამოყენებასთან დაკავშირებით რ. ს. ჰ. ლენსკი ამბობს: „[ეს] იყო ჩვეულებრივი მისალმება შეხვედრისას ან დამშვიდობებისას. . . აქ იგულისხმება: ახალმოქცეულსაც კი არ მიესალმო ასე! ეს მისი ბოროტი საქმეების თანამოზიარეს გხდის. იოანე [გულისხმობს]. . . ჩვეულებრივ მისალმებას“.