კირილე და მეთოდე — ბიბლიის მთარგმნელები, რომლებმაც ანბანი შეადგინეს
კირილე და მეთოდე — ბიბლიის მთარგმნელები, რომლებმაც ანბანი შეადგინეს
„ჩვენი ხალხი მონათლულია, მაგრამ ჯერ არ გვყავს მასწავლებელი. არც ბერძნული ვიცით და არც ლათინური. . . არც მათი წერის ხერხი გვესმის და, არც შინაარსი; ამიტომ გამოგვიგზავნეთ მასწავლებლები, რომლებიც განგვიმარტავენ საღვთო წერილის სიტყვებსა და მათ მნიშვნელობას“ (მორავიის პრინცი როსტისლავი, ახ. წ. 862 წელი).
დღეისათვის 435 მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც სლავურ ენებზე საუბრობენ, ბიბლიის თარგმანები თავიანთ მშობლიურ ენაზეა ხელმისაწვდომი a. მათგან 360 მილიონი ადამიანი კირილიცას იყენებს. ჯერ კიდევ თორმეტი საუკუნის წინათ მათ წინაპრებს არც დამწერლობა ჰქონდათ და არც ანბანი. იმ მამაკაცებს, რომლებიც ამ სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარნენ მათ, კირილე და მეთოდე ერქვათ; ისინი ღვიძლი ძმები იყვნენ. ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს, გაიგებს, რომ ამ ორი გაბედული და ნოვატორი ძმის ძალისხმევით ბიბლიის დაცვისა და გავრცელების ისტორიაში საინტერესო ფურცლები ჩაიწერა. ვინ იყვნენ ეს მამაკაცები და რა დაბრკოლებებს წააწყდნენ?
„ფილოსოფოსი“ და მმართველი
კირილე (თავდაპირველად კონსტანტინე, ახ. წ. 827—869) და მეთოდე (ახ. წ. 825—885) თესალონიკეში (საბერძნეთი) არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადნენ. მაშინ თესალონიკე ორენოვანი ქალაქი იყო; იქ მცხოვრებნი ბერძნულად და ერთ-ერთ სლავურ დიალექტზე საუბრობდნენ. შეიძლება სლავთა სიმრავლემ, ქალაქის მცხოვრებთა შორის ახლო ურთიერთობამ და ირგვლივ მცხოვრებმა სლავურმა საზოგადოებამ კირილესა და მეთოდეს სამხრეთ სლავური ენის კარგად შესწავლის საშუალება მისცა. მეთოდეს ერთი ბიოგრაფიც კი მოიხსენიებს, რომ მათი დედა წარმოშობით სლავი იყო.
მამის სიკვდილის შემდეგ კირილე ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადავიდა. აქ ის იმპერიის უნივერსიტეტში სწავლობდა და სახელგანთქმულ მასწავლებლებთან ჰქონდა ურთიერთობა. ის აღმოსავლეთში ყველასათვის კარგად ცნობილ წმინდა სოფიოს ტაძრის ბიბლიოთეკარი გახდა, შემდეგ კი — პროფესორი ფილოსოფიის დარგში. დიდი აკადემიური მოსწრების გამო, კირილეს მეტსახელად „ფილოსოფოსი“ შეარქვეს.
ამასობაში კი მეთოდე მამის კვალს, პოლიტიკურ მოღვაწეობას, გაჰყვა. მან მიაღწია არქონტის წოდებას ბიზანტიის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ ოლქში,
სადაც ბევრი სლავი ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ის ბერად აღიკვეცა ბითინიაში მდებარე მონასტერში (მცირე აზია). ახ. წ. 855 წელს კი მას კირილეც შეუერთდა.ახ. წ. 860 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეს ორი ძმა საზღვარგარეთ მისიონერებად გაგზავნა, კერძოდ ხაზარებთან, ხალხთან, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით სახლობდა და რომელსაც ჯერ კიდევ არ გადაეწყვიტა, ისლამი მიეღო, იუდაიზმი თუ ქრისტიანობა. იქ ჩასვლამდე კირილე რამდენიმე ხანს ხერსონესში (ყირიმი) გაჩერდა. ზოგიერთი სწავლულის აზრით მან აქ შეისწავლა ებრაული და სამარიული ენები და თარგმნა ებრაული გრამატიკა ხაზართა ენაზე.
მორავიიდან დახმარების თხოვნა
862 წელს მორავიის (დღევანდელი აღმოსავლეთი ჩეხეთი, დასავლეთი სლოვაკეთი და დასავლეთი უნგრეთი) პრინცმა, როსტისლავმა, როგორც სტატიის დასაწყისში იყო ნათქვამი, ბიზანტიის იმპერატორ მიქაელ III-ს დახმარებისთვის მიმართა, რომ საღვთო წერილის მასწავლებლები გაეგზავნა მათთან. მორავიის სლავურენოვანი მოსახლეობა ეკლესიის სწავლებებს უკვე იცნობდა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოდან (დღევანდელი გერმანია და ავსტრია) ჩამოსულ მისიონერთა დახმარებით. მაგრამ როსტისლავი შეშფოთებული იყო გერმანელი ტომების პოლიტიკური და საეკლესიო გავლენით; ის იმედოვნებდა, რომ კონსტანტინოპოლთან რელიგიური კავშირი დაეხმარებოდა თავის ერს პოლიტიკური და რელიგიური ავტონომიის შენარჩუნებაში.
იმპერატორმა გადაწყვიტა, მორავიაში მეთოდე და კირილე გაეგზავნა. უმაღლესი განათლებისა და ლინგვისტიკის თვალსაზრისით, ეს ორი ძმა ამ მისიის შესასრულებლად საკმაოდ კარგად იყო მომზადებული. მეცხრე საუკუნის ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ იმპერატორმა ისინი მორავიაში წასასვლელად შემდეგი სიტყვებით დაარწმუნა: „თქვენ ორივე თესალონიკეს მცხოვრებნი ხართ. მთელი თესალონიკე კი სუფთა სლავურ ენაზე საუბრობს“.
ჩნდება ანბანი და ბიბლიის თარგმანი
გამგზავრებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში კირილე თავისი მისიის შესასრულებლად მოემზადა; შეადგინა სლავებისთვის დამწერლობა. ამბობდნენ, რომ მას ფონეტიკა კარგად ესმოდა. ამიტომ ბერძნულისა და ებრაული ენების თავისებურებების გათვალისწინებით ის ცდილობდა, სლავური ენის ყოველი სამეტყველო ბგერისთვის ასო შეედგინა b. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ასეთი ანბანის შესაქმნელად ის გარკვეულ საწყისებს რამდენიმე წლის განმავლობაში ამუშავებდა. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელი ფორმის ანბანი შეადგინა კირილემ (იხილეთ ჩარჩო „კირილიცა თუ გლაგოლიცა?“).
ამავე დროს კირილემ დაიწყო ბიბლიის სწრაფი მეთოდით თარგმნა. ტრადიციისამებრ, ბერძნულიდან სლავურ ენაზე თარგმნა დაიწყო „იოანეს სახარების“ პირველი სიტყვებით, ახლად შედგენილი ანბანის გამოყენებით: „თავდაპირველად იყო სიტყვა. . .“ შემდეგ კი განაგრძო ოთხი სახარების, პავლეს წერილებისა და ფსალმუნების თარგმნა.
მარტო მუშაობდა ის? სარწმუნოა, რომ მეთოდეც ეხმარებოდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ წიგნში ასეთი მოსაზრებაა გამოთქმული: „როგორც ჩანს, [კირილეს] ჰყავდა დამხმარეები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, წარმოშობით სლავები უნდა ყოფილიყვნენ და ამასთანავე ბერძნული განათლება უნდა ჰქონდათ მიღებული. თუ უძველეს თარგმანებს შევამოწმებთ, . . დავრწმუნდებით, რომ სლავური უაღრესად განვითარებული ენა იყო, რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ კირილეს თანამშრომლები თვითონ სლავები უნდა ყოფილიყვნენ“ (The Cambridge Medieval History). როგორც ვნახავთ, ბიბლიის დანარჩენი ნაწილი მოგვიანებით მეთოდემ თარგმნა.
„როგორც ჭილყვავები შევარდნებს“
ახ. წ. 863 წელს კირილემ და მეთოდემ თავიანთი მისიონერული მსახურება დაიწყეს მორავიაში, სადაც თბილად მიიღეს. გარდა ბიბლიური და ლიტურგიული ტექსტების თარგმნისა, მათ საქმიანობაში შედიოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახლად შედგენილი სლავური შრიფტის სწავლება.
მაგრამ ყოველივე ეს ადვილი არ იყო. მორავიაში ფრანკთა სამღვდელოება სასტიკად ეწინააღმდეგებოდა სლავური ენის გამოყენებას. ისინი მტკიცედ უჭერდნენ მხარს სამენოვან თეორიას: მიიჩნევდნენ, რომ თაყვანისმცემლობაში მხოლოდ ლათინური, ბერძნული და ებრაული ენის გამოყენება იყო მისაღები. იმ იმედით, რომ რომის პაპი მხარს დაუჭერდა მათ მიერ ახლად შედგენილი დამწერლობის მქონე ენას, ძმები ახ. წ. 867 წელს რომში გაემგზავრნენ.
ვენეციისკენ მიმავალი კირილე და მეთოდე შეხვდნენ ლათინური სამღვდელოების წარომადგენლებს, რომლებიც სამენოვან თეორიას უჭერდნენ მხარს. კირილეს შუასაუკუნეების ბიოგრაფი ამბობს, რომ ადგილობრივი ეპისკოპოსები, მღვდლები და ბერ-მონაზვნები მათ ისე დაესივნენ, „როგორც ჭილყვავები შევარდნებს“. ცნობების თანახმად, კირილემ მათ გონებამახვილურად უპასუხა 1-ლი კორინთელთა 14:8, 9-ში ჩაწერილი სიტყვებით: „საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი? ჰაერში ილაპარაკებთ“.
ბოლოს, როდესაც ძმები რომში ჩავიდნენ, პაპმა ადრიან II-მ მოიწონა მათ მიერ სლავური ენის გამოყენების საკითხი. რამდენიმე თვის შემდეგ, ჯერ კიდევ რომში ყოფნისას, კირილე სერიოზულად დაავადდა. ორ თვეზე ნაკლები დროის შემდეგ ის 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პაპმა ადრიან II-მ წაახალისა მეთოდე, რომ დაბრუნებულიყო სამუშაოდ მორავიასა და ნიტრაში, რომელიც ახლა სლოვაკეთის ნაწილია. რადგან სურდა, რომ თავისი გავლენა გაევრცელებინა ამ მხარეში, პაპმა მეთოდეს გადასცა წერილი, რომელიც იწონებდა სლავური ენის გამოყენებას; თვითონ მეთოდე კი არქიეპისკოპოსად დანიშნა. მაგრამ ახ. წ. 870 წელს ფრანკთა ეპისკოპოსმა, ჰერმანრიკმა, ნიტრას პრინც სვატოფლუსის დახმარებით მეთოდე დააპატიმრა. ის ორ-ნახევარი წელი იყო დაპატიმრებული გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში. ბოლოს ადრიან II-ის მემკვიდრემ, პაპმა იოანე VIII-მ, ბრძანა მეთოდეს განთავისუფლება, თავის ეპარქიაში მისი დააბრუნა და ხელმეორედ დაადასტურა პაპის მხარდაჭერა თაყვანისმცემლობაში სლავური ენის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მაგრამ ფრანკთა სამღვდელოებისგან წინააღმდეგობა არ წყდებოდა. მეთოდე წარმატებით იცავდა თავს, როდესაც ერესში სდებდნენ ბრალს, და პაპ იოანე VIII-გან ბულაც კი მიიღო ეკლესიაში სლავური ენის გამოყენების უფლების თაობაზე. როგორც დღევანდელმა პაპმა იოანე პავლე II-მ აღნიშნა, მეთოდემ ცხოვრება გაატარა „მოგზაურობებში, სიდუხჭირეში, ტანჯვა-წამებაში, შუღლსა და დევნაში. . . სასტიკ პატიმრობაშიც კი“. პარადოქსია, რომ ეს ყოველივე იმ ეპისკოპოსებსა და პრინცებზე იყო დამოკიდებული, რომლებიც რომის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი.
გადათარგმნილია მთლიანი ბიბლია
მიუხედავად ამ სასტიკი წინააღმდეგობისა, მეთოდემ რამდენიმე სტენოგრაფის დახმარებით ბიბლიის დარჩენილი ნაწილის სლავურ ენაზე თარგმნაც დაასრულა. გადმოცემის თანახმად, მან ეს უდიდესი მისია სწორედ რვა თვეში დაამთავრა. მაგრამ მას მაკაბელთა აპოკრიფული წიგნები არ უთარგმნია.
დღეს ადვილი არ არის კირილესა და მეთოდეს თარგმანის სიზუსტის ხარისხის შეფასება. მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერია შემონახული, რომლებიც თავიანთი დათარიღებით ახლოს არიან თავდაპირველი თარგმანის შესრულების პერიოდთან. ადრეული იშვიათი ნიმუშების შემოწმებით ლინგვისტები მიუთითებენ, რომ თარგმანი ზუსტი და ნათელი იყო. ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ამ ორ ძმას „ბევრი ახალი სიტყვისა და გამოთქმის შექმნა მოუწია. . . და მათ ყოველივე ეს საოცარი სიზუსტით გააკეთეს [და] გზა გაუხსნეს სლავურ ენას უპრეცედენტო ლექსიკური სიმდიდრისკენ“ („ჩვენი სლავური ბიბლია“).
უკვდავი მემკვიდრეობა
ახ. წ. 885 წელს მეთოდეს სიკვდილის შემდეგ ფრანკმა მოწინააღმდეგეებმა მისი მოწაფეები მორავიიდან განდევნეს. მათ თავი ბოჰემიას შეაფარეს (სამხრეთი პოლონეთი და ბულგარეთი). ამგვარად, მათ განაგრძეს და გააფართოეს კირილესა და მეთოდეს მიერ დაწყებული საქმიანობა. სლავური ენა, რომლის დამწერლობაცა და მუდმივი ფორმაც ორმა ძმამ ჩამოაყალიბა, გამდიდრდა, განვითარდა და მოგვიანებით მრავალფეროვანი გახდა. დღეისათვის სლავურ ენათა ოჯახი 13 ენას და მრავალ დიალექტს ითვლის.
გარდა ამისა, კირილესა და მეთოდეს მიერ ბიბლიის თარგმნისთვის გამოვლენილმა გაბედულებამ ნაყოფი გამოიღო სლავურ ენებზე შესრულებული საღვთო წერილის დღეისათვის ხელმისაწვდომი მრავალი თარგმანის სახით. ამ ენებზე მოლაპარაკე მილიონები მშობლიურ ენაზე დაბეჭდილი ღვთის სიტყვით სარგებლობენ. მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, რამდენად ჭეშმარიტია სიტყვები: ‘ჩვენი ღვთის სიტყვა დგას საუკუნოდ’! (ესაია 40:8).
[სქოლიოები]
a სლავურ ენებზე, რომლებშიც შედის რუსული, უკრაინული, სერბული, პოლონური, ჩეხური, ბულგარული და სხვა მსგავსი ენები, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუბრობენ.
b „სლავური“, როგორც ამ სტატიაში გამოვიყენეთ, მიუთითებს სლავურ დიალექტზე, რომელსაც კირილე და მეთოდე იყენებდნენ თავიანთ მისიონერულ მსახურებასა და ლიტერატურულ მოღვაწეობაში. ზოგიერთი დღეს იყენებს ტერმინებს „ძველი სლავური“ ან „ძველი საეკლესიო სლავური“. ლინგვისტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ახ. წ. IX საუკუნეში აქ მხოლოდ ერთ საერთო ენაზე არ საუბრობდნენ სლავები.
[ჩარჩო 29 გვერდზე]
კირილიცა თუ გლაგოლიცა?
კირილეს მიერ შედგენილმა ანბანმა დიდი დავა გამოიწვია, რადგან ლინგვისტებმა არ იციან ზუსტად, რომელი ანბანი ეკუთვნის მას. ანბანი, რომელსაც კირილიცა ეწოდება, უფრო ახლოს არის ბერძნულ ანბანთან; სლავური ენის, სულ მცირე, თორმეტი დამატებითი ასო იქნა გამოგონილი, რომელთა ბგერებიც არ მოიპოვება ბერძნულში. მაგრამ ზოგიერთ უძველეს სლავურ ხელნაწერში ძალზე განსხვავებული შრიფტია გამოყენებული, რომელიც ცნობილია, როგორც გლაგოლიცა და ბევრ სწავლულს სჯერა, რომ ეს არის კირილეს მიერ შედგენილი შრიფტი. როგორც ჩანს, გლაგოლიცას მცირეოდენი თავისებურება ბერძნული ან ებრაული კურსივიდან მომდინარეობს; ზოგი შეიძლება შუასაუკუნეების დიაკრიტიკული ნიშნებიდან წარმოიქმნა, მაგრამ უმეტესობა ახლად შექმნილი და რთული ნახელავია. გლაგოლიცას მიიჩნევენ უაღრესად განსხვავებულ და ორიგინალურ ნაღვაწად. კირილიცამ ხელი შეუწყო თანამედროვე რუსულის, უკრაინულის, სერბულის, ბულგარულისა და მაკედონიური შრიფტების, გარდა ამისა, 22 ენის განვითარებას, რომელთაგანაც ზოგი სლავურ ენათა ჯგუფს არ მიეკუთვნება.
[კირილიცასა და გლაგოლიცას სიმბოლოების სურათი]
[რუკა 31 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ბალტიის ზღვა
(პოლონეთი)
ბოჰემია (ჩეხეთი)
მორავია (აღმ. ჩეხეთი, დას. სლოვაკეთი, დას. უნგრეთი)
ნიტრა
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო (გერმანია და ავსტრია)
იტალია
ვენეცია
რომი
ხმელთაშუა ზღვა
ბულგარეთი
საბერძნეთი
თესალონიკე
(ყირიმი)
შავი ზღვა
ბითინია
კონსტანტინოპოლი (სტამბოლი)
[სურათი 31 გვერდზე]
1581 წლით დათარიღებული სერბული ბიბლია კირილიცას შრიფტით.
[საავტორო უფლება]
Bible: Narodna in univerzitetna knjiz̆nica-Slovenija-Ljubljana