არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე იეჰოვა მაძლიერებდა

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე იეჰოვა მაძლიერებდა

ბიოგრაფია

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე იეჰოვა მაძლიერებდა

მოგვითხრო ფორესტ ლიმ

პოლიციამ ეს-ეს იყო გრამაფონები და ბიბლიური ლიტერატურა ჩამოგვართვა. მეორე მსოფლიო ომმა საბაბი მისცა მოწინააღმდეგეებს, კანადის ახალი გენერალ-გუბერნატორი იეჰოვას მოწმეების საქმიანობის არაკანონიერად გამოცხადებაზე დაეთანხმებინათ. ეს 1940 წლის 4 ივლისს მოხდა.

მომხდარის მიუხედავად, უშიშრად წამოვიღეთ საწყობიდან უფრო მეტი ლიტერატურა და განვაგრძეთ ქადაგება. ყოველთვის მემახსოვრება ამ ამბავთან დაკავშირებით მამაჩემის სიტყვები: „ჩვენ ასე ადვილად ვერ შევჩერდებით, რადგან ქადაგება იეჰოვამ დაგვავალა“. იმ დროს ათი წლის ენერგიული ყმაწვილი ვიყავი. მაგრამ მამის შეუპოვარი და გულმოდგინე მსახურება დღესაც კი გამუდმებით შემახსენებს, თუ როგორ აძლიერებს იეჰოვა ღმერთი თავის ერთგულებს.

მომდევნო შემთხვევისას, როდესაც პოლიციამ გაგვაჩერა, მათ არა მარტო ლიტერატურა ჩამოგვართვეს, არამედ მამაჩემიც დააპატიმრეს; დედაჩემი ოთხ შვილთან ერთად მარტო დარჩა. ეს 1940 წლის სექტემბერში სასკაჩევანში მოხდა. ცოტა ხანში სკოლიდან გამომაგდეს იმის გამო, რომ ბიბლიით განსწავლული ქრისტიანული სინდისით ვმოქმედებდი; დროშას სალამს არ ვაძლევდი და ეროვნულ ჰიმნს არ ვმღეროდი. დაუსწრებელი სწავლების სკოლაში სწავლის გაგრძელებამ საშუალება მომცა, მოხერხებული გრაფიკი მქონოდა და უფრო სრულად მიმეღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში.

1948 წელს იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახურ პიონერებს მოუწოდეს, კანადის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადასულიყვნენ. ამიტომ ჰალიფაქსში, ახალ შოტლანდიასა და პრინს-ედუარდის კუნძულზე მდებარე კეიპ-ვულფში გავემგზავრე, რათა პიონერად მემსახურა. მომდევნო წელს ტორონტოში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მიმიწვიეს ორი კვირით სამუშაოდ. ორი კვირა 6 წელზე მეტი ხნის ნაყოფიერ მსახურებად იქცა. საბოლოოდ მერნა გავიცანი, რომელიც იეჰოვასადმი ჩემს სიყვარულს იზიარებდა და 1955 წლის დეკემბერში დავქორწინდით. ჩვენ ონტარიოში მდებარე ქალაქ მილტონში დავსახლდით, სადაც მალე ახალი კრება ჩამოყალიბდა. ჩვენი სახლის სარდაფი სამეფო დარბაზად ვაქციეთ.

მსახურების გაფართოების სურვილი

მომდევნო წლებში ერთმანეთზე მიყოლებით 6 შვილი შეგვეძინა. პირველად ქალიშვილი მირიამი გვეყოლა, შემდეგ — შარმენი, მარკი, ანეტი, გრანტი და ბოლოს გლენი. ხშირად, როცა სამუშაოდან ვბრუნდებოდი, ბავშვები ბუხრის გარშემო იატაკზე ისხდნენ მერნასთან ერთად, რომელიც მათ ბიბლიას უკითხავდა, მასში მოცემულ ცნობებს უმარტავდა და იეჰოვასადმი ნამდვილ სიყვარულს უნერგავდა. მისი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის წყალობით ჩვენმა ყველა შვილმა ადრეული ასაკიდანვე საკმარისი ბიბლიური ცოდნა მიიღო.

მამაჩემის მიერ მსახურებისთვის გამოვლენილმა გულმოდგინებამ ჩემს გულსა და გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა (იგავნი 22:6). ამიტომ 1968 წელს, როცა იეჰოვას მოწმეების ოჯახებს შესთავაზეს, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გადასულიყვნენ სამქადაგებლო მსახურების მხარდასაჭერად, ჩვენს ოჯახს სურვილი ჰქონდა, გამოხმაურებოდა ამ მოწოდებას. იმ დროს ჩვენი ბავშვები 5-დან 13 წლამდე იყვნენ და არც ერთმა ჩვენგანმა ერთი სიტყვაც კი არ იცოდა ესპანურად. მიღებული მითითების თანახმად, საცხოვრებელი პირობების შესამოწმებლად სხვადასხვა ქვეყანა მოვიარე. დაბრუნების შემდეგ მთელმა ოჯახმა ლოცვით ავწონ-დავწონეთ, თუ რა არჩევანი გაგვეკეთებინა და ნიკარაგუაში გამგზავრება გადავწვიტეთ.

ნიკარაგუაში მსახურება

1970 წლის ოქტომბრისთვის ჩვენ ახალ სახლში ვცხოვრობდით; სამი კვირის შემდეგ კრების შეხვედრებზე პროგრამის პატარა ნაწილის წაყვანა დამევალა. ესპანური ენის შეზღუდული ცოდნის გამო ენის ბორძიკით ვლაპარაკობდი და გამოსვლის დასასრულს მთელი კრება ჩვენს სახლში შაბათს, დილის 9:30-ზე, „სერვესაზე“ დავპატიჟე. იმის ნაცვლად, რომ მეთქვა „სერვისიო“, რაც ესპანურად სამქადაგებლო მსახურებას ნიშნავს, სინამდვილეში ყველას ლუდზე ვეპატიჟებოდი. ენის შესწავლა ნამდვილად რთული იყო!

თავდაპირველად ჩემი ხელით დავწერე შეთავაზება და სანამ კარებამდე მივიდოდი, ვიმეორებდი. მობინადრესთან ასეთი სიტყვებით ვიწყებდი საუბარს: „ამ წიგნის საშუალებით შესაძლებელია ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლის დაწყება“. ერთმა მამაკაცმა, რომელიც დამთანხმდა, მოგვიანებით თქვა, რომ ჩვენს შეხვედრებზე იმის გასარკვევად წამოვიდა, თუ რის თქმას ვცდილობდი მისთვის. ეს მამაკაცი იეჰოვას მოწმე გახდა. რა აშკარაა ის, რომ ღმერთი თავმდაბალთა გულებში ზრდის ჭეშმარიტების მარცვალს, როგორც ეს მოციქულმა პავლემ დაადასტურა! (1 კორინთელთა 3:7).

დაახლოებით ორი წლის განმავლობაში დედაქალაქ მანაგუაში ყოფნის შემდეგ გვთხოვეს, რომ ნიკარაგუის სამხრეთ ნაწილში გადავსულიყავით. იქ ჩვენ რივასში არსებულ კრებასთან და მეზობლად მყოფ დაინტერესებულთა განცალკევებულ ჯგუფებთან ვთანამშრომლობდით. პედრო პენია, ერთგული ხანდაზმული მოწმე, თან დამყვებოდა ამ ჯგუფების მონახულებისას. ერთი ჯგუფი ნიკარაგუის ტბაში მდებარე ვულკანურ კუნძულზე ცხოვრობდა, სადაც იეჰოვას მოწმეების მხოლოდ ერთი ოჯახი იყო.

თუმცა, ეს ოჯახი არც ისე შეძლებულად ცხოვრობდა, მთელი გულით ეცადნენ ჩვენი ვიზიტისთვის მადლიერების გამოვლენას. ჩვენი ჩასვლის საღამოს მათ ვახშამი მოგვიმზადეს. იქ ერთი კვირა დავრჩით და ბევრმა იქაურმა თავაზიანმა ადამიანმა, რომლებსაც უყვარდათ ბიბლია, თავიანთი საჭმელი გვიწილადა. აღფრთოვანებული ვიყავით იმით, რომ კვირას ბიბლიურ საჯარო მოხსენებას 101 ადამიანი დაესწრო.

სხვა შემთხვევისას, როდესაც კოსტა-რიკის საზღვართან ახლოს მთებში მცხოვრებ დაინტერესებულთა ჯგუფი უნდა მოგვენახულებინა, აშკარად ვიგრძენი იეჰოვას ძლიერი ხელი. გამგზავრების დღეს პედრომ შემომიარა, მაგრამ იმ დროს მალარიით ავადვმყოფობდი და ლოგინში ვიწექი. „მე ვერ წამოვალ პედრო“, — ვუთხარი მას. მან ხელი დამადო შუბლზე და მიპასუხა: „შენ მაღალი სიცხე გაქვს, მაგრამ უნდა წამოხვიდე! ძმები გველოდებიან“. შემდეგ მან ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე ლოცვა წარმოთქვა, რომელიც კი ოდესმე მომისმენია.

ამის შემდეგ ვუთხარი: „წადი „ფრესკო“ (ხილის წვენი) დალიე. დაახლოებით ათ წუთში მზად ვიქნები“. იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, მოწმეების ორი ოჯახი ცხოვრობდა და მათ საუკეთესოდ იზრუნეს ჩვენზე. მიუხედავად იმისა, რომ სიცხის გამო ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი თავს, მომდევნო დღეს მათთან ერთად საქადაგებლად წავედით. როგორი განმამტკიცებელი იყო ის, რომ კვირის შეხვედრას ასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა!

კვლავ სხვაგან გადასვლა

1975 წელს მეშვიდე ბავშვი, ვონი, შეგვეძინა. მომდევნო წელს ფინანსური მიზეზების გამო კანადაში უნდა დავბრუნებულიყავით. ნიკარაგუის დატოვება არც ისე ადვილი იყო, რადგან ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით იეჰოვას ძლიერი ხელი იქ ყოფნის დროს. იმ დროისთვის, როცა იქაურობას ვტოვებდით, ჩვენი კრების ტერიტორიაზე 500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა შეხვედრებს.

ვიდრე ნიკარაგუაში მე და ჩემს ქალიშვილს, მირიამს, სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნავდნენ, მირიამმა მკითხა: „მამი, თუ როდისმე კანადაში დაბრუნება მოგიწევს, მომცემ აქ დარჩენის უფლებას?“. იმ დროს არც კი ვფიქრობდი, რომ როდისმე ნიკარაგუას დავტოვებდი, რის გამოც მივუგე: „რასაკვირველია“! ამიტომ, ჩვენი წამოსვლის შემდეგ მირიამი იქ დარჩა სრული დროით მსახურების გასაგრძელებლად. მოგვიანებით ის ენდრიუ რიდზე გათხოვდა. 1984 წელს ისინი იეჰოვას მოწმეების მისიონერული სკოლა „გალაადის“ 77-ე კლასში სწავლობდნენ, რომელიც მაშინ ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარეობდა. ამჟამად მირიამი თავის მეუღლესთან ერთად დომინიკელთა რესპუბლიკაში მსახურობს და თავის გულის წადილს ისრულებს, რაც მას ნიკარაგუაში შესანიშნავმა მისიონერებმა ჩაუნერგეს.

ამასობაში კი მამის სიტყვები — „ჩვენ ასე ადვილად ვერ შევჩერდებით“ — კვლავ მიჩქროლებდა გულს. ამიტომ 1981 წლისთვის, როცა საკმარისი თანხა შევაგროვეთ, რათა ცენტრალურ ამერიკაში დაბრუნება შეგვძლებოდა, ისევ სხვაგან გადავედით, ოღონდ ამჯერად კოსტა-რიკაში. იქ მსახურების დროს მიგვიწვიეს, რათა ახალი ადგილობრივი ფილიალის მშენებლობაში დავხმარებოდით. მაგრამ 1985 წელს ჩვენს ვაჟს, გრანტს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რის გამოც კანადაში დავბრუნდით. გლენი კოსტა-რიკაში დარჩა ფილიალის სამშენებლო პროექტზე სამუშაოდ, მაშინ როცა ანეტი და შარმენი სპეციალურ პიონერებად მსახურობდნენ. ჩვენ, რომლებმაც კოსტა-რიკა დავტოვეთ, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ იქ ვეღარ დავბრუნდებოდით.

გაჭირვებასთან გამკლავება

1993 წლის 17 სექტემბერს მზიანი დღე გათენდა. მე და ჩვენი უფროსი ვაჟი, მარკი, სახლის სახურავს ვარემონტებდით. ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვმუშაობდით და, ჩვეულებისამებრ, სულიერ საკითხებზე ვსაუბრობდით. მაგრამ როგორღაც წონასწორობა დავკარგე და სახურავიდან გადმოვვარდი. როდესაც გონზე მოვედი, მხოლოდ კაშკაშა სინათლე და თეთრებში ჩაცმული ადამიანები დავინახე. ეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილება იყო.

ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების გამო ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო: „არავითარი სისხლი, არავითარი სისხლი“! (საქმეები 15:28, 29). როგორ დამამშვიდა შარმენის ხმის გაგონებამ: „ყველაფერი რიგზეა, მამი. ჩვენ ყველანი აქ ვართ“. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ექიმებმა ჩემი სამედიცინო დოკუმენტი ნახეს, რის გამოც აღარც კი უფიქრიათ სისხლის გადასხმაზე. კისერი მქონდა მოტეხილი და სრულიად პარალიზებული ვიყავი, დამოუკიდებლად სუთქვაც კი არ შემეძლო.

მოძრაობის უნარწართმეულს უფრო მეტად მჭირდებოდა იეჰოვას მხარდაჭერა, ვიდრე ოდესღაც. სასულე გამიკვეთეს და მასში ხელოვნური სასუნთქი მილი ჩამიდგეს, რამაც გზა დაუხშო სახმო სიმებისკენ ჰაერის ნაკადს. ვეღარ ვლაპარაკობდი. სხვებს რომ გაეგოთ, რის თქმას ვცდილობდი, ჩემი ტუჩების მოძრაობას უნდა დაკვირვებოდნენ.

მალე მკურნალობისთვის ძალიან დიდი თანხა იყო გადასახდელი. რადგან მე, ჩემი ცოლი და შვილების უმეტესობა სრული დროით ვმსახურობდით, საგონებელში მაგდებდა ის, რომ ამ ხარჯების დასაფარავად ხომ არ მოუწევდათ მათ მსახურების დატოვება. მაგრამ მარკმა ისეთი სამუშაო იშოვა, რომ სამ თვეში შეძლო თანხის უმეტესი ნაწილის გადახდა. შედეგად, ჩემი ოჯახის ყველა წევრმა, ჩემსა და ჩემი მეუღლის გარდა, სრული დროით მსახურება განაგრძო.

ექვსი ქვეყნიდან მიღებული ასობით ღია ბარათი და წერილი ჩემი პალატის კედლებზე იყო გამოკრული. იეჰოვა მართლაც რომ მაძლიერებდა. იმ ხუთ-ნახევარი თვის განმავლობაში, როცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვიყავი, კრებაც დაეხმარა ჩემს ოჯახს საჭმლით მომარაგებაში. ყოველდღიურად ერთი ქრისტიანი უხუცესი შუადღეს ჩემთან ერთად ატარებდა, ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს მიკითხავდა და გამამხნევებელ შემთხვევებსაც მიყვებოდა. ჩემი ოჯახის ორი წევრი კრების ყველა შეხვედრისთვის ჩემთან ერთად ემზადებოდა, რის გამოც არასდროს ვგრძნობდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საკვების უკმარისობას.

საავადმყოფოში ყოფნისას ძმებმა იზრუნეს, რომ სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამას დავსწრებოდი. საავადმყოფოს მედპერსონალმა მედდა და სუნთქვის დასარეგულირებლად კიდევ ერთი სპეციალისტი გამომაყოლა მთელი დღით. რაოდენ სასიხარული იყო კვლავ ჩემს ქრისტიან ძმებთან და დებთან ერთად ყოფნა! არასდროს დამავიწყდება ჩამწკრივებული ასობით და-ძმა, რომლებიც ჩემს მოსასალმებლად თავიანთ რიგს ელოდებოდნენ.

სულიერობის შენარჩუნება

ამ უბედური შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ სახლში, ჩემს ოჯახში, დაბრუნება შევძელი, მაგრამ ჯერ კიდევ დღე-ღამის განმავლობაში 24 საათი მედდის მეთვალყურეობას ვსაჭიროებდი. საგანგებოდ აღჭურვილი ავტოფურგონით კრების შეხვედრებზე დასასწრებად მივდივარ, რომლებსაც იშვიათად ვაცდენ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ კრებაზე სასიარულოდ შეუპოვრობის გამოვლენაა საჭირო. სახლში გადმოსვლის შემდეგ ყველა საოლქო კონგრესს ვესწრები.

1997 წლის თებერვლიდან ძლივძლივობით ვახერხებ ლაპარაკს. ზოგი ჩემი მედდა მთელი გულით მისმენს, როცა ბიბლიურ იმედს ვუზიარებ. ერთმა მათგანმა წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ და აგრეთვე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სხვა პუბლიკაციები თავიდან ბოლომდე წამიკითხა. ადამიანებთან მიწერ-მოწერას სპეციალური ფანქრის საშუალებით ვახერხებ, რომელიც კომპიუტერთან მუშაობაში მეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახით ბეჭვდა ძალიან დამღლელია, მსახურებას განვაგრძობ, რასაც დიდი კურთხევები მოაქვს.

ზოგჯერ ნერვის ძალიან ძლიერი ტკივილით ვიტანჯები. მაგრამ ვატყობ, რომ, როცა სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებებს ვუზიარებ ან როცა მიკითხავენ ამ ჭეშმარიტებებს, გარკვეულწილად შვებას ვგრძნობ. დროდადრო ჩემს ცოლთან ერთად, რომელიც მხარში მიდგას, ქუჩაში ვქადაგებ; საჭიროების შემთხვევაში ის სხვებს ჩემს ნათქვამს უხსნის. რამდენჯერმე დამხმარე პიონერად მსახურება შევძელი. უხუცესად მსახურებას სიხარული მოაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეხვედრებზე ძმები მიახლოვდებიან ან სახლში მინახულებენ და მეც, ჩემი მხრივ, შემიძლია გავამხნევო ისინი და დახმარება აღმოვუჩინო.

უნდა ვაღიარო, რომ ჩემს მდგომარეობაში ადვილად შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდეს კაცი. ამიტომ როგორც კი გულგატეხილობა მეუფლება, მაშინვე ვლოცულობ, რომ შევძლო სიხარულის შენარჩუნება. დღედაღამ ვევედრები იეჰოვას, რომ გამაძლიეროს. ყოველთვის ვმხნევდები, როცა ვინმესგან წერილს ვიღებ ან როცა ჩემს მოსანახულებლად მოდიან. ჟურნალ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა აღმშენებლობითი აზრებით ავსებს ჩემს გონებას. ზოგჯერ სხვადასხვა მედდა მიკითხავს ამ ჟურნალებს. უბედური შემთხვევის შემდეგ შვიდჯერ მოვისმინე მთლიანი ბიბლია კასეტებით. იეჰოვა ასეთი სხვადასხვა საშუალებით მაძლიერებს (ფსალმუნი 40:4).

მომხდარმა ცვლილებამ საშუალება მომცა, დიდხანს მეფიქრა იმის შესახებ, თუ როგორ გვასწავლის და გვამზადებს ჩვენი დიდებული მოძღვარი, იეჰოვა, ცხოვრებისთვის. მან თავისი ნებისა და განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნება მოგვცა, აზრით აღსავსე მსახურება დაგვავალა; გვასწავლა, თუ რაში მდგომარეობს ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საიდუმლო და გამჭრიახობა გვიბოძა გაჭირვებასთან გასამკლავებლად. იეჰოვამ ერთგული და შესანიშნავი მეუღლით მაკურთხა. შვილებიც ერთგულად მედგნენ მხარში; მიხარია, რომ ყველა სრული დროით მსახურობს. 2 000 წლის 11 მარტს ჩვენმა ვაჟმა მარკმა და მისმა მეუღლე ალისენმა „გალაადის“ სკოლის 108-ე კლასი დაამთავრეს და ნიკარაგუაში მიიღეს დანიშნულება. მე და ჩემმა მეუღლემ შევძელით მათ გამოშვებაზე დასწრება. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გაჭირვებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და არა ჩემი გული (ფსალმუნი 126:3, 4).

მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ სიბრძნე მიბოძა, რამაც მიღებული სულიერი მემკვიდრეობის ჩემი ოჯახისთვის გადაცემის საშუალება მომცა. მამხნევებს და მაძლიერებს ის, რომ ჩემი შვილები თავიანთ შემოქმედს ისეთივე განწყობით ემსახურებიან, როგორიც მამაჩემს ჰქონდა: „ჩვენ ასე ადვილად ვერ შევჩერდებით, რადგან იეჰოვამ დაგვავალა ქადაგება“. მართლაც, იეჰოვა მთელი ცხოვრების მანძილზე გვაძლიერებს მე და ჩემს ოჯახს.

[სურათი 24 გვერდზე]

მე, მამაჩემი, ჩემი ძმები და და იმ ცხენშებმული ფურგონის გვერდით, რომელსაც პიონერად მსახურების დროს ვიყენებდით. მე მარჯვნივ ვდგავარ.

[სურათი 26 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე მერნა.

[სურათი 26 გვერდზე]

ახლახან გადაღებული ჩვენი ოჯახის სურათი.

[სურათი 27 გვერდზე]

მე ჯერ კიდევ წერილებით ვქადაგებ.