არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის სულიერი სამოთხე?

რა არის სულიერი სამოთხე?

რა არის სულიერი სამოთხე?

გუშტავუ ბრაზილიის ერთ პატარა ქალაქში გაიზარდა. ბავშვობაში მას ასწავლიდნენ, რომ კარგი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიდიან a. მან არაფერი იცოდა ღვთის განზრახვის შესახებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთგული ადამიანები გაიხარებდნენ სრულყოფილი სიცოცხლით სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 21:3, 4). მან არც ის იცოდა, რომ მას უკვე ახლა შეეძლო სულიერ სამოთხეში ყოფნა.

გსმენიათ ოდესმე სულიერი სამოთხის შესახებ? იცით რა არის ეს და რა მოითხოვება, რომ მასში აღმოჩნდეთ? ყველამ, ვისაც სურს, ნამდვილად ბედნიერი იყოს, უნდა გაიგოს ამ სულიერი სამოთხის შესახებ.

სულიერი სამოთხის ადგილსამყოფელი

ის, რომ ადამიანს უკვე ახლა შეუძლია სამოთხეში ცხოვრება, შეიძლება არარეალურად ჟღერს. ეს წუთისოფელი, მართლაც რომ, არ ჰგავს სამოთხეს. ჯერ კიდევ მრავალი ადამიანი განიცდის იმას, რაც ძველ დროს მცხოვრებმა ებრაელმა მეფემ აღწერა: „აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ არ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი“ (ეკლესიასტე 4:1). უამრავი ადამიანი იტანჯება კორუმპირებული პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური სისტემების გამო; ისინი შვებას ვერ პოულობენ და არ ჰყავთ „ნუგეშისმცემი“. მრავალი ცდილობს გადასახადების გადახდას, შვილების აღზრდასა და საარსებოდ საჭირო სხვა მრავალი რამის კეთებას. ალბათ, ისინიც მოხარული იქნებოდნენ, ნუგეშისმცემი ჰყოლოდათ, ვისაც შეეძლებოდა მათი ტვირთის შემსუბუქება. ამ ადამიანებისთვის ცხოვრება, მართლაც რომ, არ არის სამოთხისებური.

მაშ, სად არის სულიერი სამოთხე? „სამოთხედ“ თარგმნილი ბერძნული და ებრაული სიტყვები, ნიშნავს პარკს ანუ ბაღს, წყნარ, გამომაცოცხლებელ ადგილს. ბიბლიაში მოცემულია დაპირება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დედამიწა ფიზიკურ სამოთხედ ანუ უცოდველი ადამიანების საცხოვრებელ ბაღისმაგვარ ადგილად გადაიქცევა (ფსალმუნი 36:10, 11). აქედან გამომდინარე, სულიერი სამოთხე სასიამოვნო და დამამშვიდებელი გარემოა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, გაიხაროს მშვიდობით მოყვასთან და ღმერთთან. დღესდღეობით, როგორც გუშტავუმაც გაიგო, ასეთი სამოთხე არსებობს და მასში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს.

გუშტავუმ, 12 წლის ასაკში, გადაწვიტა კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო. მშობლების თანხმობით მან სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. იქ მას შეხება ჰქონდა მუსიკასთან, თეატრთან და პოლიტიკასთან, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია ახალგაზრდების მიზიდვას ცდილობდა. მან იცოდა, რომ მღვდელს ადამიანებისთვის უნდა ემსახურა და არ უნდა დაქორწინებულიყო. მაგრამ გუშტავუს ნაცნობი ზოგიერთი მღვდელი და სემინარიის სტუდენტი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. ასეთი გარემოს გავლენით გუშტავუმ მალე სმას მიჰყო ხელი. ნათელი იყო, რომ მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნაპოვნი სულიერი სამოთხე.

ერთხელაც გუშტავუმ წაიკითხა ბიბლიური ტრაქტატი, რომელშიც საუბარი იყო მიწიერ სამოთხეზე. ამან ის სიცოცხლის აზრზე დააფიქრა. ის ამბობს: „მე დავიწყე ბიბლიის სისტემატური კითხვა, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. ვერც იმას ვხედავდი, რომ ღმერთს სახელი ჰქონდა“. მან მიატოვა სემინარია და ბიბლიის გასაგებად დახმარება იეჰოვას მოწმეებს სთხოვა. აქედან მოყოლებული მან სწრაფი სულიერი პროგრესი განიცადა და მალე ღმერთს მიუძღვნა თავი. გუშტავუ სულ უფრო მეტს იგებდა სულიერი სამოთხის შესახებ.

ხალხი ღვთის სახელისთვის

გუშტავუმ გაიგო, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა და რომ ეს ბიბლიის შემსწავლელისთვის უბრალო ინფორმაცია როდია. ეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მთავარი ნაწილია. იესომ ასწავლა თავის მიმდევრებს, რომ ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9). იმ წარმართებზე საუბრისას, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, მოწაფე იაკობმა თქვა: „მოხედა ღმერთმა. . . წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის“ (საქმეები 15:14). პირველ საუკუნეში „ხალხი თავისი სახელისათვის“ ქრისტიანული კრება იყო. დღეს თუ არსებობს „ხალხი ღვთის სახელისათვის“? დიახ, და გუშტავუ მიხვდა, რომ ეს ხალხი იეჰოვას მოწმეები არიან.

იეჰოვას მოწმეები 235 ქვეყანაში და ტერიტორიაზე მოღვაწეობენ. მათი რიცხვი ექვს მილიონზე მეტია, ხოლო სხვა რვა მილიონი დაინტერესებული ადამიანი დაესწრო მათ შეხვედრებს. ისინი ცნობილნი არიან თავიანთი საჯარო მსახურებით, რითაც იესოს სიტყვებს ასრულებენ: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად.“ (მათე 24:14). მაგრამ რატომ ფიქრობს გუშტავუ, რომ სულიერ სამოთხეს იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობით მიაგნო? ის ამბობს: „მე ერთმანეთს შევადარე ის, რაც წუთისოფელში, განსაკუთრებით კი სემინარიაში, ვნახე და ის, რაც იეჰოვას მოწმეებში აღმოვაჩინე. ყველაზე დიდი სხვაობა მოწმეებს შორის არსებული სიყვარულია“.

სხვებმაც მსგავსი რამ შენიშნეს იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით. მირიამმა, ახალგაზრდა ბრაზილიელმა ქალმა, თქვა: „ვერ ვგრძნობდი ბედნიერებას, თვით ოჯახშიც კი. პირველად სიყვარული იეჰოვას მოწმეებს შორის დავინახე“. მამაკაცმა, სახელად კრისტიანმა, აღნიშნა: „დროდადრო სპირიტიზმით ვიყავი დაკავებული, რელიგიას მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის. მე უფრო მეტად ჩემს საზოგადოებრივ მდგომარეობასა და ჩემს, როგორც ინჟინრის, სამუშაოს ვაფასებდი. როცა ჩემმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, დავინახე, როგორ იცვლებოდა. გარდა ამისა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ქრისტიანი ქალების სიხარულმა და გულმოდგინებამ, რომლებიც ჩემს ცოლს აკითხავდნენ“. რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ასე იეჰოვას მოწმეებზე?

რა არის სულიერი სამოთხე?

ერთ-ერთი რამ, რაც იეჰოვას მოწმეებს სხვებისგან განასხვავებს, ის არის, რომ ისინი აფასებენ ბიბლიურ შემეცნებას. მათ სწამთ, რომ ბიბლია ჭეშმარიტება და ღვთის სიტყვაა. აქედან გამომდინარე, ისინი არ სჯერდებიან მხოლოდ თავიანთი რელიგიის ძირითადი სწავლებების ცოდნას. მათ აქვთ პირადი შესწავლისა და ბიბლიის კითხვის მუდმივი პროგრამა. რაც უფრო მეტად აქვს ადამიანს ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან, მით უფრო მეტს სწავლობს ღვთისა და ბიბლიაში მოცემული მისი განზრახვების შესახებ.

ასეთი შემეცნება იეჰოვას მოწმეებს ათავისუფლებს ცრურწმენისგან და ზიანის მომტანი იდეებისგან, რომლებიც ადამიანებს ბედნიერებას ართმევს. იესომ თქვა: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“; იეჰოვას მოწმეებმა თავად გამოსცადეს ამ სიტყვების ჭეშმარიტება (იოანე 8:32). ფერნანდუ, რომელიც ერთ დროს სპირიტიზმით იყო გატაცებული, ამბობს: „მარადიული სიცოცხლის შესახებ ცოდნის მიღებამ უდიდესი შვება მომიტანა. ვშიშობდი, რომ ან მე, ან ჩემი მშობლები მოვკვდებოდით“. ჭეშმარიტებამ ფერნანდუ გაათავისუფლა სულების სამყაროსა და ეგრეთ წოდებული იმქვეყნიური ცხოვრების შიშისაგან. ბიბლიაში ღვთის შესახებ შემეცნება მჭიდროდ უკავშირდება სამოთხეს. წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).

რა თქმა უნდა, მხოლოდ შემეცნება საკმარისი არ არის ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები მშვიდობის დასამყარებლად. ადამიანმა ნასწავლის თანახმად უნდა იმოქმედოს. ფერნანდუმ აღნიშნა: „როდესაც ადამიანი სულის ნაყოფებს ავითარებს, მას თავისი წვლილი შეაქვს სულიერი სამოთხის არსებობაში“. ფერნანდუს მხედველობაში ჰქონდა მოციქულ პავლეს სიტყვები, რომელმაც კარგ თვისებებს, რომლებიც ქრისტიანმა უნდა განავითაროს, „სულის ნაყოფი“ უწოდა. მან ჩამოთვალა ისეთი თვისებები, როგორიცაა: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23).

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რატომ იქნება იმ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომლის წევრებიც ცდილობენ ამ თვისებების განვითარებას, მართლაც რომ სამოთხეში ყოფნის მსგავსი? სოფონიას მიერ ნაწინასწარმეტყველებ სულიერ სამოთხეს ასეთ ხალხში უნდა ეარსება. მან თქვა: ‘აღარ ჩაიდენენ უსამართლობას. . . აღარ იცრუებენ, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი’ (სოფონია 3:13).

სიყვარულის უდიდესი როლი

ალბათ შენიშნეთ, რომ პავლეს მიერ მოხსენიებული სულის ნაყოფებიდან პირველი სიყვარული იყო. ეს არის თვისება, რომელზეც ბიბლია ხშირად საუბრობს. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). მართალია, იეჰოვას მოწმეები, იესოს მოციქულების მსგავსად, სრულყოფილები არ არიან, მაგრამ ზოგჯერ ურთიერთშორის პრობლემები წამოეჭრებათ ხოლმე, მაგრამ მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი და ლოცულობენ სულიწმიდის მისაღებად, რათა განავითარონ ეს თვისება.

შედეგად, მათი საძმო განუმეორებელია. მათ შორის არ არის ტომობრივი დაყოფა და ნაციონალიზმი. სინამდვილეში, მრავალი მოწმე, რომლებიც მე-20 საუკუნის ბოლო წლებში ეთნიკურ წმენდასა და რასობრივ გენოციდში მოხვდნენ, მფარველობას უწევდა ერთმანეთს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასადაც კი. თუმცა გამოსულნი არიან „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, ისინი ხარობენ იმ ერთიანობით, რომლის გაგებაც ძნელია, თუ თავად არ გამოსცადე (გამოცხადება 7:9).

სამოთხე ღვთის ნების შემსრულებელთა შორის

სულიერ სამოთხეში არ არსებობს სიხარბე, უზნეობა და ეგოიზმი. ქრისტიანებს ეძლევათ დარიგება: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება —კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2). როდესაც ვცხოვრობთ ზნეობრივად სუფთა ცხოვრებით და ყველაფერში ვასრულებთ ღვთის ნებას, ხელს ვუწყობთ სულიერი სამოთხის აღშენებას და საკუთარ ბედნიერებას. კარლა დარწმუნდა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. ის ამბობს: „მამაჩემმა მძიმედ შრომა მასწავლა, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. თუმცა უნივერსიტეტში სწავლამ უსაფრთხოების გრძნობა განმივითარა, ოჯახური ერთობა მაკლდა და უსაფრთხოების ის გრძნობა, რომლის მონიჭებაც მხოლოდ ღვთის სიტყვიდან მიღებულ შემეცნებას შეუძლია“.

რა თქმა უნდა, სულიერი სამოთხის არსებობა არ გამორიცხავს ცხოვრებაში ფიზიკურ პრობლემებს. ქრისტიანები კვლავაც ავადმყოფობენ. იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ცხოვრობენ, შესაძლოა, შიდაომი მიმდინარეობს. მრავალი სიღარიბეში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობით, რაც სულიერ სამოთხეში უმთავრესია, შეგვიძლია მისი მხარდაჭერა ვეძებოთ. ნამდვილად, ის გვიწვევს, ‘მივანდოთ მას ჩვენი საზრუნავი’; მრავალს შეუძლია დაადასტუროს, თუ რა შესანიშნავად დაუჭირა მხარი ღმერთმა მათ ურთულეს სიტუაციებში (ფსალმუნი 54:23; 85:16, 17). ღმერთი გვპირდება, რომ თავის თაყვანისმცემლებთან იქნება „შავეთის ველზეც“ კი (ფსალმუნი 22:4). იმაში დარწმუნება, რომ ღმერთი მზად არის ჩვენ მხარდასაჭერად, დაგვეხმარება ‘ყოველგვარ გონებაზე აღმატებული ღვთის მშვიდობის’ შენარჩუნებაში, რაც სულიერი სამოთხის საწინდარია (ფილიპელთა 4:7).

სულიერი სამოთხის აღშენებაში წვლილის შეტანა

ადამიანთა უმეტესობას სიამოვნებს პარკების ან ბაღების დათვალიერება. მათ მოსწონთ იქ სეირნობა ან, შესაძლოა, სკამზე ჯდომა და ბუნებით ტკბობა. ამის მსგავსად, მრავალს სიამოვნებს იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა. მათთვის ეს გამომაცოცხლებელი, მშვიდობის მომტანი და აღმშენებლობითია. მშვენიერ ბაღს მოვლა სჭირდება, რათა ის ყოველთვის სამოთხის ბაღად დარჩეს. ამნაირადვე, სულიერი სამოთხე წუთისოფლის გარემოში, რომელიც სამოთხისგან ძალიან შორს არის, მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ ზოგავენ მის შესანარჩუნებლად; ღმერთი კი აკურთხებს მათ მცდელობებს. როგორ შეიძლება ამ სამოთხის არსებობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეთა კრებას, შეისწავლოთ ბიბლია მათთან ერთად და შეიძინოთ ბიბლიური შემეცნება, რომელიც სულიერი სამოთხის საფუძველს წარმოადგენს. კარლამ აღნიშნა: „სულიერი სამოთხე არ არსებობს სულიერი საზრდოს გარეშე“. ამაში შედის ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვა და წაკითხულზე ფიქრი. მიღებული შემეცნება დაგაახლოებთ იეჰოვა ღმერთთან და შეგაყვარებთ მას. აგრეთვე ისწავლით მასთან ლოცვით საუბარს და იმის თხოვნას, რომ გიხელმძღვანელოთ და მხარი დაგიჭიროთ თავისი სულიწმიდით თავისი ნების შესასრულებლად. იესომ დაგვარიგა, რომ დაჟინებით გველოცა (ლუკა 11:9—13). მოციქულმა პავლემ თქვა: „ილოცეთ განუწყვეტლივ“ (1 თესალონიკელთა 5:17). ღმერთთან ლოცვით საუბარი, იმაში სრულიად დარწმუნებით, რომ ის გისმენს, უპირატესობაა, რაც სულიერი სამოთხის მნიშვნელოვანი ნაწილია.

დროთა განმავლობაში, ნასწავლი გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას და, საბოლოოდ, ამის შესახებ სხვებთანაც საუბრის სურვილი გაგიჩნდებათ. შედეგად, თქვენ შეგეძლებათ დაემორჩილოთ იესოს მითითებას: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16). სხვებისთვის იეჰოვა ღმერთსა და იესოს შესახებ შემეცნების გაზიარებასა და კაცობრიობისადმი მათ მიერ გამოვლენილი სიყვარულის განდიდებას დიდი ბედნიერება მოაქვს.

მოდის დრო, როდესაც მთელი დედამიწა ფიზიკურ სამოთხედ, დაუბინძურებელ და ერთგული კაცობრიობისთვის შესაფერის ბაღისმაგვარ ადგილად, გადაიქცევა. ამ ‘საზარელ ჟამს’ კი სულიერი სამოთხის არსებობა ღვთის ძალაზე მოწმობს და იმის მაჩვენებელია, თუ რა შეუძლია მას დღეს და რას გააკეთებს მომავალში (2 ტიმოთე 3:1).

ისინი, რომლებიც ხარობენ სულიერი სამოთხით, უკვე დღეს ესაიას 49:10-ში ჩაწერილი სიტყვების სულიერი შესრულების მოწმენი არიან: „არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს“. ჟოზეს შეუძლია დაადასტუროს ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ის ოცნებობდა, ცნობილი მუსიკოსი გამხდარიყო; მაგრამ უფრო მეტი კმაყოფილება ქრისტიანულ კრებასთან ერთად ღვთისათვის მსახურებით მიიღო. ის ამბობს: „ახლა ჩემი ცხოვრება აზრით არის აღსავსე. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ ქრისტიანულ საძმოში და ვიცი, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მამაა, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ“. ჟოზესა და სხვა მისი მსგავსი მილიონების სიხარული კარგად არის აღწერილი ფსალმუნის 63:11-ში: „გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები“. სულიერი სამოთხის რა შესანიშნავი აღწერილობაა!

[სქოლიოები]

a მოხსენიებული ადამიანები რეალური პიროვნებები არიან, მაგრამ ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათი 10 გვერდზე]

სულიერ სამოთხეში ყოფნისას მის გაფართოებასაც უნდა შევუწყოთ ხელი!