არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება

როგორ ვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება

როგორ ვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება

ბუდისტთა რელიგიურმა წინამძღოლმა დალაი-ლამამ თქვა: „მწამს, რომ ცხოვრების აზრი ბედნიერების ძიებაა“. შემდეგ განმარტა, რომ, მისი მრწამსის თანახმად, ბედნიერების მიღწევა გულისა და გონების გამოწვრთნის, მათი გავარჯიშების საშუალებით შეიძლება. „გონება, — აღნიშნა მან, — ძირითადად, სულ ეს არის, რაც სრული ბედნიერების მისაღწევად გვჭირდება“. მისი აზრით, ღვთისადმი რწმენა აუცილებელი არ არის a.

ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ იესოს მაგალითი, რომელსაც ღვთისადმი მტკიცე რწმენა ჰქონდა და რომლის მოძღვრებამაც საუკუნეების მანძილზე მილიონობით ადამიანზე იქონია გავლენა. იესო დაინტერესებული იყო ადამიანთა ბედნიერებით. მთაზე ქადაგების სახელწოდებით ცნობილი თავისი ქადაგება მან ცხრა „ნეტარების“ ანუ ცხრაჯერ შემდეგი გამოთქმის გამოყენებით დაიწყო: „ნეტარ არიან. . .“ (მათე 5:1—12). იმავე ქადაგებისას ის თავის მსმენელებს გონებისა და გულის გამოკვლევის, განწმენდისა და განსწავლის შესახებ ასწავლიდა და ეუბნებოდა, რომ ძალმომრეობითი, უზნეო და ეგოისტური აზრები მშვიდობიანი, სუფთა და სიყვარულით აღსავსე აზრებით შეეცვალათ (მათე 5:21, 22, 27, 28; 6:19—21). როგორც მოგვიანებით ერთ-ერთი მისი მოწაფე მოგვიწოდებდა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ‘იმაზე ფიქრი’, რაც ‘ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივეზე, რაც სათნო და ქებულია’ (ფილიპელთა 4:8).

იესომ იცოდა, რომ ჭეშმარიტ ბედნიერებაში სხვებთან ურთიერთობაც შედიოდა. ჩვენ, ადამიანები, საზოგადოებრივი არსებები ვართ და ამიტომ შეუძლებელია ჭეშმარიტად ბედნიერად ვგრძნობდეთ თავს, თუ საზოგადოებისგან იზოლირებული ვიქნებით ან ჩვენს ირგვლივ მყოფებთან გამუდმებით კონფლიქტი გვექნება. ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუ ვგრძნობთ, რომ ვიღაცას ვუყვარვართ და ვიღაც გვიყვარს. ასეთი სიყვარული კი, იესოს სწავლების თანახმად, ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით ამ მხრივ განსხვავდება იესოსა და დალაი-ლამას სწავლებები, რადგან იესოს მოძღვრების თანახმად, ადამიანები ღვთისგან დამოუკიდებლად ნამდვილად ბედნიერები ვერ იქნებიან. რატომ? (მათე 4:4; 22:37—39).

იფიქრეთ თქვენს სულიერ მოთხოვნილებებზე

ერთ-ერთი ნეტარებათაგანი არის: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“ (მათე 5:3, აქ). რატომ თქვა იესომ ეს? იმიტომ რომ ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ სულიერი მოთხოვნილებები გვაქვს. ვინაიდან ღვთის ხატად ვართ შექმნილი, გარკვეულწილად, შეგვიძლია განვივითაროთ ისეთი ღვთიური თვისებები, როგორებიცაა: სიყვარული, სამართლიანობა, გულმოწყალება და სიბრძნე (დაბადება 1:27; მიქა 6:8; 1 იოანე 4:8). ამ სულიერ მოთხოვნილებებში შედის იმის სურვილიც, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.

როგორ შეგვიძლია ასეთი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? არა უჩვეულო მედიტაციებითა თუ მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვლევით, არამედ იმით, რაც იესომ თქვა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). შენიშნეთ, იესომ თქვა, რომ ღმერთია ცხოვრებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ‘ყოველი სიტყვის’ წყარო. მხოლოდ ღმერთს შეუძლია დაგვეხმაროს ზოგ კითხვაზე პასუხის გაცემაში. ამ პასუხების მიღება კი განსაკუთრებით დროულია დღეს, როდესაც ცხოვრების აზრისა და ბედნიერების შესახებ ასე მრავალი თეორიაა გავრცელებული. წიგნების მაღაზიებში მთელი სექციები ეთმობა ნაშრომებს, რომლებიც მკითხველებს ჯანმრთელობას, სიმდიდრესა და ბედნიერებას ჰპირდება. ინტერნეტის საიტებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბედნიერების საკითხს.

მიუხედავად ამისა, ამ საკითხში ადამიანთა აზროვნება ხშირად არასწორია. ის ეგოისტურ სურვილებსა თუ საკუთარ „მე“-ზეა კონცენტრირებული; შეზღუდულ ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული და საკმაოდ ხშირად ცრუ ვარაუდებზეა აგებული. მაგალითად, თვითდამხმარე სახელმძღვანელოების ავტორთა სულ უფრო მზარდ ნაშრომებში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ აზრები „ევოლუციური ფსიქოლოგიის“ თეორიაზე დააფუძნონ, ხოლო ამ თეორიის თანახმად, ადამიანთა ემოციები მათი სავარაუდო წინაპრებისგან, ცხოველებისგან, იღებს სათავეს. ჭეშმარიტება კი ის არის, რომ ჩვენი შემოქმედის როლის უგულებელმყოფელ თეორიაზე დაფუძნებული სახელმძღვანელოების მეშვეობით ბედნიერების პოვნის ვერც ერთი მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს და საბოლოოდ იმედგაცრუებულობამდე მიგვიყვანს. ძველი დროის წინასწარმეტყველმა თქვა: „თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა. . . აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ?“ (იერემია 8:9).

იეჰოვა ღმერთმა იცის ჩვენი აგებულება და ის, თუ რას შეუძლია ჩვენი ნამდვილად გაბედნიერება. მან იცის, რატომ დაასახლა ადამიანი დედამიწაზე და რა მომავალი ელის კაცობრიობას; ამის შესახებ ინფორმაციას კი ბიბლიის საშუალებით გვაწვდის. ის, რასაც ღმერთი ინსპირაციით დაწერილ ამ წიგნში გვიმხელს, სწორად განწყობილ ადამიანებში სათანადო რეაქციას იწვევს და მათ აბედნიერებს (ლუკა 10:21; იოანე 8:32). ასე იყო ეს იესოს ორი მოწაფის შემთხვევაში. ისინი თავიანთი მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გულდამძიმებულები იყვნენ, მაგრამ მას მერე, რაც თვით მკვდრეთით აღდგენილი იესოსგან გაიგეს კაცობრიობის ხსნაში მისი როლის შესახებ, თქვეს: „განა არ ღვიოდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკა 24:32).

ასეთი სიხარული უფრო გვიძლიერდება, როდესაც ბიბლიის ჭეშმარიტებას ჩვენს ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ ვიყენებთ. ამაში ბედნიერება შეიძლება ცისარტყელას შევადაროთ. ცისარტყელა ცაში მაშინ ჩნდება, როდესაც ამისთვის სათანადო პირობები იქმნება, მაგრამ ის უფრო მკვეთრად იკვეთება და ორმაგიც კი ხდება, როდესაც პირობები იდეალურია. ახლა კი მოდი განვიხილოთ იმის რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ბიბლიური სწავლებების გამოყენებამ ბევრად უფრო ბედნიერი გაგვხადოს.

სუფთად დაიცავით თვალი

პირველ რიგში განვიხილოთ იესოს რჩევა სიმდიდრესთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მსმენელებს ურჩია, რომ სიმდიდრის ძიება ცხოვრებაში მთავარ საზრუნავად არ გაეხადათ, მან უჩვეულო განაცხადი გააკეთა: „თუ შენი თვალი სუფთაა მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება“ (მათე 6:19—22). არსებითად მან თქვა, რომ, თუ ხარბად დავიწყებდით სიმდიდრის, ძალაუფლებისა თუ რომელიმე სხვა მიზნებისკენ ლტოლვას, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხალხი ისახავს, მხედველობიდან გამოგვრჩებოდა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. დიახ, როგორც იესომ სხვა შემთხვევისას თქვა: „ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). თუ პირველ ადგილზე ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს დავაყენებთ, ისეთებს როგორიცაა: ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა, ოჯახზე ზრუნვა და სხვა ამასთან დაკავშირებული საქმეები, ჩვენი „თვალი სუფთა“, ანუ ათასი რამით გადაუტვირთავი, იქნება.

შენიშნეთ, რომ იესო ასკეტიზმის ან ყოველივე პირადულზე უარის თქმის მომხრედ არ გამოდიოდა. ბოლოს და ბოლოს, ის თავად არ ყოფილა ასკეტი (მათე 11:19; იოანე 2:1—11). უფრო სწორად, იესო ასწავლიდა, რომ ადამიანები, რომლებისთვისაც ცხოვრება მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებაა, ფაქტობრივად, არ ცხოვრობენ.

მათ შესახებ ლაპარაკისას, რომლებმაც ახალგაზრდობაში მოასწრეს ძალზე გამდიდრება, სან-ფრანცისკოელმა ფსიქოთერაპევტმა თქვა, რომ მათთვის ფული „სტრესისა და დიდი მღელვარების მიზეზია“. ეს ადამიანები, დასძინა მან, „ყიდულობენ ორ ან სამ სახლს, მანქანას; ხარჯავენ ფულს რაღაც ნივთების შესაძენად და როდესაც ამას მათთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს [ესე იგი არ მოაქვს ბედნიერება], ისინი დეპრესიაში ვარდებიან, სიცარიელის გრძნობა ეუფლებათ და არ იციან, რა გააკეთონ“. ამის საპირისპიროდ, მათ, ვინც, იესოს რჩევის თანახმად, მატერიალური სიმდიდრის გამოდევნებით ცხოვრებას არ ირთულებს და სულიერი საქმეებისთვის დროს იტოვებს, ნამდვილი ბედნიერების პოვნის ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ.

ჰავაელი მშენებელი ტომი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების ასაშენებლად წყნარი ოკეანის კუნძულებზე წავიდა მოხალისედ; იქ ხალხი მატერიალურად ღარიბი იყო. ტომმა ამ თავმდაბალ ადამიანებში რაღაც შენიშნა. მან თქვა: „ამ კუნძულზე მცხოვრები ჩემი ქრისტიანი და-ძმები ნამდვილად ბედნიერები იყვნენ. ისინი იმის უფრო ნათლად დანახვაში დამეხმარნენ, რომ ფული და ქონება არ არის ბედნიერების საიდუმლოს გასაღები“. ის აგრეთვე დააკვირდა კუნძულზე მომსახურე სხვა მოხალისეებს და შენიშნა, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები იყვნენ. „მათ შეეძლოთ ძალიან ბევრი ფულის გამომუშავება, — თქვა ტომმა, — მაგრამ სულიერი საქმეების პირველ ადგილზე დაყენება და უბრალოდ ცხოვრება არჩიეს“. მათმა მაგალითმა ტომზე იმდენად იმოქმედა, რომ თვითონაც გაიმარტივა ცხოვრება, რამაც ოჯახისა და სულიერი საკითხებისათვის მეტი დროის გამოყოფის შესაძლებლობა მისცა. ამ ნაბიჯის გადადგმა ტომს არასოდეს უნანია.

ბედნიერება და პირადი ღირსების გრძნობა

ბედნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადი ღირსების გრძნობა გვქონდეს ანუ საკუთარ თავს ვაფასებდეთ. ადამიანური არასრულყოფილებისა და ამის შედეგად ადამიანში არსებული სისუსტეების გამო ზოგს საკუთარ თავზე უარყოფითი თვალსაზრისი აქვს; მრავალს კი ასეთი აზრები ბავშვობიდან მოჰყვება. ასე ღრმად გამჯდარი გრძნობების ამოძირკვა შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ ეს შესაძლებელია. პრობლემის გადამჭრელი საშუალების პოვნა ბიბლიაში შეიძლება.

ბიბლია გვიხსნის, თუ რას გრძნობს შემოქმედი ჩვენ მიმართ. განა მისი თვალსაზრისი ყველა ადამიანისა და ჩვენს საკუთარ თვალსაზრისზეც კი უფრო მნიშვნელოვანი არ არის? ღმერთი, სიყვარულის განსახიერება, ჩვენ წინასწარ შექმნილი აზრის შესაბამისად და ბოროტი განზრახვით არ გვიყურებს. ის ხედავს როგორც იმას, თუ როგორები ვართ, ისე იმას, თუ როგორები შეგვიძლია ვიყოთ (პირველი მეფეთა 16:7; 1 იოანე 4:8). სინამდვილეში, ის ყველას, ვისაც მისთვის სიამოვნების მინიჭება სურს, არასრულყოფილების მიუხედავად, ძვირფასად, დიახ, სასურველად მიიჩნევს (დანიელი 9:23, აქ; ანგია 2:7, აქ).

რა თქმა უნდა, ღმერთი თვალს არ ხუჭავს ჩვენს სისუსტეებსა და ჩვენ მიერ ჩადენილ ცოდვებზე. ის მოელის, რომ მთელი გულით ვეცდებით სწორად მოქმედებას და, თუ ასე მოვიქცევით, დაგვეხმარება კიდეც (ლუკა 13:24). გარდა ამისა, ბიბლია ამბობს: „როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი“. ის აგრეთვე ამბობს: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ“ (ფსალმუნი 102:13; 129:3, 4).

ამიტომ ისწავლეთ, საკუთარ თავს ღვთის თვალით შეხედოთ. იმის ცოდნას, რომ ღმერთი თავის მოყვარულებს სასურველ პიროვნებებად მიიჩნევს და ენდობა — მაშინაც კი, როდესაც მათ საკუთარი თავი უღირსად მიაჩნიათ — შეუძლია დიდად გააბედნიეროს ისინი (1 იოანე 3:19, 20).

იმედს დიდი მნიშვნელობა აქვს ბედნიერებისთვის

არც ისე დიდი ხნის წინათ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, რომელსაც „პოზიტიური ფსიქოლოგია“ ეწოდება, დადებითი აზროვნებისა და პირად დადებით მხარეებზე ყურადღების გამახვილების შედეგად წარმოშობილ ოპტიმიზმს ადამიანის გაბედნიერება შეუძლია. ალბათ, ყველა დაეთანხმება იმ აზრს, რომ ცხოვრებასა და მომავალზე დადებითი თვალსაზრისი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის. მაგრამ ასეთი ოპტიმიზმი არა მხოლოდ სასურველ ოცნებებზე, არამედ ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული. გარდა ამისა, ვერავითარი ოპტიმიზმი ან დადებითი აზროვნება ვერ აღმოფხვრის ომებს, შიმშილს, გარემოს დაბინძურებას, სიბერეს, ავადმყოფობასა თუ სიკვდილს ანუ იმას, რაც მრავალს ბედნიერებას აკარგვინებს. მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმს მაინც თავისი წვლილი შეაქვს ადამიანთა ბედნიერებაში.

საინტერესოა, რომ ბიბლია არ იყენებს სიტყვა ოპტიმიზმს, მაგრამ იყენებს უფრო ძლიერ სიტყვას — იმედს. ვაინის განმარტებითი ლექსიკონი სიტყვა „იმედს“, ბიბლიური გაგებით, შემდეგნაირად განმარტავს: „სასურველი და საიმედო მოლოდინი. . . კარგის მოლოდინი, რასაც ბედნიერებით აღსავსე მოელი“. ბიბლიური გაგებით, იმედი ამა თუ იმ მდგომარეობაში ოპტიმისტური თვალსაზრისის ქონაზე მეტია. ის აგრეთვე მიუთითებს რაღაცაზე, რაზეც ადამიანის იმედია დაფუძნებული (ეფესელთა 4:4; 1 პეტრე 1:3). მაგალითად, ქრისტიანული იმედი იმაში მდგომარეობს, რომ წინა აბზაცში მოხსენიებული ყველა არასასურველი მოვლენა მალე მოისპობა (ფსალმუნი 36:9—11, 29). მაგრამ ეს იმედი უფრო მეტის მომცველიცაა.

ქრისტიანები მოელიან დროს, როდესაც ერთგული ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ და სრულყოფილები იქნებიან (ლუკა 23:42, 43, აქ). ამ იმედს კიდევ უფრო განავრცობს გამოცხადების 21:3, 4, სადაც ნათქვამია: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის. . . მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“.

ყველას, ვინც ასეთ მომავალს მოელის, ბედნიერებისთვის საფუძვლიანი მიზეზი აქვს მაშინაც კი, თუ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სახარბიელო არ არის (იაკობი 1:12). ასე რომ, რატომ არ უნდა გამოგეკვლიათ ბიბლია და გენახათ, რომ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მის განხორციელებაში. განიმტკიცეთ თქვენი იმედი ბიბლიის ყოველდღიურად კითხვით. ასე მოქმედება სულიერად გაგამდიდრებთ, დაგეხმარებათ, მოერიდოთ ისეთ რამეებს, რაც ადამიანებს ბედნიერებას ართმევს, და კმაყოფილების გრძნობას განგივითარებთ. დიახ, ნამდვილი ბედნიერების საიდუმლოს საუკეთესო გასაღები ღვთის ნების შესრულებაა (ეკლესიასტე 12:13). ბიბლიურ მითითებებზე აგებული ცხოვრება ბედნიერებით აღსავსე ცხოვრებაა, რამეთუ იესომ თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“ (ლუკა 11:28).

[სქოლიოები]

a ბუდისტისთვის ღვთისადმი რწმენა აუცილებელი არ არის.

[სურათები 5 გვერდზე]

ბედნიერების პოვნა შეუძლებელია სიმდიდრის დაგროვებით, საზოგადოებისგან განცალკევებით ან ადამიანების შეზღუდულ ცოდნაზე დანდობით.

[სურათი 6 გვერდზე]

ღვთის სიტყვისადმი მორჩილებაზე აგებული ცხოვრება ბედნიერებით აღსავსე ცხოვრებაა.

[სურათი 7 გვერდზე]

ქრისტიანული იმედი ადამიანს ბედნიერს ხდის.