შეგიძლიათ იყოთ ნამდვილად ბედნიერი?
შეგიძლიათ იყოთ ნამდვილად ბედნიერი?
ჯორჯი ყველას ღიმილით ესალმებოდა. მისთვის სიცოცხლე ძვირფასი, სასიამოვნო საჩუქარი იყო. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ბედნიერი და ოპტიმიზმით აღსავსე იყო მაშინაც კი, როდესაც ასაკში შესვლასთან დაკავშირებული მწვავე ტკივილები დაეწყო. სიკვდილის დღემდე ჯორჯს ბედნიერ ადამიანად იცნობდნენ. ხართ თუ არა თქვენც ჯორჯივით ბედნიერი? არის თქვენთვის თითოეული დღე სასიამოვნო საჩუქარი? თუ მომდევნო დღეს გულგრილად ან შიშის გრძნობით შეპყრობილიც კი მოელით? რამე ხომ არ გაკარგვინებთ ბედნიერებას?
ბედნიერებას განსაზღვრავენ, როგორც შედარებით მდგრად კეთილდღეობას. ამ დროს ადამიანი კმაყოფილებასა და დიდ შინაგან სიხარულს განიცდის და ბუნებრივია, სურს, რომ ყოველთვის ასე იყოს. ნამდვილად არსებობს ასეთი ბედნიერება?
დღეს საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, რომ ადამიანებს ბედნიერებას მხოლოდ საკმაო სიმდიდრის ფლობა მოუტანთ. მილიონები თავგამოდებით იღწვიან იმისათვის, რომ გამდიდრდნენ. ამას ეწირება ბევრის პირადი ურთიერთობები და სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხები. ჭიანჭველების ბუდეში მოფუსფუსე ჭიანჭველებივით ისინი გამუდმებით სადღაც მიიჩქარიან და ცოტა დრო რჩებათ ფიქრისა თუ ერთმანეთისთვის. გასაკვირი არ არის, რომ «დეპრესიის დიაგნოზის მქონე ადამიანთა რიცხვი გამუდმებით იზრდება, — აღნიშნავს „ლოს-ანჯელეს ტაიმსი“. — და, რაც დრო გადის, დეპრესია უფრო და უფრო „ახალგაზრდავდება“. . . წამლებიდან ყველაზე მეტად ანტიდეპრესანტები იყიდება». მილიონები ნარკოტიკებს იღებენ ან ცდილობენ, თავიანთი პრობლემები ალკოჰოლში ჩაახრჩონ. ზოგი, როდესაც გრძნობს, რომ დეპრესიაშია, მაღაზიებში ათასი რამის ყიდვით ცდილობს თავის შექცევას. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, «გამოირკვა, რომ ქალები ყველაზე მეტად მიმართავენ
„ვაჭრობა-თერაპიას“ — ამბობს ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“. — დეპრესიაში ყოფნისას ისინი მამაკაცებთან შედარებით სამჯერ მეტ დროს ატარებენ საყიდლებზე სიარულში».მაგრამ შეუძლებელია ნამდვილი ბედნიერების მაღაზიაში, ბოთლში, ტაბლეტებში, შპრიცებსა თუ საბანკო ანგარიშში პოვნა. ბედნიერება არ იყიდება. მისი მიღება უსასყიდლოდ შეიძლება. სად შეგვიძლია ასეთი ძვირფასი საჩუქრის პოვნა? ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.