არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხსნა მათთვის, რომლებმაც სინათლე არჩიეს

ხსნა მათთვის, რომლებმაც სინათლე არჩიეს

ხსნა მათთვის, რომლებმაც სინათლე არჩიეს

„უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი — ვის შევუშინდე?“ (ფსალმუნი 26:1).

1. რომელ სიცოცხლის მომცემ საშუალებაზე იზრუნა ღმერთმა?

 იეჰოვაა წყარო მზის სინათლისა, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის საშუალებას იძლევა (დაბადება 1:2, 14). ის არის სატანის წუთისოფლის სასიკვდილო წყვდიადის გამფანტავი სულიერი სინათლის შემოქმედიც (ესაია 60:2; 2 კორინთელთა 4:6; ეფესელთა 5:8—11; 6:12). იმ ადამიანებს, რომლებიც სინათლეს ირჩევენ, ფსალმუნმომღერალთან ერთად შეუძლიათ თქვან: „უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი — ვის შევუშინდე?“ (ფსალმუნი 26:1ა). მაგრამ როგორც იესოს დროს მოხდა, ისე დღესაც სიბნელეში სიარულის მსურველებს მხოლოდ არასასურველი განაჩენის იმედი შეიძლება ჰქონდეთ (იოანე 1:9—11; 3:19—21, 36).

2. ძველ დროში რა მოუვიდათ მათ, ვინც არ მიიღო იეჰოვას სინათლე და მათ, ვინც მოისმინა ღვთის სიტყვები?

2 ესაიას დღეებში იეჰოვასთან კავშირში მყოფთა უმეტესობამ სინათლე უარყო. შედეგად, ესაია ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს განადგურების მოწმე გახდა. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი და მისი ტაძარი დანგრეულ და იუდას მოსახლეობა ტყვედ წაყვანილ იქნა. მაგრამ იეჰოვას სიტყვის მომსმენნი განმტკიცდნენ და გაუძლეს იმ დღეებში არსებულ განდგომილებას. ძვ. წ. 607 წელთან დაკავშირებით კი იეჰოვა თავის მომსმენთ დაჰპირდა, რომ გადარჩებოდნენ (იერემია 21:8, 9). დღეს სინათლის მოყვარულებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ წარსულის ამ შემთხვევიდან (ეფესელთა 5:5).

სინათლეში მყოფთა ბედნიერება

3. დღეს რაში შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომელი „მართალი ერი“ გვიყვარს და რა „მაგარი ქალაქი“ აქვს ამ „ერს“?

3 „მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას დაგვიდებს [ღმერთი] ზღუდედ და გალავნად. გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!“ (ესაია 26:1, 2). ეს სიტყვები სიხარულით წარმოთქვეს მათ, რომლებიც იეჰოვაზე იყვნენ მინდობილი. ესაიას დღეებში მცხოვრები ერთგული იუდაელები უსაფრთხოების ერთადერთ წყაროდ იეჰოვას მიიჩნევდნენ და არა თანამემამულეთა ცრუ ღვთაებებს. დღეს ამაში ჩვენც ვართ დარწმუნებული. გარდა ამისა, ჩვენ გვიყვარს იეჰოვას „მართალი ერი“ — „ღვთის ისრაელი“ (გალატელთა 6:16; მათე 21:43). იეჰოვასაც უყვარს ეს ერი, რადგან ის ერთგულია. იეჰოვას კურთხევით ღვთის ისრაელს მხარდამჭერად და დამცველად „მაგარი ქალაქი“, ქალაქისმაგვარი ორგანიზაცია აქვს.

4. როგორი აზროვნების განვითარებაა საჭირო?

4 ამ „მაგარ ქალაქში“ მყოფთ ესმით, რომ ‘ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავს [იეჰოვა], რადგან მასზეა მონდობილი’. იეჰოვა მხარს უჭერს მათ, ვისაც გონება მისადმი ნდობისკენ ეწევა და ვინც მისი სამართლიანი პრინციპების შესაბამისად მოქმედებს. ამგვარად, ერთგულმა იუდაელებმა ყურად იღეს ესაიას მოწოდება: «მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია [„იაჰ იეჰოვაშია“, აქ] საუკუნო კლდე» (ესაია 26:3, 4; ფსალმუნი 9:11; 36:3; იგავნი 3:5). ასეთი აზროვნების მქონენი „იაჰ იეჰოვას“ მიიჩნევენ თავიანთი ხსნის ერთადერთ კლდედ. ისინი ღმერთთან მუდმივი ‘მშვიდობით’ ხარობენ (ფილიპელთა 1:2; 4:6, 7).

ღვთის მტრების დამცირება

5, 6. ა) როგორ დამცირდა ძველი ბაბილონი? ბ) როგორ დამცირდა „დიდი ბაბილონი“?

5 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა იეჰოვაზე მინდობილნი გასაჭირში ცვივდებიან? ისინი არ უნდა შეშინდნენ. იეჰოვა დროებით უშვებს განსაცდელს, მაგრამ საბოლოოდ შვება მოაქვს მათთვის, გასაჭირის გამომწვევნი კი ღვთის მსჯავრს ვერ ასცდებიან (2 თესალონიკელთა 1:4—7; 2 ტიმოთე 1:8—10). განვიხილოთ ერთი „აღზევებული ქალაქის“ შემთხვევა. ესაია ამბობს: „[იეჰოვამ] დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა. თრგუნავს მას ფეხი, ბეჩავის ფეხი, მათხოვართა ტერფები“ (ესაია 26:5, 6). აქ მოხსენიებული აღზევებული ქალაქი, შესაძლებელია, ბაბილონი იყოს. იმ ქალაქმა ნამდვილად მიაყენა ზიანი ღვთის ხალხს. რა მოუვიდა ბაბილონს? ძვ. წ. 539 წელს ის მიდია-სპარსეთმა დაიპყრო. რამხელა დამცირებაა!

6 ჩვენს დღეებში ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები კარგად აღგვიწერს, თუ რა მოუვიდა 1919 წლიდან „დიდ ბაბილონს“. ეს აღზევებული ქალაქი დამამცირებლად დაეცა იმ წელს, როდესაც იძულებული გახდა, სულიერი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა იეჰოვას ხალხი (გამოცხადება 14:8). ის კი, რაც შემდეგ მოხდა, კიდევ უფრო დამამცირებელი იყო მისთვის. ქრისტიანთა ამ მცირე ჯგუფმა თავისი ძველი მჩაგვრელი „გათელა“. 1922 წელს მათ ქრისტიანული სამყაროს მოახლოებული აღსასრულის შესახებ საჯაროდ გაცხადება დაიწყეს — საყოველთაოდ აუწყებდნენ გამოცხადების 8:7—12-ში მოხსენიებული ოთხი ანგელოზის მიერ საყვირის დაყვირების შესახებ ცნობებს და გამოცხადების 9:1—11:15-ში ნაწინასწარმეტყველები სამი უბედურების შესახებ.

„სწორია მართალთა გზა“

7. რა ხელმძღვანელობით არიან უზრუნველყოფილი იეჰოვას სინათლის მიმღებნი, ვისი იმედი აქვთ მათ და რა უყვართ?

7 იეჰოვა ხსნით უზრუნველყოფს მათ, ვინც მის სინათლეში დადის, და ასეთ ხალხს გზას უჩვენებს. ამას ცხადყოფს ესაიას სიტყვები: „სწორია მართალთა გზა. შენ ასწორებ მართალთა სავალს. შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული“ (ესაია 26:7, 8). იეჰოვა სამართლიანი ღმერთია და მისმა თაყვანისმცემლებმაც უნდა დაიცვან მისი სამართლიანი ნორმები. თუ ასე მოქმედებენ, იეჰოვა ხელმძღვანელობას უწევს თავის თაყვანისმცემლებს, ასწორებს მათ სავალს. ღვთის ხელმძღვანელობისადმი დაქვემდებარებით თავმდაბალი ადამიანები ცხადყოფენ, რომ იეჰოვას იმედი აქვთ და მთელი გულით უყვართ მისი სახელი, მისი „სახსენებელი“ (გამოსვლა 3:15).

8. როგორი სამაგალითო დამოკიდებულება გამოავლინა ესაიამ?

8 ესაიასთვის ძვირფასი იყო იეჰოვას სახელი. ამას ცხადყოფს მისი სიტყვები: „ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს“ (ესაია 26:9). ესაია მთელი სულითა და გულით, მთელი არსებით ნატრობდა იეჰოვას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ლოცულობდა წყნარ ღამეში წინასწარმეტყველი იეჰოვასადმი, როგორ უმჟღავნებდა მას თავის უღრმეს გრძნობებს და როგორ ეძებდა ღვთის ხელმძღვანელობას. რა დიდებული მაგალითია! გარდა ამისა, ესაია აკვირდებოდა იეჰოვას მიერ თავისი განაჩენის სისრულეში მოყვანას და მისგან ისწავლა სამართლიანობა. ამით წინასწარმეტყველი ყოველთვის ფხიზლად ყოფნის, იეჰოვას ნების ამოცნობის აუცილებლობას შეგვახსენებს.

ზოგი სიბნელეს ირჩევს

9, 10. რა კეთილი საქმეები უყო იეჰოვამ ორგულ ერს, მაგრამ როგორი იყო ამაზე მათი რეაქცია?

9 იეჰოვამ იუდაელთა მიმართ დიდი სიყვარულით აღსავსე სიკეთე გამოავლინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ყველა იუდაელი არ გამოხმაურებია. ხშირად უმეტესობა იეჰოვას ჭეშმარიტების სინათლეში სიარულის ნაცვლად მოჯანყეობასა და განდგომილებას ირჩევდა. ესაიამ თქვა: „შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს“ (ესაია 26:10).

10 ესაიას დღეებში იეჰოვა იცავდა იუდას მტრებისგან, მაგრამ იუდაელთა უმეტესობა ამას არ აღიარებდა. როდესაც ღმერთი მათ მშვიდობით აკურთხებდა, ერი არავითარ მადლიერებას არ ავლენდა. ამიტომ იეჰოვამ მიატოვა ისინი ‘სხვა მეუფეთა საბატონოდ’ — დაუშვა, რომ ძვ. წ. 607 წელს იუდაელები ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩენილიყვნენ (ესაია 26:11—13). და მაინც, დასჯის შემდეგ, ბოლოს ერის გარკვეული ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა.

11, 12. ა) როგორი იყო იუდას დამატყვევებელთა მომავალი? ბ) 1919 წელს რა მომავალი ელოდათ იეჰოვას ცხებულ მსახურთა ყოფილ დამატყვევებლებს?

11 რა მოუვიდათ იუდას დამატყვევებელთ? ესაია ამაზე წინასწარმეტყველურად გვპასუხობს: „მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე“ (ესაია 26:14). დიახ, ძვ. წ. 539 წელს დაცემის შემდეგ ქალაქს მომავალი აღარ ჰქონდა. დროთა განმავლობაში იგი წარიხოცებოდა. ის აღარ „გაცოცხლდებოდა“ და მისი უზარმაზარი იმპერია მხოლოდ ისტორიის საკუთრებაღა თუ იქნებოდა. რამხელა გაფრთხილებაა ეს მათთვის, რომლებსაც წუთისოფლის ძლიერთა იმედი აქვთ!

12 ამ წინასწარმეტყველების გარკვეული ასპექტები მაშინ შესრულდა, როდესაც ღმერთმა 1918 წელს თავისი ცხებული მსახურების სულიერ ტყვეობაში ჩავარდნა დაუშვა, შემდეგ კი 1919 წელს გაათავისუფლა. ამ დროიდან ღვთის ხალხის დამატყვევებელთა, ძირითადად კი ქრისტიანული სამყაროს, მომავალი წყვდიადით იყო მოცული. მაგრამ იეჰოვას ხალხს მართლაც უხვი კურთხევები ელოდა.

„შენ გაგიმრავლებია ხალხი“

13, 14. რა უხვი კურთხევებით გაიხარეს იეჰოვას ცხებულმა მსახურებმა 1919 წლიდან?

13 ღმერთმა 1919 წელს აკურთხა თავისი მომნანიებელი ცხებული მსახურები და მათი რაოდენობა გაზარდა. თავიდან ყურადღება ექცეოდა ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრების შეგროვებას, შემდეგ კი „სხვა ცხვრებისაგან“ შემდგარი „უამრავი ხალხის“ შეგროვება დაიწყო (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ეს კურთხევები ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას მიერ: „შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები. უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ“ (ესაია 26:15, 16).

14 დღეს ღვთის ისრაელის „კიდეებში“ მთელი დედამიწაა მოქცეული. შედეგად ამისა, უამრავი ხალხი, რომელიც დაახლოებით ექვს მილიონს შეადგენს, ამ სულიერ ერს შეუერთდა და გულმოდგინედ უჭერს მხარს კეთილი ცნობის ქადაგებას (მათე 24:14). იეჰოვასგან რამხელა კურთხევაა! და როგორ განადიდებს ეს მის სახელს! იეჰოვას სახელი დღეს 235 ქვეყანაში გაისმის! რა დიდებულად ასრულებს ღმერთი თავის აღთქმას!

15. რა სიმბოლური მკვდრეთით აღდგომა მოხდა 1919 წელს?

15 ბაბილონის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად იუდას იეჰოვას დახმარება სჭირდებოდა. საკუთარი ძალებით ისინი თავს ვერ დაიხსნიდნენ (ესაია 26:17, 18). მსგავსად ამისა, 1919 წელს ღვთის ისრაელის გათავისუფლება იეჰოვას მხარდაჭერის დამადასტურებელი იყო. ეს ღვთის დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა. მათი მდგომარეობის ასე საოცრად შეცვლას ესაია მკვდრეთით აღდგომას ადარებს: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას“ (ესაია 26:19; გამოცხადება 11:7—11). დიახ, სიკვდილის შედეგად უმოქმედო მდგომარეობაში ჩაცვენილები, ასე ვთქვათ, კვლავ იშვებოდნენ განახლებული საქმიანობისთვის!

დაცვა საშიშ დროში

16, 17. ა) ძვ. წ. 539 წელს რა უნდა გაეკეთებინათ იუდაელებს იმისათვის, რომ ბაბილონის დაცემისას გადარჩენილიყვნენ? ბ) როგორც ჩანს, რა არის დღეს „ოთახები“ და რა სარგებლობა მოაქვს მათ ჩვენთვის?

16 იეჰოვას მსახურებს ყოველთვის სჭირდებოდათ მისი მფარველობა. მაგრამ მალე იეჰოვა უკანასკნელად გაიწვდის ხელს სატანის წუთისოფლის წინააღმდეგ და იმ დროს ღვთის თაყვანისმცემლებს ისე დასჭირდებათ მისი დახმარება, როგორც არასოდეს (1 იოანე 5:19). ამ საშიშ დროსთან დაკავშირებით იეჰოვა გვაფრთხილებს: „წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს“ (ესაია 26:20, 21; სოფონია 1:14). ამ გაფრთხილებამ იუდაელებს დაანახვა, თუ როგორ გადარჩენილიყვნენ ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემისას. ის, ვინც ყურად იღებდა ამ წინასწარმეტყველებას, სახლში დარჩებოდა და გადაურჩებოდა ქუჩაში მეომარ დამპყრობლებს.

17 დღეს „ოთახების“ შესახებ წინასწარმეტყველება, როგორც ჩანს, მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხის ათი ათასობით კრებას ეხება. ასეთი კრებები უკვე დღეს წარმოადგენს უსაფრთხოების წყაროს; აქ ქრისტიანები ძმებს შორის, მოსიყვარულე უხუცესების მზრუნველობას შეფარებულნი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ (ესაია 32:1, 2; ებრაელთა 10:24, 25). ეს განსაკუთრებით ასეა ახლა, როდესაც ამ სისტემის აღსასრული ახლოსაა და გადარჩენა მორჩილებაზე იქნება დამოკიდებული (სოფონია 2:3).

18. როგორ „მოკლავს“ მალე იეჰოვა „გველეშაპს, ზღვაში მყოფელს“?

18 იმ დროსთან დაკავშირებით ესაია წინასწარმეტყველებს: „იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს“ (ესაია 27:1). ვინ არის თანამედროვე „ლევიათანი“? როგორც ჩანს, ის არის „ძველი გველი“, თვითონ სატანა, და მთელი მისი ბოროტი სისტემა, რომელსაც ღვთის ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს (გამოცხადება 12:9, 10, 17; 13:14, 16, 17). ლევიათანმა 1919 წელს დაკარგა ღვთის ხალხზე ძალაუფლება, ხოლო მალე სრულიად განადგურდება (გამოცხადება 19:19—21; 20:1—3, 10). ამგვარად, იეჰოვა „მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს“. მანამდე კი ლევიათანი, რაც უნდა ეცადოს იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას, ხანგრძლივ წარმატებას ვერ მიაღწევს (ესაია 54:17). რამდენად მანუგეშებელია ყოველივე ამაში დარწმუნება!

„სანატრელი ვენახი“

19. რა მდგომარეობაშია დღეს დარჩენილი ნაწილი?

19 რადგან იეჰოვასგან ამ სინათლეს ვიღებთ, განა სიხარულისთვის ყოველგვარი საფუძველი არა გვაქვს? დიახ, გვაქვს! ესაია შესანიშნავად აღწერს იეჰოვას ხალხის ამ სიხარულს, როდესაც წერს: „იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე: მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რომ არავინ დააზიანოს“ (ესაია 27:2, 3). იეჰოვა ზრუნავდა და ზრუნავს თავის „ვენახზე“, ღვთის ისრაელის დარჩენილ ნაწილზე, და მათ გულმოდგინე თანამსახურებზე (იოანე 15:1—8). შედეგად კი ამას იეჰოვას სახელის განდიდება და დედამიწაზე მის მსახურთა შორის დიდი სიხარული მოჰყვება.

20. როგორ იცავს იეჰოვა ქრისტიანულ კრებას?

20 აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ ცხებულ მსახურთა მიმართ იეჰოვას მიერ ადრე გამოვლენილი რისხვა — რის გამოც მან 1918 წელს ამ ადამიანების სულიერ ტყვეობაში ჩავარდნა დაუშვა — დამთავრდა. იეჰოვა ამბობს: „რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ. ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!“ (ესაია 27:4, 5). ვენახმა რომ კვლავაც უხვი ნაყოფი გამოიღოს, იეჰოვა თელავს და წვავს ნებისმიერ ნარ-ეკლის მსგავს გავლენას, რომელმაც შეიძლება გააფუჭოს ის. ამიტომ ნურავინ შეუქმნის საფრთხეს ქრისტიანული კრების კეთილდღეობას! დაე იეჰოვას კეთილგანწყობილების ძიებისა და უსაფრთხოების მოპოვების მიზნით ყველა ‘მოეჭიდოს ღვთის სიმტკიცეს’. ასე მოქმედებით ღმერთთან ზავს ვდებთ ანუ მშვიდობიან ურთიერთობას ვამყარებთ, ეს ურთიერთობა კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ესაია ზავს ორჯერ მოიხსენიებს (ფსალმუნი 84:2, 3, 9; რომაელთა 5:1).

21. როგორ ივსება ქვეყნიერება „ნაყოფით“?

21 კურთხევების მოხსენიებისას წინასწარმეტყველი დასძენს: „დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით“ (ესაია 27:6). ეს სიტყვები 1919 წლიდან სრულდება, რაც იეჰოვას ძალის გამოვლინების დიდებული მტკიცებაა. ცხებულმა ქრისტიანებმა მთელი დედამიწა „ნაყოფით“, ნოყიერი სულიერი საზრდოთი, აავსეს. ამ გახრწნილ წუთისოფელში ისინი სიხარულით იცავენ ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს. იეჰოვა კი განაგრძობს რიცხობრივი ზრდით მათ კურთხევას. შედეგად, ცხებულთა მილიონობით თანამსახურნი, სხვა ცხვრები, „ემსახურებიან მას [ღმერთს] დღე და ღამე“ (გამოცხადება 7:15). მოდი არასოდეს დავივიწყოთ, რომ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩვენც მივიღოთ და სხვებსაც მივაწოდოთ „ნაყოფი“!

22. რა კურთხევები აქვთ სინათლის მიმღებთ?

22 ამ კრიტიკულ ჟამს, როდესაც დედამიწას წყვდიადი ფარავს და ერები კუნაპეტ სიბნელეში დაიარებიან, განა მადლიერები არა ვართ იმისათვის, რომ იეჰოვა სულიერ სინათლეს ჰფენს თავის ხალხს? (ესაია 60:2; რომაელთა 2:19; 13:12). ეს სინათლე ყველასთვის, ვინც მას იღებს, სულის სიმშვიდისა და სიხარულის მომტანია ახლა, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლის. ამიტომ ჩვენ, სინათლის მოყვარულებს, ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, აღფრთოვანებით განვადიდოთ იეჰოვა და ფსალმუნმომღერალთან ერთად ვთქვათ: „უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა — ვისგან შევძრწუნდე? მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი (ფსალმუნი 26:1ბ, 14).

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რა მომავალი ელით იეჰოვას ხალხის შემავიწროებლებს?

• რა ზრდა არის ნაწინასწარმეტყველები „ესაიაში“?

• რომელ „ოთახებში“ უნდა დავრჩეთ ჩვენ და რატომ?

• რატომ განადიდებს იეჰოვას თავისი ხალხის მდგომარეობა?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 22 გვერდზე]

ახალი პუბლიკაცია

ამ ორ სასწავლო სტატიაში მოცემული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი განხილული იყო 2000/2001 წლის საოლქო კონგრესის ერთ-ერთ მოხსენებაში. ამ მოხსენების ბოლოს გამოცხადდა, რომ გამოიცა ახალი პუბლიკაცია, სათაურით „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“. ამ 416-გვერდიან წიგნში ესაიას წინასწარმეტყველების პირველი 40 თავის თითოეული მუხლია გარჩეული.

[სურათი 18 გვერდზე]

მხოლოდ მართლებს შეუძლიათ იეჰოვას ‘მაგარ ქალაქში’, მის ორგანიზაციაში ყოფნა.

[სურათი 19 გვერდზე]

ესაია ეძიებდა იეჰოვას „ღამით“.

[სურათი 21 გვერდზე]

იეჰოვა იცავს და ნაყოფიერს ხდის თავის „ვენახს“.