ადამიანური სისუსტეების ძლევა
ადამიანური სისუსტეების ძლევა
„ხორციელი ფიქრები სიკვდილია“ (რომაელთა 8:6).
1. რად მიიჩნევს ზოგი ადამიანის სხეულს და რა კითხვა იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?
„გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული“ (ფსალმუნი 138:14). მღეროდა ფსალმუნმომღერალი დავითი, როდესაც ფიქრობდა იეჰოვას ქმნილებათაგან ერთ-ერთზე — ადამიანის სხეულზე. ასეთი ხოტბის საპირისპიროდ, ზოგი რელიგიური მოძღვარი ადამიანის სხეულს ბოროტების ბუდედ და ცოდვის იარაღად მიიჩნევს. მას ‘უმეცრების საფარი, მანკიერების წყარო, გარყვნილების სამფლობელო, სიავის ბუდე, მოარული ლეში’ უწოდეს. მართალია, მოციქულმა პავლემ თქვა: „ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი“ (რომაელთა 7:18). მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ცოდვილი სხეულის ხაფანგში ვართ მომწყვდეული და უიმედო მდგომარეობაში ვიმყოფებით?
2. ა) რას ნიშნავს „ხორციელი ფიქრები“? ბ) რა ბრძოლა მიმდინარეობს იმ ადამიანთა „ხორცსა“ და „სულს“ შორის, რომელთაც სურთ, ღმერთს ასიამოვნონ?
2 საღვთო წერილი ზოგჯერ ადამიანის სხეულს „ხორცად“ მოიხსენიებს (მესამე მეფეთა 21:27). ის აგრეთვე „ხორცს“ ადამიანის არასრულყოფილი მდგომარეობის, მოჯანყე ადამის ცოდვილ შთამომავლად ყოფნის, აღსაწერადაც იყენებს (ეფესელთა 2:3; ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12). რადგან ადამის მემკვიდრეები ვართ, ამას შედეგად ჩვენი „ხორცის უძლურება“ მოჰყვა (რომაელთა 6:19). პავლე გვაფრთხილებდა: „ხორციელი ფიქრები სიკვდილია“ (რომაელთა 8:6). „ხორციელი ფიქრები“ დაცემული სხეულის სურვილების ჩვენზე ბატონობასა და მის მიერ ჩვენს მართვას ნიშნავს (1 იოანე 2:16). ასე რომ, თუ ვცდილობთ, ღმერთს ვასიამოვნოთ, გამუდმებული ბრძოლა იქნება ჩვენს სულიერობასა და ცოდვილ ბუნებას შორის, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე, რათა „ხორცის საქმეები“ გაგვაკეთებინოს (1 პეტრე 2:11; გალატელთა 5:17—23). მას შემდეგ, რაც აღნიშნა თავის პიროვნებაში მიმდინარე ამ მტკივნეული ბრძოლის შესახებ, პავლემ თქვა: „უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან ? “ (რომაელთა 7:24). იყო პავლე ცდუნების უმწეო მსხვერპლი? ბიბლია გვპასუხობს, რომ არა!
ცდუნებისა და ცოდვის რეალობა
3. რა შეხედულება აქვს ცოდვასა და ცდუნებაზე მრავალს, მაგრამ როგორ გვაფრთხილებს ბიბლია ასეთ აზროვნებასთან დაკავშირებით?
3 დღეს მრავალი ადამიანისთვის ცოდვა მიუღებელი ცნებაა. ზოგი სიტყვა „ცოდვას“ ხუმრობით იყენებს და მას ადამიანის სისუსტის აღმნიშვნელ ძველმოდურ ტერმინად მიიჩნევს. მათ არ ესმით, რომ „ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა — კეთილს თუ ბოროტს“ (2 კორინთელთა 5:10). სხვები ირონიულად ამბობენ: ყველაფერს შემიძლია გავუძლო, მაგრამ არა ცდუნებას! ზოგი ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სურვილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას, იქნება ეს საკვებით, სექსით, გართობითა თუ რაიმე მიღწევებით გამოწვეული კმაყოფილება. მათ არა მარტო ყველაფერი უნდათ, არამედ დაუყოვნებლივ უნდათ! (ლუკა 15:12). ისინი წუთიერი სიამოვნების მიღმა ვერ იხედებიან და ვერ ხედავენ მომავალი ‘ჭეშმარიტი სიცოცხლის’ სიხარულს (1 ტიმოთე 6:19). მაგრამ ბიბლია გვასწავლის, კარგად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და შორსმჭვრეტელობა გამოვავლინოთ, რათა ავირიდოთ ყოველივე, რაც სულიერ ან სხვა სახის ზიანს მოგვაყენებდა. ღვთის შთაგონებით დაწერილი იგავი ამბობს: „საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“ (იგავნი 27:12).
4. რა გაფრთხილებას გვაძლევს პავლე 1-ლი კორინთელთა 10:12, 13-ში?
4 როდესაც პავლე კორინთში — უზნეობით სახელგანთქმულ ქალაქში — მცხოვრებ ქრისტიანებს სწერდა, მათ ცდუნებისა და ცოდვის ძალის შესახებ აფრთხილებდა: «ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს. არ შეგმთხვევიათ განსაცდელი [„ცდუნება“, აქ], გარდა ადამიანურისა. და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში [„ცდუნების წინაშე აღმოჩენისას“, აქ] გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა» (1 კორინთელთა 10:12, 13). ჩვენ ყველა — ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, კაცი თუ ქალი — მრავალ საცდურს ვაწყდებით სკოლაში, სამსახურში ან სადმე სხვაგან. ამიტომ მოდი გამოვიკვლიოთ პავლეს სიტყვები და დავინახოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩვენთვის.
ნუ იქნებით მეტისმეტად თავდაჯერებული
5. რატომ არის მეტისმეტად დაჯერებულობა სახიფათო?
5 პავლე ამბობს: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“. საკუთარ ზნეობრივ სიმტკიცეში მეტისმეტად დაჯერებულობა სახიფათოა. მეტისმეტ დაჯერებულობაში ცოდვის ბუნებისა და ძალის შესახებ ცოდნის უკმარისობა ვლინდება. თუკი ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ მოსე, დავითი, სოლომონი და მოციქული პეტრე, შესცოდეს, ჩვენ ის უნდა ვიფიქროთ, რომ ცოდვას ჩვენზე ძალა არა აქვს? (რიცხვნი 20:2—13; მეორე მეფეთა 11:1—27; მესამე მეფეთა 11:1—6; მათე 26:69—75). „ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგუნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული“, — აბობს იგავნის 14:16. იესომაც თქვა: „სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“ (მათე 26:41). რადგან არც ერთი არასრულყოფილი ადამიანი არ არის გახრწნილი მიდრეკილებებისადმი შეუვალი, საჭიროა სერიოზულად მოვეკიდოთ პავლეს გაფრთხილებას და შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაცემის საფრთხე გვემუქრება (იერემია 17:9).
6. როდის და როგორ უნდა მოვემზადოთ ცდუნებასთან გასამკლავებლად?
6 გონივრულია იმ გაჭირვებებისთვის მზადყოფნა, რომლებიც შეიძლება მოულოდნელად დაგვატყდეს თავს. მეფე ასას ესმოდა, რომ მშვიდობიანობის ჟამი თავდასაცავი ნაგებობის აშენებისთვის ხელსაყრელი დრო იყო (მეორე ნეშტთა 14:2, 6, 7). მან იცოდა, რომ მტრის თავდასხმის დროს ამის კეთება მეტისმეტად დაგვიანებული იქნებოდა. მსგავსად ამისა, ცდუნებებთან გასამკლავებლად მიღებული გადაწყვეტილებები მაშინ არის საუკეთესო, როდესაც ისინი დამშვიდებულ, დაწყნარებულ მდგომარეობაში საღი გონებით არის მიღებული (ფსალმუნი 62:7). დანიელსა და მის ღვთისმოშიშ მეგობრებს იეჰოვას რჯულისადმი ერთგულად დარჩენა მანამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი, ვიდრე მეფის სუფრიდან კვებას დააძალებდნენ. ამიტომ ისინი მტკიცედ იდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებაზე და უწმიდური არაფერი უჭამიათ (დანიელი 1:8). ვიდრე ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებოდეთ, მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. მაშინ გვექნება იმის ძალა, რომ წინ აღვუდგეთ ცოდვას.
7. რატომ არის მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ სხვებმა წარმატებით სძლიეს ცდუნებას?
7 რამდენად მანუგეშებელია ჩვენთვის პავლეს სიტყვები: «არ შეგმთხვევიათ განსაცდელი [„ცდუნება“, აქ], გარდა ადამიანურისა» (1 კორინთელთა 10:13). მოციქული პეტრე წერდა: „წინაღუდექით მას [ეშმაკს] მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება წუთისოფელში“ (1 პეტრე 5:9). დიახ, სხვებსაც ჰქონიათ მსგავსი ცდუნებები და, ღვთის დახმარებით, წარმატებით გამკლავებიან მათ; ჩვენც შეგვიძლია წარმატებით გავუმკლავდეთ მათ. როგორც გახრწნილ წუთისოფელში მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანები, ადრე თუ გვიან, ჩვენც აღმოვჩნდებით ცდუნების წინაშე. მაშ, როგორ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გავიმარჯვებთ ადამიანურ სისუსტეებსა და ცოდვის ჩადენის ცდუნებაზე?
ჩვენ შეგვიძლია ვძლიოთ ცდუნება!
8. რა არის საცდურის არიდების ძირითადი საშუალება?
8 ძირითადი საშუალება იმისათვის, რომ „აღარ ვიყოთ ცოდვის მონები“, შეძლებისდაგვარად, ცდუნების არიდებაა (რომაელთა 6:6). იგავნის 4:14, 15 მოგვიწოდებს: „ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე. ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე“. ხშირად წინასწარ ვიცით, როგორ მდგომარეობაში მოხვედრა მიგვიყვანდა ცოდვის ჩადენამდე. ამიტომ, როგორც ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ‘გვერდზე ვდგებით’ ყველასგან და ყველაფრისგან და ვერიდებით ისეთ ადგილებს, რომლებსაც შეიძლებოდა ცუდი სურვილები აღეძრა და უწმინდური გრძნობებით ავენთეთ.
9. როგორ არის საღვთო წერილში ხაზგასმული ისეთი სიტუაციებიდან გაქცევის აუცილებლობა, რომლებიც გვაცდუნებს?
9 ცდუნებებზე გასამარჯვებლად გადადგმული მეორე ძირითადი ნაბიჯი იმ სიტუაციებიდან გაქცევაა, რომლებიც გვაცდუნებს. პავლე გვირჩევდა: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18). ის წერდა: „განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელთა 10:14). მოციქულმა ტიმოთეც გააფრთხილა, გაქცეოდა როგორც გამდიდრების წადილს, ისე „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს“ (2 ტიმოთე 2:22; 1 ტიმოთე 6:9—11).
10. რომელი ორი რადიკალურად განსხვავებული მაგალითი ცხადყოფს ცდუნებისგან გაქცევის მნიშვნელოვნებას?
10 განვიხილოთ ისრაელის მეფის, დავითის, შემთხვევა. ერთხელ, როდესაც ის სასახლის ბანიდან იყურებოდა, მობანავე მშვენიერი ქალი დაინახა და მისი გული ცუდი სურვილით აივსო. მეფე ბანიდან უნდა ჩამოსულიყო და ცდუნებას გაქცეოდა. ნაცვლად ამისა, მან ხალხი გაგზავნა ამ ქალის, ბარშებაყის, ვინაობის გასაგებად, რასაც საშინელი შედეგები მოჰყვა (მეორე მეფეთა 11:1—12:23). მეორე მხრივ, როგორ მოიქცა იოსები, როდესაც თავისი ბატონის უზნეო ცოლი თავისთან დაწოლას სთხოვდა? ბიბლიური ცნობა გვეუბნება: „ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო“. მოსეს რჯულის მითითებების გარეშეც კი, რომელიც მაშინ არც არსებობდა, იოსებმა ქალს უპასუხა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ ერთ დღეს ქალი ჩაებღაუჭა მას და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“. დარჩა იქ იოსები და ეცადა ქალისთვის რამის ახსნას? არა. ის „გარეთ გავარდა“. იოსებმა სქესობრივი უზნეობის ჩადენის ცდუნებას თავის თავზე მოქმედების საშუალება არ მისცა. ის გაიქცა! (დაბადება 39:7—16).
11. რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ არაერთხელ ვაწყდებით ერთსა და იმავე ცდუნებას?
11 გაქცევას ზოგჯერ ლაჩრობად მიიჩნევენ, მაგრამ გარკვეული სიტუაციიდან ფიზიკურად წასვლა ხშირად ბრძნული ნაბიჯია. შესაძლოა, სამსახურში უკვე არაერთხელ ვაწყდებით ერთსა და იმავე ცდუნებას. თუმცა, შეიძლება სამუშაო ადგილი ვერ შევიცვალოთ, მაგრამ როგორმე ისეთი სიტუაციების თავიდან არიდება შევძლოთ, რომელიც ცდუნებას გვიქმნის. საჭიროა გავექცეთ ყველაფერს, რაც ვიცით, რომ არასწორია და მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, ვაკეთოთ მხოლოდ ის, რაც სწორია (ამოსი 5:15). ცდუნებისგან გასაქცევად აგრეთვე საჭიროა ინტერნეტის პორნოგრაფიული საიტებისა და საეჭვო გასართობი ადგილებისთვის თავის არიდება. ეს შეიძლება ცუდი ჟურნალების მოშორებას ან ახალი მეგობრების შეძენასაც კი ნიშნავდეს — მეგობრებისა, რომლებსაც უყვართ ღმერთი და ჩვენთვის დახმარების გაწევა შეუძლიათ (იგავნი 13:20). რაც უნდა გვიბიძგებდეს ცოდვის ჩასადენად, გონივრულად მოვიქცევით, თუ მას უყოყმანოდ ზურგს ვაქცევთ (რომაელთა 12:9).
როგორ შეუძლია ლოცვას დახმარების გაწევა
12. რას ვთხოვთ ღმერთს, როდესაც ვლოცულობთ: „ნუ შეგვიყვან ჩვენ ცდუნებაში“?
12 პავლე გამამხნევებლად გვარწმუნებს: «სარწმუნო[ა] ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში [„ცდუნების წინაშე აღმოჩენისას“, აქ] გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა» (1 კორინთელთა 10:13). ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც იეჰოვა ჩვენს დასახმარებლად იყენებს, ცდუნებასთან გასამკლავებლად აღვლენილ ლოცვებზე პასუხის გაცემაა. იესო ქრისტე გვასწავლიდა, რომ ასე გველოცა: «ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში [„ცდუნებაში“, აქ], არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან» (მათე 6:13). იეჰოვა გვიპასუხებს ასეთ გულითად ლოცვებზე და ცდუნების დროს მარტო არ დაგვტოვებს; ის გვიხსნის სატანისა და მისი მზაკვრული მოქმედებისგან (ეფესელთა 6:11). ღმერთს უნდა ვთხოვოთ, დაგვეხმაროს ცდუნებების ამოცნობაში და შემდეგ კი მოგვცეს მათი დაძლევის ძალა. თუ ღმერთს შევევედრებით, რომ ცდუნებებთან ჭიდილში გაგვამარჯვებინოს, ის დაგვეხმარება და სატანა, „ბოროტი“ არსება, ვერ მოგვატყუებს.
13. რა უნდა ვაკეთოთ, როდესაც რაღაც ცდუნება არა და არ გვშორდება?
13 განსაკუთრებით მხურვალედ მაშინ უნდა ვილოცოთ, როდესაც რაღაც ცდუნება არა და არ გვშორდება. ზოგმა ცდუნებამ შეიძლება ჩვენში სასტიკი შინაგანი ბრძოლა გამოიწვიოს იმ აზრებსა და შეხედულებებთან, რომლებიც აშკარად შეგვახსენებს, თუ რამდენად სუსტები ვართ სინამდვილეში (ფსალმუნი 50:7). მაგალითად, რის გაკეთება შეგვიძლია, როდესაც ბიწიერი ჩვევა, რომელიც წარსულში გვქონდა, თავს შეგვახსენებს და გვტანჯავს? როგორ მოვიქცეთ, თუ კვლავ ამ ბიწიერი ჩვევის დაბრუნების ცდუნების წინაშე ვდგავართ? ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ჩვენ თვითონ ვეცადოთ ასეთი გრძნობების ჩახშობა, მივანდოთ ეს საქმე იეჰოვას ლოცვაში და, თუ საჭიროა, არაერთხელ ვილოცოთ (ფსალმუნი 54:23). თავისი სიტყვისა და სულიწმიდის მეშვეობით ღმერთს შეუძლია ჩვენი გონების უწმინდური მიდრეკილებებისგან გასუფთავებაში დაგვეხმაროს (ფსალმუნი 18:9, 10).
14. რატომ არის ცდუნებებთან გამკლავებაში ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანი?
14 გეთსიმანიის ბაღში ყოფნისას, როდესაც შენიშნა, რომ მოციქულებმა ჩათვლიმეს, იესომ მათ მოუწოდა: «იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში „[ცდუნებაში“, აქ]. სული მხნეა, ხორცი კი — უძლური» (მათე 26:41). ცდუნებებთან გამკლავების ერთ-ერთი საშუალება სხვადასხვა სახის ცდუნების მიმართ სიფხიზლის შენარჩუნება და ამ ცდუნებების სხვადასხვა ნიუანსის შემჩნევაა. აგრეთვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ვილოცოთ კონკრეტულ ცდუნებასთან დაკავშირებით, რათა სულიერად აღჭურვილი ვიყოთ მასთან გასამკლავებლად. რადგან ცდუნება ჩვენს ყველაზე სუსტ მხარეებს უტევს, მასთან მარტო გამკლავების უნარი ჩვენ არ შეგვწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ვილოცოთ, რადგან ღვთის ძალა განგვამტკიცებს სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში (ფილიპელთა 4:6, 7). შეიძლება ჩვენთვის აუცილებელი იყოს ‘კრების უხუცესთა’ (აქ) სულიერი დახმარება და ლოცვა (იაკობი 5:13—18).
წინ აღუდექით ცდუნებებს
15. რა შედის ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში?
15 შეძლებისდაგვარად ცდუნების არიდების გარდა, საჭიროა წინ აღვუდგეთ მას მანამ, სანამ ის ჩაივლიდეს ან მდგომარეობა შეიცვლებოდეს. როდესაც სატანა იესოს ცდუნებას ცდილობდა, ის წინააღმდეგობას უწევდა მას მანამ, სანამ ეშმაკმა არ მიატოვა (მათე 4:1—11). მოწაფე იაკობი წერდა: „წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). წინააღმდეგობის გაწევა გონების ღვთის სიტყვით დაცვითა და ღვთის ნორმების შესაბამისად მოქმედების შესახებ მტკიცე გადაწყვეტილების მიღებით იწყება. კარგია, როდესაც ზეპირად ვიცით და ვფიქრობთ იმ ძირითად ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენს სისუსტეებს ეხება. გონივრული იქნებოდა, მოგვენახა მოწიფული ქრისტიანი, შესაძლოა უხუცესი, ვისაც გავუზიარებდით ჩვენს საზრუნავს და ვისთვისაც დახმარების თხოვნას შევძლებდით, როდესაც მოულოდნელად ცდუნების პირისპირ აღმოვჩნდებოდით (იგავნი 22:17).
16. როგორ შეგვიძლია ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება?
16 საღვთო წერილი მოგვიწოდებს, შევიმოსოთ ახალ კაცად (ეფესელთა 4:24, აფ). ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას ჩვენი გამოძერწვისა და შეცვლის საშუალება მივცეთ. თანამსახურ ტიმოთეს მიმართ მიწერილ წერილში პავლემ თქვა: „მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ“ (1 ტიმოთე 6:11, 12). ჩვენ შეგვიძლია ‘მივსდიოთ სიმართლეს’, თუ ღვთის სიტყვას გულმოდგინედ ვისწავლით, რათა უფრო ახლოს გავეცნოთ ღმერთს, ხოლო შემდეგ კი მისი მოთხოვნების შესაბამისად ვიმოქმედოთ. ასევე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დაკავება ქრისტიანული საქმიანობებით; მაგალითად, როგორიცაა კეთილი ცნობის ქადაგება და კრებებზე დასწრება. ღმერთთან დაახლოება და მისი სულიერი ღონისძიებებიდან სრული სარგებლობის მიღება სულიერ ზრდასა და ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (იაკობი 4:8).
17. საიდან ვიცით, რომ ცდუნების წინაშე აღმოჩენისას ღმერთი არ მიგვატოვებს?
17 პავლე გვარწმუნებს, რომ არ დავდგებით ისეთი ცდუნების წინაშე, რომელთან გამკლავებაც ღვთის დახმარებით შეუძლებელი იქნება. იეჰოვა ‘გამოსავალსაც მოგვცემს, რათა შევძლოთ მისი გადატანა’ (1 კორინთელთა 10:13). მართლაც, თუ ყოველთვის მასზე ვართ მინდობილი, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ცდუნება იმდენად დიდი იყოს, უმწიკვლობის შესანარჩუნებლად სულიერი ძალები არ გვეყოს. ღვთის სურვილია, წარმატებით ვძლიოთ ცდუნებას და არ ვაკეთოთ ის, რაც ბოროტებაა მის თვალში. ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს მისი დანაპირები: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრაელთა 13:5).
18. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ადმიანურ სისუსტეებზე გამარჯვებაში?
18 პავლეს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, თუ როგორ დასრულდებოდა ადმიანურ სისუსტეებთან მისი ბრძოლა. ის საკუთარ თავს ხორციელი სურვილების საცოდავ და უმწეო მსხვერპლად არ მიიჩნევდა. პირიქით, მან თქვა: „მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვცემდე; არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე“ (1 კორინთელთა 9:26, 27). ჩვენც შეგვიძლია გავიმარჯვოთ არასრულყოფილ ხორცთან ბრძოლაში. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა საღვთო წერილის, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების, ქრისტიანული შეხვედრებისა და მოწიფული თანაქრისტიანების საშუალებით გამუდმებით უზრუნველგვყოფს შეხსენებებით, რომლებიც სწორი კურსით სიარულში გვეხმარება. ღვთის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ადამიანურ სისუსტეებზე გამარჯვება!
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რას ნიშნავს „ხორციელი ფიქრები“?
• როგორ შეგვიძლია ცდუნების გასამკლავებლად მომზადება?
• რის გაკეთება შეგვიძლია ცდუნებასთან გასამკლავებლად?
• რა როლს ასრულებს ლოცვა ცდუნებასთან გამკლავებაში?
• საიდან ვიცით, რომ შესაძლებელია ადამიანურ სისუსტეებზე ბრძოლაში გამარჯვება?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 10 გვერდზე]
ბიბლია არ გვასწავლის, რომ ჩვენი ხორციელი სურვილების უმწეო მსხვერპლნი ვართ.
[სურათი 12 გვერდზე]
ცდუნებებისგან გაქცევა ცოდვის არიდების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.