არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოიტანს რელიგია მსოფლიო მშვიდობას?

მოიტანს რელიგია მსოფლიო მშვიდობას?

მოიტანს რელიგია მსოფლიო მშვიდობას?

ორი ათასი წლის 28 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით 73 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა ნიუ-იორკში. ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც „რელიგიურ და სულიერ ლიდერთა მსოფლიო მშვიდობის ათასწლეულის სამიტი“ გაიმართა. ლიდერთა შორის უმეტესობა დოლბანდებში, მუქ ნარინჯისფერ მოსასხამებსა და შავ გრძელ ლაბადებში იყო გამოწყობილი და ტყავისა და ბუმბულისაგან დამზადებული თავსაბურავები ეხურათ; მათი ჩაცმულობა მათ მრავალნაირ რელიგიურ მრწამსზე მეტყველებდა. შეკრებილებს შორის იყვნენ ბაჰაიზმის, ბუდიზმის, ზოროასტრიზმის, ინდუიზმის, ისლამის, იუდაიზმის, სინტოიზმის, სიქიზმის, ტაოიზმის, ჯაინიზმისა და ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლები.

დელეგატები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ოთხდღიანი კონფერენციის პირველ ორ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს. კონფერენციას ორგანიზება გაეწია და დაფინანსდა არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გაღებული თანხით. მიუხედავად ამისა, ორივე მხარემ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და რელიგიურმა წინამძღოლებმა, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რათა ბოლო მოუღონ სიღარიბეს, რასიზმს, ომს, მოაგვარონ ეკოლოგიური პრობლემები და უარი თქვან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე.

დელეგატებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს სახელწოდებით „შეთანხმება მსოფლიო მშვიდობაზე“. აღიარეს, რომ ძალადობასა და ომს „ხშირად რელიგიური საფუძველი აქვს“, მაგრამ დოკუმენტში მოხსენიებული იყო, რომ შეთანხმების მონაწილენი „მშვიდობის ძიებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ითანამშრომლებდნენ“. ამ საკითხის მოსაგვარებლად კი არავითარი განსაკუთრებული რეზოლუცია არ მიუღიათ.

მეორე დღეს სამიტის გენერალურმა მდივანმა ბავა ჯანმა თავისი შესავალი მოხსენების დასასრულისას აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს შენობაზე შენიშნა ერთ-ერთი სურათი, რომელზეც მაღალი კაცი იყო გამოსახული. ის უკაკუნებდა შენობას, როგორც კარს. სურათის ქვევით კი ეწერა: „მშვიდობის მთავარი“. ბატონმა ჯანმა თქვა: „ამ სურათმა დანახვისთანავე დიდად იმოქმედა ჩემზე და სხვებს ვკითხე მისი მნიშვნელობის შესახებ. ვფიქრობ, რომ დღეს ვიცი ამის პასუხი. თქვენი — მსოფლიოს სულიერი და რელიგიური წინამძღოლების — შეკრება ნათლად მიჩვენებს, რომ ეს არის ის მშვიდობის მთავარი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობას უკაკუნებდა“.

ბიბლია კი განსხვავებულ აზრს გვაწვდის. ის გვიჩვენებს, რომ მშვიდობის მთავარი არის იესო ქრისტე, რომელიც გლობალური მასშტაბით მშვიდობას დაამყარებს, არა მსოფლიოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების ძალისხმევით, არამედ ღვთის სამეფოს მეშვეობით. ეს არის სამეფო — ღვთის ზეციერი მთავრობა — რომელიც წარმატებით გააერთიანებს მორჩილ კაცობრიობას და ღვთის ნებას განახორციელებს დედამიწაზე (ესაია 9:6; მათე 6:9, 10).