პავლე წმიდების დასახმარებლად შესაწირავების შეგროვებას უწევს ორგანიზებას
პავლე წმიდების დასახმარებლად შესაწირავების შეგროვებას უწევს ორგანიზებას
ჭეშმარიტი ქრისტიანები სულიერ ინტერესებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. მიუხედავად ამისა, მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვების ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ისინი ხშირად ეხმარებიან გასაჭირში ჩაცვენილ ადამიანებს. მათ ძმური სიყვარული აღძრავს, გასაჭირში მყოფ თანამორწმუნეებს დახმარების ხელი გაუწოდონ (იოანე 13:34, 35).
სულიერი და-ძმების მიმართ სიყვარულმა აღძრა მოციქული პავლე, აქაიის, გალატიის, მაკედონიისა და აზიის კრებებში შესაწირავების შეგროვებისთვის გაეწია ორგანიზება. რამ შექმნა ამის აუცილებლობა? როგორ იყო ორგანიზებული დახმარების ეს პროგრამა? როგორი გამოხმაურება მოჰყვა? ჩვენ რატომ უნდა ვავლენდეთ ინტერესს ამ ყველაფრის მიმართ?
იერუსალიმის კრების მდგომარეობა
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ სხვადასხვა მხარეში მცხოვრები იუდეველები და პროზელიტები, რომლებიც ზემოხსენებული პერიოდისას მოწაფეები გახდნენ, ჭეშმარიტი რწმენის შესახებ უფრო მეტის სასწავლებლად გარკვეული ხნით იერუსალიმში დარჩნენ. საჭიროების ნებისმიერ შემთხვევაში, ქრისტიანები სიხარულით უწევდნენ დახმარებას თანამორწმუნეებს, რომელთაც აქ ხანგრძლივად მოუწიათ დარჩენა (საქმეები 2:7—11, 41—44; 4:32—37). ქალაქში ატეხილ შფოთს, რაც იუდეველი ნაციონალისტების მიერ პროვოცირებულ გამოსვლებში და ბრბოს ძალადობაში გამოიხატებოდა, შესაძლოა, შემდგომი დახმარების აუცილებლობაც შეექმნა. იმისათვის რომ ქრისტეს არც ერთ მიმდევარს მშიერს არ ევლო, „ყოველდღიური მომსახურება“ დაწესდა გაჭირვებული ქვრივი ქალებისთვის (საქმეები 6:1—6). ჰეროდე სასტიკად დევნიდა კრებას. 40-იანი წლების შუა პერიოდში კი შიმშილობამ გაატიალა იუდეა. ეს მდგომარეობა იესოს მიმდევრებსაც აწუხებდა და შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია ის, რასაც პავლემ ‘ტანჯვა’, ‘ჭირი’ და ‘ქონების დატაცება’ უწოდა (ებრაელთა 10:32—34; საქმეები 11:27—12:1).
დაახლოებით ახ. წ. 49 წლისთვის მდგომარეობა კვლავ სავალალო იყო. მას შემდეგ, რაც პავლემ თანხმობა განაცხადა, ქადაგებისას მთელი ყურადღება წარმართებისკენ მიეპყრო, პეტრე, იაკობი და იოანე სთხოვდნენ მას, რომ ‘ხსომებოდა ღატაკები’. პავლემ სწორედ ამას შეალია მთელი ძალ-ღონე (გალატელთა 2:7—10).
შეგროვებისთვის ორგანიზების გაწევა
იუდეაში მყოფი ღარიბი ქრისტიანების დასახმარებელ ფონდს პავლე ხელმძღვანელობდა. დაახლოებით ახ. წ. 55 წელს მან კორინთელებს ურჩია: „რაც შეეხება წმიდათასათვის შეგროვებას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, წარმატებისამებრ. . . [და] ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში“ (1 კორინთელთა 16:1—3). ერთი წლის შემდეგ პავლემ თქვა, რომ შეგროვებაში მაკედონია და აქაიაც იღებდა მონაწილეობას. როდესაც შესაწირავიდან მიღებული სახსრები იერუსალიმში გაიგზავნა, აქ აზიიდანაც ჩამოვიდნენ წარმომადგენლები, რაც, როგორც ჩანს, იმაზე მეტყველებს, რომ მათ რეგიონში არსებულმა კრებებმაც გაიღეს შესაწირავი (საქმეები 20:4; 2 კორინთელთა 8:1—4; 9:1, 2).
არავის ატანდნენ ძალას იმაზე მეტის გასაღებად, ვიდრე შეეძლოთ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი თანასწორობისთვის კეთდებოდა — ნებისმიერი სიჭარბე იერუსალიმსა და იუდეაში მყოფ წმიდებს შორის არსებულ ნაკლებობას ავსებდა (2 კორინთელთა 8:13—15). „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, —თქვა პავლემ, — არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7).
მოციქულმა კარგად დაუსაბუთა კორინთელებს, თუ რატომ უნდა ყოფილიყვნენ ხელგაშლილები. იესო ‘მათი გულისთვის გაღატაკდა, რათა ისინი სულიერად გამდიდრებულიყვნენ’ (2 კორინთელთა 8:9). ცხადია, მათ ენდომებოდათ, იესოსთვის მიებაძათ გულუხვობის გამოვლენაში. უფრო მეტიც, რადგან ღმერთი ამდიდრებდა მათ „ყოველგვარი გულუხვობისთვის“ (სსგ), მართებული იყო, წმიდებისთვის გაჭირვების ჟამს დახმარება გაეწიათ (2 კორინთელთა 9:10—12).
მონაწილეთა განწყობილება
თუ დავფიქრდებით პირველ საუკუნეში მცხოვრებ წმიდათათვის დახმარების პროგრამაში მონაწილეების განწყობილებაზე, ნებაყოფლობითი შესაწირავის შესახებ ბევრი რამის სწავლას შევძლებთ. ამ შესაწირავის შეგროვება ღარიბი თანამორწმუნეების საჭიროებებისთვის ზრუნვაზე გაცილებით მეტს ნიშნავდა. ეს იუდეველ და არაიუდეველ ქრისტიანებს შორის ძმურ კავშირზე მიუთითებდა. შესაწირავის გაღება და მისი მიღება, მათ შორის ერთიანობისა და მეგობრობის ნიშანი იყო. ისინი მოზიარენი იყვნენ როგორც მატერიალურში, ისე სულიერში (რომაელთა 15:26, 27).
შესაძლოა, თავდაპირველად პავლეს არ უთხოვია მონაწილეობის მიღება მაკედონელი ქრისტიანებისთვის, რადგან თავად ისინი დიდ სიღარიბეში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, დიდი ‘დაჟინებით თხოულობდნენ მონაწილეობას’. მიუხედავად „დიდი შევიწროებით გამოცდისა“, მაინც სიხარულით გაიღეს თავიანთ „შეძლებაზე უმეტესადაც“! (სსგ) (2 კორინთელთა 8:1—4). როგორც ჩანს, მათი დიდი გამოცდა შეიცავდა ბრალდებებს, რომ მათი რელიგია უკანონო იყო რომაელებისთვის. ამიტომ, ცხადია, მაკედონელ ქრისტიანებს თანაგრძნობა ექნებოდათ იმ იუდეველი ძმების მიმართ, რომლებიც იმავე გასაჭირში იმყოფებოდნენ (საქმეები 16:20, 21; 17:5—9; 1 თესალონიკელთა 2:14).
თუმცა მაკედონელების წასახალისებლად პავლემ გამოიყენა კორინთელების თავდაპირველი შემართება შესაწირავის შეგროვებაში, ენთუზიაზმი კორინთში შესუსტდა. ახლა კი მოციქული მაკედონელების ხელგაშლილობას უსვამდა ხაზს კორინთელების ხელახლა აღსაძვრელად. მან საჭიროდ ჩათვალა, შეეხსენებინა მათთვის, რომ დადგა ერთი წლის წინათ დაწყებული საქმის დასრულების დრო. რა მოხდა? (2 კორინთელთა 8:10, 11; 9:1—5).
კორინთში შესაწირავების შეგროვება ტიტემ წამოიწყო, მაგრამ წამოჭრილმა პრობლემებმა, როგორც ჩანს, ხელი შეუშალა მას. მაკედონიაში პავლესგან რჩევა-დარიგების მიღების შემდეგ კრების გასაძლიერებლად და შეგროვების დასასრულებლად ტიტე სხვა ორთან ერთად კორინთოში დაბრუნდა. ზოგიერთმა, შესაძლოა, ცილი დასწამა პავლეს, რომ კორინთელებისთვის ექსპლუატაციის გაწევას ცდილობდა. ალბათ, ამიტომ გაგზავნა მან სამი ძმა, რათა დაესრულებინათ შეგროვება და რეკომენდაცია გაუწია თითოეულ მათგანს. „ვფრთხილობთ, რომ არავინ გამოვიდეს ბოროტი საყვედურით ჩვენზე, როცა ესოდენ უხვია ეს შემოწირულება, რომელიც ჩვენი მსახურებით იქნა მოპოვებული, — თქვა პავლემ. — ვინაიდან ვცდილობთ კეთილისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ 2 კორინთელთა 8:6, 18—23; 12:18).
ადამიანის წინაშეც“ (შესაწირავის გადაცემა
ახ. წ. 56 წლის გაზაფხულზე შეწირული ფული გამზადებული იყო იერუსალიმში წასაღებად. პავლე იმ დელეგაციასთან ერთად წავიდოდა, რომელიც შემწირველებმა აირჩიეს. საქმეების 20:4-ში ნათქვამია: „მას აზიამდე თან ახლდნენ ბერეიელი სოპატრე პიროსი, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიოზი და ტიმოთე, აზიელები კი — ტიქიკოსი და ტროფიმე“. ჩანს, მათ შორის ლუკაც იყო — ფილიპელი ქრისტიანების წარმომადგენელი. ასე რომ, ამ მისიით, სულ ცოტა, ცხრა კაცი გაემგზავრა.
„შესაწირავებით შეგროვებული მთლიანი თანხა საკმაოდ დიდი ოდენობის უნდა ყოფილიყო, — ამბობს სწავლული დიტერ გეორგი — „რადგან სხვანაირად პავლესა და სხვა წარმომადგენლების მცდელობა, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, არც შეწუხებად ეღირებოდა და არც გაწეულ ხარჯებად“. ეს ჯგუფი არა მხოლოდ იმისთვის მსახურობდა, რომ უსაფრთხოება უზრუნველეყო, არამედ დაეცვა პავლე უპატიოსნობის რაიმე ბრალდებისგან. წარგზავნილები არაიუდეველთა კრებების წარმომადგენლები იყვნენ იერუსალიმში მყოფი წმიდების წინაშე.
დელეგაციამ, რომელიც კორინთოდან სირიაში გემით უნდა გამგზავრებულიყო, პასექისთვის იერუსალიმამდე მიაღწევდა. მაგრამ როდესაც პავლეს მოსაკლავად გამიზნული შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, გეგმები შეცვალეს (საქმეები 20:3). ალბათ, მის მტრებს ზღვით მგზავრობისას მისი თავიდან მოცილება ჰქონდათ განზრახული.
პავლეს სხვა რამეც აწუხებდა. გამგზავრებამდე მან რომში მცხოვრებ ქრისტიანებს წერილი მისწერა, რომ ელოცათ, რათა ‘გადარჩენოდა ურწმუნოებს იუდეაში და წმიდათათვის სასიამოვნო ყოფილიყო მისი სამსახური იერუსალიმისთვის’ (რომაელთა 15:30, 31). თუმცა კი წმიდები, უეჭველად, დიდი მადლიერებით მიიღებდნენ შეწირულებას, მაგრამ პავლეს, ალბათ, ის აწუხებდა, რომ მის დაბრუნებას შეიძლებოდა შფოთი გამოეწვია საერთოდ იუდეველებს შორის.
მოციქულს, მართლაც რომ, ახსოვდა ღარიბები. თუმცა საღვთო წერილში არაა მოხსენებული, როდის გადასცეს შეწირულება, მისმა გაგზავნამ ხელი შეუწყო ერთიანობას და საშუალება მისცა არაებრაელ ქრისტიანებს, იუდეველი თანამორწმუნეების მიმართ მადლიერება გამოეხატათ იმ სულიერი სიმდიდრისთვის, რომელიც მათგან მიიღეს. ტაძარში პავლეს გამოჩენამ, იერუსალიმში მისი დაბრუნებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, არეულობა გამოიწვია და დააპატიმრეს. მაგრამ, საბოლოოდ, ამან შესაძლებლობა მისცა პავლეს, ექადაგა მმართველებისა და მეფეებისთვის (საქმეები 9:15; 21:17—36; 23:11; 24:1—26:32).
ჩვენგან გაღებული შესაწირავები დღეს
პირველი საუკუნიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არა ძირითადი პრინციპები. ქრისტიანებს სავსებით კარგად ესმით ფინანსური საჭიროებები. მათ მიერ გაჭირვებულთათვის გაღებული შესაწირავები ნებაყოფლობითი უნდა იყოს, რომელიც ღვთისა და ადამიანების სიყვარულით კეთდება (მარკოზი 12:28—31).
წმიდების დასახმარებლად პირველ საუკუნეში მიღებული ზომები მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი შესაწირავების შეგროვება კარგად უნდა ყოფილიყო ორგანიზებული და კეთილსინდისიერად და პატიოსანი გზით უნდა წარმართულიყო. რა თქმა უნდა, იეჰოვას ესმის, რა გვჭირდება და უზრუნველყოფს კიდეც თავის მსახურებს, რათა მიუხედავად სიდუხჭირისა, შეძლონ სხვებისთვის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გაზიარების გაგრძელება (მათე 6:25—34). თითოეულ ჩვენგანს, ნებისმიერი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა. ამგვარად, ‘ბევრის მქონეს, ზედმეტი არ ექნება, ხოლო ნაკლების მქონეს — არ მოაკლდება’ (აქ) (2 კორინთელთა 8:15).