ინდოეთი — „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ინდოეთი — „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“
„ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ — ეს არის ცნობილი ლოზუნგი, რომელიც ინდოეთში სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა ერთიანობის აღსაწერად გამოიყენება. ერთიანობის მიღწევა მრავალფეროვანი კულტურის, ენის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, ჩაცმულობისა და საკვების მქონე ადამიანებით დასახლებულ ამ დიდ ქვეყანაში იოლი როდია. მიუხედავად ამისა, ასეთი ერთიანობის დანახვა შეიძლება ინდოეთში იეჰოვას მოწმეთა სამმართველო ცენტრში, თუმცა იქ მაცხოვრებელი და მომუშავე მოხალისეები წარმოშობით სხვადასხვა შტატიდან და მოკავშირე ტერიტორიიდან არიან და სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.
• მოდი გავეცნოთ ახალგაზრდა ქალს, რაჯრანის, რომელიც ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პენჯაბიდან გახლავთ. როცა რაჯრანი სკოლაში სწავლობდა, მისმა ერთ-ერთმა თანაკლასელმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ეს გოგონა ცდილობდა, რაჯრანიც დაეინტერესებინა ბიბლიით. რადგან ამ გოგონამ ინგლისური კარგად არ იცოდა და „საგუშაგო კოშკიც“ იმ დროს პენჯაბურ ენაზე ხელმისაწვდომი არ იყო, მან დახმარება რაჯრანის სთხოვა, რათა ჟურნალები ეთარგმნა მისთვის. ჟურნალებში წაკითხულმა რაჯრანიზე იმდენად იმოქმედა, რომ, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, სულიერად წინ მიიწევდა და ბოლოს იეჰოვა ღმერთს მიუძღვნა სიცოცხლე. დღეს ის ინდოეთის ბეთელში მსახურობს და იმავეს აკეთებს, რამაც ერთ დრო მას ჭეშმარიტება დაანახვა. ის ქრისტიანულ პუბლიკაციებს პენჯაბურად თარგმნის!
• განვიხილოთ ბიჯოს შემთხვევაც, რომელიც წარმოშობით ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ შტატ კერალადან არის. ეროვნული ცერემონიალების დროს ნეიტრალური პოზიციის დაკავების გამო ბიჯო სკოლიდან გარიცხეს. ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი გამარჯვებით დასრულდა, ბიჯო სკოლას დაუბრუნდა a. მოგვიანებით მან სწავლა ინსტიტუტში განაგრძო. მაგრამ მას სინდისი აწუხებდა იქ არსებული უზნეო გარემოს გამო, ამიტომ მან პირველივე სემესტრში თავი დაანება სწავლას. ბეთელში მსახურების ათი წლის შემდეგ ის ფიქრობს, რომ უფრო მეტი სარგებლობა მიიღო ბეთელის მრავალფეროვანი, მაგრამ ერთიანი ოჯახის წევრად ყოფნით, ვიდრე უმაღლეს განათლებას შეეძლო მოეტანა.
• ნორმა და ლილი 70 წელს არიან გადაცილებული და უკვე დიდი ხანია, რაც დაქვრივდნენ. თითოეულმა მათგანმა 40 წელზე მეტი გაატარა სრული დროით მსახურებაში. ლილი ფილიალში 20 წლის მანძილზე ტამილურ ენაზე მთარგმნელად მუშაობდა. ნორმა ბეთელში 13 წლის წინათ მოვიდა, მას შემდეგ, რაც მეუღლე დაკარგა. გარდა იმისა, რომ ისინი გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად მუშაობის კარგ მაგალითს იძლევიან, მთელი ბეთელის ოჯახში ერთიანობის სულს უწყობენ ხელს. მათ უყვართ სტუმრების მიღება და სიამოვნებთ ოჯახის ახალგაზრდა წევრებთან ურთიერთობა, რომელთაც ხანგრძლივი ქრისტიანული ცხოვრების სიხარულს უზიარებენ. სანაცვლოდ, ახალგაზრდები თავისთან ეპატიჟებიან მათ და ეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში. მართლაც რა შესანიშნავი მაგალითებია!
ამ მოხალისეებმა გადალახეს მრავალფეროვნებით გამოწვეული ბარიერი, რომელიც მრავალ ადგილას კონფლიქტსა და უთანხმოებას იწვევს, და სხვებისთვის სამსახურის გასაწევად სიხარულით მუშაობენ ერთად, როგორც ინდოეთის ბეთელის ოჯახის წევრები (ფსალმუნი 132:1).
[სქოლიოები]
a იხილეთ 1987 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 21 (ინგლ.).
[საავტორო უფლება 8 გვერდზე]
Background: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.