არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი ქრისტიანობა ზეობს!

ჭეშმარიტი ქრისტიანობა ზეობს!

ჭეშმარიტი ქრისტიანობა ზეობს!

„ძლიერად იზრდებოდა და ძალას იკრებდა უფლის სიტყვა“ (საქმეები 19:20).

1. აღწერეთ, თუ როგორ გავრცელდა პირველ საუკუნეში ქრისტიანობა.

 სულიწმიდის ძალით ანთებული პირველი საუკუნის ქრისტიანები ღვთის სიტყვას ისეთი დაუცხრომელი ენთუზიაზმით აცხადებდნენ, რომ მათი გაჩუმება შეუძლებელი იყო. ერთი ისტორიკოსი წერდა: „ქრისტიანობა მნიშვნელოვანი სისწრაფით გავრცელდა მთელ რომაულ სამყაროში. სავარაუდოა, რომ დაახლოებით 100 წლისთვის ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ნებისმიერ პროვინციაში იყვნენ ქრისტიანები“.

2. როგორ ცდილობდა სატანა კეთილი ცნობისთვის წინააღმდეგობის გაწევას და როგორ იყო ეს ნაწინასწარმეტყველები?

2 სატანა ეშმაკმა ვერ დაადუმა ადრინდელი ქრისტიანები. მაშინ მან კეთილი ცნობის მოქმედებას სხვა საშუალებით — განდომილებით — შეუტია. ხორბლისა და ღვარძლის იგავში იესომ იწინასწარმეტყველა ამ მოვლენების განვითარება (მათე 13:24—30, 36—43). მოციქული პეტრეც იძლეოდა გაფრთხილებას, რომ კრებაში ცრუ მოძღვრები აღდგებოდნენ და დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებდნენ (2 პეტრე 2:1—3). მსგავსად ამისა, მოციქულმა პავლემ კონკრეტულად გაგვაფრთხილა, რომ განდომილება იეჰოვას დღის დადგომის წინა პერიოდში აღინიშნებოდა (2 თესალონიკელთა 2:1—3).

3. რა მოხდა მოციქულების სიკვდილის შემდეგ?

3 მოციქულთა სიკვდილის შემდეგ კეთილი ცნობა წარმართული მოძღვრებებითა და ფილოსოფიებით დაიჩრდილა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ცრუ მოძღვრებმა დაამახინჯეს და წაბილწეს ჭეშმარიტების წმინდა ცნობა. თანდათანობით ჭეშმარიტი ქრისტიანობა ქრისტიანულ სამყაროდ წოდებულმა ყალბმა ქრისტიანობამ დაჩრდილა. წარმოიშვა სამღვდელოების კლასი, რომელიც ცდილობდა, ბიბლია უბრალო ხალხისთვის მიუწვდომელი გაეხადა. თუმცა მათი რიცხვი, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდა, იზრდებოდა, ამ ადამიანთა თაყვანისმცემლობა წმინდა არ იყო. ქრისტიანულმა სამყარომ სულ უფრო მეტი ტერიტორიები მოიცვა და მძლავრი ინსტიტუტი გახდა, რომელიც გავლენას ახდენდა დასავლეთის კულტურაზეც, მაგრამ მას არც ღვთის კურთხევა ჰქონია და არც მისი სულიწმიდა.

4. რატომ ჩაიფუშა სატანის გეგმა, რომელიც ღვთის განზრახვისთვის ხელის შესაშლელად იყო გამიზნული?

4 როგორც უნდა ყოფილიყო, იეჰოვას განზრახვისთვის ხელის შესაშლელად გამიზნული სატანის გეგმა ჩასაფუშად იყო განწირული. განდგომილების ყველაზე შავბნელ დროშიც კი ჭეშმარიტი ქრისტიანობა ზოგიერთებში მაინც ცოცხლობდა. ბიბლიის გადამწერები თავიანთ საქმეს დიდი გულმოდგინებით ეკიდებოდნენ, რათა სიზუსტე დაეცვათ. ამგვარად, თვითონ ბიბლია უცვლელი დარჩა, თუმცა მის ცნობას ამახინჯებდა მრავალი ისეთი ადამიანი, რომლებიც საკუთარ თავს ბიბლიის სასწავლებლად უფლებამოსილ პირებად მიიჩნევდნენ. საუკუნეების განმავლობაში ისეთი სწავლულები, როგორებიც იყვნენ იერონიმე და ტინდალი ღვთის სიტყვას გაბედულად თარგმნიდნენ და ავრცელებდნენ. მილიონობით ადამიანი ექცეოდა ბიბლიისა და ქრისტიანობის რომელიმე მიმდინარეობის გავლენის ქვეშ, თუმცა ქრისტიანობის ეს ფორმა უკვე გაყალბებული იყო.

5. რა იწინასწარმეტყველა დანიელმა ჭეშმარიტ ‘ცოდნასთან’ დაკავშირებით?

5 საბოლოოდ, როგორც დანიელის წიგნში იყო ნაწინასწარმეტყველები, ჭეშმარიტმა ‘ცოდნამ მოიმატა’. ეს მოხდა ‘უკანასკნელ ჟამს’, იმ ჟამს, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). სულიწმიდამ მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტების მოყვარულნი ჭეშმარიტი ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებამდე მიიყვანა. საუკუნეების განმავლობაში განდგომილთა მოძღვრების სწავლების შემდეგაც კი ღვთის სიტყვამ გაიმარჯვა! დღეს ყველგან მიმდინარეობს კეთილი ცნობის ქადაგება და ხალხს ყველგან ემცნობა ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებული საუცხოო იმედის შესახებ (ფსალმუნი 36:11). მოდი ახლა გამოვიკვლიოთ, თუ როგორ იზრდება დღეს ღვთის სიტყვა.

ღვთის სიტყვის ზრდა დღეს

6. რა ჭეშმარიტებები გაიგეს ბიბლიის მკვლევარებმა 1914 წლისთვის?

6 მე-19 საუკუნის დასასრულს ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გამოცოცხლება იწყო ბიბლიის მკვლევართა ერთ პატარა ჯგუფში, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეების სახელით არის ცნობილი. 1914 წლისთვის ბიბლია მათთვის ცოცხალი წიგნი გახდა. ამ ადამიანებმა გაიგეს ღვთის განზრახვასთან დაკავშირებული შესანიშნავი ჭეშმარიტებები. მათზე დიდი გავლენა იქონია იეჰოვას სიყვარულმა, რომელიც იმით გამოვლინდა, რომ მან საკუთარი ძე გამოგზავნა დედამიწაზე და, ამგვარად, მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი გზა გახსნა. მათ აგრეთვე გაიგეს და ძალიან დააფასეს ღვთის სახელი და მისი პიროვნული თვისებები. გარდა ამისა, გაიგეს, რომ „წარმართთა ჟამი“ უკვე დასრულდა, რაც ღვთის სამეფოს მთავრობის დადგომის დროის მოახლოებაზე მიანიშნებდა — სამეფოსი, რომელიც კურთხევებს მოუტანდა მთელ კაცობრიობას (ლუკა 21:24). რა დიდებული კეთილი ცნობაა! ეს მძლავრი ჭეშმარიტებები ყველგან, ყველასთვის უნდა გაეზიარებინათ. საქმე ხომ სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა!

7. როგორ იმარჯვებს დღეს ბიბლიური ჭეშმარიტება?

7 იეჰოვამ აკურთხა სულითცხებულ ქრისტიანთა ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი. დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიმდევართა რიცხვი ექვს მილიონს აღემატება. ღვთის სიტყვა ტერიტორიულადაც განივრცო, რადგან იეჰოვას მოწმეები 235 ქვეყანაში არიან. გარდა ამისა, ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ძალაც მოიკრიბა და ყველა დაბრკოლებას — რელიგიურსა თუ სხვა სახისას — სძლია. მსოფლიო მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობა იმის კიდევ ერთ უტყუარ მტკიცებას წარმოადგენს, რომ სამეფო ძალაუფლებით იესოს თანდასწრება უკვე მიმდინარეობს (მათე 24:3, 14).

8. რა თქვა ზოგმა იეჰოვას მოწმეთა რიცხობრივ ზრდაზე?

8 როგორც ისტორიკოსებმა შენიშნეს პირველ საუკუნეში ქრისტიანობის საოცარი ზრდა, ისე დღესაც მრავალი სწავლული აღნიშნავს იეჰოვას მოწმეთა ზრდას. შეერთებულ შტატებში ორი სწავლული წერდა: „უკანასკნელი 75 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების რიცხვი განუწყვეტლივ საოცრად იზრდება. . . და ეს მსოფლიო მასშტაბით ხდება“. აღმოსავლეთ აფრიკაში გამომავალი ჟურნალი იეჰოვას მოწმეების რელიგიის შესახებ აღნიშნავს, რომ ის „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დიდად დაფასებული რელიგიაა, რომელიც მთელი დედამიწის ზურგზე მთლიანად ბიბლიურ მოძღვრებაზე დაფუძნებულ რელიგიად არის ცნობილი“. ევროპაში გამომავალი კონსერვატიული კათოლიკური ჟურნალი „იეჰოვას მოწმეთა უსაზღვრო ზრდაზე“ მიუთითებდა. რამ შეუწყო ხელი ამ ზრდას?

სულიწმიდის მოქმედება დღეს

9. ა) რა არის იმის ძირითადი მიზეზი, რომ დღეს ღვთის სიტყვა ზეობს? ბ) როგორ იზიდავს იეჰოვა ხალხს?

9 იმის ძირითადი მიზეზი, რომ დღეს — ისევე როგორც პირველ საუკუნეში — ღვთის სიტყვა ზეობს, იეჰოვას სულის მძლავრი მოქმედებაა. იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). ეს სიტყვები გვიჩვენებს, რომ ღმერთი თავისი სითბოთი იზიდავს ყველას, ვინც სწორად არის განწყობილი და მათ გულებს ეხება. თავის მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობის საშუალებით იეჰოვა იზიდავს ‘სასურველთ ყოველი ერიდან’ (აქ) ანუ დედამიწაზე მცხოვრებ თავმდაბალ, ცხვრისმაგვარ ადამიანებს, რათა ისინი თავის მსახურებად აქციოს (ანგია 2:6, 7).

10. როგორი ადამიანები გამოეხმაურნენ ღვთის სიტყვას?

10 სულიწმიდამ არა მარტო ღვთის ხალხი აღძრა ღვთის სიტყვის კიდით კიდემდე საქადაგებლად, არამედ მანვე აღძრა ყველა ერის წარმომადგენლები, გამოხმაურებოდნენ კეთილ ცნობას. მართლაც, ღვთის სიტყვის მიმღებნი „ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან“ არიან (გამოცხადება 5:9; 7:9, 10). მათ შორის არიან მდიდრები და ღარიბები, უაღრესად განათლებულები და დაბალი განათლების დონის მქონენი. ზოგმა ღვთის სიტყვა ომისა და სასტიკი დევნის პირობებში მიიღო, ზოგმა კი — მშვიდობისა და კეთილდღეობის დროს. ნებისმიერი მთავრობის ქვეშევრდომად მცხოვრებნი თუ ნებისმიერი კულტურის მქონე ადამიანები, საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ სასახლეებში მყოფნი, მამაკაცები თუ ქალები კეთილგანწყობით გამოეხმაურნენ კეთილ ცნობას.

11. როგორ მოქმედებს სულიწმიდა ღვთის ხალხის ცხოვრებაზე და რა სხვაობაა აშკარა?

11 ღვთის ხალხში, საოცარი მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთიანობა სუფევს (ფსალმუნი 132:1—3). ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ღვთის მსახურთა ცხოვრებაზე სულიწმიდა მოქმედებს. ღვთის სულს მძლავრი სასიკეთო ძალა აქვს და ის იეჰოვას მსახურებს სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, დიდსულოვნებისა და სხვა დადებითი თვისებების გამოვლენის უნარს აძლევს (გალატელთა 5:22, 23). დღეს ჩვენ კარგად გვესმის მალაქიას მიერ დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები: „განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს“ (მალაქია 3:18).

ღვთის სიტყვა ზეობს ენთუზიაზმით აღსავსე მსახურებში

12. როგორ ეკიდებიან იეჰოვას მოწმეები სახარების ქადაგებას და რა რეაქციას მოელიან ხალხის მხრიდან?

12 იეჰოვას მოწმეები განსხვავდებიან ეკლესიის პასიური მრევლისგან. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სახარების ქადაგებაში. ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, მზად არიან ღვთის ნების შესასრულებლად და ყველაფერს აკეთებენ, რათა სხვებს იეჰოვას სამეფოს აღთქმების შესახებ გააგებინონ. ეს ადამიანები ღვთის თანამსახურნი არიან და, სულიწმიდასთან შეთანხმებულად, იეჰოვასთვის მსახურებაში სხვებსაც აბამენ. ასეთი მოქმედებით ისინი ურწმუნო ადამიანების მიმართ იეჰოვას მიერ გამოვლენილი მოწყალებისა და სიყვარულის მაგალითს ჰბაძავენ. ღვთის მსახურები ამას ხალხის მხრიდან აპათიის, დაცინვისა და დევნის მიუხედავად აკეთებენ. იესომ თავისი მიმდევრები კეთილ ცნობაზე ადამიანების სხვადასხვაგვარი რეაქციისთვის მოამზადა. მან თქვა: „მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ“ (იოანე 15:20).

13. რა აკლია ქრისტიანულ სამყაროს, რაც უხვად არის იეჰოვას მოწმეებში?

13 შეუძლებელია ჩვენზე შთაბეჭდილება არ მოახდინოს იეჰოვას დღევანდელ მოწმეებსა და პირველი საუკუნის ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებულმა მსგავსებამ. აგრეთვე თვალში საცემია ის კონტრასტიც, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეებსა და ქრისტიანულ სამყაროს შორის არსებობს. ერთი სწავლული, მას შემდეგ, რაც ადრინდელი ქრისტიანების მიერ სახარების ენთუზიაზმით ქადაგებას იხსენიებს, გულისტკივილით დასძენს: „თუ თანამედროვე ეკლესიის ცხოვრებაში ძირეულ ცვლილებებს არ მოვახდენთ და სახარების ქადაგებას კვლავ ყოველი მონათლული ქრისტიანის მოვალეობად არ გავხდით; აგრეთვე თუ მათი ცხოვრების წესი ბევრად უკეთესი არ იქნება, ვიდრე ურწმუნოებისა, მაშინ საეჭვოა, რომ რაიმე პროგრესს მივაღწიოთ“. ის, რაც ასე ძალიან აკლია ქრისტიანულ სამყაროს, უხვად არის იეჰოვას მოწმეებში! მათში არის ცოცხალი, ნამდვილი რწმენა, რწმენა, რომელიც ბიბლიის ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული და, რომელსაც უზიარებენ ყველას, ვინც ისმენს (1 ტიმოთე 2:3, 4).

14. რა დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მსახურების მიმართ და რა დამოკიდებულებას ავლენენ მისი მოწაფეები დღეს?

14 იესო მსახურებას ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. ამ საქმეს მის ცხოვრებაში მთავარი ადგილი ეჭირა. მან პილატეს უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). მსახურების მიმართ ღვთის ხალხსაც იგივე დამოკიდებულება აქვს. მათ გულებში აქვთ გამჯდარი ჭეშმარიტება და საშუალებებს ეძებენ, რაც შეიძლება მეტს გაუზიარონ ის. ამ საშუალებებიდან ზოგი დიდი მოსაზრებულობით გამოირჩევა.

15. როგორ გამოავლინა ზოგმა მოსაზრებულობა კეთილი ცნობის ქადაგებისას?

15 სამხრეთ ამერიკის ერთ ქვეყანაში მოწმეები მდინარე ამაზონის შენაკადს მიუყვებოდნენ ხოლმე, რათა ადგილობრივ მკვიდრთათვის ჭეშმარიტება გაეზიარებინათ. მაგრამ 1995 წელს, როდესაც იქ სამოქალაქო ომი დაიწყო, მდინარეზე სამოქალაქო პირთა მიმოსვლა აიკრძალა. მოწმეებს ძალიან სურდათ, არ შეეწყვიტათ დაინტერესებულებისთვის ბიბლიური პუბლიკაციების მიწოდება და გადაწყვიტეს, კეთილი ცნობა მდინარის დინებისთვის გაეყოლებინათ. ისინი წერდნენ წერილებს და „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-თან ერთად დებდნენ პლასტმასის ბოთლში. შემდეგ ამ ბოთლს მდინარეში აგდებდნენ. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში მანამ, სანამ სამოქალაქო პირებს მდინარეზე მიმოსვლის ნება კვლავ არ დართეს. მდინარის მთელ გაყოლებაზე მცხოვრები ხალხი ემადლიერებოდა იეჰოვას მოწმეებს გამოგზავნილი ლიტერატურისთვის. ერთმა ქალბატონმა, რომელიც ადრე ბიბლიას სწავლობდა, გულში ჩაიკრა მოწმეები და ცრემლმორეულმა თქვა: „ვფიქრობდი, რომ ვეღარასოდეს გნახავდით. მაგრამ, როდესაც ბოთლებით ლიტერატურის მიღება დავიწყე, გავიგე, რომ თურმე არ დაგვიწყებივართ“! სხვებმა კი, რომლებიც მდინარის სანაპიროს გასწვრივ ცხოვრობდნენ, აღნიშნეს, რომ მათ არაერთხელ წაიკითხეს ჟურნალები. მრავალ დასახლებაში ჰქონდათ „საფოსტო განყოფილებები“, მორევები, სადაც მოცურავე საგნები დროებით იყრიდნენ თავს. იქ მრავალი დაინტერესებული ხშირად მიდიოდა, რათა შეემოწმებინათ მოუვიდათ თუ არა წყალგაღმიდან რაიმე „ამანათი“.

16. როგორ უწყობს ზოგჯერ ხელს ჩვენი მზადყოფნა ხალხის მოწაფეებად გახდომას?

16 კეთილი ცნობის ქადაგებას იეჰოვა ღმერთი და მისი ძლევამოსილი ანგელოზები ხელმძღვანელობენ და ზურგს უმაგრებენ (გამოცხადება 14:6). მხოლოდ იმითაც კი, რომ მზად ვართ ამ საქმის შესასრულებლად, ზოგჯერ ვინმეს მოწაფედ გახდომის მოულოდნელი შესაძლებლობა იქმნება. ნაირობში (კენია) ორმა ქრისტიანმა ქალმა ის-ის იყო დაასრულა კარდაკარ ქადაგება, რომ მოულოდნლად ახალგაზრდა ქალი მიუახლოვდა მათ. აღელვებულმა ქალმა თქვა: „მე ვლოცულობდი, შევხვედროდი რომელიმე თქვენგანს“. ის მოწმეებს შეეხვეწა, დაუყოვნებლივ წაჰყოლოდნენ სახლში და ესაუბრათ. იმ დღეს მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. რატომ ითხოვდა ეს ქალი ასე დაჟინებით დახმარებას? ორი კვირის წინათ მას შვილი მოჰკვდომია. ასე რომ, როდესაც ქალმა დაინახა ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხელში ტრაქტატი „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“ ეჭირა, იმდენად მოუნდა მისი წაკითხვა, რომ მივიდა ბიჭთან და სთხოვა ეს ტრაქტატი. ბიჭმა არ მისცა, მაგრამ დაანახვა მოწმეები, რომლებმაც თვითონ ამ ბიჭს მისცეს ეს ტრაქტატი. მალე ქალმა სულიერად საკმაოდ კარგად წაიწია წინ და უკეთესად შეძლო შვილის დაკარგვით გამოწვეულ მტკივნეულ დანაკლისთან გამკლავება.

ღვთის სიყვარული უნდა ზეობდეს

17—19. როგორ გამოავლინა ღმერთმა კაცობრიობის მიმართ სიყვარული გამოსყიდვის საშუალებით?

17 მთელი დედამიწის ზურგზე ღვთის სიტყვის ზრდა მჭიდროდ არის დაკავშირებული იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლთან. გამოსასყიდის მსგავსად, სამქადაგებლო საქმიანობის არსებობა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანის მიმართ იეჰოვას მიერ სიყვარულის გამოვლენაა. მოციქული იოანე ღვთის შთაგონებით წერდა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).

18 იფიქრეთ იმ სიყვარულზე, რომელიც იეჰოვამ გამოსყიდვით უზრუნველყოფით გამოავლინა. მილიარდობით წლის განმავლობაში ღმერთს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის საყვარელ მხოლოდშობილ ძესთან, ‘ღვთის ქმნილების დასაბამთან’ (გამოცხადება 3:14). იესოს ძალიან უყვარს მამა, იეჰოვამ კი ძე ‘წუთისოფლის შექმნამდე’ შეიყვარა (იოანე 14:31; 17:24). იეჰოვამ დაუშვა თავისი საყვარელი ძის სიკვდილი იმისათვის, რომ ადამიანებს მარადიულად ცხოვრება შესძლებოდათ. კაცობრიობის მიმართ რამხელა მოწიწების შთამნერგავი სიყვარულის გამოვლენაა!

19 იოანეს 3:17 ამბობს: „იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე წუთისოფლად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ გადარჩენილიყო მის მიერ“. ამგვარად, იეჰოვამ თავისი ძე სიყვარულით გამოგზავნა, რათა მას მხსნელის მისია შეესრულებინა და არა განმკითხავისა და მსჯავრმდებლის. ეს შეესაბამება პეტრეს სიტყვებს: „[იეჰოვას] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9).

20. როგორ არის ხსნა კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებული?

20 ხსნისთვის კანონიერი საფუძვლის შექმნის შემდეგ, რაც თავად ძალიან ძვირად დაუჯდა, იეჰოვას სურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით. მოციქული პავლე წერდა: „ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომაელთა 10:13, 14).

21. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობისადმი?

21 რა დიდებული უპირატესობაა ამ მსოფლიო მასშტაბის სამქადაგებლო და საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება! ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ რამდენად ხარობს იეჰოვა, როდესაც ხედავს თავის ხალხს, რომელიც ჭეშმარიტებისადმი ერთგულებას ინარჩუნებს და კეთილ ცნობას სხვებს უზიარებს! ასე რომ, როგორიც უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა, მიეცით ღვთის სულსა და თქვენს გულში ანთებულ სიყვარულს იმის საშუალება, რომ აღგძრან ამ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. და გახსოვდეთ, ჩვენ თვალწინ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ეს მოვლენები იმის დამაჯერებელი დადასტურებაა, რომ ღმერთი მალე შეასრულებს თავის განზრახვას, დაამყაროს დიდებული ‘ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე’ (2 პეტრე 3:13).

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რატომ ვერ დაადუმა განდგომილებამ კეთილი ცნობის მქადაგებლები?

• როგორ გაიმარჯვა ღვთის სიტყვამ დღეს?

• რა და რა სახით მოქმედებს დღეს სულიწმიდა?

• როგორ არის დაკავშირებული გამოსყიდვა კეთილი ცნობის ქადაგებასთან?

[სასწავლო კითხვები]

[სქემა⁄სურათი 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სამეფოს შესახებ მქადაგებელთა რიცხვის ზრდა XX საუკუნეში

მქადაგებელთა საშუალო რაოდენობა (მილიონებში).

6,0

5,5

5,0

4,5

4,0

3,5

3,0

2,5

2,0

1,5

1,0

0,5

1900 1910 1920 1930 1940 1950 1960 1970 1980 1990 2000

[სურათები 15 გვერდზე]

იერონიმე

ტინდალი

გუტენბერგი

ჰუსი

[საავტორო უფლება]

Gutenberg and Hus: From the book The Story of Liberty, 1878

[სურათი 15 გვერდზე]

ბიბლიის მკვლევარები, რომლებიც XX საუკუნის 20-იან წლებში ხალხს კეთილ ცნობას ამცნობენ.

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

მთელ მსოფლიოში ხალხი დადებითად ეხმაურება კეთილ ცნობას.

[სურათი 18 გვერდზე]

როგორც იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი, ისე სამქადაგებლო საქმიანობა განადიდებს ღვთის სიყვარულს.