დააკვირდით ღვთის სასწაულებრივ საქმეებს
დააკვირდით ღვთის სასწაულებრივ საქმეებს
„ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ — ვინ შეგედრება შენ!“ (ფსალმუნი 39:6).
1, 2. ღვთის სასწაულებრივი საქმეების რა მტკიცებები გვაქვს და რის გასაკეთებლად უნდა აღგვძრას ამან?
ბიბლიის კითხვისას ადვილად დაინახავთ, რომ ღმერთს არაეთრი სასწაულებრივი საქმე გაუკეთებია თავისი ხალხის, ძველი ისრაელისთვის (იესო ნავეს ძე 3:5; ფსალმუნი 105:7, 21, 22). მაშინაც კი, თუ იეჰოვა დღეს ისე არ ჩაერევა ადამიანთა საქმეებში, როგორც ეს ისრაელების შემთხვევაში გააკეთა, ჩვენ ირგვლივ ღვთის სასწაულებრივი საქმეების მრავალი დამადასტურებელი ფაქტების ხილვა შეგვიძლია. ასე რომ, გვაქვს საფუძველი, შევუერთდეთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“ (ფსალმუნი 103:24; 148:1—5).
2 დღეს მრავალი უგულებელყოფს შემოქმედის მოქმედების მსგავს აშკარა მტკიცებებს (რომაელთა 1:20). მაგრამ ჩვენ კარგად ვიქცევით, როდესაც ვფიქრობთ ყოველივე ამაზე და ვხვდებით, თუ რა პოზიცია გვიკავია და რა ვალდებულება გვაკისრია შემოქმედის წინაშე. იობის 38—41 თავები ამაში შესანიშნავ დახმარებას გაგვიწევს, რადგან აქ იეჰოვა თავისი სასწაულებრივი საქმეების გარკვეულ მხარეებზე ამახვილებს იობის ყურადღებას. განვიხილოთ რამდენიმე საფუძვლიანი კითხვა, რომლებსაც ღმერთი სვამს.
ძლიერი და სასწაულებრივი საქმეები
3. იობის 38:22, 23, 25—29-ის თანახმად, რა ჰკითხა ღმერთმა იობს?
3 ღმერთი იობს შემდეგ კითხვებს უსვამს: „თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს, რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?“. თოვლი და სეტყვა მრავალი ადგილისთვის დამახასიათებელი მოვლენებია. ღმერთი განაგრძობს: „ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა — ჭექა-ქუხილს, რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს, რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი? თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები? ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა?“ (იობი 38:22, 23, 25—29).
4—6. რა მხრივ არის ადამიანის ცოდნა თოვლის შესახებ არასრული?
4 ზოგი ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც ხალხი სულ სადღაც მიიჩქარის და მგზავრობს. ამიტომაც თოვლს, შესაძლოა, მხოლოდ დამაბრკოლებლად მიიჩნევენ. მაგრამ მრავალი სხვა ადამიანი თოვლს ზამთრის საოცარი სილამაზის წყაროდ მიიჩნევს, რაც არაერთი შესანიშნავი საქმიანობის შესაძლებლობას იძლევა. გვახსოვდეს ღვთის მიერ დასმული კითხვა და დავფიქრდეთ, ვიცით თუ არა ყველაფერი თოვლის შესახებ, ან ის მაინც თუ ვიცით, როგორია თოვლი? ო, ჩვენ ვიცით, როგორ გამოიყურება ბევრი თოვლი; შესაძლოა, ნანახი გვაქვს თოვლის ნამქერის ფოტოსურათები ან, უბრალოდ, ძალიან ბევრი თოვლი გვაქვს სინამდვილეში ნანახი. მაგრამ როგორია თითოეული ფიფქი? იქნებ გამოგიკვლევიათ ისინი მაშინ, როცა იქმნებიან?
5 ზოგიერთები იკვლევდნენ და სურათებს უღებდნენ მათ ათწლეულების განმავლობაში. ცალკეული ფიფქი შეიძლება შედგებოდეს ყინულის 100 წვრილი კრისტალისგან, რაც უსასრულოდ მრავალფეროვანი კონსტრუქციის ლამაზ ფიფქს ქმნის. წიგნ „ატმოსფეროში“ შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: „ფიფქების მრავალფეროვნების უსასრულობა კარგად არის ცნობილი და მიუხედავად იმისა, რომ, მეცნიერების აზრით, ბუნების არც ერთი კანონი არ უშლის ხელს ფიფქის გამეორებას, ორი ერთნაირი ფიფქი არასოდეს უნახავთ. უილსონ ბენტლიმ. . . ფიფქების უჩვეულო პროპორციებთან დაკავშირებით ერთ-ერთი კვლევა-ძიება ჩაატარა; ის 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა და მიკროსკოპის გამოყენებით სურათებს უღებდა ფიფქებს, მაგრამ ორი ზუსტად ერთნაირი ფიფქი ვერ აღმოაჩინა“. ორი ერთნაირი ფიფქი იშვიათად რომც აღმოეჩინა, განა ეს შეცვლიდა იმ საოცარ ფაქტს, რომ უჩვეულოდ მრავალგვარი ფიფქი არსებობს?
6 გაიხსენეთ ღვთის მიერ დასმული კითხვა: „თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში?“. ბევრი ღრუბლებს თოვლის დაბადების ადგილად ანუ საგანძურად მიიჩნევს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი იმ კაცის მდგომარეობაში, რომელიც შედის ერთ-ერთ ასეთ საგანძურში, რათა აღწეროს თოვლის ყველა ფიფქი თავისი უსასრულო მრავალფეროვნებით და შეისწავლოს, როგორ ჩნდებიან ისინი? ერთ-ერთ სამეცნიერო ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ყინულის კრისტალების ბუნება და წარმოშობა, რომლებიც ღრუბელში არსებული წვეთების დაახლოებით მინუს 40 გრადუსზე გაყინვის დასაწყებად არის აუცილებელი, ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის“ (ფსალმუნი 147:5, 6; ესაია 55:9, 10).
7. რამდენად ამომწურავია წვიმის შესახებ ადამიანის ცოდნა?
7 ანდა რა შეიძლება ითქვას წვიმაზე? ღმერთმა იობს ჰკითხა: „თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?“. იმავე ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ატმოსფერული მოძრაობის სირთულის, ორთქლისა და ჰაერში შემავალი ნაწილაკების უჩვეულო მრავალფეროვნების გამო შეუძლებელი ჩანს ღრუბლებისა და ნალექების წარმოშობის დეტალური და ზოგადი თეორიის ჩამოყალიბება“. მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერები გვთავაზობენ დაწვრილებით ჩამოყალიბებულ თეორიებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ რეალურად ბოლომდე განმარტონ, თუ რა არის წვიმა. მაგრამ ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წვიმა დედამიწის მოსარწყავად და მცენარეული სამყაროს არსებობისთვის, რაც სიცოცხლეს შესაძლებელსა და სასიამოვნოს ხდის.
8. რატომ არის მართებული პავლეს სიტყვები, რომლებიც საქმეების 14:17-შია ჩაწერილი?
8 განა არ ეთანხმებით პავლე მოციქულის დასკვნას? ის მოუწოდებდა სხვებს, ამ სასწაულებრივ საქმეებში ყოველივე ამის შემოქმედის არსებობის შესახებ მტკიცება დაენახათ. პავლე იეჰოვა ღმერთზე ამბობდა: „ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:17; ფსალმუნი 146:8).
9. როგორ ვლინდება ღვთის სასწაულებრივ საქმეებში მისი დიდი ძალა?
9 არავითარი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ამ სასწაულებრივი და სასარგებლო საქმეების მოქმედს უდიდესი სიბრძნე და ძალა აქვს. მისი ძალის დასანახავად დაფიქრდით შემდეგზე: ამბობენ, რომ ყოველდღე 45 000 ელჭექი ხდება, რაც წელიწადში 16 მილიონზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში ამ წუთას დაახლოებით 2 000 ელჭექი ხდება. ერთი ელჭექის წარმოქმნისას ღრუბლები ისეთი რაოდენობის ენერგიას გამოყოფენ, რაც ათჯერ ან უფრო მეტჯერ აღემატება მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული ატომური ბომბების ენერგიას. ეს ენერგია, გარკვეულწილად, ელვის სახით გამოიყოფა. ელვა მხოლოდ შიშისა და მოწიწების მომგვრელი როდია; მისი ხელშეწყობით წარმოიქმნება და ნიადაგამდე აღწევს აზოტის ისეთი ფორმა, რომელსაც მცენარეები ბუნებრივ სასუქად იყენებენ. ასე რომ, ელვა ენერგიის გამოვლინებაა, მაგრამ მას დიდი სარგებლობაც მოაქვს (ფსალმუნი 103:14, 15).
რა დასკვნამდე მიხვედით?
10. როგორ უპასუხებდით იობის 38:33—38-ში დასმულ კითხვებზე?
10 წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იობის ადგილზე, რომელსაც ყოვლისშემძლე ღმერთი უსვამს კითხვებს. თქვენ, ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ადამიანთა უმეტესობა ნაკლებად აკვირდება ღვთის სასწაულებრივ საქმეებს. იეჰოვა გვისვამს კითხვებს, რომლებსაც იობის 38:33—38-ში ვკითხულობთ: „თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე? ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა? თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო! ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა? ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის, როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება?“.
11, 12. რა საქმეები ადასტურებს, რომ ღმერთი სასწაულებრივი საქმეების მოქმედია?
11 ჩვენ შევეხეთ ელიჰუს მიერ იობის წინაშე წამოჭრილ მხოლოდ რამდენიმე საკითხს და შემდეგ განვიხილეთ ზოგი კითხვა, რომლებზეც იეჰოვამ იობს „მეომარივით“ პასუხის გაცემა მოსთხოვა (იობი 38:3). ჩვენ ვამბობთ „ზოგი“, რადგან იობის 38-ე და 39-ე თავებში იეჰოვამ შემოქმედების კიდევ სხვა ღირსშესანიშნავ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, მოიხსენია თანავარსკვლავედები. ვინ იცის მათი ყველა კანონი თუ წესი? (იობი 38:31—33). იობთან საუბარში იეჰოვამ მიუთითა ზოგიერთ ცხოველსა და ფრინველზე — ლომსა და ყორანზე, ჯიხვსა და ზებრაზე, გარეულ ხარსა და სირაქლემაზე, ცხენსა და არწივზე. ფაქტობრივად, ღმერთმა ჰკითხა იობს, მას ხომ არ ჰქონდა მინიჭებული ამ სხვადასხვაგვარი ცხოველებისთვის ნორმალური არსებობისთვის საჭირო თავისებურებები. შეგიძლიათ დრო გამოუყოთ ამ თავების გამოკვლევას, განსაკუთრებით, თუ ცხენები ან სხვა ცხოველები გიზიდავთ (ფსალმუნი 49:10, 11).
12 აგრეთვე შეგეძლოთ გამოგეკვლიათ მე-40 და 41-ე თავები, რომელთა თანახმადაც, იეჰოვა კვლავ სთხოვს იობს, უპასუხოს კითხვებს ორ ქმნილებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ეს ორი ცხოველი არის ჰიპოპოტამი (ბეჰემოთი), ძლიერი და უშველებელი სხეულით, და ნილოსის საშინელი ნიანგი (ლევიათანი). თითოეული, თავისებურად, საოცრად არის შექმნილი და ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. ახლა კი მოდი ვნახოთ, რა დასკვნამდე მივალთ.
13. რა გავლენა იქონია იობზე ღვთის მიერ დასმულმა კითხვებმა და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?
13 იობის 42-ე თავი ცხადყოფს, თუ როგორ იმოქმედა იობზე ღვთის მიერ დასმულმა კითხვებმა. გაიხსენეთ, რომ მანამდე იობი მეტისმეტ ყურადღებას აქცევდა საკუთარ თავსა და სხვებს. მაგრამ, დასმული კითხვების საშუალებით ღვთისგან გამოსასწორებელი ზომების გათავისებისა და მიღების შემდეგ აზროვნება შეიცვალა. მან აღიარა: „ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება. ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი“ (იობი 42:2, 3). დიახ, მას შემდეგ, რაც ყურადღება მიაქცია ღვთის საქმეებს, იობმა თქვა, რომ ისინი მისთვის მართლაც განსაცვიფრებელი იყო. ამ შემოქმედებითი სასწაულების განხილვის შემდეგ ჩვენზეც მსგავსი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ღვთის სიბრძნემ და სიძლიერემ. რა მიზნით? ნუთუ ამის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ, უბრალოდ, გაგვაოცოს მისმა უსაზღვრო ძლიერებამ და შესაძლებლობებმა? თუ ამაზე მეტისთვის უნდა ვიყოთ აღძრული?
14. როგორი იყო ღვთის სასწაულებრივ საქმეებზე დავითის რეაქცია?
14 ოთხმოცდამეხუთე ფსალმუნში ჩვენ ვპოულობთ დავითის მიერ წარმოთქმულ მსგავს სიტყვებს, რომელმაც ადრე დაწერილ ფსალმუნში თქვა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს“ (ფსალმუნი 18:2, 3). მაგრამ დავითი ამაზე არ შეჩერებულა. ფსალმუნის 85:10, 11-ში ვკითხულობთ: „რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“. დავითი შემოქმედისადმი მოკრძალებით იყო გამსჭვალული მისი ყველა საკვირველი საქმის გამო და ამ მოკრძალებას თან ახლდა სათანადო ღვთისმოშიშება; ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ. დავითს არ სურდა, უკმაყოფილების გრძნობა გამოეწვია მასში, ვისაც შეეძლო ასეთი სასწაულებრივი საქმეების გაკეთება. ჩვენც უნდა მოვერიდოთ ამას.
15. რატომ იყო დავითის შიშნარევი მოკრძალება მართებული?
15 დავითს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა ერთი რამ — რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი უდიდეს ძალას ფლობს და ყოველივეს აკონტროლებს, მას შეუძლია ამ ძალის მათ წინააღმდეგ გამოყენება, ვინც ღვთის მოსაწონად არ იქცევა. ეს კი ამ ადამიანებისთვის ცუდის მომასწავებელია. ღმერთმა იობს ჰკითხა: „თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს, რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?“. თოვლი, სეტყვა, თავსხმა, ქარი და ელვა ღვთის არსენალშია. ბუნების რა საოცრად დიდი ძალებია ესენი! (იობი 38:22, 23).
16, 17. რომელი მაგალითი ცხადყოფს ღვთის უზარმაზარ ძალაზე, რომელიც ადამიანებს მოწიწებით აღავსებს, და როგორ გამოიყენა წარსულში ეს ძალა ღმერთმა?
16 ალბათ, გახსენდებათ თქვენს მხარეში მომხდარი რომელიმე უბედურება, რომელიც ქარიშხალმა, ტაიფუნმა, ციკლონმა, სეტყვამ ან უეცარმა წყალდიდობამ გამოიწვია. მაგალითისთვის: 1999 წლის მიწურულს მძლავრმა ქარიშხალმა გადაუარა სამხრეთ-დასავლეთ ევროპას. ამან თვით სინოპტიკოსებიც კი გააკვირვა. ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც საათში 200 კილომეტრს აღწევდა, გლეჯდა ათასობით შენობის სახურავს, აყირავებდა ელექტროგადამცემ ბოძებსა და სატვირთო მანქანებს. წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი: ქარიშხალმა ამოგლიჯა ან გადატეხა დაახლოებით 270 მილიონი ხე — აქედან 10 000 ხე პარიზის გარეუბნის, ვერსალის, პარკში. მილიონობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა — და ეს ყოველივე სულ მოკლე დროში. რა საშინელი ძალაა!
17 ზოგმა ქარიშხალს შეიძლება უჩვეულო, უმართავი მოვლენა უწოდოს. მაგრამ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ყოვლადძლიერი სასწაულებრივ საქმეებს ასეთი ძალების მიზანმიმართული გამოყენებით მოახდენდა? მსგავსი რამ მან უკვე მოიმოქმედა ძველად, აბრაამის დროს. ამ მორწმუნე კაცმა გაიგო, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა „აწონა“ ორი ქალაქის, სოდომისა და გომორის, ბოროტება. ეს ორი ქალაქი იმდენად გარყვნილი იყო, რომ მათ შესახებ სამდურავმა ღმერთამდე მიაღწია. მან ყველაფერი გააკეთა, რათა ყველა მართალ ადამიანს თავი დაეღწია მსჯავრდადებული ქალაქებიდან. ისტორიული ცნობა გვატყობინებს: ‘აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი’ იმ ძველი დროის ქალაქებს. ეს სასწაულებრივი საქმე იყო, რომელსაც გადაურჩნენ მართლები და განადგურდნენ გამოუსწორებელი ბოროტები (დაბადება 19:24).
18. რომელ სასწაულებრივ საქმეებზე მოგვითხრობს ესაიას 25-ე თავი?
18 მოგვიანებით ღმერთმა განაჩენი გამოუტანა ძველ ქალაქ ბაბილონს, რის შესახებაც ესაიას 25-ე თავშია მოთხრობილი. ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს ქალაქი ნანგრევებად იქცეოდა: „ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი — ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება“ (ესაია 25:2). ბაბილონის ადგილმდებარეობის თანამედროვე მნახველებს შეუძლიათ ამის დადასტურება. ნუთუ ბაბილონის განადგურება უბრალო დამთხვევა იყო? არა. პირიქით, ჩვენც ვეთანხმებით ესაიას სიტყვებს: „უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი — ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო“ (ესაია 25:1).
სასწაულებრივი საქმეები მომავალში
19, 20. ესაიას 25:6—8-ის რა შესრულებას უნდა მოველოდეთ?
19 იეჰოვამ შეასრულა ზემოხსენებული წინასწარმეტყველება წარსულში და ასევე სასწაულებრივად იმოქმედებს მომავალშიც. ამ კონტექსტში, რომელშიც ესაია ღვთის „საკვირველებანს“ მოიხსენიებს, ჩვენ იმ სარწმუნო წინასწარმეტყველებას ვკითხულობთ, რომელიც ჯერ კიდევ უნდა შესრულდეს, ისევე როგორც წარსულში ბაბილონზე გამოტანილი განაჩენი იქნა მოყვანილი სისრულეში. რა ‘საკვირველებას’ გვპირდებიან აქ? ესაიას 25:6-ში ნათქვამია: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით“.
20 ეს წინასწარმეტყველება აუცილებლად შესრულდება ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში. ეს ქვეყნიერება კი სწრაფად გვიახლოვდება. იმ დროს კაცობრიობა გათავისუფლდება პრობლემებისგან, რომლებიც ახლა მრავალს თრგუნავს. ფაქტობრივად, ესაიას 25:7, 8-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ ღმერთი გამოიყენებს თავის შემოქმედებით უნარს და არნახულ სასწაულებრივ საქმეს გააკეთებს: „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა“. მოგვიანებით მოციქული პავლე ციტირებდა ამ ადგილს, როდესაც მკვდრების აღდგენაზე ლაპარაკობდა. რა დიდებული სასწაულებრივი საქმე იქნება! (1 კორინთელთა 15:51—54).
21. რა სასწაულებრივ საქმეებს გააკეთებს ღმერთი მკვდართათვის?
21 ფიზიკური დაავადებების მოსპობა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ადამიანთა სახეებიდან წუხილის ცრემლები გაქრება. როცა იესო დედამიწაზე იყო, ის მრავალს კურნავდა, ბრმებს მხედველობას უბრუნებდა, ყრუებს — სმენას და დავრდომილებს — ძალ-ღონეს. იოანეს 5:5—9 მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ განკურნა მან 38 წლის განმავლობაში სნეული კაცი. მნახველები ამას საოცრებად, სასწაულებრივ საქმედ მიიჩნევდნენ. და ეს ასეც იყო! მაგრამ იესომ მათ უთხრა, რომ მის მიერ მკვდრების აღდგენა კიდევ უფრო საოცარი იქნებოდა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).
22. რატომ შეუძლიათ ღარიბებსა და დაჩაგრულებს, იმედით ელოდონ მომავალს?
22 ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ამას იეჰოვა გვპირდება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ, როცა ღმერთი თავის დიდებულ ძალას მიზანმიმართულად გამოიყენებს, შედეგი სასწაულებრივი იქნება. 71-ე ფსალმუნში ნაჩვენებია, თუ რას გააკეთებს ის თავისი ძის, მეფის, მეშვეობით. მაშინ მართალი ადამიანი გაიხარებს. ყველგან მშვიდობა გამეფდება. ღმერთი იხსნის ყველა ღარიბსა და დაჩაგრულს. ის გვპირდება: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე [ძველი] ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე“ (ფსალმუნი 71:16).
23. რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის სასწაულებრივმა საქმეებმა?
23 ნათელია, ჩვენ მრავალი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ყურადღება მივაპყროთ იეჰოვას ყველა სასწაულებრივ საქმეს — იმას, რაც მან წარსულში მოიმოქმედა, რასაც დღეს აკეთებს და რასაც ახლო მომავალში მოიმოქმედებს. „კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა. და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!“ (ფსალმუნი 71:18, 19). ეს უნდა იყოს ნათესავებსა თუ სხვებთან ენთუზიაზმით ჩვენი საუბრის თემა. დიახ, მოდი ‘მოვუთხროთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები’ (ფსალმუნი 77:3, 4; 95:3, 4).
როგორ უპასუხებდით?
• როგორ უსვამს ხაზს ადამიანის შეზღუდულ ცოდნას იობისთვის დასმული კითხვები?
• ღვთის იმ სასწაულებრივი საქმეებიდან, რომლებიც იობის 37—41 თავებშია აღნიშნული, რომლებმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
• როგორ უნდა ვრეაგირებდეთ იმაზე, რაც ღვთის სასწაულებრივი საქმეებიდან რამდენიმეს განხილვის შემდეგ შევიტყვეთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 10 გვერდზე]
რას ასკვნით თოვლის ფიფქების საოცარი მრავალსახეობისა და ელვის შიშის მომგვრელი ძალის შესახებ?
[საავტორო უფლება]
snowcrystals.net.
[სურათი 13 გვერდზე]
დაე ღვთის სასწაულებრივი საქმეები იყოს თქვენი საუბრების განუყოფელი ნაწილი.