არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეიძლება უარყოფით გრძნობებთან გამკლავება

როგორ შეიძლება უარყოფით გრძნობებთან გამკლავება

როგორ შეიძლება უარყოფით გრძნობებთან გამკლავება

● ასაფი ჩიოდა: „ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები. და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით“ (ფსალმუნი 72:13, 14).

● ბარუქი ოხრავდა: ‘ვაგლახ მე! კიდევ მიუსართა უფალმა წუხილი ჩემს სატანჯველს! ქანცი გამიწყდა კვნესისგან და ვერ ვპოვე შვება’ (იერემია 45:3).

● ნაყომი მოთქვამდა: „მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა. სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა“ (რუთი 1:20, 21).

ბიბლიაში იეჰოვას იმ ერთგული თაყვანისმცემლების უამრავი მაგალითია ჩაწერილი, რომელთაც დროდადრო გულგატეხილობით გამოწვეული გრძნობები ეუფლებოდათ. ფაქტია, რომ, როგორც არასრულყოფილ ადამიანებს, ზოგჯერ ყველას გვეუფლება ასეთი გრძნობები. ზოგ ჩვენგანს შესაძლოა სხვებთან შედარებით უფრო ადვილად უტყდებოდეს გული — საკუთარი თავიც კი ებრალებოდეს — და ეს ცხოვრებაში გადამხდარი ტრაგიკული შემთხვევებით იყოს გამოწვეული.

მაგრამ, თუ საკუთარ თავს არ ვაკონტროლებთ, ასეთ ემოციებს შეუძლია ურთიერთობა გაგვიფუჭოს იეჰოვა ღმერთთან და სხვებთან. ერთი ქრისტიანი ქალი, რომელსაც საკუთარი თავი ებრალებოდა, აღიარებს: „მრავალ მეგობრულ შეხვედრაზე უარს ვამბობდი, რადგან ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი კრების წევრებთან ურთიერთობის ღირსი“. რა გამანადგურებლად შეიძლება იმოქმედოს ასეთმა გრძნობებმა ადამიანის ცხოვრებაზე! როგორ შეგიძლია მათი უკუგდება?

დაუახლოვდი იეჰოვას

72-ე ფსალმუნში ასაფმა გულწრფელად ჩაწერა, თუ რამ შეაცბუნა. როდესაც საკუთარ მდგომარეობას ბოროტთა უზრუნველ ცხოვრებას ადარებდა, შეშურდა მათი. მან შენიშნა, რომ უღვთო ადამიანები ქედმაღლები და მოძალადეები იყვნენ, მაგრამ დაუსჯელი რჩებოდნენ. შემდეგ ასაფს ეჭვი გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, ღირდა თუ არა, საერთოდ, სწორი გზით სიარული (ფსალმუნი 72:3—9, 13, 14).

ასაფის მსგავსად, შენც შეგიმჩნევია ბოროტთა აშკარა წარმატება, რომლებიც ყველას დასანახავად სჩადიან უკანონობას? როგორ გაუმკლავდა ასაფი თავის უარყოფით გრძნობებს? ის განაგრძობს: „და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს — მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში. ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს“ (ფსალმუნი 72:16, 17). ასაფი სწორად მოიქცა და იეჰოვას მიმართა ლოცვით. ასაფმა აღნიშნა ეს თავის სიტყვებში, რაც მოგვიანებით მოციქულმა პავლემ გამოიყენა, და დათრგუნა საკუთარ თავში „მშვინვიერი ადამიანი“ იმით, რომ „სულიერი“ გააღვიძა. განახლებული სულიერი ხედვის საშუალებით ასაფი მიხვდა, რომ იეჰოვას სძულდა ბოროტება, და რომ ბოროტები თავის დროზე დაისჯებოდნენ (1 კორინთელთა 2:14, 15).

რამდენად მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ, როდესაც ცდილობ, ბიბლიის წყალობით ყურადღება ცხოვრებისეულ სინამდვილეს მიაპყრო! იეჰოვა შეგვახსენებს, რომ შეუმჩნეველი არ რჩება ბოროტი ხალხის საქმეები. ბიბლია გვასწავლის: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. . . სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება“ (გალატელთა 6:7—9). იეჰოვა ბოროტებს „მოლიპულ გზაზე“ დააყენებს და ‘უფსკრულში გადაჩეხს’ (ფსალმუნი 72:18). ღვთის სამართალი, საბოლოოდ, ყოველთვის მოიპოვებს გამარჯვებას.

იეჰოვას სუფრიდან მუდმივი კვება და ღვთის ხალხთან ჯანსაღი ურთიერთობა დაგეხმარება რწმენის განმტკიცებასა და გულგატეხილობასთან ან სხვა უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში (ებრაელთა 10:25). ასაფის მსგავსად, ღმერთთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებით მის სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერას იგრძნობ. ასაფი განაგრძობს: „მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ“ (ფსალმუნი 72:23, 24). ერთი ქრისტიანი, რომელსაც ბავშვობაში ცუდად ეპყრობოდნენ, ჩასწვდა ამ სიტყვების სიბრძნეს: „კრებასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებით, — ამბობს ის, — სწორი თვალსაზრისი შემექმნა ცხოვრებაზე. საკმაოდ ნათლად დავინახე, რომ ქრისტიანი უხუცესები მოსიყვარულენი იყვნენ; ისინი პოლიციელები კი არა, მწყემსები იყვნენ“. დიახ, უხუცესების მიერ გამოვლენილი თანაგრძნობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი გრძნობების დაძლევაში, რომლებიც ადამიანს ზიანს აყენებს (ესაია 32:1, 2; 1 თესალონიკელთა 2:7, 8).

მიიღე იეჰოვას რჩევა

ბარუქი, წინასწარმეტყველ იერემიას მდივანი, ოხრავდა, რადგან ემოციური თვალსაზრისით ძალიან რთული საქმის შესრულება ჰქონდა დავალებული. მაგრამ იეჰოვამ გულთბილად მიაპყრობინა ყურადღება სინამდვილეზე. „შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან აჰა, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს, ამბობს უფალი, შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იერემია 45:2—5).

იეჰოვამ გულახდილად აუხსნა ბარუქს, რომ მას გულგატეხილობა პირადი ეგოისტური მისწრაფებების გამო დაეუფლა. ბარუქი სიხარულით ვერ ასრულებდა ღვთისგან დაკისრებულ დავალებას, მაშინ როცა თავად დიდ რამეებს ითხოვდა. შეიძლება შენც ამჩნევ, რომ, თუ გულგატეხილობასთან გასამკლავებლად ნამდვილად სწორად მოიქცევი, თავიდან აირიდებ სხვადასხვა ხელშემშლელ მიზეზს და სულის სიმშვიდით შეიმოსები, რაც ღვთისმოსაწონი კმაყოფილებით მიიღწევა (ფილიპელთა 4:6, 7).

მეუღლისა და ორი ვაჟის სიკვდილის შემდეგ ქვრივი ნაყომი, მწუხარების მიუხედავად, მოაბის საზოგადოებისგან არ გარიყულა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გამოვლინდა, რომ სულგამწარებული იყო და ძალიან ებრალებოდა თავისი ორი რძალი. როდესაც ნაყომი მათ თავიანთ სამშობლოში აგზავნიდა, უთხრა: „ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი“. როდესაც ბეთლემს მიაღწია, კვლავ დაჟინებით მოითხოვა: „ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა“ (რუთი 1:13, 20).

მიუხედავად ამისა, ნაყომი არ დაშორებია იეჰოვასა და მის ხალხს და არ დარჩენილა მგლოვიარე. მოაბში მან შეიტყო, რომ „მოხედა უფალმა თავის ერს და მისცა პური“ (რუთი 1:6). ის მიხვდა, რომ მისთვის საუკეთესო ადგილი იეჰოვას ხალხს შორის იყო. ამის შემდეგ ნაყომი თავის რძალთან, რუთთან, ერთად იუდაში დაბრუნდა და გონივრულად დაარიგა ის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო თავის გამომსყიდველ ბოყაზთან, რომელიც მათი ნათესავი იყო.

დღესაც, დაქვრივებული ერთგული ადამიანები წარმატებით უმკლავდებიან ემოციურ სტრესს ქრისტიანულ კრებაში მოღვაწეობის გაგრძელებით. ნაყომის მსგავსად, ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ სულიერ საკითხებს ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვით.

ღვთიური სიბრძნის გამოყენებით მიღებული სარგებლობა

ეს ბიბლიური ცნობები იმის უკეთ გაგების საშუალებას გვაძლევს, თუ როგორ შეიძლება უარყოფითი გრძნობებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა. ასაფი დახმარებას იეჰოვას საწმინდარში ეძებდა და მოთმინებით ელოდა იეჰოვას. ბარუქი გამოეხმაურა რჩევას და თავიდან აირიდა მატერიალიზმთან დაკავშირებული ხელშემშლელი მიზეზები. ნაყომი იეჰოვას ხალხს შორის აქტიური დარჩა, რადგან ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისსაცემად და პრივილეგირებული მდგომარეობისთვის მოამზადა ახალგაზრდა ქალი, რუთი (1 კორინთელთა 4:7; გალატელთა 5:26; 6:4).

შენ შეძლებ გულგატეხილობასა და სხვა უარყოფით გრძნობებთან გამკლავებას, თუ ყურადღებას გაამახვილებ ღვთიურ გამარჯვებებზე, რომლებიც იეჰოვამ მოაპოვებინა თავის ხალხს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად. ამ მიზნის მისაღწევად, დაფიქრდი იეჰოვას სიყვარულით აღსავსე იმ უდიდეს საქმეზე, რომელმაც გამოსასყიდით უზრუნველგყო. დააფასე ქრისტიანული საძმოს ნამდვილი სიყვარული. ყურადღება გაამახვილე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებაზე, რომელიც მომავალში გელოდება. და შეიძლება, ასაფის მსგავსად, პასუხად შენც თქვა: „ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე“ (ფსალმუნი 72:28).