რწმენის გამოცდისას მარტონი არ აღმოვჩნდით
რწმენის გამოცდისას მარტონი არ აღმოვჩნდით
ვიკი საყვარელი პატარა გოგონა იყო — ჯანმრთელი, საყვარელი და სიცოცხლით სავსე. დიახ, 1993 წლის გაზაფხულზე მისი დაბადებისას ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვცხოვრობდით შვედეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ პატარა ქალაქში და სიცოცხლით ვხარობდით.
მაგრამ როდესაც ვიკი წლინახევრის გახდა, გვეგონა, რომ ქვეყანა თავზე ჩამოგვექცა. გოგონა გარკვეული დროის განმავლობაში ავადმყოფობდა, რის გამოც საავადმყოფოში მივიყვანეთ. არასოდეს დაგვაგვიწყდება ის მომენტი, როდესაც ექიმმა გვითხრა, რომ ჩვენს პაწიას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, სისხლის კიბო ჰქონდა, რომელიც ბავშვებს უვითარდებათ ხოლმე და სისხლის თეთრ უჯრედებს აზიანებს.
ძნელი იყო იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენს პატარა გოგონას ეს საშინელი ავადმყოფობა სჭირდა. მან ხომ ეს-ეს იყო დაიწყო მის ირგვლივ არსებულ სამყაროსთან გაცნობა და ახლა ხელიდან გვეცლებოდა. ჩვენს დასამშვიდებლად ექიმმა გვითხრა, რომ შესაძლებელი იყო საკმაოდ წარმატებულად ემკურნალათ და აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსში ქიმიოთერაპიაც შედიოდა რამდენჯერმე სისხლის გადასხმასთან ერთად. ეს ჩვენთვის მომდევნო შოკი იყო.
ჩვენი რწმენა იცდება
რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარდა ჩვენი ქალიშვილი და მისთვის საუკეთესო მკურნალობის მეთოდს ვარჩევდით, მაგრამ სისხლის გადასხმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ჩვენ მტკიცედ გვწამს ღვთის სიტყვის, ბიბლიის, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ქრისტიანებმა ‘თავი უნდა შეიკავონ სისხლისგან’ (საქმეები 15:28, 29). ისიც ვიცოდით, რომ სისხლის გადასხმა სარიკსო პროცედურა იყო. ათასობით ადამიანს სისხლის გადასხმის შედეგად დაავადება გადაედო და მოკვდა. ერთადერთი ალტერნატივა ისეთი მაღალკვალიფიციური მკურნალობა იყო, რომელშიც სისხლის გადასხმა არ შევიდოდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ახლა რწმენისთვის ჩვენი ბრძოლა.
რის გაკეთება შეგვეძლო? დავუკავშირდით იეჰოვას მოწმეთა შვედეთის ფილიალში „საავადმყოფოებთან დაკავშირებულ საინფორმაციო სამსახურს“ a. მაშინვე გაიგზავნა ფაქსები მთელი ევროპის სხვადასხვა საავადმყოფოში, რათა მოეძებნათ საავადმყოფო და ექიმი, რომელიც მზად იქნებოდა ქიმიოთერაპიის სისხლის გადასხმის გარეშე ჩასატარებლად. ქრისტიანი ძმების მხრიდან ჩვენს დასახმარებლად გამოვლენილმა ენთუზიაზმმა და სიყვარულმა ძალიან გაგვამაგრა. ვხედავდით, რომ რწმენისთვის ბრძოლაში მარტონი არ ვიყავით.
და დახმარება ვთხოვეთრამდენიმე საათში ჰომბურგში (საარის ოლქი, გერმანია) იპოვეს საავადმყოფო და ექიმი. ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ მომდევნო დღეს გამოსაკვლევად გავფრენილიყავით. ჰომბურგის აეროპორტში დაგვხვდნენ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრების ქრისტიანი ძმები და რამდენიმე ჩვენი ნათესავი. საავადმყოფოებთან ურთიერთობის ადგილობრივი კომიტეტის წევრი თბილად შეგვხვდა. ის გამოგვყვა საავადმყოფოში და, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა ჩვენს დასახმარებლად. დიდად მანუგეშა იმის დანახვამ, რომ აქაც, უცხო ქვეყანაშიც, გვყავდა სულიერი ძმები, რომლებიც მხარში გვედგნენ.
საავადმყოფოში შევხვდით დ-რ გრაფს, ვისთან შეხვედრამაც, კიდევ ერთხელ გვანუგეშა. ის დიდი გაგებით მოგვეკიდა და დაგვარწმუნა, რომ, რაც შეეძლო, ყველაფერს გააკეთებდა სისხლის გადაუსხმელად ვიკის განსაკურნავად. თუ გოგონას ჰემოგლობინის დონე 5 გ/დლ-მდეც კი დაეცემოდა, ის მზად იქნებოდა, სისხლის გადაუსხმელად ემკურნალა. მან აგრეთვე თქვა, რომ დროულად დადგენილი დიაგნოზი და ვიკის დაუყოვნებლივ მიყვანა წარმატებული მკურნალობისთვის კარგ შანსს აძლევდა. ექიმმა აღიარა, რომ ეს იქნებოდა მის მიერ ჩატარებული პირველი ასეთი სახის მკურნალობა, როდესაც ქიმიოთერაპიას სისხლის გადაუსხმელად გააკეთებდა. ჩვენ დიდად მადლიერი და აღფრთოვანებული ვიყავით დ-რ გრაფის გამბედაობითა და დახმარებისთვის მზადყოფნით.
ფინანსური პრობლემები
ახლა საკითხავი ის იყო, თუ როგორ გადავიხდიდით ვიკის მკურნალობის საფასურს. თავზარი დაგვეცა, როდესაც გავიგეთ, რომ ორი წლის მკურნალობას დაახლოებით 150 000 გერმანული მარკა დასჭირდებოდა. ამ თანხასთან შედარებით ბევრად უფრო მცირეზეც კი ხელი არ მიგვიწვდებოდა, და მაინც აუცილებელი იყო მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება. რადგან სამკურნალოდ შვედეთიდან გერმანიაში ვიყავით ჩასულები, არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ გვქონდა დაზღვევით სარგებლობის უფლება. ასე რომ, დავრჩით ჩვენი სერიოზულად დაავადებული პატარა გოგონათი ხელში, რომლის სამკურნალოდაც სპეციალისტი მზად იყო, მაგრამ საკმარისი ფული არ გვქონდა.
საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ხელი შეგვიწყო და გვითხრა, რომ მკურნალობას დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ, თუ მაშინვე გადავიხდიდით 20 000 მარკას, ხოლო დანარჩენის გადახდაზე ხელს მოვაწერდით. გარკვეული დანაზოგითა და მოსიყვარულე მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით 20 000 მარკის გადახდა შევძელით, მაგრამ დანარჩენი საიდან უნდა მოგვეტანა?
კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ რწმენისთვის ბრძოლაში მარტონი არ ვიყავით. ერთმა სულიერმა ძმამ, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდით, საკუთარ თავზე აიღო დანარჩენი თანხის გადახდის პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ აღარ დაგვჭირდა მისი ხელგაშლილობით სარგებლობა, რადგან ჩვენ სხვა გზების გამონახვა შევძელით.
სამედიცინო ერუდიცია მოქმედებაში
დაწყებულ იქნა ქიმიოთერაპია. გავიდა დღეები და კვირები. ზოგჯერ ძალიან გვიჭირდა და ძალების მოკრება გვჭირდებოდა როგორც ჩვენ, ისე ჩვენს გოგონას. მეორე მხრივ, დიდად ბედნიერი და მადლიერი ვიყავით გამოჯანმრთელების ნებისმიერი გამოვლინებისთვის. ქიმიოთერაპიით მკურნალობას დაახლოებით რვა თვის განმავლობაში მივმართავდით. ჰემოგლობინის ყველაზე დაბალი დონე, რომელიც ვიკის ჰქონდა, 6 გ/დლ-ში იყო და დ-რ გრაფმა თავისი დანაპირები შეასრულა.
მას შემდეგ ექვს წელზე მეტი გავიდა და ვიკის ზურგის ტვინის სითხის საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ ლეიკოზი უკვალოდ გამქრალიყო. ახლა ის ბედნიერი გოგონაა, რომელსაც საშინელი დაავადების არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობა. დიახ, თითქოს
მართლაც სასწაულია, რომ ვიკი მთლიანად გამოჯანმრთელდა. ჩვენ ვიცით, რომ ამ დაავადებით დასნეულებული მრავალი ბავშვი იღუპება, თუმცა ქიმიოთერაპიასა და სისხლის გადასხმას უკეთებენ.რწმენისთვის ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ეს ნათესავების, ჩვენი ქრისტიანი და-ძმებისა თუ ექიმების დუხმარებლად არ მომხდარა. საავადმყოფოებთან დაკავშირებული საინფორმაციო სამსახური 24 საათის განმავლობაში გვემსახურებოდა. დ-რ გრაფი და მისი კოლეგები ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებდნენ ვიკის გამოსაჯანმრთელებლად. ყოველივე ამისთვის ნამდვილად მადლიერი ვართ.
ჩვენი რწმენა განმტკიცდა
მაგრამ ყველაზე მეტად ვემადლიერებით ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, სიყვარულით აღსავსე მზრუნველობისთვის და იმ ძალისთვის, რომელიც თავისი სიტყვის, ბიბლიის, საშუალებით მოგვცა. როდესაც ყოველივეს ვიხსნებთ, ვხვდებით, თუ რამდენი რამ ვისწავლეთ და როგორ განგვიმტკიცა რწმენა ამ შემთხვევამ.
ახლა კი ჩვენი მთელი გულიდან მომდინარე გადაწყვეტილებაა, შევინარჩუნოთ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა და ჩვენს გოგონას მისი მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრების ფასი ვასწავლოთ. დიახ, ჩვენი სურვილია, რომ მან კარგი სულიერი მემკვიდრეობა მიიღოს, რათა მარადიულად იცხოვროს დედამიწაზე სამოთხეში, რომელიც მალე იქნება (გამოგზავნილია).
[სქოლიოები]
a „საავადმყოფოებთან დაკავშირებული საინფორმაციო სამსახური“ ზედამხედველობას უწევს „საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის“ საერთაშორისო ქსელის მუშაობას. ამ უკანასკნელის წევრი ქრისტიანი მოხალისეები განსწავლული არიან, თუ როგორ მოაგვარონ ექიმებსა და მოწმე პაციენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები. დღესდღეობით 200-ზე მეტ ქვეყანაში 1 400-ზე მეტი საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტი არსებობს.