შეხედეთ სასწაულებრივი საქმეების მოქმედს!
შეხედეთ სასწაულებრივი საქმეების მოქმედს!
„დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!“ (იობი 37:14).
1, 2. რა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს 1922 წელს და რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე აღმომჩენებს?
ერთმა არქეოლოგმა და ინგლისელმა ლორდმა რამდენიმე წელი შეალიეს განძეულის ძიებას. ბოლოს, 1922 წლის 26 ნოემბერს, სახელგანთქმულ მეფეთა ველზე ეგვიპტის ფარაონთა სამარხში არქეოლოგ ჰაუარდ კარტერისა და ლორდ კარნარვონის ძიება დაჯილდოვდა — მათ ფარაონ ტუტანხამონის აკლდამა აღმოაჩინეს. როდესაც ისინი დალუქულ კარებს მიადგნენ, მასში ხვრელი გააკეთეს. კარტერმა სანთელი აანთო და შიგნით შეიხედა.
2 კარტერი მოგვიანებით ჰყვებოდა: „როდესაც ლორდ კარნარვონს ძალა გამოეცალა და მოთმინების ფიალა აევსო, მღელვარებით აღსავსე ხმით მკითხა: ხედავ რამეს? მე მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე: დიახ, სასწაულებრივ რამეებს“. აკლდამაში ათასობით სხვა განძთან ერთად იყო ერთი სოლიდური განძი — ოქროს კუბო. ფოტოსურათებზე ან სამუზეუმო ექსპონატების სახით შეიძლება თქვენც გინახავთ ზოგი რამ ამ „სასწაულებრივი რამეებიდან“. მაგრამ რამდენად სასწაულებრივიც უნდა იყოს სამუზეუმო ექსპონატები, მას თქვენს ცხოვრებასთან, ალბათ, არავითარი კავშირი არა აქვს. ამიტომ, მოდი გადავინაცვლოთ იმ „სასწაულებრივ რამეებზე“, რაც უშუალოდ თქვენს ცხოვრებას უკავშირდება და თქვენთვის არის ფასეული.
3. სად შეგვიძლია ინფორმაციის პოვნა ისეთი „სასწაულებრივი რამეების“ შესახებ, რაც ჩვენთვის არის ფასეული?
3 მაგალითად, დაფიქრდით კაცზე, რომელიც მრავალი საუკუნის წინათ ცხოვრობდა — კაცზე, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე კინოვარსკვლავი, გამოჩენილი სპორტსმენი თუ სამეფო ოჯახის წევრი. მას აღმოსავლელთა შორის უდიდესს უწოდებდნენ. თქვენთვის ნაცნობია მისი სახელი. ამ კაცს იობი ერქვა. ბიბლიის მთელი ერთი წიგნი მის შესახებ მოგვითხრობს. მაგრამ მისმა თანამედროვემ, ახალგაზრდა მამაკაცმა, სახელად ელიჰუმ, თავი ვალდებულად ჩათვალა, გამოესწორებინა მისი თვალსაზრისი. საერთო ჯამში, ელიჰუმ უთხრა იობს, რომ ის გადამეტებულ ყურადღებას უთმობდა საკუთარ თავსა და მის გარშემო მყოფ ადამიანებს. წიგნ „იობის“ 37-ე თავში ვპოულობთ კიდევ სხვა განსაკუთრებულ და ბრძნულ რჩევას, რომელიც ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება (იობი 1:1—3; 32:1—33:12).
4. რამ მიიყვანა ელიჰუ იმ სიტყვების წარმოთქმამდე, რომლებიც იობის 37:14-შია ჩაწერილი?
4 იობის სამმა ვითომ მეგობარმა მოიყვანა იმ შემთხვევათა გრძელი სია, რომლებშიც, მათი რწმენით, იობი აზრით ან საქმით შეცდა (იობი 15:1—6, 16; 22:5—10). ელიჰუ მოთმინებით ელოდა ამ დიალოგის დასრულებას. შემდეგ კი, როგორც საქმეში ჩახედულმა, ბრძნულად ლაპარაკი დაიწყო. მან მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი აღნიშნა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ძირითად აზრს: „ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!“ (იობი 37:14).
პიროვნება, რომელიც სასწაულებრივად მოქმედებს
5. რა შედის ელიჰუს მიერ მოხსენიებულ „ღვთის სასწაულებში“?
5 შენიშნეთ, ელიჰუს არ შეუთავაზებია იობისთვის საკუთარი თავისთვის, თავად ელიჰუსთვის ან სხვა ადამიანისთვის ყურადღების მიქცევა. მან ბრძნულად მოუწოდა, ყურადღება მიექცია იეჰოვა ღმერთის სასწაულებრივი საქმეებისა თუ გზებისთვის და ეს მოწოდება ჩვენც გვეხება. როგორ ფიქრობთ, რა შედის „ღვთის სასწაულებში“? გარდა ამისა, რატომ უნდა დავაკვირდეთ ღვთის საქმეებს, როცა ისედაც მრავალი საზრუნავი გვაქვს: ჩვენი ჯანმრთელობა, ფინანსური მდგომარეობა, მომავალი, აგრეთვე დაინტერესებული ვართ ოჯახით, თანამშრომლებით, მეზობლებით? უეჭველად, იეჰოვა ღმერთის ‘სასწაულებრივ საქმეებში’ მისი სიბრძნე და ის ძალაუფლება შედის, რომელიც მას ჩვენ გარშემო არსებულ ფიზიკურ ქმნილებებზე აქვს (ნეემია 9:6; ფსალმუნი 23:1; 103:24; 135:5, 6). ეს რომ უკეთ დავინახოთ, შენიშნეთ ერთი მომენტი, რომელიც წიგნ „იესო ნავეს ძეშია“ მოცემული.
6, 7. ა) მოსესა და იესო ნავეს ძის დღეებში რა სასწაულებრივი საქმეები მოახდინა იეჰოვამ? ბ) როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია, მოსესა და იესო ნავეს ძეს დროს მომხდარი სასწაულებიდან რომელიმეს თვითმხილველი რომ ყოფილიყავით?
6 იეჰოვამ სასჯელები დაატეხა თავს ძველ ეგვიპტეს, ხოლო შემდეგ მოსეს მეშვეობით ძველი ისრაელის გასათავისუფლებლად მეწამული ზღვა გაჰყო (გამოსვლა 7:1—14:31; ფსალმუნი 105:7, 21, 22). მსგავსი შემთხვევა მოთხრობილია იესო ნავეს ძის მე-3 თავში. მოსეს საქმის გამგრძელებელს, იესოს, ღვთის ხალხი მდინარის მეორე ნაპირზე უნდა გადაეყვანა და აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა. იესომ მაშინ თქვა: „განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს“ (იესო ნავეს ძე 3:5). რა სასწაულებზე იყო საუბარი?
7 ცნობაში ნაჩვენებია, რომ იეჰოვამ კვლავ გახსნა გზა წყლის — ამჯერად მდინარე იორდანის — გაყოფით, ასე რომ, ათასობით მამაკაცმა, ქალმა და ბავშვმა შეძლო მშრალ კალაპოტზე გასვლით მისი გადაკვეთა (იესო ნავეს ძე 3:7—17). ჩვენ რომ დაგვენახა, როგორ იყოფოდა მდინარე და როგორ გადადიოდა ხალხი უსაფრთხოდ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სასწაულებრივი შემთხვევა! ამით ნაჩვენები იყო ღვთის სასწაულებრივი ძალაუფლება ქმნილებებზე. მაგრამ ახლაც, ჩვენს დროშიც, მსგავსი სასწაულებრივი საქმეები შეინიშნება. რომ დავინახოთ ზოგიერთი მათგანი და გავიგოთ, თუ რატომ უნდა დავაკვირდეთ მათ, განვიხილოთ იობის 37:5—7.
8, 9. რომელ სასწაულებრივ საქმეებზე ლაპარაკობს იობის 35:5—7 და რატომ უნდა ვიფიქროთ ამაზე?
8 ელიჰუმ განაცხადა: „გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს“. რას გულისხმობდა ელიჰუ, როცა ამბობდა, რომ ღმერთი ‘საკვირველად’ მოქმედებს? მომდევნო მუხლში ელიჰუ თოვლსა და თავსხმას მოიხსენიებს. ყოველივე ეს ბეჭედს დაასვამდა ანუ შეაჩერებდა მიწათმოქმედის შრომას და მომუშავეს იმის დროსა და მიზეზს მისცემდა, რომ ღვთის საქმეებზე დაფიქრებულიყო. ჩვენ შეიძლება მიწათმოქმედნი არა ვართ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაზეც შეიძლება იქონიოს გავლენა წვიმამ ან თოვლმა. გააჩნია, ვინ სად ცხოვრობს, თორემ ზოგან თოვლსა და წვიმას ადამიანის საქმიანობის შეჩერებაც შეუძლია. ვიყენებთ თუ არა ამ დროს, რათა დავფიქრდეთ, ვინ დგას ამ სასწაულების მიღმა და რას ნიშნავს ეს? ოდესმე გაგიკეთებიათ ეს?
9 აღსანიშნავია, რომ, როგორც იობის 38-ე თავში ვკითხულობთ, იეჰოვა ღმერთი თავად გამოთქვამს მსგავს აზრებს, როდესაც იობს მრავალმნიშვნელოვან კითხვებს უსვამს. თუმცა ჩვენმა შემოქმედმა ეს კითხვები იობს დაუსვა, აშკარაა, რომ ისინი ჩვენს დამოკიდებულებას, არსებობასა და მომავალსაც ეხება. ამიტომ, მოდი ვნახოთ, რას ეკითხებოდა ღმერთი და ვიფიქროთ მათ მნიშვნელობაზე, დიახ, ვაკეთოთ ის, რისკენაც იობის 37:14 მოგვიწოდებს.
10. როგორი გავლენა უნდა იქონიოს ჩვენზე იობის 38-ე თავმა და რა კითხვებს წამოგვიჭრის ამ თავის წაკითხვა?
10 ოცდამეთვრამეტე თავი ასე იწყება: „მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით? წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე“ (იობი 38:1—3). ეს სიტყვები თავისებური შესავალია შემდგომი მსჯელობისთვის. ამან შეაძლებინა იობს აზროვნების შეცვლა და დაანახვა, რომ სამყაროს შემოქმედის წინაშე იდგა და პასუხი უნდა ეგო. კარგი იქნებოდა, იგივე გაგვეკეთებინა ჩვენც და ჩვენს თანამედროვეებსაც. შემდეგ ღმერთი შეეხო საკითხებს, რომელიც ელიჰუმ მოიხსენია. „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება. ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა? რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი?“ (იობი 38:4—6).
11. რის გაგებაში გვეხმარება იობის 38:4—6?
11 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სად იყო იობი — ან თითოეული ჩვენგანი — როცა დედამიწა გაჩნდა? იყო ვინმე ჩვენგანი არქიტექტორი, რომელმაც დედამიწის მოდელი შექმნა და შემდეგ ამ მოდელის მიხედვით გიგანტური სახაზავით გადმოიტანა ზომები? რა თქმა უნდა, არა! იმ დროს ადამიანები არც კი არსებობდნენ. ღმერთი დედამიწას დიდ, უზარმაზარ შენობას ადარებს და სვამს კითხვას: „ვინ დადო მისი ქვაკუთხედი?“. მრავალმა ადამიანმა იცის, რომ დედამიწა ზუსტად იმ მანძილით არის დაშორებული მზისგან, რაც დედამიწაზე ჩვენს საცხოვრებლად არის საჭირო. გარდა ამისა, ჩვენს პლანეტას სათანადო ზომები აქვს. ის რომ უფრო დიდი ყოფილიყო, წყალბადის აირები ვერ გავიდოდნენ ჩვენი ატმოსფეროდან და დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ცხადია, ვიღაცამ სწორ ადგილას „დადო მისი ქვაკუთხედი“. ვის მიუძღვის ამაში წვლილი — იობს, ჩვენ თუ იეჰოვა ღმერთს? (იგავნი 3:19; იერემია 10:12).
რომელი ადამიანი უპასუხებს?
12. რაზე დასაფიქრებლად აღგვძრავს იობის 38:6-ში მოცემული კითხვა?
12 ღმერთი აგრეთვე სვამს კითხვას: „რაზე დგას მისი საძირკვლები?“. კარგი კითხვაა, არა? ჩვენთვის, ალბათ, ცნობილია სიტყვა „მიზიდულობა“, რაც უცნობი იყო იობისთვის. თითქმის ყველას გვესმის, რომ მზის მიზიდულობის ძალა — რომელიც მისი უზარმაზარი მასითაა განპირობებული — დედამიწას თავის ადგილზე აკავებს, ასე ვთქვათ, ეს ძალა განაპირობებს დედამიწის დგომას თავის საძირკვლებზე. და მაინც, რომელ ჩვენგანს ესმის ბოლომდე, რა არის მიზიდულობა?
13, 14. ა) რა უნდა ვაღიაროთ მიზიდულობის ძალასთან დაკავშირებით? ბ) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ სიტუაციაზე, რომელსაც იობის 38:6-ში ესმება ხაზი?
13 ახლახან გამოსული წიგნის „სამყარო შესწავლილია“ ავტორი აღიარებს, რომ ‘გრავიტაცია ბუნების ყველაზე ცნობილი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად გასაგები ძალაა’. იგი დასძენს: „მიზიდულობის ძალა, როგორც ჩანს, მყისვე ვრცელდება ცარიელ სივრცეში და ამისთვის არანაირ ხილულ საშუალებას არ იყენებს. გასულ წლებში კი ფიზიკოსებმა იმის ვარაუდი დაიწყეს, რომ მიზიდულობა შეიძლება ვრცელდება ტალღებით, რომლებიც გრავიტონებად წოდებული ნაწილაკებისგან შედგება. . . მაგრამ ბოლომდე არავინ არის დარწმუნებული მათ არსებობაში“. იფიქრეთ, რაზე მეტყველებს ეს!
14 მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ეს კითხვები დაუსვა იობს, მეცნიერება დაახლოებით 3 000 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. მაგრამ არც ჩვენ და არც სწავლულ ფიზიკოსებს არ შეუძლიათ მიზიდულობის რაობის ბოლომდე ახსნა; მიზიდულობის ძალისა, რომელიც ჩვენს დედამიწას იმ სწორ ორბიტაზე აკავებს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მასზე ცხოვრება შევძლოთ (იობი 26:7; ესაია 45:18). ამას იმ მიზნით არ ვამბობთ, რომ ახლა მიზიდულობის საიდუმლოს ამოსაცნობად გულმოდგინე კვლევა დაიწყოთ. არა, უბრალოდ, ღვთის სასწაულებრივი საქმეების ამ ერთ მხარეზე დაკვირვებამაც კი, ღვთის შესახებ ჩვენს თვალსაზრისზე უნდა იმოქმედოს. ნუთუ არ აძლიერებს ეს თქვენში ღვთის სიბრძნისა და ცოდნისადმი მოწიწების გრძნობას და ნუთუ ვერ გრძნობთ, რატომ არის აუცილებელი, უფრო მეტი გაიგოთ მისი ნება-სურვილის შესახებ?
15—17. ა) რაზე ამახვილებს ყურადღებას იობის 38:8—11 და შედეგად რა კითხვები გვებადება? ბ) რა უნდა ვაღიაროთ ოკეანეებსა და დედამიწის ზედაპირზე მათი განლაგების შესახებ ცოდნასთან დაკავშირებით?
15 შემოქმედი განაგრძობს კითხვების დასმას: „ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა, როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი — სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი — და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?“ (იობი 38:8—11).
16 ზემოხსენებული ზღვის ჩაკეტვა ეხება კონტინენტებს, ოკეანეებსა და ზღვის მიმოქცევას. რამდენი ხანია, რაც ადამიანი აკვირდება და იკვლევს მათ? ათასობით წელი; განსაკუთრებით კი მათ გასულ საუკუნეში იკვლევდნენ. შეიძლება ფიქრობთ, რომ მათ შესახებ ინფორმაციის უმეტესი ნაწილი უკვე მიკვლეულია. მაგრამ რას აღმოაჩენდით ახლაც კი, 2001 წელს, მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკების ან ინტერნეტის საძიებლის გამოყენებით ზედმიწევნით რომ შეგესწავლათ ეს საკითხი უახლესი ფაქტების საპოვნელად?
17 ერთ-ერთ საყოველთაოდ გავრცელებულ ცნობარში ნახავდით შემდეგ აღიარებას: „პლანეტის ზედაპირზე კონტინენტური პლატოებისა და ოკეანური აუზების, აგრეთვე ძირითადი რელიეფური ფორმების განლაგება დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა თავსატეხს სამეცნიერო კვლევისა და თეორიების ჩამოყალიბებაში“. ამის შემდეგ ენციკლოპედია გვთავაზობს ოთხ შესაძლო განმარტებას, მაგრამ დასძენს, რომ ესენიც „მრავალი ჰიპოთეზის შორისაა“. როგორც ცნობილია, ჰიპოთეზა წარმოადგენს „რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებულ მეცნიერულ ვარაუდს, რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით დამტკიცებული“.
18. რა დასკვნამდე მიჰყავხართ იობის 38:8—11-ს?
18 ნუთუ ეს არ ცხადყოფს, რომ დროულია კითხვები, რომლებიც იობის 38:8—11-შია მოცემული? რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიძღვის წვლილი ჩვენს პლანეტაზე ამ ყოველივეს მოწესრიგებაში. ჩვენ არ მიგვიჩენია მთვარისთვის ადგილი ისე, რომ მის მიზიდულობას ზღვის ისეთი მიმოქცევები გამოეწვია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ზიანს არ მიაყენებდა გარემოსა თუ ადამიანებს. იცით თქვენ, ვინ არის ამ სასწაულებრივი საქმეების მოქმედი (ფსალმუნი 32:7; 88:10; იგავნი 8:29; საქმეები 4:24; გამოცხადება 14:7).
სათანადო პატივი მიაგეთ იეჰოვას
19. იობის 38:12—14-ში მოცემული პოეტური გამონათქვამები რომელ ფიზიკურ რეალობებზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას?
19 არც ერთ ადამიანს არ მიუძღვის წვლილი დედამიწის ბრუნვაში, რომელზეც იობის 38:12—14-შია მინიშნებული. დიახ, დედამიწის ბრუნვა განაპირობებს აისს, რაც ხშირად უმშვენიერეს სურათს ქმნის. მზის ამოსვლისას უფრო და უფრო იკვეთება ჩვენი პლანეტის რელიეფი, რომელიც შეიძლება რბილ თიხაზე დასმულ ბეჭედს შევადაროთ. როცა ვაკვირდებით დედამიწის მოძრაობას, გაოცებული ვართ, რომ დედამიწა ძალიან სწრაფად არ ბრუნავს, რაც, როგორც გვესმის, დამღუპველი იქნებოდა. ის არც იმდენად ნელა ბრუნავს, რომ დღეები და ღამეები უფრო ხანგრძლივი იყოს და უკიდურესი სიცხე ან სიცივე გამოიწვიოს, რაც ადამიანის სიცოცხლეს შეუძლებელს გახდიდა. გულახდილად რომ ვთქვათ, ნუთუ არ გვიხარია, რომ ბრუნვის სიჩქარე ღმერთმა დაადგინა და არა ადამიანთა რომელიმე ჯგუფმა? (ფსალმუნი 148:1—5).
20. როგორ გამოეხმაურებოდით იობის 38:16, 18-ში მოცემულ კითხვებს?
20 ახლა წარმოიდგინეთ, რომ ღმერთი გეკითხებათ: „თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?“. თვით ოკეანოგრაფსაც კი არ შეუძლია ამ კითხვაზე სრული პასუხის გაცემა! „თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?“ (იობი 38:16, 18). ვყოფილვართ ყველგან და შეგვისწავლია თუ არა დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭული — ან თუნდაც მისი უდიდესი ნაწილი? რამდენ ხანს უნდა ვიცოცხლოთ, რომ მოვინახულოთ დედამიწის ყველა ლამაზი და საოცარი ადგილი ან მათი უმეტესობა მაინც? რა შესანიშნავი იქნებოდა ეს!
21. ა) რომელ მეცნიერულ შეხედულებებზე შეიძლება დაგვაფიქროს იობის 38:19-ში დასმულმა კითხვებმა? ბ) რისკენ უნდა აღგვძრას სინათლის შესახებ რეალობის გაგებამ?
21 ახლა დააკვირდით იობის 38:19-ში დასმულ მრავალმნიშვნელოვან კითხვებს: „სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი“? თქვენთვის, ალბათ, უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, სინათლე ტალღისებურად ვრცელდებოდა, ისეთივე ტალღების სახით, რომლებსაც ტბის ზედაპირზე ვხედავთ ხოლმე. შემდეგ, 1905 წელს, ალბერტ აინშტაინმა წამოაყენა თეორია, რომ სინათლე ნაწილაკივით მოქმედებს. გადაწყდა ასე ეს საკითხი? ახლახან გამოცემულ ენციკლოპედიაში დასმულია კითხვა: „სინათლე ტალღაა თუ ნაწილაკი?“, რაზეც შემდეგი პასუხია გაცემული: „როგორც ჩანს, [სინათლე] ორივე ვერ იქნება, რადგან ისინი [ტალღა და ნაწილაკი] ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. საუკეთესო პასუხი ის არის, რომ სინათლე არც ერთია და არც — მეორე“. და, მიუხედავად იმისა, ადამიანს შეუძლია თუ არა, სრულად ახსნას ღვთის საქმეები, მზის სინათლე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მაინც გვათბობს. ჩვენ გვაქვს საკვები და ჟანგბადი, რომელსაც მცენარეები სინათლეზე რეაგირებით წარმოქმნიან; შეგვიძლია კითხვა, ჩვენი ახლობლების სახეების დანახვა, დაისის ყურება და ასე შემდეგ. ნუთუ ამ დროს არ უნდა ვაღიაროთ ღვთის სასწაულებრივი საქმეები? (ფსალმუნი 103:1, 2; 144:5; ესაია 45:7; იერემია 31:34).
22. როგორ რეაგირებდა დავითი ღვთის სასწაულებრივ საქმეებზე?
22 როდესაც იეჰოვას სასწაულებრივ საქმეებს ვიხილავთ, არის ჩვენი მიზანი მხოლოდ ის, რომ ამან ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინოს და ჩვენში შიშნარევი მოწიწების გრძნობა ჩანერგოს ან გაოცებისგან დაგვადუმოს? სულაც არა. ძველი დროის ფსალმუნმომღერალს ესმოდა, რომ შეუძლებელია ღვთის ყველა საქმეში ჩაწვდომა და მათზე საუბარი. დავითი წერდა: ‘ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებზე. . . ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად’ (ფსალმუნი 39:6). მაგრამ ამაში დავითს ის არ უგულისხმია, რომ არ ილაპარაკებდა ამ დიდებულ საქმეებზე. დავითმა ეს ფსალმუნის 9:2-ში მოცემული სიტყვებით დაამტკიცა: „გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს“.
23. როგორია ღვთის სასწაულებრივ საქმეებზე თქვენი რეაქცია და როგორ შეგიძლიათ სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა?
23 განა ჩვენც ასევე არ უნდა ვიყოთ აღძრული? განა ღვთის დიდებული საქმეებით გაოცების გრძნობამ არ უნდა აღგვძრას, ვილაპარაკოთ მასზე, მის მიერ უკვე გაკეთებულ საქმეებსა თუ იმ საქმეებზე, რომლებსაც მომავალში გააკეთებს? პასუხი ნათელია — ჩვენ უნდა ‘მოვუთხროთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები’ (ფსალმუნი 95:3—5). დიახ, ჩვენ შეგვიძლია თავმდაბლად გამოვავლინოთ ღვთის სასწაულებრივი საქმეებისთვის მადლიერება და ეს მის შესახებ ნასწავლის სხვებთან გაზიარებით გავაკეთოთ. მაშინაც კი, თუ ადამიანი ისეთ საზოგადოებაშია აღზრდილი, სადაც შემოქმედს არ სცნობენ, ჩვენმა დადებითმა, შინაარსიანმა ინფორმაციამ შეიძლება ის ღვთის აღიარებამდე მიიყვანოს. უფრო მეტიც, ამან შეიძლება ეს ადამიანი აღძრას, ისწავლოს და ემსახუროს იეჰოვას, პიროვნებას, რომელმაც ‘შექმნა ყოველი’ და რომელიც სასწაულებრივი საქმეების მოქმედია (გამოცხადება 4:11).
როგორ უპასუხებდით?
• ღვთის რომელ საქმეებზე დასაფიქრებლად აღგძრავთ იობის 37:14-ში მოცემული დარიგება?
• რომელია იობის 37-ე და 38-ე თავებში აღნიშნული ზოგი საკითხი, რომელთა ბოლომდე ახსნა მეცნიერებს არ შეუძლიათ?
• რას გრძნობთ ღვთის დიდებული საქმეების მიმართ და რის კეთებისკენ აღგძრავთ ეს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 7 გვერდზე]
„ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი“ და ვინ მიუჩინა მას თავისი ადგილი?
[სურათი 7 გვერდზე]
ვინ სწვევია ღვთის მიერ შექმნილი დედამიწის ყოველ მშვენიერ კუთხე-კუნჭულს?