არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას გზით სიარული ძალ-ღონესა და სიხარულს გვმატებს

იეჰოვას გზით სიარული ძალ-ღონესა და სიხარულს გვმატებს

ბიოგრაფია

იეჰოვას გზით სიარული ძალ-ღონესა და სიხარულს გვმატებს

მოგვითხრო ლუიჯი დ. ვალენტინომ

„აჰა, გზა, იარეთ მასზე“, — შეგვაგონებს იეჰოვა (ესაია 30:21). ამ რჩევის გათვალისწინება მონათვლიდან 60 წლის შემდეგაც კი ჩემი მიზანია. ამ მიზანის დასახვაში მთავარი როლი იტალიიდან იმიგრირებული ჩემი მშობლების მაგალითმა ითამაშა, რომლებიც 1921 წელს ქალაქ კლივლენდში (ოჰაიო, აშშ) დასახლდნენ. აქ მათ სამი შვილი აღზარდეს — მე, ჩემი უფროსი ძმა მაიკი და უმცროსი და ლიდია.

ჩემი მშობლები სხვადასხვა რელიგიას იკვლევდნენ, მაგრამ ბოლოს გულგატეხილებმა, თავი დაანებეს ამ საქმეს. 1932 წლის ერთ დღეს კი მამა იტალიურ რადიოგადაცემას უსმენდა. ეს იყო იეჰოვას მოწმეთა გადაცემა, რომელიც მამას მოეწონა. მან უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად საზოგადოებას წერილი მისწერა და ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებული იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოდან იტალიელები გვეწვივნენ. ცხოველი საუბრის შემდეგ, რომელმაც გარიჟრაჟამდე გასტანა, ჩემი მშობლები დარწმუნდნენ, რომ ჭეშმარიტი რელიგია იპოვეს.

დედ-მამამ ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო და სიამოვნებით იღებდნენ სახლში მიმომსვლელ ზედამხედველებს. თუმცა პატარა ბიჭი ვიყავი, ამ მამაკაცებს საქადაგებლად დავყავდი და იეჰოვასთვის სრული დროით მსახურების დაწყების სურვილს მიღვივებდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო კერი ბარბერი, რომელიც ახლა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრია. მალე, 1941 წლის თებერვალში, 14 წლის ასაკში მოვინათლე; 1944 წელს კი პიონერული მსახურება დავიწყე კლივლენდში. მაიკი და ლიდიაც ბიბლიური ჭეშმარიტების გზას გაჰყვნენ. მაიკი სიკვდილამდე ემსახურებოდა იეჰოვას; ლიდიამ კი თავის ქმართან, ჰაროლდ ვიდნერთან, ერთად 28 წელი მიმოსვლით მსახურებაში გაატარა. დღეს ისინი სპეციალური სრული დროით მსახურები არიან.

ციხე აძლიერებს ჩემი წინსვლის გადაწყვეტილებას

1945 წლის დამდეგს ჩილიკოტის (ოჰაიო) ფედერალურ ციხეში მოვხვდი, რადგან ბიბლიით განსწავლული სინდისი მკარნახობდა, ესაიას 2:4-ის შესაბამისად მოვქცეულიყავი, რომელიც მახვილებისგან სახნისების გამოჭედვას ეხება. ერთი პერიოდი მოწმე პატიმრებს ციხის უფროსობა არ აძლევდა იმის უფლებასაც კი, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიური ლიტერატურა მცირე რაოდენობით ჰქონოდათ. ახლომდებარე კრების წევრები გვეხმარებოდნენ. ხანდახან თითქმის შუაღამისას ისინი რამდენიმე პუბლიკაციას ციხის მახლობლად მინდორზე აგდებდნენ. დილით, როდესაც პატიმრები სამუშაოზე მიჰყავდათ, ამ პუბლიკაციებს პოულობდნენ და შემდეგ ციხეში შემოტანას ახერხებდნენ. როდესაც მე მოვხვდი ციხეში, უფლება გვქონდა, უფრო მეტი ლიტერატურა გვქონოდა. მაშინ უფრო მეტად გავიცნობიერე იეჰოვას მიერ მოწოდებული სულიერი საზრდოს ფასი; და ეს ყოველთვის მახსოვს, როდესაც ჟურნალებს, „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს, ვიღებ.

თუმცა ციხეში კრების შეხვედრების ჩატარების უფლება მოგცეს, მათ, ვინც არ იყვნენ მოწმეები, დასწრება ეკრძალებოდათ. მაგრამ ციხის ზოგიერთი მოხელე და პატიმარი ჩუმად ესწრებოდა შეხვედრებს და მათგან რამდენიმემ ჭეშმარიტებაც კი შეიცნო (საქმეები 16:30—34). ძმა ა. ჰ. მაკმილანის ვიზიტები შეუდარებელი, მანუგეშებელი საშუალება იყო ჩვენთვის. ის ყოველთვის გვარწმუნებდა, რომ ციხეში გატარებული დრო ფუჭი არ იყო, რადგან ეს მომავალი დანიშნულებებისთვის გვამზადებდა. ამ ძვირფასი ხანდაზმული ძმის სიტყვები ჩემს გულს შეეხო და იეჰოვას გზით სიარულის გადაწყვეტილება განმიმტკიცა.

თანამგზავრის შეძენა

მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. ციხის კარი გაიღო და მე კვლავ შევუდექი პიონერულ (სრული დროით მქადაგებელი) მსახურებას. მაგრამ 1947 წელს მამაჩემი გარდაიცვალა. ოჯახი რომ მერჩინა, მუშაობა დავიწყე და მასაჟისტის კვალიფიკაციაც მივიღე — რაც მომავალში გამომადგა იმ სიძნელეების დროს, რომელთაც მე და ჩემი მეუღლე 30 წლის შემდეგ წავაწყდით. ახლა კი თხრობის თანმიმდევრობას დავარღვევ და ისე განვაგრძობ. პირველ რიგში, ნება მომეცით, მოგითხროთ ჩემი მეუღლის შესახებ.

1949 წლის ერთ ნაშუადღევს, როდესაც სამეფო დარბაზში ვიყავი, ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და სასიამოვნო ხმა გავიგონე: „მე კრისტინა გენჩერი ვარ, იეჰოვას მოწმე. კლივლენდში სამუშაოს საშოვნელად გადმოვედი და კრებასთან დაკავშირება მსურს“. ჩვენი სამეფო დარბაზი მისი საცხოვრებელი ადგილიდან შორის იყო, მაგრამ, მომეწონა მისი ხმა და ჩვენი დარბაზის მისამართი მივეცი. თანაც ვურჩიე, კვირა დღეს მოსულიყო — როცა საჯარო მოხსენებას მე ვკითხულობდი. კვირას სამეფო დარბაზში პირველი მე მივედი, მაგრამ ის უცნობი და არ გამოჩენილა. მთელი მოხსენების განმავლობაში შემოსასვლელისკენ ვიხედებოდი, მაგრამ არავინ შემოსულა. მეორე დღეს მე თვითონ დავურეკე და მან მითხრა, რომ ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი ჯერ არ იცოდა. ასე რომ, ხალისიანად შევთავაზე, შევხვედროდი და უკეთესად ამეხსნა.

გავიგე, რომ მისი მშობლები, რომლებიც ჩეხოსლოვაკიიდან იყვნენ იმიგრირებული, ბიბლიის მკვლევარებს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც ბუკლეტი „სად არიან მიცვალებულები?“ წაიკითხეს. მისი მშობლები 1935 წელს მოინათლნენ. 1938 წელს კრისტინას მამა იეჰოვას მოწმეთა კრების თავმჯდომარე ზედამხედველი გახდა კლიმერში (პენსილვანია, აშშ). 1947 წელს კი კრისტინა 16 წლის ასაკში მოინათლა. დიდი ხანი არ დამჭირდა იმისათვის, რომ შემყვარებოდა ეს მშვენიერი და, რომელიც ყველაფერს სულიერი თვალსაზრისით უყურებდა. ჩვენ 1950 წლის 24 ივნისს დავქორწინდით და მას შემდეგ კრისტინა ჩემი ცხოვრების ერთგული თანამგზავრია, რომელსაც ყოველთვის სურს ღვთის სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ცხოვრების ეს „გამრჯე“ თანამგზავრი დამთანხმდა, თავისი ცხოვრება ჩემი ცხოვრებისთვის დაეკავშირებინა (იგავნი 31:10).

დიდი სიურპრიზი

1951 წლის 1 ნოემბერს ჩვენ ერთად დავიწყეთ პიონერებად მსახურება. ორი წლის შემდეგ ტოლიდოში (ოჰაიო) გამართულ კონგრესზე ძმები ჰიუგო რიმერი და ალბერტ შრედერი მისიონერული მსახურებით დაინტერესებულ პიონერებს გაესაუბრნენ. ჩვენც ამ პიონერთა შორის ვიყავით. წაგვახალისეს, რომ კლივლენდში განგვეგრძო პიონერული მსახურება, მაგრამ მომდევნო თვეში, დიდი სიურპრიზი გველოდა — ეს იყო „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 23-ე კლასში სასწავლებლად მიწვევა. ეს კურსი 1954 წლის თებერვალში იწყებოდა!

როდესაც მანქანით გალაადის სკოლაში გავემგზავრეთ, სამხრეთ ლანსინგში (ნიუ-იორკი) ყოფნისას კრისტინა ისეთი დამფრთხალი იყო, რომ წამდაუწუმ მეუბნებოდა: „ნელა იარე!“. მე ვეუბნებოდი: „კრისტინა, თუ კიდევ ოდნავ შევანელებ სვლას, მანქანა სულ გაჩერდება“. თუმცა ჩასვლისთანავე ვიგრძენით განმუხტვა. ჩვენს ჯგუფს ძმა ნეითან ნორი შეხვდა და გალაადი დაგვათვალიერებინა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაირათიანობა კარგი თვისებაა სამეფოს ინტერესებზე ზრუნვისას და აგვიხსნა, თუ წყალი და ელექტროენერგია როგორ მოგვეხმარა ეკონომიურად. ეს რჩევა ჩვენს გონებაში ჩაიბეჭდა და დღესაც ამის თანახმად ვცხოვრობთ.

ჩაფრენა რიო-დე-ჟანეიროში

მალე გალაადის სკოლა დავამთავრეთ და 1954 წლის 10 დეკემბრის სუსხიან დღეს ქალაქ ნიუ-იორკში თვითმფრინავში ავედით აღფრთოვანებულნი, რადგან ჩვენი ახალი დანიშნულების შესასრულებლად მივფრინავდით მზიან რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია). მისიონერები პეტრე და ბილე ქარბელებიც ჩვენთან ერთად მგზავრობდნენ. ფრენა 24 საათი უნდა გაგრძელებულიყო შეჩერებებით პუორტო რიკოში, ვენესუელასა და ბელენში (ჩრდილოეთი ბრაზილია). მაგრამ თვითმფრინავის ძრავის პრობლემების გამო რიო-დე-ჟანეირო 36 საათის შემდეგ დავინახეთ მაღლიდან. დიდებული სანახაობა იყო! ქალაქის ნათურები ბრდღვიალა ბრილიანტებივით კაშკაშებდნენ შავ ფონზე და მთვარის ვერცხლისფერი შუქი გუანაბარას უბის წყლებს დაჰნათოდა.

აეროპორტში ბეთელის ოჯახის რამდენიმე წევრი გველოდებოდა. გულთბილი დახვედრის შემდეგ ფილიალში წაგვიყვანეს და დაახლოებით ღამის სამ საათზე დავიძინეთ. სულ რამდენიმე საათის შემდეგ მაღვიძარამ შეგვახსენა, რომ ჩვენი მისიონერული მსახურების პირველი დღე დაიწყო!

ნაადრევი გაკვეთილი

ჩვენ მალე მნიშვნელოვანი რამ ვისწავლეთ. ერთ საღამოს მოწმეთა ოჯახში ვიყავით. როდესაც ფილიალში დაბრუნება დავაპირეთ, მასპინძელი შეგვეწინააღმდეგა: „არა, თქვენი წასვლა არ შეიძლება, წვიმს“. დაჟინებით გვთხოვდა, რომ ღამით მათთან დავრჩენილიყავით. „საიდანაც ჩვენ ვართ, იქაც წვიმს“, — ვუთხარი მე და მისი სიტყვები სიცილად არ მეყო. ასე დავასრულეთ საუბარი და წავედით.

რადგან რიო-დე-ჟანეირო მთებითაა გარშემორტყმული, წვიმის წყალი მალე გროვდება და ქალაქში ჩამოედინება, რაც ხშირად წყალდიდობას იწვევს. მალე მუხლებამდე წყალში მივაბიჯებდით. ფილიალის ახლოს მდებარე ქუჩები გადარეულ მდინარეებად იქცა, წყალი მკერდამდე გვწვდებოდა. თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავით, როდესაც, საბოლოოდ, ბეთელის ფილიალს მივაღწიეთ. მეორე დღეს კრისტინა შეუძლოდ გახდა და მუცლის ტიფი შეეყარა, რამაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაასუსტა. რაღა თქმა უნდა, ჩვენ, ახალ მისიონერებს, ადგილობრივი მოწმეების რჩევა უნდა გაგვეთვალისწინებინა.

პირველი ნაბიჯები მისიონერულ და მიმოსვლით საქმიანობაში

ასეთი უსიამოვნო ამბის შემდეგ სამქადაგებლო მსახურებას შევუდექით. ვისაც ვხვდებოდით, პორტუგალიურ ენაზე ვუკითხავდით შეთავაზებას და, როგორც ჩანდა, პროგრესს თანაბრად განვიცდიდით ამ ენაზე საუბარში. ერთი მობინადრე კრისტინას ეუბნებოდა: „შენი გავიგე, მაგრამ იმის ნათქვამი — ვერა“, და ჩემზე მოანიშნებდა. სხვა კი მე მეუბნებოდა: „შენ რასაც მეუბნები, მესმის, იმის ნათქვამს კი ვერ ვიგებ“. მიუხედავად ამისა, გული სიხარულით გვითრთოდა, როდესაც ჟურნალ „საგუშაგო კოშკზე“ 100-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში. ფაქტობრივად, რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ბიბლიას ვასწავლიდით, ბრაზილიაში ჩვენი მსახურების პირველივე წელს მოინათლა და დაგვანახვეს, თუ რა ნაყოფიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მისიონერული დავალება.

50-იანი წლების შუა პერიოდში ბრაზილიის ბევრ კრებას რეგულარულად ვერ ინახულებდა სარაიონო ზედამხედველი, რადგან გამოცდილი ძმები ნაკლებად იყვნენ. ასე რომ, თუმცა ენას ჯერ კიდევ ვსწავლობდი და პორტუგალიურ ენაზე ჯერ ერთი მოხსენებაც არ მქონდა წაკითხული, 1956 წელს სან-პაულუში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს.

რადგან პირველი კრება, რომელსაც ვინახულებდი, ორი წლის მანძილზე არ მოუნახულებია სარაიონო ზედამხედველს, ყველა ძალიან ელოდა საჯარო მოხსენებას. ამ მოხსენების მომზადებისას პორტუგალიურ ენაზე გამოცემული „საგუშაგო კოშკის“ სტატიებიდან ამოვჭერი აბზაცები და ფურცლებზე დავაწებე. იმ კვირადღეს სამეფო დარბაზი გადაჭედილი იყო. ხალხი სცენაზეც კი ისხდა, ყველა დიდ მოლოდინში იყო. მოხსენება ანუ კითხვა დაიწყო. დროდადრო ავიხედავდი ხოლმე და, ჩემდა გასაოცრად, ყველა გაუნძრევლად იჯდა, ბავშვებიც კი. ყველა ფართოდ გახელილი თვალებით მომშტერებოდა. ვფიქრობდი: „ვალენტინო, როგორ გაგიუმჯობესებია პორტუგალიური! ეს ხალხი გისმენს“. ერთი წლის შემდეგ, როდესაც კვლავ მოვინახულე ეს კრება, ერთმა ძმამ, რომელიც ჩემს პირველ მონახულებასაც ესწრებოდა, მითხრა: „გახსოვს, ის საჯარო მოხსენება რომ წაიკითხე? იქიდან ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგეთ“. გამოვუტყდი, რომ ვერც მე გავიგე ბევრი რამ.

სარაიონო მსახურების დროს ხშირად ვკითხულობდი ზაქარიას 4:6-ში ჩაწერილ სიტყვებს — „არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო“ — რომლებიც შემახსენებდა, რომ სამეფოს საქმიანობა იეჰოვას სულიწმიდის მეშვეობით მიიწევდა წინ. და ეს პროგრესი, ჩვენი აშკარა შეზღუდვების მიუხედავად, მაინც მიმდინარეობდა.

სიძნელეები და კურთხევები

სარაიონო მსახურება ნიშნავდა ქვეყანაში მოგზაურობას და საბეჭდი მანქანის, ლიტერატურით სავსე ყუთების, ჩემოდნებისა და პორტფელების თრევას. კრისტინა გონივრულად ნომრავდა ჩვენს ბარგს, რათა მხედველობიდან რამე არ გამოგვრჩენოდა ავტობუსის ერთი გაჩერებიდან მეორეზე გადარბენისას. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 15 საათი მტვრიან გზაზე ავტობუსით მგზავრობა ჩვეულებრივი რამ იყო. დროდადრო ეს ნერვების დამწყვეტი იყო, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ორი ავტობუსი მორყეულ ხიდზე ერთმანეთს ისე ახლოს ჩაუვლიდა, რომ მათ შორის სიფრიფანა ქაღალდის სისქის მანძილი თუ რჩებოდა. ზოგჯერ მატარებლით, გემით და ცხენებით ვმგზავრობდით.

1961 წელს საოლქო მსახურება დავიწყეთ და ვმოგზაურობდით რაიონიდან რაიონში, ნაცვლად კრებიდან კრებაში მოგზაურობისა. კვირაში რამდენიმე საღამოს ვუჩვენებდით იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოშვებულ ფილმებს — ყოველთვის სხვადასხვა ადგილას. ხშირად ძალიან სწრაფად უნდა გვემოქმედა, რათა თვალი აგვეხვია ადგილობრივი სამღვდელოებისთვის, რომელიც ფილმის ჩვენებაში ხელის შეშლას გვიპირებდა. ერთ ქალაქში ერთმა მღვდელმა დარბაზის მფლობელი აიძულა, რომ გაეუქმებინა ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. რამდენიმე დღის განმავლობაში ძებნის შემდეგ სხვა ადგილი ვიპოვეთ, მაგრამ არავის ვუთხარით და კვლავ ძველ მისამართზე ვეპატიჟებოდით ხალხს. პროგრამის დაწყების წინ, კრისტინა წავიდა იმ დარბაზთან და მსურველები ახალი ადგილსამყოფელისკენ ფილმის სანახავად ჩუმად წაიყვანა. იმ საღამოს 150-მა ადამიანმა ნახა ეს ფილმი, რომლის სახელწოდებაც იყო „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“.

თუმცა დაშორებულ ადგილებზე მიმოსვლითი საქმიანობა ზოგჯერ ძნელი იყო, იქ მცხოვრები თავმდაბალი ძმები, იმდენად მადლიერნი იყვნენ ჩვენი სტუმრობის და ისეთი სტუმართმოყვარეობით გვიღებდნენ თავიანთ მოკრძალებულად მოწყობილ სახლებში, რომ ყოველთვის ვმადლობდით იეჰოვას მათთან ყოფნის შესაძლებლობის გამო. მათთან მეგობრობას ჩვენთვის სასიხარულო კურთხევები მოჰქონდა (იგავნი 19:17; ანგია 2:7). რამდენად დაგვაღონა იმ ფაქტმა, რომ აქ გატარებული 21-წლიანი მსახურების შემდეგ ჩვენი მისიონერული მსახურება ბრაზილიაში, დასრულდა!

გაჭირვებისას გამოსავალი იეჰოვამ გვიჩვენა

1975 წელს კრისტინამ ოპერაცია გაიკეთა. მიმოსვლითი საქმიანობა განვაგრძეთ, მაგრამ კრისტინას ჯანმრთელობა გაუუარესდა. უკეთესი იყო მისი შეერთებულ შტატებში დაბრუნება. მას უნდა ემკურნალა. 1976 წლის აპრილში ლონგ-ბიჩში (კალიფორნია) ჩავედით და დედაჩემთან გავჩერდით. ორი ათწლეულის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით შექმნილ ვითარებას. მე მასაჟების გაკეთება დავიწყე და აქედან მიღებული შემოსავალი გვინახავდა. კალიფორნიის მთავრობამ კრისტინას საავადმყოფოში დასაწოლი ადგილი გამოუყო, მაგრამ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, რადგან ექიმები უარს ამბობდნენ სისხლის გადაუსხმელად მკურნალობაზე. სასოწარკვეთილები, იეჰოვას გამუდმებით ვთხოვდით ხელმძღვანელობას.

ერთხელ, ნაშუადღევს, როდესაც სამქადაგებლო მსახურებაში ვიყავი, შევამჩნიე ექიმის ოფისი, და უცბად გადავწყვიტე, შევსულიყავი. თუმცა ექიმი წასასვლელად ემზადებოდა, შესვლის ნება დამრთო. ორი საათი ვსაუბრობდით. ბოლოს მითხრა: „ვაფასებ თქვენს მისიონერებად მსახურებას, ამიტომ მე ვუმკურნალებ შენს მეუღლეს უფასოდ და სისხლის გადაუსხმელად“. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი.

ამ კეთილმა ექიმმა, რომელიც პატივცემული სპეციალისტი აღმოჩნდა, კრისტინა იმ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც თვითონ მუშაობდა და კარგი მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა მალე გაუმჯობესდა. დიდად მადლიერნი ვიყავით იეჰოვასი, რომ სასოწარკვეთილებს გამოსავალი გვიჩვენა!

ახალი დავალებები

კრისტინას გამოჯანმრთველების შემდეგ პიონერებად ვმსახურობდით და ვხარობდით, რადგან უამრავ ადამიანს აღმოვუჩინეთ დახმარება ლონგ-ბიჩში, რათა იეჰოვას თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ. 1982 წელს შეერთებულ შტატებში სარაიონო ზედამხედველად მსახურება გვთხოვეს. ჩვენ იეჰოვას ყოველდღე ვმადლობდით, რომ კვლავ გვიყენებდა ჩვენი საყვარელი მიმოსვლითი მსახურებისთვის. ვმსახურობდით კალიფორნიაში, შემდეგ კი ახალ ინგლისში, სადაც რაიონის ტერიტორიაზე ზოგიერთი პორტუგალიურენოვანი კრებაც იყო. მოგვიანებით მასში ბერმუდიც შედიოდა.

ოთხი გამამხნევებელი წლის შემდეგ ახალი დავალება მივიღეთ — სპეციალურ პიონერებად მსახურებისთვის მიგვიწვიეს იქ, სადაც მოვისურვეთ. თუმცა მიმოსვლითი მსახურების დატოვებამ დაგვაღონა, მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, ახალი დავალების შესრულებას შევდგომოდით. მაგრამ სად? მიმოსვლითი მსახურებისას შევამჩნიე, რომ ნიუ-ბედფორდის (მასაჩუსეტსის შტატი) პორტუგალიურ კრებას დახმარება სჭირდებოდა. ასე რომ, ნიუ-ბედფორდში გავემართეთ.

ჩასვლისთანავე კრებამ დიდი წვეულება მოგვიწყო. ამან დაგვანახვა, თუ რაოდენ ვჭირდებოდით მათ და გული აგვიჩუყდა! ორი პატარა ბავშვის მშობელმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა თავის სახლში წაგვიყვანა, სადაც საკუთარი საცხოვრებლის შოვნამდე დავრჩით. იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა ეს სპეციალური პიონერული დავალება, რომელმაც ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 1986 წლიდან ამ ქალაქში 40-მდე ადამიანს დავეხმარეთ მოწმედ გახდომაში. ისინი დღეს ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან. ამასთანავე, გულს მიხარებდა იმ ხუთი ადგილობრივი ძმის ხილვა, რომლებიც სულიერად იზრდებოდნენ და ბოლოს, სამწყსოს მწყემსები გახდნენ. ასეთი მსახურება ნაყოფიერი მისიონერული დავალების შედეგი იყო.

როდესაც წარსულს ვიხსენებთ, გვიხარია, რომ ახალგაზრდობიდანვე ვემსახურებით იეჰოვას და ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრების გზად ვაქციეთ. აღსანიშნავია, რომ ასაკი და უძლურება ახლა ჩვენზე გავლენას ახდენს, მაგრამ იეჰოვას გზით სიარული კვლავ გვაძლიერებს და გვახარებს.

[სურათი 26 გვერდზე]

რიო-დე-ჟანეიროში ჩასვლისას.

[სურათი 28 გვერდზე]

ჩვენი სულიერი ოჯახი ნიუ-ბეთფორდში (მასაჩუსეტსი).