„იეჰოვა ძალიან კეთილი იყო ჩემ მომართ“
„იეჰოვა ძალიან კეთილი იყო ჩემ მომართ“
ერთ ძალზე სასიამოვნო საღამოს, რომელიც 1985 წლის მარტში მოეწყო, ნიუ-იორკში, იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს სამწერლო განყოფილებაში შეკრებილი მამაკაცები და ქალები მნიშვნელოვან მოვლენას ადევნებდნენ თვალყურს. მაშინ კარლ ფ. კლაინს 60 წელი შეუსრულდა სრული დროით მსახურებაში. ძმა კლაინმა დიდი სიხარულით განაცხადა: „იეჰოვა ძალიან კეთილი იყო ჩემ მომართ“. მან აღნიშნა, რომ მისი ყველაზე საყვარელი მუხლი ფსალმუნის 36:4 იყო. შემდეგ მან ჩელოზე დაკვრით ყველა აღაფრთოვანა.
მომდევნო 15 წლის განმავლობაში ძმა კლაინი სამწერლო განყოფილებაში მუშაობდა და იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად მსახურობდა. მოგვიანებით, 2001 წლის 3 იანვარს, 95 წლის ასაკში, კარლ კლაინმა ერთგულად დაასრულა თავისი მიწიერი სიცოცხლე.
კარლი გერმანიაში დაიბადა. მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად; ის ჩიკაგოს (ილინოისის შტატი) გარეუბანში გაიზარდა. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, კარლი და მისი უმცროსი ძმა ტედი ძალიან დაინტერესდნენ ბიბლიით. კარლი 1918 წელს მოინათლა; 1922 წელს ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე მოსმენილმა აღმაფრთოვანებელმა ინფორმაციამ მასში მთელი ცხოვრების მანძილზე სამქადაგებლო მსახურების სიყვარული გააღვივა. მას იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, ყოველკვირეულად მიეღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში, რომ თავისი სიცოცხლის ბოლო კვირებშიც კი ქადაგებდა.
კარლი მთავარი სამმართველოს წევრი 1925 წელს გახდა; თავდაპირველად სტამბაში მუშაობდა. მას ნამდვილად ძლიერ უყვარდა მუსიკა და რამდენიმე წლის განმავლობაში ჩელოს პარტიას ასრულებდა ორკესტრში; ამ ორკესტრის მიერ შესრულებული მუსიკა ქრისტიანული სამაუწყებლო რადიოსადგურის ეთერში გადიოდა. შემდეგ ის სამსახურებრივ განყოფილებაში მუშაობდა და განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ამ განყოფილების ზედამხედველ ტ. ჯ. სალივანთან. ამასობაში ტედი დაქორწინდა და თავის მეუღლე დორისთან ერთად პუერტო-რიკოში მისიონერულ მსახურებას შეუდგა.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში კარლ კლაინი სამწერლო განყოფილებაში მუშაობდა; იმ საქმეში, რომელიც ამ განყოფილებაში სრულდებოდა, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რადგან უყვარდა კვლევა-ძიება და ბიბლია საფუძვლიანად იცოდა. 1963 წელს კარლი დაქორწინდა მარგარიტაზე, გერმანელ მისიონერზე, რომელიც ბოლივიაში მსახურობდა. მისი მეუღლის სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერის წყალობით, კარლმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, შეძლო ნაყოფიერად მსახურება სწორედ იმ ზემოხსენებულ ასაკში, როდესაც ადამიანი თავის ჩვეულ საქმიანობას ანებებს თავს. კარლს ხასიათის ბუნებრივი სიმტკიცე, რაც მუსიკასთან დაკავშირებულ მის ენთუზიაზმს შეესაბამებოდა, ხელს უწყობდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა კრებებსა და კონგრესებზე დაუვიწყარი მოხსენებების წაკითხვაში. სიკვდილამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ის უძღვებოდა ნიუ-იორკში ბეთელის დიდი ოჯახისთვის დილის თაყვანისცემაზე ტექსტის განხილვას, რაც ყველასთვის აღმაფრთოვანებელი და სასარგებლო იყო.
„საგუშაგო კოშკის“ ბევრი რეგულარული მკითხველი გაიხსენებს ძმა კლაინის სასიამოვნო შემთხვევებით სავსე ბიოგრაფიას, რომელიც 1984 წლის 1 ოქტომბრის გამოცემაში გამოქვეყნდა (ინგლ). თქვენთვის სასიამოვნო იქნება ამ ისტორიის წაკითხვა ან გადაკითხვა და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ მისმა ავტორმა კიდევ 15 წელი იმსახურა როგორც ერთგულმა და მიძღვნილმა ქრისტიანმა.
ძმა კლაინს, როგორც უფლის ერთ-ერთ ცხებულს, მთელი გულით სურდა, ქრისტესთან ერთად ემეფა ზეცაში. ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვამ ახლა აუსრულა სურვილი (ლუკა 22:28—30).
[სურათი 31 გვერდზე]
კარლი ტ. ჯ. სალივანთან, ტედისთან და დორისთან ერთად 1943 წელს.
[სურათი 31 გვერდზე]
კარლი და მარგარიტა 2000 წლის ოქტომბერში.