არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იხარეთ ბედნიერ ღმერთთან ერთად

იხარეთ ბედნიერ ღმერთთან ერთად

იხარეთ ბედნიერ ღმერთთან ერთად

„მაშ, ასე, ძმებო, იხარეთ. . . და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (2 კორინთელთა 13:11).

1, 2. ა) რატომ შეიძლება ბევრი ცხოვრებაში სიხარულს მოკლებული იყოს? ბ) რა არის სიხარული და როგორ შეგვიძლია მისი განვითარება?

 ამ გულის დამამძიმებელ დროში მრავალი ადამიანი სიხარულისთვის თითქმის ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავს. როდესაც უბედურება ემთხვევათ მათ ან მათ საყვარელ ადამიანებს, ისინი თავს გრძნობენ ძველ დროში მცხოვრები იობივით, რომელმაც თქვა: „კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით“ (იობი 14:1). ამ ‘საზარელ ჟამს’ ქრისტიანებიც არ არიან დაცული სტრესისა და დაძაბულობისგან და გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ხანდახან იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც ეუფლებათ გულგატეხილობა (2 ტიმოთე 3:1).

2 და მაინც, ქრისტიანებს, განსაცდელის დროსაც კი, შეუძლიათ სიხარულის შენარჩუნება (საქმეები 5:40, 41). იმის გასაგებად, თუ როგორაა ეს შესაძლებელი, თავდაპირველად განვიხილოთ, რა არის სიხარული. სიხარული განიმარტება როგორც „გრძნობა, რომელსაც იწვევს სასიამოვნო რამ“ ან სასიამოვნო რამის მოლოდინი a. მაშასადმე, თუ დროს გამოვყოფთ იმისათვის, რომ გავიხსენოთ ყველა კურთხევა, რომლებიც დღეს გვაქვს და, თუ ვფიქრობთ იმ კურთხევებზე, რომლებიც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში გველოდება, შევძლებთ სიხარულის შენარჩუნებას.

3. რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ყველას აქვს, სულ მცირე, რამდენიმე მიზეზი მაინც სიხარულისთვის?

3 ყველას გვაქვს გარკვეული კურთხევები, რომელთათვისაც შეგვიძლია მადლიერი ვიყოთ. მაგალითად, ოჯახის თავმა შეიძლება სამუშაო დაკარგოს. ჩვეულებრივ, მას ადარდებს ეს, ვინაიდან ის ზრუნავს თავისი საყვარელი ადამიანების უზრუნველყოფაზე. მაგრამ, თუ ფიზიკურად ძლიერია და კარგი ჯანმრთელობა აქვს, მადლიერი უნდა იყოს ამისთვის, რადგან სამუშაოს პოვნის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება, მძიმედ იშრომოს. მეორე მხრივ, ქრისტიანი ქალი შეიძლება მოულოდნელად დამაუძლურებელი დაავადებით დაავადდეს. მაგრამ მას შეუძლია მადლიერი იყოს მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერისთვის, რაც დაავადებასთან ღირსეულად და გაბედულად გამკლავებაში ეხმარება. და, თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს შეუძლია იხაროს იმ უპირატესობით, რომ იცნობს იეჰოვას, „ბედნიერ ღმერთსა“, და იესო ქრისტეს, ‘ბედნიერსა და ერთადერთ მბრძანებელს’ (1 ტიმოთე 1:11; 6:15, აქ). დიახ, იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე უაღრესად ბედნიერები არიან. მათ არ დაუკარგავთ სიხარული, თუმცა დედამიწაზე მდგომარეობა საკმაოდ განსხვავდება იმისაგან, რაც იეჰოვას თავიდან ჰქონდა განზრახული. მათი მაგალითი ბევრს გვასწავლის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიხარული.

მათ არასოდეს დაუკარგავთ სიხარული

4, 5. ა) როგორი იყო იეჰოვას რეაქცია იმაზე, რომ პირველი ადამიანები მის წინააღმდეგ წავიდნენ? ბ) რა მხრივ შეინარჩუნა იეჰოვამ კაცობრიობის მიმართ დადებითი თვალსაზრისი?

4 ედემის ბაღში ადამი და ევა ჩინებული ჯანმრთელობისა და სრულყოფილი გონების პატრონები იყვნენ. მათ ჰქონდათ ნაყოფიერი სამუშაო და ამ სამუშაოს შესასრულებლად იდეალური პირობებიც. და, რაც მთავარია, იეჰოვა ღმერთთან რეგულარულად ურთიერთობის პატივი ჰქონდათ. ღვთის განზრახვა იყო, რომ ამ წყვილს ბედნიერი მომავალი ჰქონოდა. მაგრამ ჩვენს წინაპრებს არ აკმაყოფილებდათ ეს ძვირფასი საჩუქრები და მათ „კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის“ აკრძალული ნაყოფი მოიპარეს. ამ დაუმორჩილებლობამ დასაბამი მისცა იმ ყოველგვარ უბედურებას, რასაც დღეს ჩვენ, მათი შთამომავლები, ვაწყდებით (დაბადება 2:15—17; 3:6; რომაელთა 5:12).

5 მაგრამ ადამისა და ევას უმადურობის გამო იეჰოვას სიხარული არ დაუკარგავს. ის დარწმუნებული იყო, რომ მათ შთამომავალთაგან, სულ მცირე, რამდენიმეს მაინც ექნებოდა მისთვის მსახურების სურვილი. ღმერთი იმდენად დარწმუნებული იყო ამაში, რომ ადამისა და ევას შთამომავალთაგან მორჩილ ადამიანთა გამოსყიდვის შესახებ თავისი განზრახვა გამოაცხადა მანამ, სანამ ამ წყვილს პირველი შვილი გაუჩნდებოდა! (დაბადება 1:31; 3:15). შემდგომ საუკუნეებში ადამისა და ევას შთამომავალთა უმეტესობა თავიანთი პირველი წინაპრების ნაკვალევს მიჰყვებოდა, მაგრამ ასე საყოველთაოდ გავრცელებული დაუმორჩილებლობის გამო იეჰოვას ზურგი არ შეუქცევია კაცობრიობისთვის. ნაცვლად ამისა, ის ყურადღებას აქცევდა იმ კაცებსა და ქალებს, რომლებიც ‘გულს უხარებდნენ’ და, სიყვარულიდან გამომდინარე, ნამდვილად ცდილობდნენ მისთვის სიამოვნების მინიჭებას (იგავნი 27:11; ებრაელთა 6:10).

6, 7. რა ფაქტორები დაეხმარა იესოს სიხარულის შენარჩუნებაში?

6 რა შეიძლება ითქვას იესოს შესახებ? როგორ შეინარჩუნა მან სიხარული? როგორც ზეცაში მცხოვრებ ძლიერ სულიერ ქმნილებას, იესოს ყოველგვარი შესაძლებლობა ჰქოდნა, დედამიწაზე კაცებისა და ქალების მოქმედებებს დაკვირვებოდა. ადამიანთა არასრულყოფილება აშკარა იყო, მაგრამ იესოს მაინც უყვარდა ისინი (იგავნი 8:31). არც მოგვიანებით, როდესაც დედამიწაზე მოვიდა და ადამიანთა ‘შორის დაემკვიდრა’, შეცვლილა კაცობრიობის შესახებ მისი თვალსაზრისი (იოანე 1:14). რამ შეაძლებინა ღვთის სრულყოფილ ძეს ცოდვილ ადამიანებზე ასეთი დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნება?

7 უპირველეს ყოვლისა, იესო როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგან რაღაც არაჩვეულებრივს არ მოელოდა, არამედ ამ საკითხში გონიერებას ავლენდა. მან იცოდა, რომ მთელი წუთისოფელი ჭეშმარიტ რწმენაზე არ მოექცეოდა (მათე 10:32—39). ამიტომ ხარობდა მაშინაც კი, როდესაც ერთი გულწრფელი ადამიანი მაინც დადებითად გამოეხმაურებოდა სამეფოს შესახებ ცნობას. თუმცა თავისი მოწაფეების საქციელი და აზროვნება ზოგჯერ დამაკმაყოფილებელი არ იყო, იესომ იცოდა, რომ გულში მათ ნამდვილად სურდათ ღვთის ნების შესრულება და ამის გამო ძალიან უყვარდა ისინი (ლუკა 9:46; 22:24, 28—32, 60—62). აღსანიშნავია, რომ ზეციერი მამისადმი წარმოთქმულ ლოცვაში იესომ მოწაფეების დადებითი მოქმედება, საბოლოო ჯამში, შემდეგნაირად შეაფასა: „შენი სიტყვა დაიცვეს მათ“ (იოანე 17:6).

8. დაასახელეთ, რა და რა სახით შეგვიძლია სიხარულის შენარჩუნებაში იეჰოვასა და იესოს მივბაძოთ.

8 ეჭვგარეშეა, თითოეული ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება ამ საკითხში იეჰოვა ღმერთისა და ქრისტე იესოს მაგალითზე ღრმად დაფიქრება. შეგვიძლია თუ არა, უფრო სრულად მივბაძოთ იეჰოვას, და მეტისმეტად არ დავმწუხრდეთ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვიმედოვნებდით? შეგვიძლია თუ არა, უფრო კარგად მივყვეთ იესოს ნაკვალევს და შევინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და ამასთანავე გონიერება გამოვავლინოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოველით როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგან? ახლა კი ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ პრინციპებიდან ზოგიერთის პრაქტიკულად გამოყენება იმ სფეროში, რომელიც ასე ძვრიფასია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ენთუზიაზმით აღსავსე ქრისტიანისთვის; ეს სფერო სამქადაგებლო საქმიანობაა.

მსახურებაში დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნება

9. როგორ დაუბრუნდა იერემიას სიხარული და როგორ გვეხმარება მისი მაგალითი?

9 იეჰოვას სურვილია, რომ მისთვის მსახურებისას სიხარული შევინარჩუნოთ. ეს სიხარული დამოკიდებული არ უნდა იყოს მიღებულ შედეგებზე (ლუკა 10:17, 20). წინასწარმეტყველი იერემია წლების განმავლობაში უნაყოფო ტერიტორიაზე ქადაგებდა. ხალხის უარყოფით რეაქციაზე ყურადღების გამახვილებისას წინასწარმეტყველმა სიხარული დაკარგა (იერემია 20:8). მაგრამ, როდესაც თვით ცნობის მშვენიერებაზე ფიქრობდა, სიხარული კვლავ დაუბრუნდა. იერემიამ იეჰოვას უთხრა: „ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო“ (იერემია 15:16). დიახ, იერემიას ახარებდა ღვთის სიტყვის ქადაგება. ჩვენც შეიძლება ამან სიხარულით აგვავსოს.

10. როგორ შეგვიძლია მსახურებისას სიხარულის შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ტერიტორია ჯერ-ჯერობით უნაყოფოა?

10 მაშინაც კი, როდესაც უმრავლესობა არ ეხმაურება კეთილ ცნობას, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, იმის გამო ვიყოთ სიხარულით აღსავსე, რომ სამქადაგებლო მსახურებაში ვმონაწილეობთ. გაიხსენეთ, იეჰოვა სავსებით დარწმუნებული იყო, რომ ზოგი ადამიანი აღიძვრებოდა, მისთვის ემსახურა. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც არასოდეს უნდა დავკარგოთ იმის იმედი, რომ საბოლოოდ, სულ მცირე, რამდენიმე ადამიანი მაინც გაერკვევა უზენაესი ხელისუფლების საკითხში და მიიღებს სამეფოს შესახებ ცნობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანთა მდგომარეობა იცვლება. მოულოდნელი დანაკლისის ან კრიზისის დროს ყველაზე თვითკმაყოფილი ადამიანიც კი შეიძლება სერიოზულად დაფიქრდეს სიცოცხლის აზრზე. იქნებით თუ არა იქ მის დასახმარებლად მაშინ, როდესაც ასეთი ადამიანი ‘შეიგნებს თავის სულიერ მოთხოვნილებას’? (მათე 5:3, აქ). შეიძლება თქვენს ტერიტორიაზე, სწორედ მომდევნო მონახულების დროს, აღმოჩნდეს ისეთი ვინმე, ვინც მზად იქნება მოსასმენად!

11, 12. რა მოხდა ერთ ქალაქში და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

11 დროთა განმავლობაში შეიძლება თქვენი ტერიტორიის შემადგენლობაც შეიცვალოს. განვიხილოთ ერთი მაგალითი. ერთ პატარა ქალაქში ახალგაზრდა წყვილები და მათი შვილები ცხოვრობდნენ; მოსახლეობას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქოდნა. როდესაც იეჰოვას მოწმეები მიდიოდნენ მათთან, ყველა კართან ერთსა და იმავე პასუხს ისმენდნენ — „ჩვენ არ გვაინტერესებს!“. თუ ვინმე მაინც დაინტერესდებოდა სამეფოს შესახებ ცნობით, მეზობლები დაუყოვლნებლივ ამოქმედდებოდნენ ხოლმე და უშლიდნენ მოწმეებთან შემდგომ შეხვედრას. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ იქ ქადაგება რთული იყო. მიუხედავად ამისა, მოწმეები გულს არ იტეხდნენ და განაგრძობდნენ ქადაგებას. რა შედეგი მოჰყვა ამას?

12 დროთა განმავლობაში იმ ქალაქში მცხოვრები მრავალი ბავშვი გაიზარდა, დაქორწინდა და საკუთარი ოჯახი შექმნა. როდესაც მიხვდნენ, რომ თავიანთმა ცხოვრების წესმა ნამდვილი ბედნიერება ვერ მოუტანა მათ, ზოგმა ამ ახალგაზრდათაგან ჭეშმარიტების ძიება დაიწყო. ჭეშმარიტება კი მაშინ იპოვეს, როდესაც მოწმეების მიერ კეთილი ცნობის ქადაგებას დადებითად გამოეხმაურნენ. ასე რომ, მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ დაიწყო იქაურმა პატარა კრებამ ზრდა. წარმოიდგინეთ სამეფოს იმ მქადაგებელთა სიხარული, რომლებმაც გული არ გაიტეხეს! დაე სამეფოს დიდებული ცნობის ქადაგებაში შეუპოვრად მონაწილეობამ ჩვენც გაგვახაროს!

თანამორწმუნეები მხარში ამოგიდგებიან

13. ვის შეგვიძლია მივმართოთ გულგატეხილობისას?

13 როდესაც პრობლემები მატულობს ან ცხოვრება გამანადგურებელ დარტყმას გაყენებთ, სად შეგიძლიათ ნუგეშის პოვნა? იეჰოვასადმი მიძღვნილი მილიონობით მსახური, პირველ რიგში, იეჰოვას მიმართავს ლოცვით, შემდეგ კი — თანაქრისტიან და-ძმებს. დედამიწაზე ყოფნის დროს თვითონ იესოც აფასებდა მოწაფეების მხარდაჭერას. სიკვდილის წინა საღამოს ის მოწაფეებზე ლაპარაკობდა, როგორც ადამიანებზე, რომლებიც ‘მასთან დარჩნენ მის განსაცდელში’ (ლუკა 22:28). რა თქმა უნდა, ისინი არასრულყოფილები იყვნენ, მაგრამ ღვთის ძისთვის მათი ერთგულების დანახვა მანუგეშებელი იყო. ჩვენც შეგვიძლია თანამორმწუნეებით განვმტკიცდეთ.

14, 15. რა დაეხმარა ერთ ცოლ-ქმარს ვაჟის სიკვდილის გადატანაში და რა ისწავლეთ მათი მაგალითიდან?

14 ქრისტიანმა წყვილმა, მიშელმა და დიანამ, საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ რამდენად ძვირფასი შეიძლება აღმოჩნდეს და-ძმების მხარდაჭერა. მათი 20 წლის, სიცოცხლით სავსე და პერსპექტიულ ქრისტიან ვაჟს, ჟონათანს, თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თავგამოდებული მცდელობის მიუხედავად, ჟონათანის ფიზიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და ერთ დღესაც, ნაშუადღევს, ბიჭი გარდაიცვალა. მიშელი და დიანა განადგურებული იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ იმ საღამოს დაგეგმილი სამსახურებრივი შეხვედრა უკვე თითქმის მთავრდებოდა, მაგრამ იმდენად სჭირდებოდათ ნუგეში, რომ უხუცესს, რომელიც თან ახლდათ, სამეფო დარბაზამდე მიყვანა სთხოვეს. ისინი სწორედ იმ დროს მივიდნენ, როდესაც კრებაში ჟონათანის სიკვდილი გამოაცხადეს. კრების შემდეგ აქვითინებულ მშობლებს ძმები და დები შემოეხვივნენ, გულში ჩაიკრეს ისინი და ანუგეშებდნენ. დიანა იხსენებს: „დარბაზში შესვლისას საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდით, მაგრამ როგორ გვანუგეშეს ძმებმა, — როგორ წამოგვაყენეს! მართალია, ტკივილს ვერ მოგვაშორებდნენ, მაგრამ ისინი შეგვეშველნენ ამ მძიმე ტვირთის ტარებაში! “ (რომაელთა 1:11, 12; 1 კორინთელთა 12:21—26).

15 უბედურებამ მიშელი და დიანა ძმებთან უფრო დააახლოვა. უბედურებამ ისინი ერთმანეთთანაც უფრო დააახლოვა. მიშელი ამბობს: „ვიგრძენი, რომ საყვარელი ცოლი კიდევ უფრო ძვირფასი გახდა ჩემთვის. როდესაც სევდა მოგვეძალება, ერთმანეთს ბიბლიური ჭეშმარიტებისა და იმის შესახებ ველაპარაკებით, თუ როგორ გვაძლიერებს იეჰოვა“. დიანა დასძენს: „ახლა სამეფოს იმედი ჩვენთვის უფრო მეტს ნიშნავს“.

16. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაგებინოთ ძმებს ჩვენი გასაჭირი?

16 დიახ, ცხოვრებაში რთულ მომენტებთან გამკვლავებისას ჩვენმა ქრისტიანმა და-ძმებმა შეიძლება ‘გვანუგეშონ’ და, ამგვარად, სიხარულის შენარჩუნებაში დაგვეხმარონ (კოლასელთა 4:11). რა თქმა უნდა, მათ არ შეუძლიათ ჩვენი აზრების წაკითხვა. ამიტომ, როდესაც მხარში ამოდგომა გვჭირდება, კარგი იქნებოდა საქმის კურსში ჩაგვეყენებინა ისინი. მაშინ ჩვენ შევძლებთ გულწრფელი მადლიერების გამოვლენას იმ ნებისმიერი ნუშეგისთვის, რომლის მოცემაც ძმებს შეუძლიათ და ამ ნუგეშს იეჰოვასგან მომდინარედ მივიღებთ (იგავნი 12:25; 17:17).

გაეცანით თქვენს კრებას

17. რა სირთულეებს აწყდება ერთი მარტოხელა დედა და როგორ უნდა ვუყურებდეთ ასეთ ადამიანებს?

17 რაც უფრო ახლოს გაიცნობთ თანამორწმუნეებს, მით უფრო დააფასებთ მათ და სიხარულს მოგგვრით მათთან ურთიერთობა. თვალი მოავლეთ თქვენს კრებას. რას ხედავთ? არის იქ მარტოხელა მშობელი, რომელიც ჭეშმარიტების გზით შვილების აღზრდის სირთულეს ეჭიდება? დაფიქრებულხართ ამ დის შესანიშნავ მაგალითზე? შეეცადეთ, წარმოიდგინოთ ზოგი ის პრობლემა, რომლებთანაც მას უწევს გამკლავება. მარტოხელა დედა, ჯეანინი აღნიშნავს ზოგ მათგანს: მარტოობა, სამსახურში მამაკაცებისგან არასასურველი და მეტისმეტი ყურადღება, მკაცრად შეზღუდული ბიუჯეტი. მაგრამ, მისი თქმით, უდიდეს სირთულეს შვილების ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმოადგენს, რამეთუ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია. ჯეანინი აღნიშნავს კიდევ ერთ პრობლემას: „ძალიან გამიჭირდა იმ სურვილის დაძლევა, რომ ვაჟიშვილი ოჯახის თავად მექცია და ასეთნაირად ქმრის დაკარგვით გამოწვეული დანაკლისი ამენაზღაურებინა. მე ქალიშვილიც მყავს და თავს ძალას ვატან, ყოველთვის მახსოვდეს, რომ ჩემი პირადი პრობლემებით არ გადავტვირთო“. ათასობით სხვა ღვთისმოშიში მარტოხელა მშობელივით, ჯეანინიც სრულ განაკვეთზე მუშაობს და ოჯახზე ზრუნავს. გარდა ამისა, ბავშვებთან ბიბლიას სწავლობს, სამქადაგებლო მსახურებისთვისაც ამზადებს და კრებაზეც დაჰყავს (ეფესელთა 6:4). რამდენად ბედნიერი უნდა იყოს იეჰოვა, როდესაც ხედავს, რომ ოჯახი ყოველდღიურად ცდილობს უმწიკვლობის შენარჩუნებას! განა ასეთი ოჯახების ჩვენს შორის ყოფნა გულს არ გვიხარებს? რა თქმა უნდა.

18, 19. აჩვენეთ თვალსაჩინოდ, თუ როგორ შეიძლება კრების წევრების გამო ჩვენში მადლიერება გაღრმავდეს.

18 კვლავ გადახედეთ თქვენს კრებას. შეიძლება დაინახოთ ერთგული ქვრივები, რომლებიც ‘არ შორდებიან’ კრებას (ლუკა 2:37). გრძნობენ ისინი ხანდახან მარტოობას? რა თქმა უნდა. მათ ძალიან ენატრებათ თავიანთი მეუღლეები! მაგრამ ისინი იეჰოვასთვის მსახურებით არიან დაკავებული და სხვებისადმი ინტერესს ავლენენ. მათი ურყევი, დადებითი განწყობილება კრებას სიხარულს მატებს! ერთმა ქრისტიანმა, რომელიც 30 წელზე მეტია, რაც სრული დროით მსახურობს, აღნიშნა: „ჩემში უდიდესი სიხარულის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთი იმ ხანდაზმული და-ძმების ხილვაა, რომლებმაც მრავალი განსაცდელი გადაიტანეს, მაგრამ დღემდე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას!“. დიახ, ჩვენ შორის მყოფი ხანდაზმული ქრისტიანები დიდი გამხნევების წყაროა ახალგაზრდებისთვის.

19 რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებმაც არც ისე დიდი ხანია, რაც კრებასთან ურთიერთობა დაიწყეს? განა სტიმულს არ გვაძლევს იმის დანახვა, თუ როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ რწმენას შეხვედრებზე? იფიქრეთ იმ წინსვლაზე, რომელიც მათ ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ განიცადეს. იეჰოვა ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს მათით. ჩვენ? გამოვხატავთ თუ არა ჩვენს მოწონებას იმით, რომ ვაქებთ გამოვლენილი ძალისხმევისთვის?

20. რატომ შეიძლება ითქვას, რომ კრებაში თითოეული წევრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს?

20 დაქორწინებული ხართ თუ დაუქორწინებელი? ან იქნებ მარტოხელა მშობელი ხართ? ობოლი ბიჭი ან გოგო ხართ? იქნებ ქვრივი ხართ? მრავალი წელია, რაც კრებასთან ურთიერთობა გაქვთ, თუ ახლახან დაიწყეთ იქ სიარული? დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ერთგულების მაგალითი ჩვენთვის, ყველასთვის, გამამხნევებელია. და, როდესაც სამეფოს სიმღერებს სხვებთან ერთად მღერით, როდესაც თქვენს კომენტარებს ვისმენთ ან თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დავალებას ასრულებთ, თქვენ ჩვენს სიხარულს აძლიერებთ. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყოველივე ეს იეჰოვას უხარებს გულს.

21. რის კეთების არაერთი მიზეზი გვაქვს ჩვენ, მაგრამ რა კითხვები იბადება?

21 დიახ, ამ რთულ დროშიც კი იეჰოვას, ბედნიერი ღმერთის, თაყვანისმცემლობაში შეგვიძლია სიხარულის პოვნა. ბევრი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ გამოვეხმაუროთ პავლეს მოწოდებას: „იხარეთ. . . და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (2 კორინთელთა 13:11). მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ სტიქიური უბედურება გვატყდება თავს, გვდევნიან ან საშინელ ფინანსურ სირთულეებს ვიტანთ? შესაძლებელია ამ მდგომარეობაშიც კი სიხარულის შენარჩუნება? მოდი მომდევნო სტატიიდან თვითონ გამოიტანეთ დასკვნა.

[სქოლიოები]

a იხილეთ ბიბლიური ცნობარი „Insight on the Scriptures“, ტომი II, გვერდი 119, (ინგლ.); გამოცემულია იეჰოვას მოწმეთა მიერ.

შეგიძლიათ უპასუხოთ?

• როგორ განიმარტება სიხარული?

• როგორ გვეხმარება დადებითი თვალსაზრისი სიხარულის შენარჩუნებაში?

• რა გვეხმარება ჩვენი კრების ტერიტორიის მიმართ დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნებაში?

• როგორ აფასებთ თქვენი კრების და-ძმებს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 10 გვერდზე]

ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები შეიძლება შეიცვალონ.

[სურათი 12 გვერდზე]

რა სირთულეებს აწყდებიან თქვენი კრების წევრები?