არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავეხმაროთ ქვრივებს გაჭირვებისას

როგორ დავეხმაროთ ქვრივებს გაჭირვებისას

როგორ დავეხმაროთ ქვრივებს გაჭირვებისას

ქვრივების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი რუთისა და მისი დედამთილის, ნაყომის, შესახებ ბიბლიური ცნობაა. მოხსენიებული ორივე ქალი ქვრივი იყო. მაგრამ ნაყომიმ დაკარგა არა მხოლოდ ქმარი, არამედ ორი ვაჟიც, რომელთაგან ერთ-ერთი რუთის ქმარი გახლდათ. ვინაიდან ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, სადაც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ და სადაც ბევრი რამ მამაკაცის ხელზე იყო დამოკიდებული, მათი მდგომარეობა, მართლაც რომ, ტრაგიკული იყო (რუთი 1:1—5, 20, 21).

მაგრამ ნაყომის განსაკუთრებული მეგობარი და ნუგეშისმცემელი ჰყავდა; ეს იყო მისი რძალი რუთი, რომელმაც არ მიატოვა დედამთილი. გარკვეული დროის შემდეგ რუთი ნაყომის ‘შვიდ ვაჟიშვილს ერჩია’ — არა მარტო იმიტომ, რომ რძალს ძალიან უყვარდა, არამედ იმიტომაც, რომ მას ღმერთი უყვარდა (რუთი 4:15). როდესაც დედამთილმა რძალს ურჩია, რომ თავის მოაბელ ოჯახსა და მეგობრებს დაბრუნებოდა, რუთმა ოდესმე წარმოთქმულთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთგულების გამომხატველი და გულისამაჩუყებელი სიტყვებით უპასუხა: „სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია. სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა“ (რუთი 1:16, 17).

რუთის ასეთი დამოკიდებულება იეჰოვა ღმერთისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მან ნაყომისა და რუთის პატარა ოჯახი აკურთხა; ბოლოს კი რუთი ისრაელ ბოყაზზე გათხოვდა. მათ შვილს, რომელიც იესო ქრისტეს წინაპარი იყო, ნაყომი საკუთარი შვილივით უვლიდა. ეს შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რამდენად უყვარს იეჰოვას ქვრივები, რომლებსაც მასთან ახლო ურთიერთობა აქვთ და, რომლებიც მასზე არიან მინდობილი. გარდა ამისა, ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი აფასებს მათ, ვინც სიყვარულით ეხმარება ქვრივებს გაჭირვებასთან გამკლავებაში. ამგვარად, როგორ შეგვიძლია დღეს ჩვენ შორის მყოფ ქვრივებს დავეხმაროთ? (რუთი 4:13, 16—22; ფსალმუნი 67:6).

გაუწიეთ კონკრეტული დახმარება, მაგრამ მოერიდეთ ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას

ქვრივებისთვის დახმარების აღმოჩენისას, საუკეთესოა, იყოთ კონკრეტული, მაგრამ ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე. მოერიდეთ ისეთი ზოგადი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „თუ რამე დაგჭირდა, ნუ მოგერიდება, მთხოვე“. ეს იგივე იქნებოდა, რომ გაყინულისა და მშიერისთვის გვეთქვა: „გათბი და ისაზრდოვეო“ და მის დასახმარებლად ხელი არ გაგვენძრია (იაკობი 2:16). მრავალი გაჭირვებისას ვინმეს დახმარებას კი არ სთხოვს, არამედ უსიტყვოდ იტანს თავის გასაჭირს. ასეთი ადამიანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად გამჭრიახობა და სხვისი მოთხოვნილებების შეგრძნების უნარია საჭირო. მეორე მხრივ, მეტისმეტი ინიციატივის გამოჩენას, განსაკუთრებით კი ქვრივის ცხოვრების ყველა წვრილმანში ჩარევას, შეიძლება გულის ტკენა ან კონფლიქტი მოჰყვეს. ამიტომ ბიბლია ყურადღებას ამახვილებს სხვებთან ურთიერთობაში ზომიერების აუცილებლობაზე. მაშინ როდესაც მოგვიწოდებს, რომ უანგაროდ გვაინტერესებდეს სხვების მდგომარეობა, შეგვახსენებს, რომ არ ვიყოთ აბეზარნი ანუ სხვის საქმეში ჩამრევი (ფილიპელთა 2:4; 1 პეტრე 4:15).

რუთმა ნაყომის მიმართ მსგავსი გაწონასწორებული დამოკიდებულება გამოავლინა. ის დედამთილისადმი ერთგული იყო, მაგრამ არასოდეს უცდია თავისის გატანა ან ბატონობა. მან გონივრულად გამოავლინა ინიციატივა, მაგალითად, საკვები იშოვა როგორც თავისთვის, ისე დედამთილისთვის, მაგრამ ამასთანავე ითვალისწინებდა ნაყომის რჩევებს (რუთი 2:2, 22, 23; 3:1—6).

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანს შეიძლება დახმარებაც სხვადასხვაგვარი ესაჭიროებოდეს. ადრე მოხსენიებული სანდრა აღნიშნავს: „გაჭირვების ჟამს არ მაკლდა ის, რაც ჩემთვის აუცილებელი იყო — გვერდით მყავდნენ ძვირფასი და საყვარელი მეგობრები“. ზემოთ მოხსენიებულ ელეინს კი განმარტოება სჭირდებოდა. ამიტომ დახმარების აღმოსაჩენად გამჭრიახობა და გაწონასწორებულობაა საჭირო, რათა პატივი ვცეთ სხვის უფლებას, განმარტოვდეს, და ამასთანავე ყოველთვის მზად ვიყოთ, საჭიროების შემთხვევაში, დასახმარებლად.

ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა

თბილ, სიყვარულით აღსავსე ოჯახურ ატმოსფეროს, თუ ასეთი ოჯახი აქვს, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ქვრივის იმაში დასარწმუნებლად, რომ ქალი შეძლებს მდგომარეობასთან გამკლავებას. თუმცა ოჯახის ერთ წევრს შეიძლება მეტი დახმარების აღმოჩენა შეეძლოს, ვიდრე მეორეს, ყველას შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა. „თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის“ (1 ტიმოთე 5:4).

ბევრ შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა ანუ „სამაგიეროს მიგება“ შეიძლება საჭირო არ იყოს. ზოგ ქვრივს აქვს საკმარისი დანაზოგი იმისათვის, რომ იზრუნოს საკუთარ თავზე, ზოგიც მთავრობისგან იღებს დახმარებას (ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ზრუნავს ქვრივებზე). მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრები ვალდებული არიან, დაეხმარონ მას. თუ ახლო ნათესავები არა ჰყავს ან ამ ნათესავებს არ შეუძლიათ დახმარება, ბიბლია თანაქრისტიანებს მოუწოდებს, მხარში ამოუდგნენ ქვრივს: „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში“ (იაკობი 1:27).

ამ ბიბლიური პრინციპის თანახმად მოქმედნი ნამდვილად ‘პატივს სცემენ ქვრივებს’ (1 ტიმოთე 5:3). ადამიანს, რომელსაც პატივს სცემენ, ღირსეულად ეკიდებიან, აფასებენ, უყვართ და მოკრძალებით ეპყრობიან. ის არ გრძნობს, რომ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ეხმარებიან. თუმცა რუთი გარკვეული დროის განმავლობაში თავადაც ქვრივი იყო, ნამდვილად პატივს სცემდა ნაყომის და, სიყვარულიდან გამომდინარე, მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა დედამთილის ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. რუთმა ასეთი დამოკიდებულების გამო ძალიან მალე კარგი სახელი მოიხვეჭა და მოგვიანებით მომავალმა მეუღლემ უთხრა: „მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ“ (რუთი 3:11). ამავე დროს, ნაყომის მიერ ღვთის სიყვარულმა და მისმა უპრეტენზიო ხასიათმა, აგრეთვე რუთის მიერ გამოვლენილი მცდელობისთვის გამოხატულმა დიდმა მადლიერებამ, რძალს დედამთილისთვის დახმარება სასიამოვნო საქმედ უქცია. რა კარგი მაგალითი დაუტოვა დღევანდელ ქვრივებს ნაყომიმ!

დაუახლოვდით ღმერთს

რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს არ შეუძლიათ მეუღლის სიკვდილით გამოწვეული სიცარიელის შევსება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვრივი განსაკუთრებით დაუახლოვდეს ‘მოწყალების მამასა და ყოველი ნუგეშის ღმერთს. ჩვენს ნუგეშისმცემელს ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში’ (2 კორინთელთა 1:3, 4). განვიხილოთ ღვთისმოშიში ქვრივის, ანას, მაგალითი, რომელიც იესოს შობისას 84 წლის იყო.

ქორწინებიდან მხოლოდ შვიდიოდე წლის შემდეგ ეს ქალი დაქვრივდა და ნუგეშის საპოვნელად იეჰოვას მიმართა. „არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა [ღმერთს] დღე და ღამ“ (ლუკა 2:36, 37). გამოეხმაურა იეჰოვა ანას ერთგულებას? დიახ! ღმერთმა მისადმი სიყვარული განსაკუთრებული სახით გამოავლინა — იმ ბავშვის ნახვის საშუალება მისცა, რომელიც კაცობრიობის მხსნელი იქნებოდა. როგორი აღმაფრთოვანებელი და მანუგეშებელი იყო ეს ანასთვის! ცხადია, მან საკუთარ თავზე გამოსცადა ფსალმუნის 36:4-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს“.

ღმერთი თანაქრისტიანების მეშვეობით მოქმედებს

ელეინი ამბობს: „დევიდის სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს გულმკერდში დანას მიტრიალებდნენ. ვფიქრობდი, რომ კუჭი საჭმელს აღარ ინელებდა. ერთხელ ისე ცუდად გავხდი, რომ ექიმთან მისვლა გადავწყვიტე. ერთმა გამჭრიახმა სულიერმა დამ და მეგობარმა მითხრა, რომ ამის მიზეზი შეიძლებოდა ჩემი მწუხარება ყოფილიყო და მირჩია, დახმარებისა და ნუგეშისთვის იეჰოვასთვის მიმემართა. მისი რჩევა ყურად ვიღე და მაშინვე გულში მხურვალედ ვილოცე; ღმერთს დახმარებას ვთხოვდი და ვევედრებოდი, გავემაგრებინე, რათა ჩემი გასაჭირისთვის გამეძლო. ღმერთმა ისმინა ჩემი ლოცვა!“ ელეინმა იგრძნო, რომ უფრო და უფრო უკეთესად გრძნობდა თავს; ამის შემდეგ მალე ფიზიკურმა ტკივილმაც გაუარა.

დამწუხრებული ქვრივებისთვის მეგობრულად და მთელი გულით დახმარება განსაკუთრებით კრების უხუცესებს შეუძლიათ. ტაქტიანად და გამჭრიახობით რეგულარულად სულიერი თანადგომითა თუ ნუგეშისცემით, უხუცესებს შეუძლიათ ქვრივთა მხარდაჭერა, რათა ამ უკანასკნელთ, განსაცდელების მიუხედავად, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ. აუცილებლობის შემთხვევაში ისინი მატერიალური დახმარების აღმოჩენის ორგანიზებაზეც ზრუნავენ. ასეთი თანამგრძნობი, გამჭრიახი უხუცესები ნამდვილად ხდებიან „საფარი ქარში“ (ესაია 32:2; საქმეები 6:1—3).

მუდმივი ნუგეში, რომელსაც დედამიწის ახალი მეფე მოგვცემს

ის, ვისი ნახვითაც დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ხანში შესულმა ანამ გაიხარა, ახლა ღვთის ზეციერი სამეფოს მესიანური მეფეა. ეს მთავრობა მალე აღმოფხვრის მწუხარების ყოველგვარ მიზეზს და მათ შორის სიკვდილსაც. ამასთან დაკავშირებით გამოცხადების 21:3, 4 ამბობს: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! . . ის. . . მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“. შენიშნეთ თუ არა, რომ აქ ლაპარაკია „კაცთა“ ანუ მთელი კაცობრიობის შესახებ? დიახ, ადამიანები გათავისუფლდებიან სიკვდილისგან და მის მიერ გამოწვეული ყოველგვარი გლოვისა თუ ვარამისგან.

მაგრამ არსებობს კიდევ უკეთესი ცნობა! ბიბლია იმასაც აღგვითქვამს, რომ მკვდრები აღდგებიან. „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). ლაზარესავით, რომელიც იესომ მკვდრეთით აღადგინა, ისინიც „გამოვლენ“ ადამიანებად და არა სულიერ ქმნილებებად (იოანე 11:43, 44). შემდეგ კი „კეთილის მოქმედნი“ გასრულყოფილდებიან და საკუთარ თავზე გამოცდიან იეჰოვას მამობრივ მზრუნველობას, როდესაც ის ‘აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს’ (ფსალმუნი 144:16).

ის, ვისაც საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა და მკვდრეთით აღდგომის სწამს, დიდ ნუგეშს პოვებს ამ უტყუარ იმედში (1 თესალონიკელთა 4:13). ასე რომ, თუ ქვრივი ხართ, „ილოცეთ განუწყვეტლივ“ ყოველდღიური სხვადასხვა ტვირთის სატარებლად საჭირო ნუგეშისა და დახმარებისთვის (1 თესალონიკელთა 5:17; 1 პეტრე 5:7). გამოყავით დრო იმისათვის, რომ ყოველდღიურად იკითხოთ ღვთის სიტყვა, რათა ღვთის აზრებმა განუგეშოთ. თუ ასე იქცევით, ყველა განსაცდელისა და სირთულის მიუხედავად, რომლებსაც აწყდებით როგორც ქვრივი, საკუთარ თავზე გამოსცდით, როგორ გეხმარებათ იეჰოვა სიმშვიდის პოვნაში.

[ჩანართი 5 გვერდზე]

დახმარების აღმოსაჩენად გაწონასწორებულობაა საჭირო, რათა პატივი ვცეთ სხვის უფლებას, განმარტოვდეს, და ამასთანავე ყოველთვის მზად ვიყოთ საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად.

[სურათი 7 გვერდზე]

ხანდაზმული ქვრივი ანა ღმერთმა აკურთხა.