როგორ იმოქმედა დაქვრივებამ ორ ქალზე
როგორ იმოქმედა დაქვრივებამ ორ ქალზე
სანდრა ავსტრალიაში მცხოვრები ქვრივი ქალია. რამდენიმე წლის წინათ ქმრის გარდაცვალებამ ეს ქალი შოკში ჩააგდო. „იმის გაცნობიერებამ, რომ მოულოდნელად მეუღლე და საუკეთესო მეგობარი დავკარგე, უსაზღვრო მწუხარებით ამავსო. არც კი მახსოვს საავადმყოფოდან შინ როგორ დავბრუნდი ან რას ვაკეთებდი შემდეგ დღის ბოლომდე. მომდევნო კვირების განმავლობაში შიში გამუდმებულ ფიზიკურ ტკივილში გადამეზარდა“.
სანდრას უფროსი მეგობარი, ელეინიც, დაახლოებით ექვსი წელია, რაც ქვრივია. ის კიბოთი დაავადებულ ქმარს ექვსი თვის განმავლობაში, სიკვდილამდე, უვლიდა. მისი წუხილი იმდენად დიდი იყო, რომ ქმრის სიკვდილიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ დროებით დაბრმავდა. ორი წლის მერე ხალხში გონება დაკარგა. ექიმმა ფიზიკურად დაავადების ვერავითარი ნიშანი ვერ აღმოუჩინა, მაგრამ შენიშნა, რომ ქალი დარდს გულში იკლავდა; ამიტომაც ურჩია, სახლში წასულიყო და მთელი გულით ეტირა. „საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა იმისათვის, რომ ეს ტკივილი გამნელებოდა, — აღიარებს ელეინი, და დასძენს, რომ, როდესაც მარტო რჩებოდა, ‘შევიდოდა საძინებელ ოთახში და თავს დევიდის ტანსაცმელში ჩარგავდა ხოლმე’“.
დიახ, საყვარელი მეუღლის სიკვდილმა შეიძლება სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვიოს, რადგან დაქვრივება მხოლოდ საყვარელი ქმრის გარეშე დარჩენა როდია. მაგალითად, სანდრას გარკვეული დროის განმავლობაში ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ საკუთარი მე, საკუთარი პიროვნულობა დაკარგა. სხვა მრავალი ქვრივივით ისიც გრძნობდა, რომ ადვილად ღიზიანდებოდა ხოლმე და თავს დაუცველად გრძნობდა. სანდრა იხსენებს: „მიჩვეული ვიყავი, რომ ადრე ყველაფერში საბოლოო გადაწყვეტილებას მეუღლე იღებდა, დაქვრივების შემდეგ კი მოულოდნელად მარტო აღმოვჩნდი ამ გადაწყვეტილებების პირისპირ. ნორმალურად ვეღარ ვიძინებდი. ძალიან დაღლილი და ქანცგაწყვეტილი ვიყავი. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა“.
ის, რაც სანდრასა და ელეინს შეემთხვათ, მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება. ავადმყოფობა, უბედური შემთხვევები, ომები, ეთნიკური წმენდა და ძალადობა, საერთო ჯამში, დიდად უწყობს ხელს ქვრივთა რაოდენობის ზრდას a. ამ ქალებიდან მრავალი საკუთარ ტკივილს უსიტყვოდ ატარებს გულში და არ იცის, რა ქნას. რის გაკეთება შეუძლიათ მეგობრებსა და ნათესავებს ქვრივებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად? მომდევნო სტატიაში მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებმაც შეიძლება ამ საკითხში კარგი სამსახური გაგიწიოთ.
[სქოლიოები]
a ბევრი სხვა ქალიც ქვრივის მდგომარეობაშია, რადგან ქმრებმა მიატოვეს ისინი. თუმცა, განცალკევებით ცხოვრება ან განქორწინება თავისებურ სირთულეებს იწვევს, მომდევნო სტატიაში მოცემული რამდენიმე პრინციპის გამოყენება შეიძლება ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალებისთვისაც იყოს სასარგებლო.