არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეინარჩუნეთ სიხარული იეჰოვასთვის მსახურებაში

შეინარჩუნეთ სიხარული იეჰოვასთვის მსახურებაში

შეინარჩუნეთ სიხარული იეჰოვასთვის მსახურებაში

„მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ“ (ფილიპელთა 4:4).

1, 2. ერთმა ძმამ და მისი ოჯახის წევრებმა როგორ შეძლეს სიხარულის შენარჩუნება მიუხედავად იმისა, რომ დაკარგეს მთელი ქონება?

 სიერა-ლეონელი ქრისტიანი, 70 წლის ჯეიმზი, მთელი ცხოვრება მძიმედ შრომობდა. წარმოიდგინეთ მისი სიხარული, როდესაც, საბოლოოდ, მოაგროვა საკმარისი თანხა და ერთი პატარა ოთხოთახიანი სახლი იყიდა! მაგრამ გავიდა გარკვეული დრო მას შემდეგ, რაც ჯეიმზი და მისი ოჯახი ამ სახლში გადავიდნენ და დაიწყო სამოქალაქო ომი; მათი სახლი ფერფლად აქციეს. მათ დაკარგეს სახლი, მაგრამ არა სიხარული. რატომ?

2 ჯეიმზისა და მისი ოჯახის წევრების გონება კონცენტრირებული იყო არა იმაზე, რაც დაკარგეს, არამედ იმაზე, რაც ჯერ კიდევ შერჩათ. ჯეიმზი ამბობს: „იმ საშინელ პერიოდშიც კი ვმართავდით კრების შეხვედრებს, ვკითხულობდით ბიბლიას, ერთად ვლოცულობდით და იმ მცირეოდენს, რაც გვქონდა, სხვებსაც ვუზიარებდით. სიხარულის შენარჩუნება იმან შეგვაძლებინა, რომ მთელი ყურადღება იეჰოვასთან ჩვენს შესანიშნავ ურთირეთობაზე გვქონდა გადატანილი“. თავიანთი კურთხევების გახსენებით, რომელთა შორის უდიდესი იეჰოვასთან ახლო პირადი ურთიერთობაა, ამ ერთგულმა ქრისტიანებმა შეძლეს ‘სიხარულის’ შენარჩუნება (2 კორინთელთა 13:11). რა თქმა უნდა, ამ სავალალო მდგომარეობის ატანა ადვილი არ იყო, მაგრამ ისინი კვლავაც ხარობდნენ იეჰოვაში.

3. როგორ შეინარჩუნა ზოგმა ადრინდელმა ქრისტიანმა სიხარული?

3 ადრინდელი ქრისტიანებიც აწყდებოდნენ ისეთსავე მულოდნელ განსაცდელებს, როგორიც ჯეიმზსა და მის ოჯახს შეემთხვა. მაგრამ მოციქული პავლე ებრაელ ქრისტიანებს სწერდა: „თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით“. შემდეგ კი პავლემ განმარტა, თუ რა იყო მათი სიხარულის მიზეზი: „იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი საუნჯე“ (ებრაელთა 10:34). დიახ, პირველი საუკუნის ქრისტიანებს ურყევი იმედი ჰქონდათ. ისინი დაჯერებით მოელოდნენ იმის მიღებას, რასაც ვერავინ დაიტაცებდა; ეს იყო ღვთის ზეციერ სამეფოში ‘სიცოცხლის უჭკნობი გვირგვინი’ (გამოცხადება 2:10). დღეს ჩვენი ქრისტიანული იმედი — იქნება ეს ზეცაში ცხოვრების თუ დედამიწაზე — გვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში მაშინაც კი, როდესაც გაჭირვებაში ვცვივით.

„იხარეთ იმედში“

4, 5. ა) რატომ იყო პავლეს რჩევა, ‘ეხარათ იმედში’, ასე დროული რომაელებისთვის? ბ) რამ შეიძლება ქრისტიანს მხედველობის არიდან დააკარგვინოს თავისი იმედი?

4 მოციქული პავლე რომაელ თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, ‘ეხარათ’ მარადიულად ცხოვრების „იმედში“ (რომაელთა 12:12). ეს დროული რჩევა იყო რომაელებისთვის. პავლესგან წერილის მიღებიდან ათიოდე წლის შემდეგ ისინი სასტიკი დევნის მსხვერპლი გახდნენ და იმპერატორ ნერონის ბრძანებით ზოგს წამებითაც კი კლავდნენ. ეს სატანჯველი, რა თქმა უნდა, ამ ქრისტიანებს თავიანთმა რწმენამ გადაატანინა, რწმენამ იმისადმი, რომ ღმერთი მისცემდა მათ აღთქმულ სიცოცხლის გვირგვინს. რა შეიძლება ითქვას დღეს ჩვენზე?

5 როგორც ქრისტიანები, ჩვენც უნდა მოველოდეთ დევნას (2 ტიმოთე 3:12). გარდა ამისა, გვესმის, რომ „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11). უბედურმა შემთხვევამ შეიძლება ჩვენთვის საყვარელი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. სასიკვდილო დაავადებამ შეიძლება მშობელი ან ახლო მეგობარი მოგვიკლას. თუ სამეფოს იმედს გამუდმებით მთელ ყურადღებას არ ვაპყრობთ, შეიძლება ასეთმა უბედურებებმა ჩვენს სულიერობას საფრთხე შეუქმნას. ამიტომ კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: ‘ვხარობ იმედში’? რამდენად ხშირად ვფიქრობ ამ იმედზე? არის მომავალი სამოთხე ჩემთვის რეალური? წარმომიდგენია საკუთარი თავი იქ? თანამედროვე სისტემის აღსასრულს ისევე მოწადინებით ველოდები, როგორც ჭეშმარიტების პირველად გაგებისას? ამ უკანასკნელ კითხვაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. რატომ? იმიტომ რომ, თუ კარგი ჯანმრთელობა გვაქვს, ცხოვრებაში კომფორტი არ გვაკლია და მსოფლიოს იმ ნაწილში ვცხოვრობთ, სადაც მეტ-ნაკლებად მშვიდობაა, არ არის საკვების უკმარისობა ან არ ხდება სტიქიური უბედურებები, ადვილად შეიძლება — სულ მცირე, ამ მომენტისთვის მაინც — დავკარგოთ ღვთის მომავალი ახალი ქვეყნიერების უკიდურესი საჭიროების გრძნობა.

6. ა) გასაჭირში ჩავარდნისას რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას პავლე და სილა? ბ) როგორ შეგვიძლია დღეს პავლესა და სილას მაგალითით გავმხნევდეთ?

6 პავლე შემდეგ რომაელებს ურჩევდა, ‘მომთმენნი ყოფილიყვნენ გასაჭირში’ (რომაელთა 12:12). მოციქულისთვის გასაჭირი უცხო არ იყო. ერთხელ ხილვაში მან ნახა მამაკაცი, რომელმაც ‘მაკედონიაში მისვლა’ სთხოვა, რათა იქაური ხალხისთვის იეჰოვას შესახებ ესწავლებინა (საქმეები 16:9). ამ თხოვნის საპასუხოდ პავლე, ლუკა, სილა და ტიმოთე ევროპაში გაემგზავრნენ. რა დახვდათ იქ ამ ენთუზიაზმით აღსავსე მისიონერებს? გასაჭირი! მაკედონიის ქალაქ ფილიპეში ქადაგების შემდეგ პავლე და სილა გაშოლტეს და ციხეში ჩაყარეს. ცხადია, ფილიპეს ზოგი მოქალაქე, უბრალოდ, გულგრილი კი არ იყო სამეფოს შესახებ ცნობის მიმართ, არამედ — სასტიკი მოწინააღმდეგე. გაუქრო თუ არა სიხარული მოვლენების ასე შემობრუნებამ ამ ენთუზიაზმით აღსავსე მისიონერებს? არა. მას შემდეგ, რაც სცემეს და ციხეში ჩაყარეს, „შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს “ (საქმეები 16:25, 26). რა თქმა უნდა, ცემას და ამ ცემით მიყენებულ ტკივილს პავლესა და სილასთვის არავითარი სიხარული არ მოუგვრია, მაგრამ ეს ორი მისიონერი იმ დროს ამაზე არ ამახვილებდა ყურადღებას. მათი აზრები იეჰოვას დასტრიალებდა და ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ აკურთხა ღმერთმა ისინი. ‘გასაჭირის მოთმინებითა’ და სიხარულით ატანით პავლემ და სილამ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს როგორც ფილიპელ, ისე სხვაგან მყოფ ძმებს.

7. რატომ უნდა ჩავრთოთ ჩვენს ლოცვებში მადლიერების სიტყვები?

7 პავლე წერდა: ‘იყავით ლოცვაში მდგრადნი’ (რომაელთა 12:12). ლოცულობთ თუ არა, როდესაც რაღაც ძალიან გაწუხებთ? რაზე ლოცულობთ? ალბათ, ლოცვაში მოიხსენიებთ კონკრეტულ პრობლემას და იეჰოვას დახმარებას სთხოვთ, მაგრამ შეგიძლიათ მადლიერების სიტყვებიც ჩართოთ იმ კურთხევებისთვის, რომლებიც დღესდღეობით გაქვთ. პრობლემების წამოჭრისას იეჰოვას მიერ ჩვენ მიმართ გამოვლენილ სიკეთეზე დაფიქრება დაგვეხმარება, ‘ვიხაროთ იმედში’. დავითი, რომლის ცხოვრებაც უღრუბლო სულაც არ ყოფილა, წერდა: „ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ — ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად“ (ფსალმუნი 39:6). თუ, დავითის მსგავსად, ჩვენც რეგულარულად ვიფიქრებთ იმ კურთხევებზე, რომლებსაც იეჰოვასგან ვიღებთ, შეუძლებელი იქნება, არ ვიხაროთ.

შეინარჩუნეთ დადებითი განწყობილება

8. რა ეხმარება ქრისტიანს დევნის დროს ბედნიერების შენარჩუნებაში?

8 იესო თავის მიმდევრებს სხვადასხვა განსაცდელისას დადებითი განწყობილების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ის ამბობს: «ნეტარ [„ბედნიერები“, აქ] ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო» (მათე 5:11). ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას რა საფუძველი გვაქვს ბედნიერებისთვის? ის ფაქტი, რომ წინააღმდეგობას ვუძლებთ, ადასტურებს იეჰოვას სულის ჩვენზე მოქმედებას. მოციქული პეტრე თანაქრისტიანებს სწერდა: „თუ გაგლანძღავენ ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღვთისა თქვენზე ივანებს“ (1 პეტრე 4:13, 14). თავისი სულის საშუალებით იეჰოვა განსაცდელის ატანაშიც და, შედეგად, სიხარულის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.

9. რა დაეხმარა რწმენის გამო დაპატიმრებულ ზოგ ძმას სიხარულისთვის საფუძვლის პოვნაში?

9 მაშინაც კი, როდესაც უსაშინელეს მდგომარეობაში ვართ, შეგვიძლია სიხარულისთვის მიზეზების პოვნა. ქრისტიანმა ადოლფმა შეძლო ეს. ის ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში აკრძალული იყო. ადოლფსა და მის რამდენიმე მეგობარს ბიბლიაზე დაფუძნებული თავიანთი რწმენის უარყოფაზე უარის თქმის გამო დიდი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში ცხოვრება ადვილი არ იყო, მაგრამ, პავლესა და სილას მსგავსად, ადოლფი და მისი მეგობრებიც პოულობდნენ საფუძველს იმისათვის, რომ ღვთისთვის მადლობა შეეწირათ. როგორც თავად შენიშნეს, ციხეში გატარებული წლები მათ რწმენის გაძლიერებასა და ისეთი შესანიშნავი ქრისტიანული თვისებების განვითარებაში დაეხმარა, როგორიცაა: ხელგაშლილობა, თანაგრძნობა და ძმური სიყვარული. მაგალითად, როდესაც ვინმე სახლიდან ამანათს მიიღებდა, ყველაფერს, რაც შიგ იდო, თანამორწმუნეებს უნაწილებდა; ეს თანამორწმუნეები კი ამას იეჰოვასგან, ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის’ უდიდესი გამცემისგან მიღებულად მიიჩნევდნენ. სიკეთის ასეთი გამოვლენა ახარებდა როგორც გამცემს, ისე მიმღებს. ასე რომ, ამ შემთხვევამაც, რომელსაც თითქოს მათი რწმენა უნდა შეესუსტებინა, სინამდვილეში ისინი სულიერად გააძლიერა (იაკობი 1:17; საქმეები 20:35).

10, 11. როგორ გაართვა თავი ერთმა დამ გაუთავებელ დაკითხვებსა და დიდი ხნით პატიმრობას?

10 ელა, რომელიც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც სამეფო საქმიანობა დიდხანს იყო აკრძალული, ქრისტიანული იმედის სხვებისთვის გაზიარების გამო დააპატიმრეს. დაახლოებით რვა თვის განმავლობაში გამუდმებით დაკითხვებს უწყობდნენ. ბოლოს, როდესაც სასამართლო შედგა, ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს და ისეთ ციხეში ჩასვეს, სადაც მის გარდა იეჰოვას თაყვანისმცემელი სხვა არავინ იყო. ელა მაშინ მხოლოდ 24 წლის გახლდათ.

11 რა თქმა უნდა, ის არ ოცნებობდა იმაზე, რომ თავისი ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი ციხის საკანში გაეტარებინა. მაგრამ, რადგან მდგომარეობის შეცვლა არ შეეძლო, გადაწყვიტა, თავისი დამოკიდებულება შეეცვალა. ამიტომ ციხეს უკვე ისე უყურებდა, როგორც თავის სამქადაგებლო უბანს. „აქ იმდენი იყო საქადაგებელი, — ამბობს ის, — რომ წლები ძალიან მალე გავიდა“. მას შემდეგ, რაც ხუთმა წელმა განვლო, კვლავ დაიწყო ელას დაკითხვები. დამკითხველმა, როდესაც დაინახა, რომ ციხის ურდულებმა მისი რწმენა ვერ შეარყია, უთხრა: „ჩვენ ვერ გაგათავისუფლებთ, რადგან შენ არ შეცვლილხარ“. „მე შევიცვალე! — მტკიცედ უპასუხა ელამ. — შინაგანად ახლა უფრო მხნედ ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც ციხეში ჩამსვით და ჩემი რწმენა ახლა ბევრად უფრო ძლიერია! “. შემდეგ კი დასძინა: „თუ ჩემი გათავისუფლება არ გსურთ, მე დავრჩები მანამ, სანამ იეჰოვა ჩათვლის საჭიროდ ამას“. ხუთნახევარი წლის პატიმრობამ ელას სიხარული ვერ დააკარგვინა! მან ისწავლა, ყოფილიყო კმაყოფილი ნებისმიერი მდგომარეობით, რომელშიც აღმოჩნდებოდა. პირადად თქვენ, შეგიძლიათ რამეს სწავლა მისი მაგალითიდან? (ებრაელთა 13:5).

12. რას მოაქვს შინაგანი სიმშვიდე ქრისტიანისთვის, რომელიც რთულ მდგომარეობაში იმყოფება?

12 ნუ დაასკვნით, რომ ელას ასეთი სირთულის ასატანად საჭირო განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, რომელმაც ასეთი სირთულის ატანა შეაძლებინა. როდესაც ლაპარაკობდა დაკითხვების პერიოდზე, რომელიც განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ელამ აღიარა: „მახსოვს როგორ მიკაწკაწებდა კბილები და როგორ ვგრძნობდი თავს შეშინებული ბეღურასავით“. მაგრამ ელას იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა ჰქონდა. მან ისწავლა ღმერთზე მინდობა (იგავნი 3:5—7). შედეგად, მისთვის ღმერთი ადრინდელთან შედარებით უფრო რეალური გახდა. ელა ამბობს: „ყოველთვის, როდესაც დასაკითხად მიწვევდნენ, ვგრძნობდი, რომ შინაგანი სიმშვიდე მეუფლებოდა. . . რაც უფრო მძიმე იყო მდგომარეობა, მით უფრო ძლიერდებოდა შინაგანი სიმშვიდე“. ეს სიმშვიდე კი იეჰოვასგან მომდინარეობდა. მოციქული პავლე ამბობს: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7).

13. რა გვარწმუნებს იმაში, რომ, თუ გაჭირვებაში ჩავცვივდებით, მის ასატანად ძალა გვექნება?

13 ელას, რომელიც შემდეგ გაათავისუფლეს, სირთულეების მიუხედავად, სიხარული არ დაუკარგავს. ეს არ მომხდარა მისი საკუთარი ძალით, არამედ — იმ ძალით, რომელიც იეჰოვამ მისცა. იმავეს თქმა შეიძლება მოციქულ პავლეზეც, რომელიც წერდა: „ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. . . ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:9, 10).

14. მოიყვანეთ იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქრისტიანმა დადებითი კუთხით შეხედოს რთულ მდგომარეობას და რა შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს.

14 აქ განხილული სირთულეები შეიძლება რაღაცით განსხვავდებოდეს იმათგან, რომლებსაც თქვენ დღეს აწყდებით. მაგრამ როგორ სირთულეებსაც უნდა ვაწყდებოდეთ, მათთან გამკლავება ძნელია. მაგალითად, თქვენი დამსაქმებელი შეიძლება ძალიან კრიტიკულად გიდგებოდეთ, შეიძლება პირადად თქვენ მიმართ ბევრად უფრო კრიტიკული იყოს, ვიდრე სხვა რელიგიის აღმსარებელთა მიმართ. შესაძლებელია, სხვა სამუშაოს პოვნა შეუძლებელი იყოს. როგორ შეინარჩუნებდით ამ მდგომარეობაში სიხარულს? გაიხსენეთ ადოლფი და მისი მეგობრები, რომლებსაც ციხეში ყოფნამ მნიშვნელოვანი თვისებები შეაძენინა. თუ მთელი გულით ეცდებით დამსაქმებლის დაკმაყოფილებას, მაშინაც კი, თუ ის არის ადამიანი, ვისაც „ძნელია ასიამოვნო“ — ისეთ ქრისტიანულ თვისებებს განივითარებთ, როგორიცაა მოთმინება და სულგრძელობა (1 პეტრე 2:18, აქ). გარდა ამისა, გახდებით ბევრად ძვირფასი მუშაკი, რამაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შეგიქმნათ იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს უფრო დამაკმაყოფილებელი სამუშაო იშოვოთ. ახლა კი განვიხილოთ სხვა გზები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია სიხარულის შენარჩუნება იეჰოვასთვის მსახურებაში.

ცხოვრების გამარტივებას სიხარული მოაქვს

15—17. როგორც ერთმა წყვილმა გაიგო, რას შეეძლო მათი დაძაბული ცხოვრების შემსუბუქება, თუმცა ამ დაძაბულობის გამომწვევი მიზეზის ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელი იყო?

15 შეიძლება დიდი არჩევანი არ გქონდეთ იმ მხრივ, თუ როგორი სამუშაო შეასრულოთ ან სად იმუშაოთ, მაგრამ არსებობს თქვენი ცხოვრების სხვა მხარეები, რომელთა მართვაც, ასე თუ ისე, შეგიძლიათ. განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა.

16 ერთმა ქრისტიანმა წყვილმა უხუცესი ვახშმად დაპატიჟა. იმ საღამოს ცოლ-ქმარმა უხუცესს გაუზიარა, რომ ბოლო დროს თავს ცხოვრებისეული სირთულეებით გათელილად გრძნობდნენ. რადგან ორივე სრულ განაკვეთზე მუშაობდა და სამუშაოს ძალზე ბევრი დრო და ენერგია მიჰქონდა, მათ არ შეეძლოთ სხვა სამუშაო მოეძებნათ. ცოლ-ქმარს დიდ საგონებელში აგდებდა ის, თუ რამდენ ხანს შეძლებდნენ ამ მდგომარეობაში ყოფნას.

17 როდესაც უხუცესს რჩევა სთხოვეს, მან უთხრა: „გაიმარტივეთ ცხოვრება. როგორ? ცოლ-ქმარი სამუშაოზე მისვლა-მოსვლას ყოველდღიურად 3 საათს ანდომებდა. უხუცესმა, რომელიც მათ კარგად იცნობდა, ურჩია, რომ ეფიქრათ საცხოვრებლად თავიანთ სამუშაოსთან შედარებით ახლოს გადასვლაზე, რათა დაეზოგათ დრო, რომელსაც ყოველდღიურად გზაში ხარჯავდნენ. ამგვარად შესძლებდნენ, გამოთავისუფლებული დრო რაიმე სხვა მნიშვნელოვანი საქმისთვის ან, უბრალოდ, დასვენებისთვის გამოეყენებინათ. თუ ცხოვრებისეული სირთულეები, გარკვეულწილად, სიხარულს გართმევთ, რატომ არ უნდა დაფიქრებულიყავით და გაგეგოთ, მდგომარეობის შესამსუბუქებლად რაიმე ცვლილების მოხდენა ხომ არ შეგეძლოთ?

18. რატომ არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფრის გულმოდგინედ აწონ-დაწონა?

18 გადაწყვეტილების მიღებამდე გულმოდგინედ დაფიქრება სირთულეების შესამცირებელი კიდევ ერთი საშუალებაა. მაგალითად, ერთმა ქრისტიანმა სახლის აშენება გადაწყვიტა. სამუშაოდ ძალიან რთული პროექტი აირჩია, თუმცა ადრე სახლი არასოდეს აუშენებია. შემდეგ ის მიხვდა, რომ ზედმეტ პრობლემებს აიცილებდა, თუ ‘საკუთარ ნაბიჯებს დაუკვირდებოდა’ მანამ, სანამ სახლის პროექტს შეარჩევდა (იგავნი 14:15). სხვა ქრისტიანი კი თანაქრისტიანს ფულის სესხებისას თავდებად დაუდგა. მოლაპარაკების თანახმად, თუ მოვალე სესხის გადახდას ვერ შეძლებდა, თავდებს უნდა გადაეხადა ეს თანხა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვალემ ვერ შეძლო სიტყვის შესრულება. მევალე აფორიაქდა და თავდებს სესხის ერთბაშად გადახდა მოსთხოვა, რამაც ეს უკანასკნელი დიდ გასაჭირში ჩააგდო. განა არ შეიძლებოდა ამ პრობლემის თავიდან არიდება, თუ თავდები სესხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებამდე გულმოდგინედ აწონ-დაწონიდა ყველაფერს? (იგავნი 17:18).

19. რა და რა გზებით შეგვიძლია ცხოვრებისეული სირთულეების შემცირება?

19 მოდი, როდესაც დავიღლებით, არასოდეს დავასკვნათ, რომ შევძლებთ სირთულეების შემცირებას და სიხარულის განახლებას, თუ მოვუკლებთ ბიბლიის შესწავლას, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობასა და კრების შეხვედრებზე დასწრებას. მოდი ნუ გავაკეთებთ ამას, რადგან მათი საშუალებით ვიღებთ იეჰოვას სულიწმიდას, რომლის ერთ-ერთი ნაყოფი სიხარულია (გალატელთა 5:22). ქრისტიანული მსახურება ყოველთვის ძალების შემმატებელია და, ჩვეულებრივ, მეტისმეტად მომქანცველი არ არის (მათე 11:28—30). უფრო სავარაუდოა, რომ ყოველდღიური სხვა საქმიანობები და გასართობი ღონისძიებები, და არა სულიერი საქმეები, გვღლის. დროულად დაძინებამ შეიძლება ძალები აღგვიდგინოს. დამატებითმა დასვენებამ შეიძლება დიდი სარგებლობა მოგვიტანოს. ნეითან ნორი, რომელიც სიკვდილამდე იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყო, მისიონერებს ეუბნებოდა ხოლმე: „როდესაც რაღაცაზე გული გიტყდებათ, პირველ რიგში, ცოტა დაისვენეთ. გაოცდებით, თუ რამდენად უფრო ადვილად გადასაჭრელი მოგეჩვენებათ თითქმის ნებისმიერი პრობლება ღამით კარგად გამოძინების შემდეგ! “.

20. ა) მოკლედ შეაჯამეთ ის საშუალებები, რომელთა დახმარებითაც სიხარულის შენარჩუნებას შევძლებთ. ბ) რა მიზეზებზე შეგიძლიათ იფიქროთ სიხარულის შესანარჩუნებლად? (იხილეთ ჩარჩო მე-17 გვერდზე).

20 ქრისტიანებს აქვთ პატივი, ემსახურონ „ბედნიერ ღმერთს“ (1 ტიმოთე 1:11, აქ). როგორც დავინახეთ, სიხარულის შენარჩუნება მაშინაც კი შეგვიძლია, როდესაც სერიოზული პრობლემების ალყაში ვართ მოქცეული. მოდი ყოველთვის თვალწინ გვედგას სამეფოს იმედი, აუცილებლობის შემთხვევაში გამოვისწოროთ თვალსაზრისი და გავიმარტივოთ ცხოვრება. მაშინ, რა მდგომარეობაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, გამოვეხმაურებით პავლეს სიტყვებს: „მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ“ (ფილიპელთა 4:4).

დაკვირვებით უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

• რატომ უნდა ჰქონდეს ქრისტიანს ყოველთვის ნათლად თვალწინ სამეფოს იმედი?

• რთულ სიტუაციებში რა დაგვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში?

• რატომ უნდა ვეცადოთ ცხოვრების გამარტივებას?

• როგორ გაიმარტივა ზოგმა ცხოვრება?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

დამატებითი მიზეზები, რომლებიც სიხარულის საფუძველს გვაძლევს:

როგორც ქრისტიანებს, ჩვენ სიხარულისთვის მრავალი მიზეზი გვაქვს. განვიხილოთ შემდეგი:

1. ჩვენ ვიცნობთ იეჰოვას.

2. ვისწავლეთ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება.

3. ცოდვები მოგვეტევება, რადგან იესოს მსხვერპლისადმი რწმენას ვავლენთ.

4. ღვთის სამეფო მმართველობს — ახალი ქვეყნიერება მალე რეალობა გახდება!

5. იეჰოვამ სულიერ სამოთხეში მოგვიყვანა.

6. გვაქვს ჯანსაღი ქრისტიანული ურთიერთობები.

7. გვაქვს სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის უპირატესობა.

8. ცოცხლები და მეტ-ნაკლებად ჯანმრთელებიც ვართ.

სიხარულის კიდევ რამდენი სხვა მიზეზის ჩამოთვლა შეგეძლოთ?

[სურათი 13 გვერდზე]

პავლე და სილა ციხეშიც კი არ კარგავდნენ სიხარულს.

[სურათები 15 გვერდზე]

ყურადღებას ამახვილებთ ღვთის ახალი ქვეყნიერების სიხარულის მომგვრელ იმედზე?