არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეუძლია სპირიტიზმს ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების ნამდვილად დაკმაყოფილება?

შეუძლია სპირიტიზმს ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების ნამდვილად დაკმაყოფილება?

შეუძლია სპირიტიზმს ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების ნამდვილად დაკმაყოფილება?

თითოეულ ჩვენგანს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური მოთხოვნილებები აქვს. აი, რატომ სვამს ამდენი ადამიანი ასეთ შეკითხვებს: რა არის სიცოცხლის აზრი, რატომ იტანჯებიან ადამიანები და რა ხდება სიკვდილის შემდეგ? მრავალი გულწრფელი ადამიანი ეძებს ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხს სეანსების საშუალებით, რითაც ისინი მედიუმებისგან იღებენ რჩევას, იმ იმედით, რომ გარდაცვლილთა სულებთან დაამყარონ კავშირი. ამას სპირიტიზმი ჰქვია.

სპირიტიზმის მიმდევრები ბევრ ქვეყანაში არიან და კრებებსა და ეკლესიებში იყრიან თავს. მაგალითად, ბრაზილიაში სპირიტიზმის დაახლოებით 4 000 000 მიმდევარი იპოლიტე ლაონ დენიზარ რევეალის, ალან კარდეკის ფსევდონიმით ცნობილ XIX საუკუნის ფრანგი სწავლულისა და ფილოსოფოსის, სწავლებებს მიჰყვება. კარდეკი სპირიტიზმით 1854 წელს დაინტერესდა. მოგვიანებით მან მრავალი შეკითხვა დაუსვა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მედიუმებს და პასუხები 1857 წელს გამოცემულ თავის წიგნში გამოაქვეყნა („The Book of Spirits“). სხვა ორი ნაშრომი, რომლებიც მან გამოსცა, არის „მედიუმების წიგნი“ და „სახარება სპირიტიზმის თანახმად“.

სპირიტიზმი დაკავშირებული იყო ისეთ რელიგიურ ჩვეულებასთან, როგორიცაა, ჯადოქრობა, მკითხაობა, მაგია თუ სატანიზმი. მაგრამ ალან კარდეკის სწავლებების მიმდევრები, აცხადებენ, რომ მათი რწმენა სხვაგვარია. მათი პუბლიკაციები ხშირად ციტირებენ ბიბლიიდან და მათში მოხსენიებულია იესო, როგორც „მთელი კაცობრიობის წინამძღოლი და მაგალითი“. ისინი ამბობენ, რომ იესოს სწავლებები არის „ღვთის რჯულის წმინდა გამოხატულება“. ალან კარდეკის აზრით სპირიტული წერილები კაცობრიობისათვის ღვთის რჯულის მესამე გამოცხადება იყო. ხოლო პირველი ორი გამოცხადება კი მოსეს და იესოს სწავლებები იყო.

სპირიტიზმი ბევრს იზიდავს, რადგან მხარს უჭერს მოყვასის სიყვარულსა და საქველმოქმედო საქმეებს. სპირიტიზმის მრწამსის ერთ-ერთი ფორმულირება ასეთია: „ქველმოქმედების გარეშე გადარჩენა არ არსებობს“. სპირიტიზმის ბევრი მიმდევარი აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ხელს უწყობენ საავადმყოფოების, სკოლებისა და სხვა ინსტიტუტების დაარსებას. ასეთი ძალისხმევა მოსაწონია. მაგრამ რამდენად შეესაბამება სპირიტიზმის მიმდევართა რწმენა იესოს სწავლებებს, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი? მოდი განვიხილოთ ორი მაგალითი: რა იმედი არსებობს მიცვალებულთათვის და რა არის ტანჯვის მიზეზი.

რა იმედი არსებობს მიცვალებულთათვის?

სპირიტიზმის ბევრ მიმდევარს გარდასახვა სწამს. ერთ სპირიტულ პუბლიკაციაში ნათქვამია: „გარდასახვა არის ის ერთადერთი სწავლება, რომელიც აკმაყოფილებს ღვთის სამართლიანობის შესახებ ჩვენს წარმოდგენას; ის ერთადერთი სწავლებაა, რომელსაც შეუძლია დაგვანახვოს მომავალი და იმედი გაგვიძლიეროს“. სპირიტიზმის მიმდევრები ამბობენ, რომ სიკვდილისას სული ანუ „გარდასახული სული“ სხეულს ისე ტოვებს, როგორც პეპელა — ჭუპრს. მათ სწამთ, რომ მოგვიანებით გარდაისახებიან ადამიანებად იმისათვის, რომ წინა ცხოვრებაში ადრე ჩადენილი ცოდვებისგან განიწმინდონ. მაგრამ ამ ადრინდელ ცოდვებს აღარავინ გაუხსენებთ. „ღმერთმა მართებულად მიიჩნია, რომ წარსულში ჩადენილი ცოდვა დავიწყებული ყოფილიყო“, — ნათქვამია ნაშრომში „სახარება სპირიტიზმის თანახმად“.

„გარდასახვის უარყოფა იესოს სიტყვების უარყოფის ტოლფასია,“ — დაწერა ალან კარდეკმა. მაგრამ იესოს არასდროს წარმოუთქვამს სიტყვა „გარდასახვა“ და არც კი უხსენებია ასეთი რამ (იხილეთ ჩარჩო „ასწავლის ბიბლია გარდასახვას?“ 22-ე გვერდზე). ამის ნაცვლად, იესო მკვდრების აღდგენის შესახებ ასწავლიდა. დედამიწაზე ცხოვრების დროს მან აღადგინა სამი ადამიანი  — ნაინელი ქვრივის ვაჟიშვილი, სინაგოგის უფროსის გოგონა და თავისი ახლო მეგობარი ლაზარე (მარკოზი 5:22—24, 35—43; ლუკა 7:11—15; იოანე 11:1—44). განვიხილოთ ამ საოცარი მოვლენებიდან ერთ-ერთი და ვნახოთ, თუ რას გულისხმობდა იესო „აღდგენით“.

ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა

იესომ შეიტყო რომ მისი მეგობარი ლაზარე ავად იყო. ორი დღის შემდეგ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ლაზარემ, ჩემმა მეგობარმა დაიძინა. მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. მოწაფეები ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა იესო ამ სიტყვებში; ამიტომ იესომ განუმარტა: „ლაზარე მოკვდა“. ბოლოს, როდესაც იესო ლაზარეს სამარხთან მივიდა, ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო. მიუხედავად ამისა, იესომ ბრძანა, სამარხის შესასვლელიდან ლოდი, რომელიც მჭიდროდ ქოლავდა შესასვლელს, გადაეგორებინათ და დიდი ხმით დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“. ამის შემდეგ საოცრება მოხდა. «გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. უთხრა მათ იესომ: „გახსენით, გაუშვით, იაროს“» (იოანე 11:5, 6, 11—14, 43, 44).

ნათელია, რომ ეს გარდასახვა არ იყო. იესომ თქვა, რომ მიცვალებულ ლაზარეს ეძინა, ანუ უგრძნობ მდგომარეობაში იყო. როგორც ბიბლია ხსნის ამ მდგომარეობას: ‘მისი ფიქრები გაქრა’. მან ‘არაფერი იცოდა’ (ფსალმუნი 145:4; ეკლესიასტე 9:5). იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე არ იყო გარდასახული სულის მქონე სხვა პიროვნება. ის იმავე თვისებებისა და მეხსიერების მქონე იმავე ასაკის ადამიანი იყო. მან სიცოცხლე განაგრძო იქიდან, საიდანაც უდროოდ შეწყვიტა, და დაუბრუნდა თავის საყვარელ ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის გამო გლოვობდნენ (იოანე 12:1, 2).

მოგვიანებით ლაზარე კვლავ გარდაიცვალა. მაშ, რა მიზანს ემსახურებოდა მისი აღდგენა? ეს აღდგენა, იესოს მიერ სხვა მიცვალებულების აღდგენასთან ერთად, აძლიერებს ღვთის დანაპირებისადმი ჩვენს ნდობას, მისი ერთგული მსახურები მის მიერ დანიშნულ დროს მკვდრეთით აღდგებიან. იესოს სასწაულები უფრო დამაჯერებელს ხდის მის სიტყვებს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანე 11:25).

მომავალში მკვდრეთით აღდგომის შესახებ, იესომ თქვა: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი — სამსჯავროს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29). როგორც ლაზარეს შემთხვევაში, ისევე იქნება ხალხის მკვდრეთით აღდგომა. ეს არ იქნება გრძნობის ან გონის მქონე სულების შეერთება აღმდგარ სხეულებთან, რომლებიც გაიხრწნენ და შეიძლება სხვა ცოცხალი ორგანიზმების ნაწილიც კი გახდნენ. მკვდრების აღდგენის უნარი შესწევს ცისა და დედამიწის შემოქმედს, რომელიც უსაზღვრო სიბრძნესა და ძალას ფლობს.

განა მკვდრეთით აღდგომის მოძღვრებით, როგორც იესო ასწავლიდა, არ ვლინდება ადამიანების, როგორც პიროვნებების, მიმართ ღვთის დიდი სიყვარული? მაგრამ რა შეიძლება ითქვას ზემოხსენებულ მეორე კითხვასთან დაკავშირებით?

რა არის ტანჯვის მიზეზი?

ბევრი იტანჯება უგუნურების, გამოუცდელობის ან ბოროტი ადამიანების მოქმედების გამო. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ტრაგიკული მოვლენების შესახებ, რომლებიც ადამიანთა უნებურად მიმდინარეობს? მაგალითად, რატომ ხდება უბედური შემთხვევები და სტიქიური უბედურებები? რატომ იბადება ზოგი ბავშვი დეფექტიანი? ალან კარდეკი ასეთ მოვლენებს დასჯად მიიჩნევდა. მან დაწერა: „თუ ვისჯებით, ესე იგი, შევცოდეთ. თუ ეს ცოდვა ახლანდელ ცხოვრებაში არ ჩაგვიდენია, ესე იგი, წინა ცხოვრებაში ჩავიდინეთ“. სპირიტიზმის მიმდევრებს შემდეგ ლოცვას ასწავლიან: „უფალო, შენ ხარ ყოვლად სამართლიანი. ავადმყოფობა რომელიც ჩემთვის აირჩიე, დამსახურებული უნდა იყოს. . .  მე მას ვიღებ, როგორც ჩემი წარსულის გამოსასყიდს, ჩემი შენდამი რწმენის საფუძველსა და მორჩილებას შენი კურთხეული ნებისადმი“ („სახარება სპირიტიზმის თანახმად“).

ასწავლიდა იესო ასეთ რამეს? არა. იესომ კარგად იცოდა ბიბლიური ცნობა: „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11). მან იცოდა, რომ ზოგჯერ ბევრი ცუდი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს შემთხვევები არ უნდა ყოფილიყო სასჯელი ცოდვებისთვის.

განვიხილოთ დედამიწაზე იესოს ყოფნისას მომხდარი ერთი ასეთი შემთხვევა: «[იესო] მოდიოდა და დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“». იესოს პასუხმა ამას ნათელი მოჰფინა: «არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. უთხრა: „წადი და დაიბანე სილოამის აუზში“. . . წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი» (იოანე 9:1—3, 6, 7).

იესოს სიტყვებმა ცხადყო, რომ ამ კაცის თანდაყოლილ სიბრმავეში არც მას და არც მის მშობლებს არ მიუძღოდათ ბრალი. იესოს არ უთქვამს, რომ ეს მამაკაცი წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის ისჯებოდა. უდავოა, იესომ იცოდა, რომ კაცობრიობამ მემკვიდრეობით მიიღო ცოდვა; მაგრამ მათ მემკვიდრეობით მიიღეს ადამის ცოდვა, და არა თავიანთ დაბადებამდე ჩადენილი ცოდვები. ადამის ცოდვის გამო ყველა ადამიანი ფიზიკურად არასრულყოფილი იბადება და ავადმყოფობასა და სიკვდილს ექვემდებარება (იობი 14:4; ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12; 9:11). ფაქტობრივად, ამ ვითარების გულისთვის გამოიგზავნა იესო. იოანე ნათლისმცემელმა თქვა, რომ იესო იყო „ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“ (იოანე 1:29) a.

ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე შემდეგს: იესოს არ უთქვამს, რომ ღვთის წინასწარგანზრახვით დაიბადა ეს მამაკაცი ბრმად, რათა ერთ დღეს, შესაძლოა, მისულიყო მასთან იესო და განეკურნა. რა სასტიკი ცინიზმი იქნებოდა ეს! მოუტანდა ეს დიდებას ღმერთს? არა. ბრმის სასწაულებრივი განკურნება იმას ემსახურებოდა, რომ ‘გაცხადებულიყო ღვთის საქმენი’. ისევე როგორც იესოს მიერ სხვა მრავალი ადამიანის განკურნება, ეს შემთხვევაც ტანჯული კაცობრიობისადმი ღვთის გულწრფელ სიყვარულს ირეკლავდა და რწმენას უძლიერებდა მათ, რომ მისი დანაპირები ბოლოს მოუღებდა მთელი კაცობრიობის ავადმყოფობასა და ტანჯვას მის მიერ დანიშნულ დროს (ესაია 33:24).

განა მანუგეშებელი არ არის იმის გაგება, რომ ჩვენი ზეციერი მამა ტანჯვის მიზეზი კი არ არის, არამედ აძლევს „სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს“ (მათე 7:11). როგორ განდიდდება უზენაესი, როდესაც ბრმებს თვალები აეხილებათ, ყრუებს სასმენელი გაეხსნებათ, კოჭლები ივლიან, იხტუნებენ და ირბენენ! (ესაია 35:5, 6).

ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება

იესომ თქვა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). დიახ, სულიერ მოთხოვნილებებს მაშინ ვიკმაყოფილებთ, როდესაც ღვთის სიტყვას, ბიბლიას, ვკითხულობთ და მის შესაბამისად ვცხოვრობთ. მედიუმთაგან რჩევა-დარიგების მიღება ვერ აკმაყოფილებს ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს. მართლაცდა, ასეთ მოქმედებებს აშკარად განსჯის ის, რასაც ალან კარდეკმა ღვთის რჯულის პირველი გამოცხადება უწოდა (მეორე რჯული 18:10—13).

ბევრი, მათ შორის სპირიტიზმის მიმდევრებიც, აღიარებს, რომ ღმერთი არის უზენაესი, მარადიული, სრულყოფილი, სათნო, კეთილი და სამართლიანი; მაგრამ ბიბლია უფრო მეტს გვიმჟღავნებს. ის გვაცნობს, რომ მას აქვს პირადი სახელი, იეჰოვა, რომელსაც ისევე უნდა მივაგოთ პატივი, როგორც ამას იესო აკეთებდა (მათე 6:9; იოანე 17:6). ეს აღგვიწერს ღმერთს, როგორც ნამდვილ პიროვნებას, რომელთან ახლო ურთიერთობითაც ადამიანებს შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ (რომაელთა 8:38, 39). ბიბლიის კითხვისას ვიგებთ, რომ ღმერთი მოწყალეა და რომ „არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა“ (ფსალმუნი 102:10). თავისი სიტყვით უზენაესი უფალი იეჰოვა თავის სიყვარულს, უზენაესობასა და გონიერებას ავლენს. იეჰოვა არის ის, ვინც ხელმძღვანელობს და მფარველობს მორჩილ ადამიანებს. იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, გაცნობა „საუკუნო სიცოცხლეს“ ნიშნავს (იოანე 17:3).

ბიბლია გვაწვდის ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება ღვთის განზრახვების გასაგებად, და გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, რომ ვასიამოვნოთ მას. ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლის წყალობით, ჩვენს კითხვებზე ჭეშმარიტ და დამაკმაყოფილებელ პასუხებს მივიღებთ. ბიბლია აგრეთვე გვიჩვენებს, რა არის სწორი და რა არასწორი და მტკიცე იმედს გვაძლევს. ის გვარწმუნებს, რომ ახლო მომავალში ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი [ადამიანთა] თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ [გარდახდებიან]“ (გამოცხადება 21:3, 4). იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვა კაცობრიობას მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და არასრულყოფილებისგან გაათავისუფლებს; მორჩილი ადამიანები დაიმკვიდრებენ მარადიულ სიცოცხლეს დედამიწაზე სამოთხეში. მაშინ მათი ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილებები სრულიად დაკმაყოფილდება (ფსალმუნი 36:10, 11, 29; იგავნი 2:21, 22; მათე 5:5).

[სქოლიოები]

a თუ როგორ შემოვიდა თავდაპირველად ცოდვა და სიკვდილი, იხილეთ წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ მე-6 თავი (გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეთა მიერ).

[ჩარჩო 22 გვერდზე]

ასწავლის ბიბლია გარდასახვას?

უჭერს თუ არა გარდასახვის შესახებ სწავლებას მხარს რომელიმე ბიბლიური მუხლი? განვიხილოთ რამდენიმე მუხლი, რომლებსაც ეყრდნობიან ისინი, ვისაც გარდასახვა სწამს:

„ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. . . იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“ (მათე 11:13, 14).

იყო იოანე ნათლისმცემელი ხელახლა დაბადებული ელია? როდესაც ჰკითხეს: „ელია ხარ?“ იოანემ გასაგებად უპასუხა: „არა ვარ“ (იოანე 1:21). მაგრამ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იოანე გზას მოუმზადებდა მესიას „ელიას სულით და ძალით“ (ლუკა 1:17; მალაქია 3:23, 24). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იოანე ნათლისმცემელი იმ გაგებით იყო ელია, რომ იმავე საქმეს ასრულებდა, რასაც ელია.

„ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლა უნდა იშვათ-მეთქი“ (იოანე 3:3, 7).

ერთ-ერთმა მოციქულმა მოგვიანებით დაწერა: „კურთხეულია ღმერთი და მამა უფლის ჩვენის იესო ქრისტესი, რომელმაც, თავისი მრავალმოწყალებისამებრ, ხელახლა გვშობა ჩვენ ცოცხალი სასოებისთვის, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით“ (1 პეტრე 1:3, 4, სსგ; იოანე 1:12, 13). ნათელია, რომ ხელახლა შობა, რომლის შესახებაც იესო საუბრობდა, სულიერად დაბადებას ეხებოდა, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ისინი კვლავ ცოცხლები იყვნენ, და არ ეხებოდა მომავალ გარდასახვას.

„როდესაც კაცი კვდება, ცხოვრობს მარადიულად: როდესაც ჩემი მიწიერი ცხოვრება დასრულდება, დაველოდები კვლავ დაბრუნებას“ (იობის 14:14, „ბერძნული თარგმანი“, რომელიც ციტირებულია ნაშრომში „სახარება სპირიტიზმის თანახმად“).

ბიბლიის „შესწორებული სტანდარტული თარგმანი“ ამ მუხლს ასე თარგმნის: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მსახურების დღეები დაველოდებოდი ჩემი ხსნის დადგომას“. წაიკითხეთ ამ მუხლის კონტექსტი. ნახავთ, რომ მკვდრები საფლავებში მოელიან „ხსნას“ (მუხლი 13). ამ მოლოდინის დროს ისინი არ განაგრძობენ არსებობას. „კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?“ (იობი 14:10).

[სურათი 21 გვერდზე]

მკვდრეთით აღდგომის იმედი იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთს ჩვენდამი დიდი ინტერესი აქვს.

[სურათები 23 გვერდზე]

ღმერთი მოსპობს ადამიანთა ყოველგვარ ტანჯვას.