ადამიანთა ტანჯვა-წამების მიზეზი
ადამიანთა ტანჯვა-წამების მიზეზი
„რატომ ღმერთო, რატომ?“. მცირე აზიაში გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ დიდი შრიფტით დაბეჭდილი ეს სიტყვები გამოჩნდა ფართოდ გავრცელებული გაზეთის პირველ გვერდზე. თანდართულ სურათზე ნაჩვენები იყო უბედურებისგან თავზარდაცემული მამა, რომელსაც თავისი დაშავებული ქალიშვილი გამოჰყავდა თავიანთი სახლის ნანგრევებიდან.
ომებმა, შიმშილმა, ეპიდემიებმა და სტიქიურმა უბედურებებმა განუზომელი ტკივილი, ბევრი ცრემლი და უთვალავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამას ემატება გაუპატიურების, ბავშვებზე ძალადობისა და სხვა ბოროტმოქმედებების მსხვერპლთა ტანჯვა. დაფიქრდი, რამდენი ადამიანი სახიჩრდება და კვდება უბედური შემთხვევების დროს. გარდა ამისა მილიარდობით ადამიანი განიცდის გულისტკივილს ავადმყოფობის, სიბერისა და საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო.
მე-20 საუკუნე ყველაზე მეტი ტანჯვა-წამების მომსწრე გახდა. პირველ მსოფლიო ომში, 1914 წლიდან 1918 წლამდე, თითქმის ათი მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა; ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ ამ ომმა თითქმის ამდენივე მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 50 მილიონი მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის — მილიონობით უმწეო ქალი, ბავშვი და მოხუცი. გასული საუკუნის განმავლობაში მილიონობით ადამიანი გახდა გენოციდის, რევოლუციის, ეთნიკური შეტაკებების, შიმშილისა და სიღარიბის მსხვერპლი. „მეოცე საუკუნის ისტორიულ ატლასში“ მოცემული ანგარიშის თანახმად 180 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამგვარი „მასობრივი არეულობების“ დროს.
ესპანურმა გრიპმა 1918 და 1919 წლებში 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე დაახლოებით 19 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიდსით, ხოლო დაახლოებით 35 მილიონი ამ დაავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელია. მილიონობით ბავშვი დააობლა შიდსმა. უამრავი ახალშობილი იღუპება შიდსით, რადგან ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში გადაედოთ ეს დაავადება.
ბავშვები სხვა მხრივაც იტანჯებიან. გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის (იუნისეფი) ცნობის თანახმად, რომელიც 1995 წლის ბოლოს გამოქვეყნდა ინგლისურ „მანჩესტერ გარდიან უიკლში“, „გასული ათწლეულის მანძილზე ომებში 2 მილიონი ბავშვი დაიღუპა, 4—5 მილიონი დასახიჩრდა, 12 მილიონი უსახლკაროდ დარჩა, 1 მილიონზე მეტი დაობლდა ან მშობლებს იყო მოწყვეტილი და 10-მა მილიონმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო“. ამას ემატება ნავარაუდები 40-დან 50 მილიონამდე აბორტი, რომელიც ყოველწლიურად კეთდება მთელ მსოფლიოში!
რა მოხდება მომავალში?
მრავალს მომავალთან დაკავშირებით ცუდი წინათგრძნობა აქვს. მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა: „ადამიანთა საქმიანობამ. . . შეიძლება ცოცხალი სამყარო ისე შეცვალოს, რომ
შეუძლებელი გახდეს სიცოცხლის შენარჩუნება იმ სახით, რა სახითაც ჩვენთვის არის ცნობილი“. მათ დასძინეს: „დღესდღეობითაც კი, ხუთიდან ერთ ადამიანს საკვები არ ჰყოფნის და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, ათიდან ერთი კი საკვების სერიოზულ უკმარისობას განიცდის“. მეცნიერებმა ხელიდან არ გაუშვეს იმის შესაძლებლობა, რომ „გაეფრთხილებინათ კაცობრიობა, თუ რა ელოდებათ წინ“ და აღნიშნეს: „საჭიროა დიდი ცვლილებების მოხდენა მსოფლიოს და სიცოცხლის მართვის საკითხში, რათა კაცობრიობას თავიდან ავიცილოთ დიდი უბედურება, რათა ჩვენი საერთო სახლი სამუდამოდ გამოუსადეგარი არ გახდეს“.რატომ დაუშვა ღმერთმა ამდენი ტანჯვა-წამება და ბოროტება? როგორ გამოასწორებს ის მდგომარეობას? როდის?
[სავტორო უფლება 3 გვერდზე]
Top, wheelchair: UN/DPI Photo 186410C by P.S. Sudhakaran; middle, starving children: WHO/OXFAM; bottom, emaciated man: FAO photo/B. Imevbore