არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის ხელმძღვანელობა ცხოვრების თანამგზავრის ასარჩევად

ღვთის ხელმძღვანელობა ცხოვრების თანამგზავრის ასარჩევად

ღვთის ხელმძღვანელობა ცხოვრების თანამგზავრის ასარჩევად

„გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმუნი 31:8).

1. რა ფაქტორებია აუცილებელი კარგი ქორწინებისთვის?

 აკრობატი მოქანავე სატანვარჯიშო ტრაპეციიდან ხტება, იხრება და მოხდენილად ჰაერში რამდენიმე სალტოს აკეთებს. შემდეგ წელში იმართება, ხელებს შლის და მას მოპირდაპირე მხარეს ტრაპეციაზე თავდაყირა დაკიდებული აკრობატი იჭერს. ციგურებით ფიგურულ სრიალში მონაწილე წყვილი ყინულზე შეუფერხებლად მისრიალებს. მოულოდნელად, კაცი თავის პარტნიორს მაღლა სწევს და ჰაერში ისვრის. ქალი ჰაერში რამდენჯერმე ტრიალდება, გრაციოზულად ეშვება ყინულზე მხოლოდ ერთი ციგურით და პარტნიორთან ერთად წრიულად სრიალს განაგრძობს. ორივე შემთხვევაში ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს შემსრულებლები ამას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აკეთებენ. მაგრამ განა ვინმე შეეცდებოდა ამის გაკეთებას მომზადების, დახელოვნებული პარტნიორისა და, განსაკუთრებით კი, სწორი ხელმძღვანელობისა თუ მითითებების გარეშე? მსგავსად ამისა, კარგი ქორწინებაც შეიძლება, ერთი შეხედვით, მხოლოდ შემთხვევითობად მივიჩნიოთ. მაგრამ ისიც დამოკიდებულია კარგ პარტნიორზე, შეთანხმებულობასა და, განსაკუთრებით, გონივრულ რჩევაზე. მართლაც, სათანადო ხელმძღვანელობა ძალზე მნიშვნელოვანია.

2. ა) ვინ დააფუძნა ქორწინება და რა მიზნით? ბ) როგორ ქორწინდებოდა და ქორწინდება ზოგი?

2 ბუნებრივია, დაუქორწინებელი ახალგაზრდა მამაკაცი თუ ქალი მეუღლის, ანუ ცხოვრების თანამგზავრის, პოვნაზე ფიქრობდეს. იეჰოვა ღმერთის მიერ ქორწინების დაფუძნების შემდეგ ქალ-ვაჟის დაოჯახება ნორმალური ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა. მაგრამ პირველ მამაკაცს, ადამს, თვითონ არ აურჩევია თავისი ცოლი. იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა ამაზე (დაბადება 2:18—24). პირველი წყვილი უნდა გამრავლებულიყო, რათა, საბოლოოდ, დედამიწა ადამიანებით დასახლებულიყო. იმ პირველი ქორწინების შემდეგ თავიანთ შვილებს საცოლეს ან საქმროს მშობლები ურჩევდნენ; ზოგჯერ ეს შვილების თანხმობით ხდებოდა (დაბადება 21:21; 24:2—4, 58; 38:6; იესო ნავეს ძე 15:16, 17). მაშინ როდესაც ზოგ ქვეყანაში ამგვარად დაქორწინება ჯერ კიდევ შემორჩენილია, დღეს მრავალი თვითონ ირჩევს ცხოვრების თანამგზავრს.

3. როგორ უნდა მოხდეს მეუღლის არჩევა?

3 როგორ უნდა მოხდეს მეუღლის არჩევა? ზოგზე დიდ გავლენას ახდენს გარეგნობა, ის, რაც თვალისთვის არის სასიამოვნო და სასურველი. სხვები ქორწინებიდან გამორჩენას მოელიან; ეძებენ ისეთ ვინმეს, ვინც კარგად მოუვლის და იზრუნებს მათი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებაზე. მაგრამ არის ასეთი მიდგომა ბედნიერი და კმაყოფილების მომგვრელი ურთიერთობის მომტანი? „მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა, — ამბობს იგავნის 31:30, — უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი“. ამ სიტყვებში მნიშვნელოვანი აზრია ჩადებული: მეუღლის არჩევისას მხედველობიდან არ გამოგრჩეთ იეჰოვა.

ღმერთი სიყვარულით გვხელმძღვანელობს

4. ცხოვრების თანამგზავრის ასარჩევად რა დახმარებით უზრუნველგვყოფს ღმერთი?

4 ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამა იეჰოვამ ნებისმიერ საკითხში სახელმძღვანელოდ წერილობით გადმოგვცა თავისი სიტყვა. ღმერთი ამბობს: „ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17). ასე რომ, გასაკვირი არ არის, ბიბლიაში ვიპოვოთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევასთან დაკავშირებით დროით უკვე გამოცდილი ხელმძღვანელობა. იეჰოვას სურვილია, ჩვენი ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერების მომტანი იყოს. ამიტომ გვეხმარება ამ სახელმძღვანელო მითითებების გაგებასა და გამოყენებაში. განა ამას არ უნდა მოველოდეთ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედისგან? (ფსალმუნი 18:9).

5. რა არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ქორწინებამ უსასრულო ბედნიერება მოგვიტანოს?

5 როდესაც ქორწინება დააფუძნა, იეჰოვას განზრახული ჰქონდა, რომ ის მუდმივი კავშირი ყოფილიყო (მარკოზი 10:6—12; 1 კორინთელთა 7:10, 11). ამიტომაც ‘სძულს გაყრა’ და მას მხოლოდ ერთადერთი მიზეზის, ‘სიძვის’, შემთხვევაში უშვებს (მალაქია 2:13—16; მათე 19:9). მაშასადამე, ცხოვრების თანამგზავრის არჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და მას ზერელედ არ უნდა მოვეკიდოთ. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან არც ისე ბევრ რამეს შეუძლია ბედნიერების ან უბედურების მოტანა იმდენად, რამდენადაც ქორწინებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. მაშინ როდესაც კარგი არჩევანი ჩვენს ცხოვრებას გაალამაზებს და კმაყოფილების მომტანს გახდის, ცუდმა — შეიძლება გაუთავებელი მწუხარება მოგვიტანოს (იგავნი 21:19; 26:21). უსასრულო ბედნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია გონივრული არჩევნის გაკეთება და მუდმივი ვალდებულების საკუთარ თავზე აღებისთვის მზადყოფნა, რადგან ღვთის მიერ ქორწინება ისეა დაფუძნებული, რომ მეუღლეები წარმატებას მაშინ აღწევენ, როდესაც შეთანხმებულად მოქმედებენ და თანამშრომლობენ (მათე 19:6).

6. რატომ უნდა იყვნენ მეუღლის არჩევისას განსაკუთრებით ფრთხილად ახალგაზრდები და როგორ შეუძლიათ მათ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილების მიღება?

6 განსაკუთრებული სიფრთხილის გამოვლენა სჭირდებათ ახალგაზრდებს, რათა მეუღლის არჩევისას ფიზიკური მიმზიდველობითა და მოზღვავებული გრძნობებით საღი აზროვნება არ დაებინდოთ. მართლაც, მხოლოდ ამ ფაქტორებზე აგებული ურთიერობა შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს და ზიზღში ან სიძულვილშიც კი გადაიზარდოს (მეორე მეფეთა 13:15). მეორე მხრივ, ძლიერი სიყვარული — რომელიც დროის გამოცდას უძლებს — შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც უკეთესად ვეცნობით როგორც მეუღლეს, ისე საკუთარ თავს. აგრეთვე საჭიროა გვესმოდეს, რომ ჩვენთვის საუკეთესო შეიძლება ის სულაც არ იყოს, რაც თავიდან ჩვენს გულს სურდა (იერემია 17:9). ამიტომაც არის ბიბლიაში მოცემული ღვთიური ხელმძღვანელობა ასე მნიშვნელოვანი. ის გვეხმარება ცხოვრებაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ფსალმუნმომღერალი იეჰოვას სიტყვებს ასე გადმოგვცემს: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმუნი 31:8; ებრაელთა 4:12). თუმცა დაქორწინებით შეიძლება დავიკმაყოფილოთ სიყვარულისა და მეგობრული ურთიერთობის თანდაყოლილი მოთხოვნილება, ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემებსაც წავაწყდებით, რომელთა გადასაჭრელადაც მოწიფულობა და გამჭრიახობაა საჭირო.

7. მეუღლის არჩევისას ზოგი რატომ არ იღებს ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას, მაგრამ ამას რა შეიძლება მოჰყვეს?

7 მეუღლის არჩევისას გონივრულია, ყურად ვიღოთ ქორწინების დამფუძნებლის სიტყვები. მაგრამ ჩვენ შეიძლება უგულებელვყოფდეთ მშობლების ან ქრისტიანი უხუცესების მიერ მოცემულ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას. შეიძლება ვფიქრობთ, რომ მათ ბოლომდე არ ესმით ჩვენი და ემოციებზე დაფუძნებულმა ძლიერმა სურვილებმა, შესაძლოა, ის გაგვაკეთებინოს, რასაც გული გვკარნახობს. გარკვეული დროის შემდეგ კი, როდესაც ყოველდღიური ცხოვრების რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, შესაძლებელია, ვინანოთ, რომ ყური არ ვათხოვეთ ჩვენს საკეთილდღეოდ ნათქვამ გონივრულ რჩევას (იგავნი 23:19; 28:26). შეიძლება უსიყვარულო ქორწინების მარწუხებში აღმოვჩნდეთ; გვიჭირდეს შვილების მოვლა ან, შესაძლებელია, ურწმუნოს მეუღლეც კი გავხდეთ. რამდენად სამწუხარო იქნებოდა, თუ ქორწინება, რომელიც დიდი ბედნიერების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო, დიდი უბედურების სათავე გახდებოდა.

ღვთისადმი ერთგულება — ძირითადი ფაქტორი

8. როგორ უწყობს ხელს ღვთისადმი ერთგულება იმას, რომ ქორწინებამ დროის გამოცდას გაუძლოს და ბედნიერების მომტანი იყოს?

8 ფაქტია, რომ ურთიერთმოწონება უფრო მყარს ხდის ქორწინებას, მაგრამ ერთნაირი ფასეულობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ისეთი ოჯახის შესაქმნელად, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს და ბედნიერების მომტანი იქნება. ორივე პარტნიორის მიერ იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულება ყველა სხვა ფაქტორზე უფრო უკეთ აყალიბებს მათ შორის მუდმივ კავშირს და ხელს უწყობს ერთიანობას (ეკლესიასტე 4:12). როდესაც ქრისტიანი წყვილი ცხოვრებას იეჰოვასადმი ჭეშმარიტ თაყვანისცემაზე აფუძნებს, გაერთიანებული არიან სულიერად, გონებრივად და ზნეობრივად. ასეთი მეუღლეები ღვთის სიტყვას ერთად სწავლობენ, ერთადაც ლოცულობენ, რაც მათ გულებს აერთიანებს. ერთად მიდიან ქრისტიანულ შეხვედრებზე და ერთად ქადაგებენ. ყოველივე ეს წარმოქმნის სულიერ კავშირს, რის შედეგადაც ისინი ერთმანეთს კიდევ უფრო უახლოვდებიან. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამას იეჰოვას კურთხევები მოჰყვება.

9. რა გააკეთა აბრაამმა ისაკისთვის საცოლის საპოვნელად და როგორი იყო შედეგი?

9 ერთგულებამ აღძრა ერთგული პატრიარქი აბრაამი, ღვთისთვის ესიამოვნებინა, როდესაც საქმე მისი ვაჟის, ისაკის საცოლის არჩევაზე მიდგა. სანდო მსახურს აბრაამმა უთხრა: „გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას, არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ; არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს. . . [იეჰოვა] წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის“. რებეკა, ისაკის საყვარელი მეუღლე, შესანიშნავი ცოლი აღმოჩნდა (დაბადება 24:3, 4, 7, 14—21, 67).

10. რა ბიბლიური ვალდებულებები აკისრიათ ქმრებსა და ცოლებს?

10 თუ დაუქორწინებელი ქრისტიანი ვართ, ღვთისადმი ერთგულება ისეთი თვისებების განვითარებას შეუწყობს ხელს, რომლებიც ოჯახის შექმნისას ბიბლიური მოთხოვნების შესრულებაში დაგვეხმარება. ქმრებისა და ცოლების ზოგი მოვალეობა მოხსენიებულია მოციქულ პავლეს მიერ: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. . . მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის. . . ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. . . ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი საკუთარი თავივით. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა“ (ეფესელთა 5:22—33). როგორც ვხედავთ, პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით ჩაწერილ სიტყვებში სიყვარულისა და პატივისცემის აუცილებლობას ესმება ხაზი. ამ რჩევის მიღება იეჰოვასადმი მოწიწებისა და შიშის გამოვლენასაც ნიშნავს. ამისათვის საჭიროა, ლხინშიცა და ჭირშიც გულმოდგინედ მივუდგეთ ვალდებულებებს. ქრისტიანებმა, რომლებიც დაქორწინებაზე ფიქრობენ, საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობის აღება უნდა შესძლონ.

დაქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება — როდის?

11. ა) რა რჩევაა საღვთო წერილში მოცემული იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა დაქორწინდეს ადამიანი? ბ) რომელი მაგალითი ცხადყოფს, რომ ბრძნულია 1-ლი კორინთელთა 7:36-ში მოცემული ბიბლიური რჩევის გათვალისწინება?

11 ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის ვართ მზად ქორწინებისთვის. რადგან ეს საკითხი ინდივიდუალურია, საღვთო წერილი არაფერს ამბობს ამაზე. მაგრამ ის ცხადყოფს, რომ უკეთესია „სიყმაწვილის ასაკს“ გადავცდეთ, რადგან ამ ასაკში ძლიერმა სქესობრივმა ლტოლვამ შეიძლება საღი აზროვნება დაგვიჩრდილოს (1 კორინთელთა 7:36). „როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი მეგობრები პაემნებზე დადიოდნენ და ქორწინდებოდნენ (ბევრი მათგანი კი მოზარდობის ასაკში იყო), ზოგჯერ ძალიან მიჭირდა ამ რჩევის გათვალისწინება, — ამბობს მიშელი. — მაგრამ მესმოდა, რომ ეს რჩევა იეჰოვასგან მომდინარეობდა; ხოლო ის გვეუბნება იმას, რაც ჩვენთვისვეა სასარგებლო. იმის გამო, რომ არ ავჩქარდი, მე შევძელი მთელი ყურადღების იეჰოვასთან ურთიერთობაზე გადატანა და ცხოვრებაში გარკვეული გამოცდილებაც შევიძინე, რაც, ალბათ, ადამიანს ვერ ექნება მოზარდობის ასაკში. რამდენიმე წლის შემდეგ უკვე უკეთესად ვიყავი მომზადებული როგორც გარკვეული პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე ასაღებად, ისე იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რომლებიც, ჩვეულებრივ, ოჯახური ცხოვრების დროს წამოიჭრება ხოლმე“.

12. რატომ არ არის გონივრული აჩქარება და ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაქორწინება?

12 ის ადამიანები, რომლებიც ჩქარობენ და ძალიან ახალგაზრდები ქორწინდებიან, ხშირად დაღვინების შემდეგ ატყობენ, რომ მოთხოვნილებები და სურვილები ეცვლებათ. ხედავენ, რომ ის, რაც თავიდან სასურველად ეჩვენებოდათ, უკვე აღარ არის მათთვის ისე მნიშვნელოვანი. ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა დაქორწინება 16 წლის ასაკში გადაწყვიტა. მისმა ბებიამ და დედამაც ამ ასაკში შექმნეს ოჯახი. როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელთანაც ოჯახის შექმნა სურდა, იმ დროს დაქორწინებაზე უარი უთხრა, აირჩია ის, ვინც ამაზე თანახმა იყო. მაგრამ მოგვიანებით ძალიან ნანობდა ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას.

13. რა აკლიათ ხშირად მათ, ვინც ნაადრევად ქორწინდება?

13 როდესაც დაქორწინებაზე ფიქრობთ, მნიშვნელოვანია კარგად გესმოდეთ ყველა ის წვრილმანი, რომლებიც ამასთან არის დაკავშირებული. ნაადრევმა ქორწინებამ შეიძლება მრავალი პრობლემა წარმოშვას, რომლებთანაც გასამკლავებლად ახალგაზრდა წყვილი, შესაძლებელია, თითქმის მოუმზადებელი იყოს. მათ, შესაძლოა, არა აქვთ გამოცდილება და ის მოწიფულობა, რომელიც ოჯახური ცხოვრების სიძნელეებთან გასამკლავებლად და შვილების აღსაზრდელად არის საჭირო. საკუთარ თავს დაქორწინების უფლება მხოლოდ მაშინ უნდა მივცეთ, როდესაც ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად მზად ვართ ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობის დასამყარებლად.

14. რა არის საჭირო ოჯახურ ცხოვრებაში რთულ ვითარებასთან გასამკლავებლად?

14 მოციქული პავლე წერდა, რომ მათ, ვისაც ოჯახის შემქმნა სურს, ‘ხორციელი გაჭირვება ექნებოდათ’ (1 კორინთელთა 7:28). პრობლემებს გამოიწვევს ის, რომ ცოლ-ქმარი ორი სხვადასხვა პიროვნებაა და ამა თუ იმ საკითხზე მათი შეხედულებები განსხვავებული იქნება. ადამიანური არასრულყოფილების გამო შეიძლება რთული იყოს საღვთო წერილის მიერ ცოლ-ქმრისთვის დაკისრებული როლის შესრულება (1 კორინთელთა 11:3; კოლასელთა 3:18, 19; ტიტე 2:4, 5; 1 პეტრე 3:1, 2, 7). მოწიფულობა და სულიერი სიმტკიცეა საჭირო ღვთის ხელმძღვანელობისადმი დასაქვემდებარებლად და რთულ ვითარებაში მდგომარეობასთან სიყვარულით გასამკლავებლად.

15. რა როლის შესრულება შეუძლიათ მშობლებს ქორწინებისთვის შვილების მოსამზადებლად? მოიყვანეთ თვალსაჩინო მაგალითი.

15 მშობლებს შეუძლიათ შვილები ოჯახის შესაქმნელად მოამზადონ. მათ შეუძლიათ დაეხმარონ იმის გაგებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის ხელმძღვანელობისდმი დაქვემდებარება. საღვთო წერილისა და ქრისტიანული პუბლიკაციების დახელოვნებულად გამოყენებით მშობლებს შეუძლიათ თავიანთ შთამომავლებს დაეხმარონ იმის განსაზღვრაში, არიან თუ არა ისინი და მათი მომავალი მეუღლეები მზად ოჯახური ვალდებულებების საკუთარ თავზე ასაღებად a. თვრამეტი წლის ბლოსამი ფიქრობდა, რომ თავის კრებელ ერთ ვაჟზე იყო შეყვარებული. ყმაწვილი სრული დროით მსახური პიონერი იყო. ორივეს სურდათ, რომ დაქორწინებულიყვნენ. მაგრამ გოგოს მშობლებმა სთხოვეს, მოეცადა ერთი წელი, რადგან ფიქრობდნენ, რომ თავიანთი შვილი ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა იყო. ბლოსამი მოგვიანებით წერდა: „ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მშობლების გონივრული რჩევა მივიღე. ერთ წელიწადში უფრო მოწიფული გავხდი და დავინახე, რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცს აკლდა ის თვისებები, რომლებიც კარგი მეუღლისთვის იყო საჭირო. ბოლოს მან ორგანიზაცია დატოვა, მე კი გადავურჩი იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია იქნებოდა. რა კარგია, გყავდეს ისეთი მშობლები, რომელთა რჩევაზე დანდობაც შეიძლება!“.

‘დაქორწინდით მხოლოდ უფალში’

16. ა) როგორ შეიძლება ქრისტიანი გამოიცადოს ‘მხოლოდ უფალში დაქორწინების’ საკითხთან დაკავშირებით? ბ) რაზე უნდა იფიქროს ქრისტიანმა, როდესაც ურწმუნოზე დაქორწინების ცდუნების პირისპირ აღმოჩნდება?

16 ქრისტიანებს იეჰოვა ძალიან ნათლად მიუთითებს: ‘დაქორწინდით, მხოლოდ უფალში’ (1 კორინთელთა 7:39, სსგ). ქრისტიანი მშობლებისა და მათი შვილებისთვის შეიძლება ეს გამოცდა იყოს. როგორ? ახალგაზრდებს შეიძლება დაქორწინება სურდეთ, მაგრამ კრებაში არ იყოს შესაფერისი ადამიანი, ან ყოველ შემთხვევაში, მათ ასე ეჩვენებოდეთ. გარკვეულ ადგილებში შეიძლება მამაკაცები ქალებზე უფრო ნაკლები იყვნენ ან გარკვეულ ტერიტორიაზე შეიძლება საერთოდ არ იყოს შესაფერისი ადამიანი. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არ არის კრების მონათლული წევრი, შეიძლება ყურადღებას ავლენდეს ახალგაზრდა ქრისტიანი ქალის მიმართ (ან პირიქით); ამ შემთხვევაში ქრისტიანი ძლიერი ზეწოლის ქვეშ ექცევა, რომ წავიდეს კომპრომისზე და გადაუხვიოს იეჰოვას მიერ დადგენილ ნორმებს. ასეთ მდგომარეობაში კარგი იქნებოდა აბრაამის მაგალითზე დაფიქრება. ერთ-ერთი საშუალება, რომლის წყალობითაც მან იეჰოვასთან შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნა, არის ის, რომ მან თავისი ძე, ისაკი, იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემელზე დააქორწინა. ასევე მოექცა ისაკიც თავის ძე იაკობს. მართალია, ამისათვის ყოველ მათგანს საკმაო ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ ამით ასიამოვნეს ღმერთს და შედეგად მისგან კურთხევები მიიღეს (დაბადება 28:1—4).

17. რატომ შეიძლება ურწმუნოზე დაქორწინება უბედურების მომტანი იყოს და რა არის ‘მხოლოდ უფალში დაქორწინების’ უმნიშვნელოვანესი მიზეზი?

17 ძალიან ცოტაა ისეთი შემთხვევები, როდესაც ურწმუნო მოგვიანებით ქრისტიანი ხდება. მაგრამ ურწმუნოზე დაქორწინება ხშირად უბედურების მომტანია. ასეთები ებმებიან არათანაბარ უღელში, რომელსაც მათთან ერთად ეწევა ადამიანი, რომელიც არ იზიარებს მათ რწმენას, პრინციპებსა თუ მიზნებს (2 კორინთელთა 6:14). ამან კი შეიძლება გადამწყვეტი გავლენა იქონიოს წყვილის ურთიერთობასა და ოჯახურ ბედნიერებაზე. მაგალითად, ერთი ქრისტიანი ქალი დიდად წუხდა იმის გამო, რომ სულიერად განმამტკიცებელი შეხვედრის შემდეგ სახლში ურწმუნო ქმართან არ შეეძლო სულიერ საკითხებზე საუბარი. და, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ‘უფალში დაქორწინება’ იეჰოვასადმი ერთგულების გამოვლენასთან არის დაკავშირებული. როდესაც ღვთის სიტყვის თანახმად ვმოქმედებთ, გული მსჯავრს არ გვდებს, რადგან „ვიქმთ მის [ღვთის] წინაშე მოსაწონს“ (1 იოანე 3:21, 22).

18. რომელ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც დაქორწინებაზე ვფიქრობთ, და რატომ?

18 ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას, პირველ რიგში, მომავალი მეუღლის ზნეობრიობა და სულიერობა უნდა გვაინტერესებდეს. ქრისტიანული პიროვნება, ღვთისადმი სიყვარულსა და მისადმი მთელი გულით მიძღვნასთან ერთად, ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ფიზიკური მომხიბვლელობა. ღვთის მოწონებით სარგებლობენ ისინი, რომლებიც აფასებენ და ასრულებენ სულიერად ძლიერ მეუღლედ ყოფნის თავიანთ ვალდებულებას. უმტკიცესი ოჯახური კავშირის განვითარება კი ორივე მეუღლის მხრიდან შემოქმედისადმი ერთგულებითა და მისი ხელმძღვანელობისადმი ბოლომდე დაქვემდებარებით შეიძლება. ამგვარად, ჩვენ პატივს მივაგებთ იეჰოვას და ქორწინება დაფუძნებული იქნება მტკიცე სულიერ საძირკველზე, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ისეთი ოჯახური კავშირის განვითარებას, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს.

[სქოლიოები]

a იხილეთ 1999 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 4—8.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ არის ღვთის ხელმძღვანელობა საჭირო კარგი მეუღლის ასარჩევად?

• როგორ განამტკიცებს ღვთისადმი ერთგულება ოჯახურ კავშირს?

• როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დასაქორწინებლად მომზადება?

• რატომ არის მნიშვნელოვანი ‘მხოლოდ უფალში დაქორწინება’?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 17 გვერდზე]

მეუღლის არჩევისას ღვთის რჩევის გამოყენებას დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია.

[სურათები 18 გვერდზე]

უხვი კურთხევები ‘მხოლოდ უფალში დაქორწინებას’ მოჰყვება.