ბიბლიის შესწავლა სასარგებლოა თქვენთვის?
ბიბლიის შესწავლა სასარგებლოა თქვენთვის?
„მღვდლის თანდასწრების გარეშე არ უნდა იქნეს წაკითხული“. ეს გაფრთხილება მოცემულია ზოგი იმ ბიბლიის წინასიტყვაობაში, რომლებიც კათოლიკეების მიერ არის გამოცემული. „ჩვენ, კათოლიკეებს, ყოველთვის არ გვქონდა შეხება ბიბლიასთან, — ამბობს ლოს-ანჯელესში არსებული კათოლიკური ბიბლიის ინსტიტუტის თანამშრომელი ქეი მერდი. — მაგრამ მდგომარეობა იცვლება“. როგორც კი კათოლიკე მორწმუნეები აანალიზებენ, როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია საღვთო წერილს მათ ცხოვრებაზე, „მაშინვე ბიბლიის ძლიერი წყურვილი და მისადმი ლტოლვა უჩნდებათ“ — შენიშნავს ის.
ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ერთ ჟურნალში მოყვანილია რელიგიური განათლების კოორდინატორის სიტყვები. მან აღნიშნა: ის კათოლიკეები, რომლებიც ბიბლიის შემსწავლელ ჯგუფებს შეუერთდნენ, ფიქრობდნენ, რომ „როგორც კათოლიკეები, ბევრ რამეს იყვნენ მოკლებული, და რომ ბიბლია დიდძალი სულიერი სიმდიდრის წყარო იყო. მათ სურდათ ამ სულიერი სიმდიდრის მოპოვება, რაც, მათი აზრით, ადრე არ გააჩნდათ“ (U.S. Catholic).
როგორც უნდა იყოს, რა „სიმდიდრის“ პოვნა შეუძლია ბიბლიის შემსწავლელს? დაფიქრდით: გსურთ, იცოდეთ, როგორ გაუმკლავდეთ ყოველდღიური ცხოვრების საზრუნავს? როგორ შეინარჩუნოთ მშვიდობა ოჯახში? რატომ ვხედავთ ასე ხშირად სხვების უკულტურო და არაკეთილმოსურნე საქციელს? რა იწვევს ძალადობას დღევანდელ ახალგაზრდებს შორის? ამ და სხვა დამაფიქრებელ კითხვებზე სარწმუნო პასუხების პოვნა ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში შეიძლება; და სინამდვილეში, ეს პასუხები არა მარტო კათოლიკეებს ან პროტესტანტებს „გაამდიდრებს“, არამედ ბუდისტებს, ინდუსებს, მუსულმანებს, სინტოისტებს, ათეისტებს და აგნოსტიკოსებსაც კი. როგორც ეს ფსალმუნმომღერალმა აღნიშნა, ‘ღვთის სიტყვა ლამპარი იყო მისი ფეხისთვის და სინათლე — მისი ბილიკისთვის’. თქვენზეც შეიძლება იგივეს თქმა (ფსალმუნი 118:105).