არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განიმტკიცეთ იეჰოვასადმი ნდობა

განიმტკიცეთ იეჰოვასადმი ნდობა

განიმტკიცეთ იეჰოვასადმი ნდობა

ეწყობა საშინელი შეთქმულება. ქვეყნის ყველა მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირი თათბირის შემდეგ ახალი კანონის შესახებ დადგენილებას იღებს. მათ სურთ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ ყველას, ვინც თაყვანისმცემლობის იმ ფორმას იყენებს, რომელსაც სახელმწიფო არ იწონებს.

ხომ არ გეცნობათ ეს შემთხვევა? კაცობრიობის ისტორია სავსეა ისეთი მაგალითებით, როცა ადამიანები ბოროტების დაკანონებას ცდილობდნენ. ზემოთ მოყვანილი შემთხვევა წინასწარმეტყველ დანიელის დღეებში სპარსეთის იმპერიაში მოხდა. კანონი, რომელზეც მეფე დარიოსმა ხელი მოაწერა, იუწყებოდა: „ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს [მეფის გარდა]. . . თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული“ (დანიელი 6:8—10).

როგორ მოიქცა დანიელი სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩენისას? განაგრძო მან იეჰოვა ღმერთზე მინდობა თუ კომპრომისზე წავიდა და მეფის ბრძანებისამებრ მოიქცა? ცნობა გვეუბნება: „დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი დაიწერა, შინ წავიდა და თავისი ქორედის სარკმლების წინ, რომლებიც იერუსალიმის მხარეს იყურებოდა, დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ევედრებოდა თავის ღმერთს და ჰმადლობდა, როგორც ამის წინ იქცეოდა“ (დანიელი 6:11). შემდგომი მოვლენები კარგად არის ცნობილი. დანიელი თავისი რწმენისათვის ლომების ხაროში ჩააგდეს, მაგრამ იეჰოვამ „ლომებს პირები აუკრა“ და დაიცვა თავისი ერთგული მსახური (ებრაელთა 11:33; დანიელი 6:17—23).

თვითგამოკვლევის დრო

დღეს იეჰოვას მსახურები მტრულად განწყობილ წუთისოფელში ცხოვრობენ და მრავლის ფიზიკურ თუ სულიერ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში რასობრივმა სიძულვილმა მრავალი მოწმე შეიწირა. სხვაგან იეჰოვას მსახურებს საკვები პროდუქტების უკმარისობის, ეკონომიკური სირთულეების, სტიქიური უბედურებების, სერიოზული დაავადებებისა და სიცოცხლისთვის სახიფათო სხვა მდგომარეობების ატანა მოუწიათ. გარდა ამისა, ისინი უძლებდნენ დევნას, სამსახურში ზეწოლას და არასწორად მოქმედებისკენ აღმძვრელ სხვადასხვა განსაცდელს — ყოველივე ეს კი მათ სულიერობას უქმნიდა საფრთხეს. მართლაც დიდი მოწინააღმდეგე, სატანა, იეჰოვას მსახურების გასანადგურებლად ყველა იმ საშუალებას იყენებს, რომლითაც წარმატების მიღწევა შესაძლებელია (1 პეტრე 5:8).

რის გაკეთება შეგვიძლია ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნისას? თუმცა ბუნებრივია, ადამიანი შეშინდეს, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შეგვიძლია ყოველთვის გვახსოვდეს მოციქულ პავლეს მიერ წარმოთქმული გამამხნევებელი სიტყვები: «[იეჰოვამ] თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“» (ებრაელთა 13:5, 6). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დღესაც იეჰოვა იმავეს ფიქრობს თავის მსახურებზე. მაგრამ ერთია, ვიცოდეთ იეჰოვას აღთქმის შესახებ და სრულიად სხვაა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის იმოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ, რა საფუძველზეა აგებული იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა და ყველაფერი, რის ძალაც შეგვწევს, ვაკეთოთ ამ ნდობის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად. თუ ამგვარად ვმოქმედებთ, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს. . . [ჩვენს] გულებს და. . . ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:7). მაშინ განსაცდელში ჩავარდნისას ნათლად აზროვნებასა და განსაცდელთან გონივრულად გამკლავებას შევძლებთ.

იეჰოვასადმი ნდობის საფუძველი

ჩვენ ნამდვილად ბევრი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვას, ვენდოთ. ამ მიზეზთაგან პირველი ის არის, რომ იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია, რომელიც ნამდვილად ზრუნავს თავის მსახურებზე. ბიბლიაში იმის უამრავი მაგალითია ჩაწერილი, თუ როგორ ზრუნავდა სიყვარულით იეჰოვა თავის მსახურებზე. თავის რჩეულ ხალხთან, ისრაელთან, იეჰოვას დამოკიდებულების აღწერისას მოსე წერდა: „იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით“ (მეორე რჯული 32:10). დღეს იეჰოვა განაგრძობს თავის მსახურებზე, — როგორც ჯგუფზე, ისე თითოეულ პიროვნებაზე, — ზრუნვას. მაგალითად, როდესაც მოწმეები ბოსნიაში სამოქალაქო ომის დროს საკვების მწვავე უკმარისობას განიცდიდნენ, იეჰოვამ იზრუნა, ავსტრიელი და ხორვატი ძმების გაბედული მოქმედების საშუალებით მიეწოდებინა მათთვის აუცილებელი საზრდო; ძმები თავიანთი თანამორწმუნეებისთვის საკვების მისაწოდებლად ძალიან სახიფათო ადგილების გავლით სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ a.

იეჰოვა ყოვლისშემძლეა, ამიტომ მას ნამდვილად შეუძლია თავისი მსახურების ნებისმიერ სიტუაციაში დაცვა (ესაია 33:22; გამოცხადება 4:8). მაგრამ მაშინაც კი, როდესაც იეჰოვა უშვებს, რომ თავისმა მსახურებმა ერთგულება თვით სიკვდილით დაამტკიცონ, ის მაინც განამტკიცებს მათ და ბოლომდე უმწიკვლობის შენარჩუნებაში ეხმარება; თვით სიკვდილამდე სიმტკიცის, სიხარულისა და სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ამიტომ ჩვენც შეიძლება ისეთივე გულდაჯერებულები ვიყოთ, როგორიც ფსალმუნმომღერალი, რომელიც წერდა: „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ“ (ფსალმუნი 45:2, 3).

ბიბლია იმასაც გვამცნობს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს. ბიბლია მას აღწერს ‘უტყუარ’ ღმერთად (ტიტე 1:2). რადგან იეჰოვა დრო და დრო კვლავ იმეორებს, რომ თავის მსახურებს დაიცავს და დაიხსნის, შეგვიძლია აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას არა მარტო შეუძლია ამის გაკეთება, არამედ მზად არის თავისი აღთქმების შესასრულებლად (იობი 42:2).

ჩვენი ნდობის განმამტკიცებელი საშუალებები

თუმცა ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, მივენდოთ იეჰოვას, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს თავისთავად მოხდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წუთისოფელს, მთლიანობაში, არ სწამს ღვთის და მსგავსმა თვალსაზრისმა ადვილად შეიძლება იეჰოვასადმი ნდობა შეგვისუსტოს. ეს რომ არ მოხდეს, ამ ნდობის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ. იეჰოვამ ძალიან კარგად იცის ეს და ამიტომ უზრუნველგვყო იმ საშუალებებით, რომლებიც მისადმი ნდობის განმტკიცებაში გვეხმარება.

პირველ რიგში, მან მოგვცა წერილობითი სახით მოცემული თავის სიტყვა, ბიბლია, რომელშიც მოცემულია თავისი მსახურების სასარგებლოდ მის მიერ გაკეთებული საქმეები. უბრალოდ დაფიქრდით, რამდენად გულდაჯერებით შეგიძლიათ ენდოთ ისეთ ვინმეს, ვისიც მხოლოდ სახელი იცით? ალბათ, მცირედ ან სულ არ ენდობით. განა ნდობისთვის საჭირო არ არის იცოდეთ, თუ როგორ იქცევა ეს პიროვნება და რა საქმეები გაუკეთებია? როდესაც ვკითხულობთ და ვუფიქრდებით ასეთ ბიბლიურ ცნობებს, იეჰოვასა და მისი შესანიშნავი გზების შესახებ ჩვენი ცოდნა ღრმავდება, უფრო მეტად და მეტად ვაფასებთ მას და მეტად სანდო ხდება ის ჩვენთვის. ამგვარად მისადმი ჩვენი ნდობა უფრო მტკიცდება. ფსალმუნმომღერალმა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, როდესაც ღმერთს მხურვალე ლოცვით მიმართა: „გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები. ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 76:12, 13).

გარდა ბიბლიისა, ჩვენ გვაქვს სულიერი საზრდოს მდიდარი წყაროც; ეს არის იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოცემული ბიბლიური პუბლიკაციები. ბევრ სხვა მასალასთან ერთად ამ პუბლიკაციებში ხშირად იბეჭდება ღვთის თანამედროვე მსახურების აღმაფრთოვანებელი ცხოვრებისეული მაგალითები და ცხადი ხდება, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნისას, თუ როგორ ეხმარება მათ იეჰოვა და როგორ ანუგეშებს. მაგალითად, მარტინ პოეტზინგერი, რომელიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, სახლიდან საკმაოდ შორს, ევროპაში, პიონერად მსახურებისას სერიოზულად დაავადდა. მას არც ფული ჰქონდა და არც ექიმი ჰყავდა, რომელიც უმკურნალებდა. მაგრამ ის იეჰოვას არ მიუტოვებია. ბოლოს ადგილობრივი საავადმყოფოს კონსულტანტს დაუკავშირდა. ბიბლიისადმი ღრმა რწმენის მქონე ამ კეთილმა მამაკაცმა საკუთარი შვილივით მოუარა ძმა პოეტზინგერს, და ყოველივე სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთა. ასეთი ისტორიების წაკითხვა ნამდვილად განამტკიცებს ზეციერი მამისადმი ჩვენს ნდობას.

კიდევ ერთი ფასდაუდებელი დახმარება, რომლითაც იეჰოვამ თავის მიმართ ნდობის განსამტკიცებლად უზრუნველგვყო, არის ლოცვის ძვირფასი უპირატესობა. მოციქული პავლე სიყვარულით გვეუბნება: «არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში [„ყველაფერში ლოცვითა და ვედრებით“, აქ] მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს» (ფილიპელთა 4:6). „ყველაფერში“ შეიძლება შედიოდეს ჩვენი გრძნობები, მოთხოვნილებები, შიში და საზრუნავი. რაც უფრო ხშირად და მთელი გულით ვლოცულობთ, მით უფრო მტკიცე იქნება იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა.

დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტე ზოგჯერ განმარტოვდებოდა ხოლმე, რათა თავისთვის წყნარად ელოცა (მათე 14:23; მარკოზი 1:35). მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ, მან მამისადმი ლოცვაში მთელი ღამეც კი გაატარა (ლუკა 6:12, 13). გასაკვირი არ არის, რომ იესოს ნდობა იეჰოვასადმი იმდენად მტკიცე იყო, რომ შეეძლო აეტანა ისეთი უსაშინელესი გამოცდა, როგორიც არავის შეხვედრია. წამების ძელზე მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული“. ნდობის გამოვლენის ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ მამისადმი იესოს ნდობა არ შესუსტებულა მაშინაც კი, როდესაც იეჰოვა არ ჩაერია და არ დაიცვა ის (ლუკა 23:46).

კიდევ სხვა საშუალება, რომლითაც იეჰოვასადმი ჩვენი ნდობის განმტკიცება შეგვიძლია, იმ ადამიანებთან რეგულარულად ურთიერთობაა, რომლებიც მთელი გულით ენდობიან მას. იეჰოვამ თავის ხალხს მიუთითა, რომ უფრო მეტის სასწავლებლად და ერთმანეთის გასამხნევებლად რეგულარულად შეკრებილიყვნენ (მეორე რჯული 31:12; ებრაელთა 10:24, 25). ასეთი ურთიერთობა იეჰოვასადმი მათ ნდობას განამტკიცებდა და იმის საშუალებას აძლევდა, რომ რწმენის მნიშვნელოვანი გამოცდები გადაეტანათ. აფრიკის ერთ ქვეყანაში, სადაც სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალული იყო, ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეებს უარი უთხრა დაცვაზე, მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტებისა თუ ქორწინების მოწმობის მიცემაზე, სამედიცინო მკურნალობასა თუ სამსახურში მიღებაზე. იმ ტერიტორიაზე ომის დაწყებისას კრების 39 წევრი, მათ შორის ბავშვებიც, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში უდაბნოში ერთი დაბალი ხიდის ქვეშ ცხოვრობდნენ, რათა თავიანთი ქალაქიდან დაბომბვას გაქცეოდნენ. ასეთ რთულ მდგომარეობაში ისინი ყოველდღიურად არჩევდნენ ბიბლიურ მუხლს და ატარებდნენ სხვა შეხვედრებს, რომლებიც მათ დიდად განამტკიცებდა. ამგვარად ამ ძმებმა და დებმა შეძლეს სულიერობის შენარჩუნებით მკაცრი გამოცდის ატანა. ეს შემთხვევა აშკარად ცხადყოფს, თუ რამდენად ძვირფასია იეჰოვას ხალხთან რეგულარულად შეხვედრა.

ბოლოს კი, იეჰოვასადმი ჩვენი ნდობის განსამტკიცებლად აქტიურები უნდა ვიყოთ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში და ყოველთვის მზადმყოფნი სხვებისთვის კეთილი ცნობის გასაზიარებლად. ეს ცხადყო ენთუზიაზმით აღსავსე ერთი ახალგაზრდა კანადელი მქადაგებლის აღმაფრთოვანებელმა მაგალითმა. ეს გოგონა განუკურნებელი ავადმყოფობით, ლევკემიით იყო დაავადებული. სერიოზული ავადმყოფობის მიუხედავად მას პიონერობა ანუ სრული დროით მსახურება სურდა. მდგომარეობის ხანმოკლე გაუმჯობესების პერიოდში, როდესაც ჯანმრთელობა ამის საშუალებას აძლევდა, ის დამხმარე პიონერად მსახურობდა. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. მაგრამ გოგონა სიკვდილამდე სულიერად ძლიერი იყო; იეჰოვასადმი მისი ნდობა არასოდეს, არც ერთი წამით არ შერყეულა. დედამისი იხსენებს: „სიკვდილამდე ის საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ზრუნავდა. ის სხვებს ბიბლიის შესწავლისკენ მოუწოდებდა და ეუბნებოდა: „ჩვენ სამოთხეში ერთად ვიქნებით“.

იეჰოვასადმი ჩვენი ნდობის დამტკიცება

„როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე“ (იაკობი 2:26). ღვთისადმი რწმენასთან დაკავშირებით იაკობის სიტყვები შეიძლება იეჰოვასადმი ნდობის შესახებაც ითქვას. თუ საქმეებით არ ვავლენთ, მნიშვნელობა არა აქვს სიტყვებით, რამდენად ვენდობით ღმერთს. აბრაამი უსიტყვოდ ენდობოდა იეჰოვას და ეს მისი მითითებისადმი უყოყმანოდ დამორჩილებით დაამტკიცა, თუმცა ამ მორჩილებაში თავისი ძის, ისააკის, მსხვერპლად შეწირვისთვის მზადყოფნა შედიოდა. ასეთი განსაკუთრებული ნდობისა და მორჩილებისთვის აბრაამი იეჰოვას მეგობრად გახდა ცნობილი (ებრაელთა 11:8—10, 17—19; იაკობი 2:23).

იეჰოვასადმი ნდობა რომ გამოვავლინოთ, ამისათვის მკაცრი გამოცდის ლოდინი სულაც არ არის საჭირო. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; ხოლო ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა“ (ლუკა 16:10). საჭიროა, ვისწავლოთ ყოველდღიურ საქმიანობაში იეჰოვასადმი მინდობა და მისადმი მორჩილება ისეთ საკითხებშიც კი გამოვავლინოთ, რომლებიც შეიძლება უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს. როდესაც ასეთი მორჩილების შედეგად მიღებულ სარგებლობას ვხედავთ, ზეციერი მამისადმი ჩვენი ნდობა კიდევ უფრო მტკიცე ხდება, რაც უფრო დიდი და საშინელი განსაცდელების ასატან ძალას გვაძლევს.

ახლა, როდესაც წუთისოფელი აღსასრულს უახლოვდება, სრულიად დასაშვებია, რომ იეჰოვას ხალხს უფრო მეტი განსაცდელი შეხვდეს და საშიშროების წინაშე დადგეს (საქმეები 14:22; 2 ტიმოთე 3:12). ახლა იეჰოვასადმი მტკიცე და მთელი გულით ნდობის განვითარებით, ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ და აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვროთ; იქნება ეს დიდი გასაჭირის გადატანით თუ მკვდრეთით აღდგომის საშუალებით (2 პეტრე 3:13). დაე არასოდეს დავუშვათ, რომ ნდობის უკმარისობამ იეჰოვასთან ჩვენს ძვირფას ურთიერთობას ზიანი მიაყენოს. მაშინ ჩვენზეც შესაძლებელი იქნება იმავე სიტყვების თქმა, რომლებიც ლომების ხაროდან დანიელის დახსნის შემდეგ ითქვა: „უვნებელი იყო იგი, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა“ (დანიელი 6:24).

[სქოლიოები]

a დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1994 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 23—27, [რუს.].

[სურათი 9 გვერდზე]

იეჰოვას ერთგული მსახურების ისეთი ისტორიების კითხვა, როგორიც იყო მარტინ პოეტზინგერის, რწმენის განმამტკიცებელია.